HomeTVკამპანია ,,მე დავრგე ხე" გრძელდება

კამპანია ,,მე დავრგე ხე” გრძელდება

საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს კამპანიას „მე დავრგე ხე“. ინიციატივის მთავარი მიზანია, წლების განმავლობაში სამთო საქმიანობის შედეგად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიური ჩართვა. კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებრივმა გაერთიანებამ კომპანია RMG Copper-ის გარემოსდაცვით დეპარტამენტთან თანამშრომლობით, რიგით მეოთხე ღონისძიება გამართა. მადნეულის კარიერის ფუჭი ქანების სანაყაროზე სპეციალურად შერჩეული სხვადასხვა სახეობის 264 ხე დაირგო.

 ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, კაზრეთისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, გარემოსდაცვითი აქტივისტები და კომპანიის თანამშრომლები. ხეების დარგვის პარალელურად, ახალგაზრდებისთვის, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა გაიმართა, რაც გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების მონაწილეებმა დაათვალიერეს RMG Gold-ის აბულმუგის საბადოს გამოსატუტი მოედანი და მადნის სამსხვრევი ნაგებობა, სადაც სპეციალისტებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია საწარმოო პროცესების შესახებ.   გაეცნენ ასევე ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე გარემოსდაცვით ღონისძიებებს. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს აბულმუგის ქიმიური გამწმენდი ნაგებობაც, სადაც ადგილზე გაეცნენ დრენირებული წყლების გაფილტვრის პროცესს. სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს მდინარე მაშავერას დაბინძურების რისკს.

კამპანია „მე დავრგე ხე“ საზოგადოებრივი გაერთიანება „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 2 ივნისის ღონისძიების ჩათვლით, კამპანიის ფარგლებში უკვე 1264 ხეა დარგული. გარემოზე ზრუნვისკენ მიმართული ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება.  შემდეგი ღონისძიება გვიან შემოდგომაზეა დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები