კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 7

გიორგი სვანიძე: ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე დეპუტატებთან ერთად სოფელ დარბაზში, ბალიჭსა და ტანძიაში თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე მესამე დღეა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან ინტენსიურად იწმინდება როგორც საავტომობილო, ისე შიდა გზები.

“ჩვენი მთავარი მიზანი თითოეული მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილებაა, ამიტომ სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელსა და ადგილობრივ წარმომადგენელს, რომლებიც ამ რთულ ამინდში მოსახლეობის გვერდით დგანან.”- განაცხადა გიორგი სვანიძემ

გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას გიორგი სვანიძესთან ერთად გაეცნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თურალ ვალიევი, საკრებულოს სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იოსებ მუხაგულიშვილი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ირაკლი ჯაფარიძე,ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე შერმადინ დადვანი, კაზრეთის თემის მაჟორიტარი ზვიადი ჯაყელი და საკრებულოს წევრი ირაკლი კოდელაშვილი.

სოფელ დარბაზში, ტანძიასა და ბალიჭში შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ პროცესი რამდენიმე დღეა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მასში საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილდნენ ზამთრის პირობებისთვის შესაბამისი საბურავებით აღჭურვილი, ტექნიკურად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და დაიცვან საავტომობილო გზებზე დაწესებული წესები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ ვარჯიშს დაესწრო

0

ფეხბურთელებმა მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე ახალი საფეხბურთო სეზონის პირველი ვარჯიში გამართეს. კლუბმა გასულ სეზონზე ასპარეზობა ეროვნულ ლიგა 2-ში დაასრულა. კლუბს ახალ სეზონზე უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის. ეროვნული ლიგა 2-ის პირველი ტურის საშინაო მატჩს ბოლნისის ,,სიონი“ 1-ელ მარტს ,,სამტრედიასთან“ გამართავს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ფეხბურთელებსა და კლუბის სამწვრთნელო შემადგენლობას გაესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და ახალ სეზონზე წარმატება უსურვა.
,,სიონის“ პირველ ვარჯიშს მერთან ერთად მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, ესწრებოდნენ.

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება

0

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება, რომელიც საუკუნეზე მეტ ისტორიას ითვლის და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი უკავია. კულტურული ცხოვრების განვითარების გზას ბოლნისიც გაყვა და 1942 წლიდან ქალაქში თეატრმა ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება და წლების განმავლობაში არაერთი ღირსეული თაობა გამოიარა.  თეატრის ისტორიაში იყო როგორც აღმავლობის, ასევე რთული  პერიოდიც, თუმცა ამან ვერ გატეხა და დღემდე ბოლნისის სახალხო თეატრმა თავისი ამბიციებით, წარმატებებითა და გამოწვევებით მოახერხა თამამად ეთქვა თავისი სიტყვა ბოლნისის კულტურის მატეანეში.

„ნაქარგებში ჩატეული მონატრება“ — თამილა ჩიქოვანი და „მატატუნას“ გზა ემიგრაციიდან,ადამიანების გულამდე

0

      ზოგჯერ ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდები იქცევა იმ მოტივაციად, რომლიდანაც სილამაზე, სითბო და ძალა იბადება. თამილა ჩიქოვანისთვის თავისი ნაქარგები საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა,  ემიგრაციაში განცდილი მონატრება, ტკივილი და სიყვარული ხელნაკეთ ნამუშევრებში გადმოეტანა.  ბრენდი „მატატუნა“ მხოლოდ ხელნაკეთი ნივთების სახელწოდება არ აა – ეს არის ქალის ისტორია, რომელიც ოჯახს, ფესვებსა და ადამიანურ სითბოს არასდროს დაშორებია, მიუხედავად მანძილისა და სირთულეებისა. დღეს მისი ნამუშევრები უკვე საჯარო სივრცეში იწონებს თავს  და საკუთარი სათქმელი ადამიანების გულამდე მიაქვს. ინტერვიუში თამილა ჩიქოვანი გვიყვება, როგორ გადაიქცა მონატრება შემოქმედებად და ხელსაქმე – ცხოვრების გზად.

-თამილა, მოგვიყევით ცოტა თქვენზე-ვინ არის ქალი, რომლის ხელით შექმნილ ნაქარგებსაც დღეს„მატატუნას“ სახელით ვიცნობთ?

-მე ვარ თამილა ლიპარტელიანი-ჩიქოვანი. დავიბადე და გავიზარდე ლეჩხუმში — კუთხეში, რომელმაც მასწავლა შრომა, სიმტკიცე და ადამიანების სიყვარული. ჩემი ცხოვრება ოჯახით იწყება და ოჯახითვე გრძელდება: მყავს ოთხი შვილი და შვიდი შვილიშვილი — ჩემი ყველაზე დიდი სიხარული და ძალა. ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დედას, ქალს, რომლისგანაც დღემდე ვსწავლობ სიბრძნესა და მოთმინებას. ის დღეს ფართოდ არის ცნობილი, როგორც სახალხო მკურნალი და მისი მაგალითი ყოველდღიურად მაძლევს რწმენას, რომ სიკეთეს და სიყვარულს  რეალურად შეუძლია გადაარჩინოს ადამიანები. მყავს ერთი ძმა — ოჯახის საყრდენი და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით დგას.

-ემიგრაციაში ყოფნა ბევრისთვის რთული გამოცდილებაა. როგორ გაჩნდა ხელსაქმის, კონკრეტულად კი,ნაქარგების კეთების იდეა სწორედ იმ პერიოდში?

-ემიგრაცია არის გზა, რომელიც სიყვარულით იწყება და ტკივილით გრძელდება. ყველაზე მძიმე ის წუთებია, როცა დედა იძულებულია დატოვოს პატარა შვილები— ეს არის განცდა, რომელსაც სიტყვები ვერიტევს. ყოველი დღე მონატრებით იწყება და ნოსტალგიით მთავრდება; ფიქრით, როგორ არიან შვილები, რას აკეთებენ, როგორ იზრდებიან შენგარეშე. ეს დრო დაკარგულია ყველა დედისთვის, რადგან დედის ადგილი შვილებთანაა და არა შორს, უცხო ქვეყანაში. მაგრამ როცა ცხოვრებას ხვაგვარ არჩევანს არგიტოვებს, ნაბიჯს დგამ და გულში იტოვებ ყველაფერს— ცრემლსაც, ტკივილსაც და იმედსაც. სტამბულში მე გამიმართლა: ახალგაზრდა ოჯახმა მიმიღო, სადაც ორი პატარა გოგონა დამხვდა— ხუთი წლისა და წლი-ნახევრის. მათთან ერთად გავატარე თოთხმეტი წელი და დღემდე გვაკავშირებს ურთიერთობა. ერთი წუთითაც არ მიგრძვნია თავი უცხოდ ან უბრალოდ აღმზრდელად— სიყვარული ოჯახად გვაქცევდა.ხელსაქმე ჩემთვის ბავშვობიდან იყო სულიერი თავშესაფარი. ვქსოვდი, ვქარგავდი, ვაწყობდი სამკაულებს და ემიგრაციაშიც ბავშვებს მოვუქსოვე პირველი თმის სამაგრები. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გზა. ოჯახის დიასახლისი მამარაგებდა ნატურალური ქვებითა და ძაფებით, მე კი ყოველ ნაკერში ვაქსოვდი ჩემს მონატრებას, შვილების სიყვარულს და სამშობლოს სუნთქვას. ასე გადაიქცა ტკივილი სილამაზედ, ნოსტალგია— ძალად, ხოლო სიყვარული— იმხიდად, რომელმაც მანძილი გადალახინა.

-რას ნიშნავდა თქვენთვის ნაქარგი მაშინ-იყო ეს უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება, თერაპიათუუკვე  გრძნობდით, რომამსაქმესმომავალიცჰქონდა?

-ყველაფერი ერთად. მონატრებაც, დარდიც, სიყვარულიც და ნოსტალგიაც.

იმ დროს ნაქარგი ჩემთვის უბრალოდ დროის გაყვანის საშუალება არ იყო. ის იყო თერაპია — გზა, რომ ტკივილი და მონატრება ჩუმად, ძაფებში ჩამექცია. როცა ვქარგავდი, თითქოს საკუთარ თავთან ვრჩებოდი, ვამშვიდებდი გულს და სუნთქვას ვასწორებდი. მაშინ მომავალზე არ ვფიქრობდი — ეს საქმე მჭირდებოდა გადარჩენისთვის. თუმცა, გულში სადღაც მაინც ვგრძნობდი, რომ ამ ხელსაქმეს გაგრძელება ექნებოდა. ნაქარგში იყო ყველაფერი, რაც მაკლდა: სიყვარული, სითბო, სიმშვიდე და იმედი. სწორედ ამიტომ გადაიქცა ის ნელ-ნელა ჩემი ცხოვრების ნაწილად და მომავალში — გზად, რომელმაც დღემდე მომიყვანა.

-როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება დ ადამოკიდებულება ხელსაქმის მიმართ საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

-რაც გიყვარს ადამიანს, ის შენი ნაწილია— სადაც არ უნდაიყო, მაინც გააკეთებ და ყოველთვის იპოვი ამისთვის დროს. ხელსაქმეც ასე იყო ჩემთვის- იგი არ ყოფილა მხოლოდ საქმე, არამედ შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც ყველგან თანმდევდა.

-დღეს თქვენი ნამუშევრები წარმოდგენილია მთაწმინდისპარკში, მეწარმეთა სივრცეში. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ადგილი და ესეტაპი?

-ჩემი პირველი ნაბიჯები უკვე საჯაროდ გადაიდგა— პირველი გამოფენა მთაწმინდის პარკში მქონდა, მეორე კი თბილი მოლში. ეს იყო სიხარული, ემოცია და დიდი შიდა გამარჯვება, როცა ვიგრძენი, რომ ჩემმა ნამუშევრებმა დაიწყეს ადგილის დამკვიდრება და საკუთარი სივრცის პოვნა სხვის ცხოვრებაში. ასე ვიტყოდი, ჩემმა„მერცხლებმა“ დაფრთიანება დაიწყეს— გაფრინდნენ და საკუთარი ბუდე იპოვეს, სადაც სითბო და მნიშვნელობა ელოდათ.

-სახელზე ვისაუბროთ-  რატომ„მატატუნა“? რა ისტორია ანემოცია დგას ამ სახელისუკან?

-სახელსაც აქვს თავისი პატარა ისტორია. ბავშვობიდან ვკერავდი — მქონდა პატარა საკერავი მანქანა, რომელიც მამამ მაჩუქა. როცა ბიძაჩემი ამ მანქანასთან დამინახავდა,  გამიღიმებდა და მეძახდა: ჩემი მკერავი მატატუნა. ეს სახელი სითბოთი და სიყვარულით დამრჩა გულში. ასე დაიბადა „მატატუნა“ — ბავშვობის მოგონებიდან, ოჯახის სიყვარულიდან და ნელ-ნელა გადაიქცა იმ სახელად, რომელიც დღეს ჩემს ხელსაქმეს, ჩემს ისტორიას და ჩემს ბრენდს ატარებს.

-თქვენი ნაქარგები ძალიან თბილ და ნაზ განწყობას ატარებს. საიდან მოდის შთაგონება- ქართული ტრადიციებიდან, პირადი ემოციებიდან თუ ყოველდღიური ცხოვრებიდან?

-ყველაფერი სიყვარულიდან იწყება. ღმერთმა ადამიანი სიყვარულისთვის შექმნა და მე ამის მტკიცე დმჯერა. სწორედ ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ჩემს გარშემო სითბო და სიმშვიდე სუფევდეს, რომ თითოეულმა ადამიანმა იგრძნოს კომფორტი და გულწრფელი ყურადღება. ეს დამოკიდებულება აისახება ჩემს ნამუშევრებშიც— იქ არის სინაზე, სითბო, ბუნებისა და სამყაროს სიყვარული, ადამიანების მონატრება, ტრადიციები და ის რეალობა, რომელსაც ცხოვრება გვაძლევს. ჩვენ უბრალოდ არ ვარსებობთ. თითოეულ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს, და ჩემთვის ეს დანიშნულება სხვა ადამიანების სიყვარული და პატივისცემაა. როცა ეს გესმის, ხელსაქმეც უბრალო ნივთზე მეტი ხდება— ის გზავნილია გულიდან გულამდე.

-რამდენად რთულია ხელნაკეთი პროდუქტის შექმნა და გაყიდვა საქართველოში? რა გამოწვევებს აწყდებით,როგორცმ ეწარმე?

-არაფერია ადვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებაში არასდროს გაგიყიდია საკუთარი შექმნილი რამ. ჩემთვის პირველი ხელნაკეთი სამკაულის გაყიდვა დაუვიწყარი ემოცია იყო. იმ მომენტში არ მჯეროდა, რომ ჩემს ნამუშევარს ასეთი მოწონება და გულწრფელი აღფრთოვანება მოჰყვებოდა. ეს შეგრძნება ერთგვარ სტიმულად გადაიქცა — ძალად, რომელმაც მიბიძგა უფრო მეტი, უფრო განსხვავებულის შექმნა გამეგრძელებინა.

-როგორია ადამიანების პირველი რეაქცია, როცა თქვენს ნამუშევრებს ხედავენ და  როგორ გაიგო ხალხმა თქვენი ნამუშევრების შესახებ?

-არ დამავიწდება პატარა გოგონას სიხარული, როცა ნაქარგი ბემბი დაინახა, ჩაეხუტა და იქამდე არ მოაშორა მზერა მამას ვიდრე არ შეუძინა. ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო, პირველად როგორ  გაიგო ხალხმა ჩემს შესახებ, ჟურნალისტი,ფოტოგრაფი ჩვენი ოჯახის მეგობარი დაჯი ოქრუაშვილი იყო ჩემთან სტუმრად, ნახა ჩემი ნაქარგი ბროწეულები და მკითხა ვისი ნამუშევარიაო. მერე ამას მოყვა სტუდიაში სტუმრობა, სიუჟეტი რომელიც გააკეთა თქვენმა გაზეთმა, შემდეგ პროექტებში მივიღე მონაწილეობა და დღეს უკვე გამოფენა მაქვს.  ვიტყოდი, რომ ადამიანი ადამიანისთვის დღეა , მზეა და თუ ერთმა მეორეს უბრალოდ ხელი ოდნავ მაინც წაუკრა, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ჩემს გვერდით  დგას და სჯერა ჩემი. მადლობა ოჯახს,მეგობრებს და თქვენ ყველას.

-გაქვთ თუ არანამუშევარი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულია და რატომ?

-ყველა ნამუშევარი განსაკუთრებულია, ვერ  გამოვარჩევ რადგან თითოეული სიყვარულითაა შექმნილი.

-რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ემიგრაციაში არიან და ფიქრობენ, რომ საკუთარი თავის რეალიზება გვიანი ან რთულია?

-ყველა ქალს, დედას, დას, ბებიას ვეტყოდი, რომ თუ აუცილებელი უკვე გაუკეთეს თავის ოჯახს, ნუღარ დაკარგავენ დროს, ნუ იცხოვრებენ ოჯახისგან შორს. ამ დროს ვეღარ  აინაზღაურებენ.  დაბრუნდნენ. მათ ოჯახებს კი ვეტყოდი,  დაუდექით გვერდით თქვენს დედებს და ჩაკიდეთ  ხელი, რომელიც ძალიან ძვირფასია.

-როგორ ხედავთ„მატატუნას“ მომავალს- გაქვთ გეგმები, ოცნებები, ახალი მიმართულებები?

-რა თქმა უნდა, გეგმაც მაქვს, ოცნებაც და სამომავლოდ ახალი მიმართულებებიც. დროზეა დამოკიდებული ყველაფერი, რომელიც წინაა.  არ ვჩერდები,  მუდმივად განვითრებას და წინსვლას ვცდილობ.

-დაბოლოს- რა არის ის მთავარი განცდა, რაც გინდათ, რომ თქვენს ნაქარგებში ამოიკითხონ?

