კვირა, ივნისი 22, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 80

ტყის სოციალური ჭრის გაუქმების ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს

0

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ ტყის კოდექსის წარმოდგენილი ვერსია სოციალური ჭრის გაუქმების გადავადებას ითვალისწინებს.

„2026 წლის 1 იანვრამდე კვლავ იმოქმედებს ის წესები, რაც საშეშე-მერქნული რესურსის დამზადებასთან მიმართებით დღეს არსებობს. კერძოდ, ბილეთის საფუძველზე მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეეძლებათ საშეშე მერქნის დამზადება ტყის ტერიტორიაზე, რაც ბარში 7 კუბური მეტრი, მაღალ მთაში 15 კუბური მეტრის ოდენობით არის კომლზე გამოყოფილი. ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე ტყის მართვის ორგანო – სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს საშეშე მერქნის დამზადებას, საქმიან ეზოებში განთავსებას და შესაბამისად მის ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისათვის სათბობი თუ სამასალე მიზნებისათვის“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.


მისივე თქმით, ამ გადავადების მიზეზი ის არის, რომ სატყეო სააგენტოს დამატებით ესაჭიროება ვადა, რათა შესაბამისად მოემზადოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოაწყოს საქმიანი ეზოები, შეიძინოს ტექნიკა-აღჭურვილობა, გაძლიერდეს ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ შეუფერხებლად განახორციელოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები.


კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები აისახება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც”.


კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

დავით შერაზადიშვილი „მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

0

ქალაქ თბილისში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ფარგლებში, კონფერენცია „მერების შეთანხმების 10 წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ გაიმართა. კონფერენცია „მერების შეთანხმება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კონფერენციას 150-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდავეთიდან და უკრაინიდან. კონფერენციას დაესწრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

ღონისძიებაზე, მომხსენებლებმა შეთანხმებისა და მისი ხელმომწერების მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერების შეთანხმებას 2015 წელს შეუერთდა. შეთანხმება მიზნად ისახავს, CO₂-ის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებების გატარებას.

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

0

შეხვედრაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი საკითხები განიხილეს და 11 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა 7 ექიმს.

პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

მოქალაქისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით, პროფესიული განვითარების საბჭო კვირაში ერთხელ იკრიბება. საბჭოს წევრებმა, 2022 წელს 296 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. მათ შორის, პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა 219 ექიმს, აქედან 6 მედიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 56 ექიმს კი სხვადასხვა ვადით შეუჩერდა.

მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლამდე, პირებს მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და კითხვებზე პასუხის გაცემა ვიზუალური ჩვენებით მოუწევთ

0

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.

ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა (N598) გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.

კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.

შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შევიდა

0

ცვლილებების თანახმად, შეღავათიანი აგროსესხით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის (აგროდრონი) და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტისთვის მეტეო სადგურის შეძენა

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ისეთი აგროდრონები, რომლებსაც ექნებათ შესხურების, ასევე აგრონომიული დანიშნულებით სკანირების ფუნქცია

ხოლო საკუთარ მეურნეობებში მეტეო სადგურის მეშვეობით შეძლებენ კლიმატის პროგნოზირებას, მავნებლებისა და დაავადებებისგან გამოწვეული საფრთხეების პრევენციას, ასევე, სხვადასხვა აგრო სამუშაოების დასაგეგმად საჭირო მონაცემების შეგროვებას

აგროდრონების შეძენისა და მეტეო სადგურების მოწყობის შემთხვევაში სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. სესხის თანხა კი 20,000 ლარიდან – 1,500,000 ლარამდეა.

გონივრული სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით შესაძლებელი ხდება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე იზრდება

0

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება.

ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 2 წლის ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი და 2023 წლის პირველი ივნისიდან ეს თანხა გახდება 200 ლარი. თითო ბავშვზე 200 ლარს გავცემთ, რაც მნიშვნელოვანია და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა პრემიერმა.

შობის მარხვა დაიწყო

0

დღეს, 28 ნოემბერს, დაიწყო შობის მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება.

ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს, – ამქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა ხშირად თქვით ,,მოწყალებისა კარი განგვიღე…“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება.

ღმერთმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება

0

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება.

კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას. ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება მოხდება არა მხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კუთხით. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

ცვლილებების თანახმად, „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს, ასევე, ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირი იმგვარად ფლობს ცივ იარაღს, რომ მოხდეს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება. კოდექსის მოქმედი რედაქციით „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქმედ ნორმას აქვს ხარვეზები, ნაკლებეფექტურია და ამიტომ საჭირო გახდა კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება.

„2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა. თუ ყველა ამ დანაშაულს დავაჯამებთ, 35% შემთხვევაში იყო იარაღად გამოყენებული დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით. აქედან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედ რეგულირებას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ სხვა მძიმე დანაშაულები ავირიდოთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

სეზონური ვირუსები

0

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ქვეყანაში რამდენიმე saxis ვირუსი ცირკულირებს. განსაკუთრებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან გაიზარდა კლინიკებში მიმართვიანობა მაღალი ცხელებითა და სუნთქვის გაძნელებით.

როგორია ახალი სეზონური ვირუსი? რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ დავიცვათ თავი მისგან. ამ ყველაფერზე ბოლნისის პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი „ტრიომედის“ ოჯახის ექიმი მანანა მიქელაძე გვესაუბრება.

დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება

0

1-ელი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება.

შესაბამისი ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„დეკრეტული შვებულების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემური. მქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში – ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდება.

მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ ეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.