თანამედროვე ახალგაზრდების განათლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამყაროში, უამრავი შთამაგონებელი ისტორიაა მათ შესახებ, რომლებიც არღვევენ საზღვრებს და საპასუხოდ, სამყაროსგან უსაზღვრო შესაძლებლობებს იღებენ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ შესანიშნავ ბოლნისელ ახალგაზრდაზე, რომელიც ალტერნატიული განათლების აკადემიის წევრია. გასული წლის ნოემბერში მან დაიწყო თავგადასავლის ძიება მონტე ბარში, იტალიაში, მონაწილეობდა პროექტში -“Youth Work Done by You(th)”, რომელსაც მასპინძლობდა ასოციაცია ,,BIR“. ამ გამოცდილებამ არა მხოლოდ გააფართოვა მისი ჰორიზონტი, არამედ გზა გაუხსნა ერთწლიან თანამშრომლობას პროექტის ორგანიზატორებთან. იგი, ამ პროექტის ფარგლებში, აერთიანებს მუშაობისა და სწავლის უნიკალურ შესაძლებლობას ევროპულ გარემოში. დღეს ვისაუბრებთ დემეტრე შაინიძის გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და მისწრაფებებზე – თუ როგორ დაეხმარა ეს პროექტები განევითარებინა მისი პირადი და პროფესიული ცხოვრების გზა.
- მოგესალმებით, დემეტრე. შეგიძლიათ გვიამბოთ Erasmus+ პროექტის შესახებ – ,,YOUTH WORK DONE BU YOU(TH)”, რომელიც იტალიაში გაიმართა. რამ გაგიჩინათ სურვილი ამ პროექტში ჩართვის და, რა ნაბიჯები გაიარეთ მონაწილეობისათვის?
- მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემი ისტორიით, მოხარული ვიქნები, თუ ამ ამბით დაინტერესდება ბევრი ახალგაზრდა და მსგავს პროექტებში ჩართვას მოისურვებს, რადგან ძალიან სასარგებლოა, როგორც პიროვნული, ასევე კარიერული განვითარებისთვის.
ჩემი პირველი ურთიერთობა იტალიასთან, გასულ ზაფხულს დაიწყო, როდესაც მოხალისეობრივ პროექტში ჩავერთე „ალტერნატიული განათლების აკადეემის“ და ორგანიზაცია „BIR“- ის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავის სკაუტურ ბანაკში. ვუმასპინძლეთ იტალიელ მოხალისეებს და მათთან ერთად განვახორციელეთ საგანმანათლებლო პროექტები ქვემო ქართლის ქალაქ-სოფლებში. ამ პროექტის მიმდინარეობისას იტალიელმა მოხალისეებმა შემომთავაზეს ერთწლიან პროექტში ჩართვის იდეა, რომელიც იტალიაში ქალაქ მილანში ხორციელდებოდა. ამ შემოთავაზებამ ჩემი ინტერესი გააღვივა იტალიის მიმართ, თუმცა ჩემთვის, ერთწლიანი პროექტით წასვლა გარკვეულ დიდ ნაბიჯებთან იყო დაკავშირებული და გადავწყვიტე, ერთკვირიან Erasmus+ პროექტში ჩავრთულიყავი, რომელიც მილანის შემოგარენში – „ მონტე ბაროში“ იმართებოდა, ზემოთ ხსენებული ორგანიზაციების მიერ. აქედან დაიწყო ჩემი პროექტი „Youth work done by you(th)“ .
- რა იყო პროექტის განმავლობაში მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი, რამაც თქვენი აზრით, გამოცდილება შეგძინათ?
- 2 პროექტის განმავლობაში არაფორმალური სახის ტრენინგები გავიარე, რომელიც ეხებოდა პიროვნულ განვითარებას, კომუნიკაციას ხალხთან და ტრენერთა თვისებებს, ამასთან ერთად, გვქონდა კულტურის ღამე, სადაც გავცვალეთ ინფორმაციები ჩვენ-ჩვენი ქვეყნის შესახებ, რაც ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ღამე იყო, რადგან მოვისმინე ბევრი ინფორმაცია იმ ქვეყნებზე, რომლებზეც არ ვფლობდი საკმარის ცოდნას.
- შეგხვდათ თუ არა რაიმე გამოწვევა პროექტის განმავლობაში და როგორ გადალახეთ ის?
- სიმართლე გითხრათ, არ შევხვედრილვარ არანაირ გამოწვევას, ან არაკომფორტულ გარემოს პროექტის განმავლობაში.
- როგორ იმოქმედა მიღებულმა გამოცდილებამ თქვენს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე და რა ახალი უნარ-ჩვევები ან შეხედულებები შეიძინეთ პროექტში მონაწილეობით?
- პროექტის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა, რომ დავთანხმებულიყავი შემოთავაზებაზე და წავსულიყავი ერთწლიან მოხალისეობრივ პროექტზე, რომელიც არაფორმალური განათლების კუთხით, ჩემს კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობდა ხელს. პროქტის განმავლობაში შევიძინე არაფორმალური განათლების ჯგუფთან ურთიერთობის გამოცდილება და დავხვეწე პიროვნული თვისებები.
- შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რამდენიმე დეტალი ასოციაცია – ,,BIR“-ის და მათი მუშაობის შესახებ, როგორია მათთან თანამშრომლობა?
- ორგანიზაცია „BIR“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან, მათი სათავო ოფისი მილანში მდებარეობს, თუმცა ორგანიზაცია რუმინეთში ჩამოყალიბდა და დღემდე მათთან თანამშრომლობით მოღვაწობენ.