-გრძნობები : ყველა გრძნობა, რომლებიც კი არსებობს, გარდა სიძულვილისა და ბრაზისა.

ღვინის ქალაქი – ისტორია, რომელიც მსოფლიომ უნდა გაიგოს

0

ქვემო ქართლი, კერძოდ ბოლნისი, ის სივრცეა, სადაც ყურძნისა და ღვინის ისტორია რვა ათასი წლის წინ დაიწყო. მიუხედავად ამ უწყვეტი ტრადიციისა, ბოლნისური ღვინო, ფართო საზოგადოებისთვის, შედარებით გვიან გახდა ცნობილი. როგორც გაერთიანებაღვინო ბოლნისისხელმძღვანელი გურამ ავქოფაშვილი ამბობს, დღეს რეგიონს აქვს ყველა წინაპირობა, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ღვინის რუკაზე დაიკავოს ის ადგილი, ომელიც ისტორიულად ეკუთვნის.

გურამ ავქოფაშვილის თქმით, მაშავერასა და ხრამის ხეობები, სადაც შულავერ-შომუთეფეს ცივილიზაცია ჩამოყალიბდა, ღვინის ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი საწყისია. სწორედ აქ მოხდა ყურძნის პირველი გაკულტურება, პარალელურად კი განვითარდა ხორბლის, თაფლის, მეტალურგიისა და ოქროს წარმოება. მისი განმარტებით, ბოლნისი არაერთი უძველესი პროდუქტის სამშობლოა და ეს ისტორიული ფაქტები მრავალი კვლევით დასტურდება. როგორც ბატონი გურამი აღნიშნავს, თვითონ სახელწოდება „ბოლნისი“ სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით სიტყვა „ბოვიდან“ მომდინარეობს და „შედნობას“ ნიშნავს. ეს იდეა – შერწყმა  დღესაც აქტუალურია ბოლნისურ მეღვინეობაში. სწორედ ამ კონცეფციაზე შეიქმნა ერთ-ერთი ღვინო სახელწოდებით „ბოვი“, სადაც ორი ჯიშია შერწყმული და მისი თქმით, მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩვენი რესპონდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ ბოლნისში ღვინო მხოლოდ პროდუქტი არ არის. ის კულტურის, რიტუალების, ეკლესიური წეს-ჩვეულებებისა და ოჯახის სიმტკიცის ნაწილია. დღეს ეს ტრადიცია უკვე ბიზნესადაც იქცა, თუმცა, როგორც ის განმარტავს, ღვინის გაყიდვა და გაცვლა ბოლნისში საუკუნეების წინაც ხდებოდა, უბრალოდ, არა ბოთლში ჩამოსხმული და ეტიკეტირებული ფორმით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, ,,ღვინო ბოლნისის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლნისში წლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ლიტრი ღვინო იწარმოება. ამ პროცესში ჩართულია დაახლოებით 550 ოჯახი, რომლებიც საკუთარ ვენახში დაყენებულ ღვინოს ან მოიხმარენ, ან ყიდიან. მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი რიცხვია ისეთი პატარა მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც ბოლნისია, მისი ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ნიშანი ნიადაგების მრავალფეროვნებაა. რეგიონში 15-მდე სხვადასხვა ტიპის ნიადაგია, რომლებიც ახალგაზრდა გეოლოგიური ასაკითა და მინერალების სიმრავლით გამოირჩევა. სწორედ ეს ქმნის ბოლნისური ღვინოების განსხვავებულ არომატსა და სტრუქტურას. ღვინის გემო და ხასიათი არა მხოლოდ ნიადაგზე, არამედ კლიმატსა და ადამიანურ ფაქტორზეც არის დამოკიდებული. ამიტომაც განსხვავდება ერთმანეთისგან კახური, იმერული და ბოლნისური ღვინოები – თითოეულს თავისი ტექნოლოგია და ტრადიცია აქვს – ამბობს გურამ ავქოფაშვილი ჩვენთან საუბრისას.

გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“ 2018 წელს შეიქმნა და მისი მთავარი მიზანი ბოლნისური ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებად რეგისტრირება იყო. ორი წლის მუშაობის შემდეგ,  ღვინო „ბოლნისი“ საქპატენტის მიერ ოფიციალურად დარეგისტრირდა. ჩვენი რესპონდენტის თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც მეღვინეთა ასოციაციამ, მეღვინეებიდან წამოსული ინიციატივით, შეძლო მსგავსი სტატუსის მოპოვება. დღეს „ბოლნისი“ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებაა, ისევე როგორც წინანდალი, ტვიში და ვაზისუბანი. ავქოფაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლნისურმა ღვინოებმა ბოლო წლებში მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კონკურსში, სადაც ათასობით ღვინოს შორის ოქროს მედლები მოიპოვეს. თუმცა, მისი შეფასებით, ეს წარმატება ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რაც რეგიონის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ბოლნისში ღვინის წარმოების 200-წლიანი ადგილობრივი ტრადიცია, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ინარჩუნებენ, არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მისაღებად რეგისტრაციის პროცესშია. ბატონი გურამის თქმით, ეს აუცილებელია, რათა ტრადიცია სახელმწიფო დაცვის ქვეშ მოექცეს და მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეს. შემდეგი ეტაპი ქვემო ქართლის მასშტაბით მეღვინეთა დიდი გაერთიანების შექმნაა. ამ გზით შესაძლებელი გახდება ხარისხის ამაღლება, მარკეტინგის განვითარება და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის გამარტივება. პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის შვეიცარიის განვითარების ფონდი და ორგანიზაცია „ჰელვეტასი“. – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი. მისივე თქმით, მიზანი კონკურენცია კი არა, თანასწორი განვითარებაა,  რომ ქვემო ქართლი ღვინის მიმართულებით იქცეს ისეთივე ძლიერ რეგიონად, როგორიც დღეს კახეთია.

დასასრულს, გურამ ავქოფაშვილი ხაზგასმით ამბობს, რომ  ბოლნისი არ არის რიგითი მუნიციპალიტეტი, ეს არის ადგილი, სადაც რვა ათასი წლის ისტორია, თანამედროვე ხედვასთან ერთიანდება. თუ ტრადიციას თანამედროვე ინსტრუმენტები დაემატება, ბოლნისს აქვს ყველა შანსი, მსოფლიომ საბოლოოდ აღიაროს იგი, როგორც ღვინის სამშობლო.

დეტალებში დამალული სიმშვიდე – თამარ კოპალიანის შემოქმედებითი გზა

0

ხელნაკეთი დეკორაციები მხოლოდ ესთეტიკური ნივთები არ არის, ისინი ავტორის ემოციას, ხასიათსა და შინაგან სამყაროს ატარებს. სწორედ ასეთი ნამუშევრები იქმნება თამარ კოპალიანის სახელოსნოში. თამარა ბოლნისში დაიბადა და გაიზარდა, დაამთავრა ქალაქ ბოლნისის  N1 საჯარო სკოლა, ხოლო შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. იგი დაოჯახებულია,  ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, პარალელურად კი ქმნის ხელნაკეთ დეკორაციებს, რომლებშიც სიმშვიდე, ელეგანტურობა და დადებითი ემოცია ერთიანდება. „Tamara Glam Studio“-ნამუშევრები იქმნება სიჩუმეში, დეტალებზე ზრუნვით და  სურვილით, რომ თითოეულმა ნივთმა სითბო და სიხარული შეიტანოს იმ სივრცეში, სადაც აღმოჩნდება.

-მოგესალმებით, თამარ! როგორ დაიწყო თქვენი გზა ხელნაკეთი დეკორაციების შექმნაში და რა იყო ის პირველი იმპულსი, რომელმაც ეს საქმე დაგაწყებინათ?

-მოგესალმებით, ყველაზე მშვიდად თავს ნივთის შექმნის დროს ვგრძნობ. სწორედ ამ სიმშვიდიდან დაიწყო ჩემი გზა ხელნაკეთი დეკორაციების სამყაროში.

თქვენი ნამუშევრები გამოირჩევა დახვეწილი დეტალებით, მარგალიტის ელემენტებითა და ელეგანტური ფორმებით, როგორ ყალიბდება იდეა თითოეული დეკორაციისთვის?

-მიყვარს ბუნებრიობის და ელეგანტურობის შერწყმა,  ვფიქრობ,  ნამუშევრებს ეს ჰარმონიულ იერს აძლევს. იდეა ხშირად განწყობიდან მებადება, ხანდახან მასალა მაჩვენებს მიმართულებას, ხანდახან კი ემოცია.

რას ანიჭებთ უფრო დიდ მნიშვნელობას ვიზუალურ ეფექტს თუ იმ ემოციას, რომელსაც ნივთი უნდა ატარებდეს?

-ემოციას. ვიზუალი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის შეგრძნებაა, რასაც ნამუშევარი ადამიანს უტოვებს.

დეკორაციები, რომლებსაც ქმნით, ხშირად სადღესასწაულო განწყობას ატარებს. კონკრეტულად რა სივრცისთვის, ან განწყობისთვის წარმოგიდგენიათ თქვენი ნამუშევრები?

-ჩემს დეკორაციებში ყოველთვის ვცდილობ სითბო და პოზიტიური განწყობა შევიტანო, ხშირად სადღესასწაულო განწყობასაც ქმნიან,  მაგრამ მთავარი მიზანია, რომ თითოეულმა ნამუშევარმა სიხარული და მყუდროება შეიტანოს სივრცეში, სადაც დაიდგმება.

რამდენად შრომატევადია ერთი ასეთი დეკორაციის შექმნა, რა ეტაპებს გადის ნივთი, იდეიდან საბოლოო ფორმამდე?

-დეკორაციის შექმნა შრომატევადია, რადგან თითოეულ დეტალს დიდ ყურადღებას ვუთმობ. მოდის იდეა, შემდეგ ვარჩევ მასალებს, ვამზადებ დეტალებს და ბოლოს ყველაფერს ერთად ვაერთიანებ. პროცესს შეიძლება დასჭირდეს საათები, ან დღეები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლოს  ნამუშევარს რომ აცოცხლებ.

ფეისბუკ გვერდი „თამარასთან“ უკვე თქვენი ხელწერის ნაწილია, რატომ შეარჩიეთ ეს სახელი და რას ნიშნავს ის თქვენთვის?

-ჩემი ახალი ფბ.გვერდი ,,Tamara Glam Studio”(TGS)უბრალოდ ჩემი სახელია და ჩემი ნამუშევრების სტილს ასახავს. Glam ნიშნავს რომ თითოეული ნამუშევარი იყოს მომხიბვლელი და დეტალურად, ყურადღებით ნაკეთი, Studio კი ადგილს, სადაც ჩემი შექმნილი ნივთების საცხოვრებელია.

როგორია ადამიანების რეაქცია, როცა პირველად ხედავენ თქვენს ნამუშევრებს არის თუ არა ფრაზა, რომელიც ყველაზე ხშირად გესმით?

-როცა ადამიანები ჩემს ნამუშევრებს ხედავენ, ხშირად მეუბნებიან ,,რა ლამაზია, ეს შენ გააკეთე?” რაც ძალიან მახარებს, რადგან ეს არის ჩემი მიზანი-პატარა სიხარული და პოზიტივი შევიტანო ჩვენს ყოველდღიურობაში.

გაქვთ თუ არა კონკრეტული ნამუშევარი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი ან სიმბოლურია?

-ჩემთვის ყველა ნამუშევარი საყვარელია, რადგან იქმნება დადებითი ემოციით, თუმცა, ზოგი ნამუშევარი ჩემთვის უფრო სიმბოლურია, ეს შეიძლება იყოს პატარა დეტალი, რომელიც მახსენებს, თუ როგორ დავიწყე ეს ყველაფერი, ან დეკორაცია, რომელმაც ადამიანს განსაკუთრებული ემოცია მიანიჭა.

რა სირთულეებს აწყდებით ხელნაკეთი დეკორაციების შექმნისა და რეალიზაციის პროცესში?