- როგორც ვიცი, ამ პროექტის შემდეგ, ერთწლიანი თანამშრომლობა შემოგთავაზეს. შეგიძლიათ გვესაუბროთ, როგორ გაგრძელდა, მონტე ბაროდან დაბრუნების შემდეგ, პროექტის ორგანიზატორებთან თქვენი ურთიერთობა და რამ გადაგაწყვეტინათ უკან დაბრუნება?
- პროექტის ორგანიზატორებთან და იმ მოხალისეებთან, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ჩამომიყალიბდა საკმაოდ კარგი ურთიერთობა, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო დავთანხმებულიყავი პროექტში მონაწილეობაზე.
- როგორია სამუშაო გარემო და სწავლის შესაძლებლობები, რომლითაც ამჟამად ხართ დაკავებული?
- ამჟამად ჩემი მოხალისეობრივი პროექტი მილანში ორი ძირათადი აქტივობისგან შედგება, დღის პირველ ნახევარში ქალაქის შემოგარენის სხვადასხვა გარე ბაზარში ვაგროვებთ პროდუქტს, ხილს, ბოსტნეულს და საყოფაცხოვრებო პროდუქტს, რომლებსაც შემდეგ ხალხს ვაწვდით უფასოდ, ამავე ბაზრის ტერიტორიაზე.
მეორე აქტივობა დღის მეორე ნახევარშია, რომელიც „ after school centre“- ში მიმდინარეობს, რომლის ძირითადი მიზანი სკოლის შემდგომ დამამთავრებელი კლასებისა და საშუალო კლასების მოსწავლეების მიღება და სასკოლო დავალებების მომზადებაში დახმარებაა. რის შემდგომაც ტარდება არაფორმალური განათლების დარგის აქტივობები. ჩემი მთავარი მოვალეობაა ცენტრში მყოფ ბავშვებს დავეხმარო ინგლისური ენის დავალებების შესრულებაში და შემდეგ მათთან ერთად ჩავატარო არაფორმალური აქტივობები .
- რამდენად მარტივია სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა ?
- პროექტის განმავლობაში ურთიერთობა მიწევს არაერთი ქვეყნის მოქალაქესთან, მათგან თითქმის ყოველდღე ახალ რამეს ვიგებ და ვსწავლობ, ეს იქნება ბავშვი ცენტრიდან, თუ მოხუცი, რომელსაც პროდუქტს ვაწვდი. ყველამ რაღაც ახალი დამანახა სხვადასხვა ქვეყნის შესახებ და მათ კულტურაზე. თუმცა, უმეტესად ურთიერთობა მიწევს იტალიელ და არაბ ბავშვებთან, რომლებსაც დიდი ადგილი უჭირავთ ჩემს გულში, მიუხედავად იმ მოკლე დროისა, რაც აქ ვიმყოფები.

- თქვენი აზრით, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გიწყობთ ხელს წარმატებულად იასპარეზოთ გაცვლით პროექტებში და როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის?
- ვიტყოდი, რომ ჩემი მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში პატარა ასაკიდან, დამეხმარა მცოდნოდა მათი კულტურა და მქონოდა გამოცდილება უცხო ქვეყნებში ცხოვრების. ასევე, უცხო ენის, ინგლისურის ცოდნა, რომელიც ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამასთანავე მსგავსი პროექტები ენის ცოდნის განვითარებასაც ემსახურება. ვფიქრობ, ყველა ის ტრენინგი, რომელიც გავიარე საქართველოში ყოფნის დროს -პიროვნულ განვითარებაზე, არაფორმალურ განათლებაზე, პროექტებზე მუშაობაზე, ლიდერობასა და ბავშვთა ფსიქოლოგიაზე, დამეხმარა ჩამომეყალიბებინა ჩემი ,,პერსონაჟი“, რომელიც აქტიურად მიმზიდველი იქნებოდა ქვეყნის გარე ან შიდა საგანმანათლებლო სფეროებში. ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა სცადოს და გაეცნოს გაცვლით პროგრამებს და აქტივობებს, რომლებსაც ევროპული ორგანიზაციები სთავაზობენ ქართველ ახალგაზრდებს.
- რა რჩევას მისცემდით სხვა ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მონაწილეობა მიიღონ მსგავს საერთაშორისო პროექტებში, პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის?
- ჩემი რჩევა იქნება ახალგაზრდებისთვის, რომ დაინტერესდნენ იმ პროექტებით, რომლებიც მათთვის და მათი პიროვნული განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. შესაძლებლობა, იცნობდე ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნიდან არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც შეგიძლიათ შეიქმნათ სამომავლო ცხოვრებისათვის.
- რა გეგმები და მისწრაფებები გაქვთ მომავალში როგორც კარიერული, ისე პიროვნული განვითარების კუთხით?
- პროექტის დამთავრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავ და მინდა აქ დაგროვილი გამოცდილებითა და ცოდნით მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი ჩამოვაყალიბო ქალაქ ბოლნისში, რომელიც ახალი განვითარების ადგილი იქნება ახალგაზრდებისთვის და ასევე მოხალისეებისთვის, რომლებიც დროთა განმავლობაში ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან უმნიშვნელოვანესია. საქართველოს ევროპული მომავალი დაეხმარება განვითარებასა და პროგრესში ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც დაინტერესდება მსგავსი პროექტებით, რომელსაც ახლა მე გავდივარ.
წარმატებას გისურვებთ!
მარიამ ონიანი