-ხელნაკეთი დეკორაციების შექმნაში, ხშირად მთავარი სირთულე-დეტალებია. თითოეული პატარა ელემენტი დიდ ყურადღებას მოითხოვს. იდეიდან საბოლოო შედეგამდე საჭიროა დრო და მოთმინება, რადგან ვცდილობ ნამუშევარი ისე გამოიყურებოდეს, როგორც წარმოვიდგენდი. სირთულეებიც ხომ გამოწვევაა, როდესაც საბოლოო შედეგს ვხედავ, ვფიქრობ რომ ამ ყველაფრად ღირდა.

როგორ ხედავთ თქვენი პატარა ბრენდის  მომავალს, გეგმავთ თუ არა ახალი მიმართულებების, კოლექციების ან თემატური დეკორაციების შექმნას?

-მომავლისთვის ვხედავ TMG-ის სივრცეს, საიდანაც ჩემი შექმნილი ნივთები უფრო ბევრ ადამიანამდე მივა, ვგეგმავ ახალ მიმართულებებს და თემატურ კოლექციებსაც, რათა ყოველი სეზონი ან მნიშვნელოვანი თარიღი, ჩემი სპეციალური ნამუშევრებით გამოვხატო.

და ბოლოს, რას ეტყოდით იმ გოგონებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საკუთარი ხელსაქმე, ნიჭი მხოლოდ ჰობად უნდა დარჩეს და ვერ ბედავენ ნაბიჯის გადადგმას წინ?

-არასდროს არ არის მარტივი პირველი ნაბიჯების გადადგმა. პატარა ნაბიჯებსაც კი მოაქვს სიხარული. საკუთარი ნიჭის გამოვლენა და ხელსაქმეში ჩართვა უზარმაზარი სიამოვნებაა-რომლისთვისაც ღირს ნიჭის გამოყენება და დაწყება.

მარიამ ონიანი

საშობაო ღონისძიება განთიადში

0

დღეს, საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო დღის ცენტრში, საშობაო ღონისძიება გაიმართა. ,,განთიადის“ ბენეფიციარებმა, მთელი წლის განმავლობაში ნასწავლი ლექსებითა და მუსიკალური ნომრებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა პატარებს საახალწლოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მიულოცეს დამდეგი და თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა და ბედნიერების წელი უსურვეს.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესთან ერთად, სასტუმრო ,,ბილტმორში“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომას დაესწრო.

სხდომის ფარგლებში ჩატარდა ასოციაციის პრეზიდენტის, აღმასრულებელი საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევნები, ასევე დამტკიცდა ასოციაციის ახალი წესდება.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სხდომას ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების დელეგატები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წელს დაარსდა. ორგანიზაცია აერთიანებს საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს და წარმოადგენს მათ ინტერესებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასოციაცია მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარების, დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით.

დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის სადელეგატო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გაიმართა

0

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა დავით შერაზადიშვილმა  ბოლნისის სადელეგატო  ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა.

პარლამენტის წევრმა პირადად მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები . მისი განცხადებით, მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია და უფლებამოსილების ფარგლებში თითოეულ საკითხზე რეაგირება პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

ბოლნისის სადელეგატო ბიუროში მოქალაქეთა მიღება გავმართე. მოვისმინე თითოეული მოქალაქის საჭიროება და პრობლემა. მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და უფლებამოსილების ფარგლებში ყველა საკითხზე რეაგირება ჩვენი პასუხისმგებლობაა.“- ადღნიშნა დავით შერაზადიშვილმა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

0

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა 2025 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური და საგანმანათლებლო პროექტები შეაჯამეს. ყურადღება გამახვილდა იმ კონკრეტულ შედეგებზე, რომლებმაც ხელი შეუწყო რეგიონის განვითარებას და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას.

შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულმა და მერებმა მომავალი, 2026 წლის სამოქმედო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალიტეტების 10-წლიანი განვითარების გეგმით განსაზღვრულ სტრატეგიულ მიზნებს, რაც რეგიონის გრძელვადიანი წინსვლისა და სტაბილური განვითარების საფუძველია.

ილია ჯალაღანიამ თითოეულ მერს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ყველა პროექტი მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის შედეგია.

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალ წელს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ნიკა კობახიძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები.