შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 2

„ქეთევან ისიანი: ყოველი დარგული ხე ჩემი ისტორიაა, მომავალში ჩადებული ინვესტიცია- ნუშის ხეები ზვარეთში

0

„ნუშმა იმრუშა მდიდრად აპრილთან და უკანონოდ ეყოლა კვირტი-“გიორგი ზანგურის ლექსიდან ეს ამონარიდი  აუცილებლად გაგახსენდებათ, როდესაც სოფელ ზვარეთის ნუშის ბაღებს ჩაუვლით. აქ თითქოს, ერთიანად აფეთქებულა გაზაფხული და ჰაერი აპრილის სურნელით გაჟღენთილა. „ჩემთვის ნუშის ხეები გაზაფხულთან, განახლებასთან და ახალი ენერგიის დაწყებასთნ ასოცირდება“-ამბობს

 ახალგაზრდა ფერმერი, ქეთევან ისიანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეთში ნუშისა და კაკლის ბაღები გააშენა.

„ნუშის ბაღის გაშენების იდეა, რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. ვფიქრობდი, ისეთი საქმიანობა დამეწყო, რომელიც სტაბილურ შემოსავალს მოიტანდა   და ამავდროულად, ბუნებასთან ახლოს იქნებოდა.

ნუშის კულტურამ განსაკუთრებით დამაინტერესა, რადგან ის პერსპექტიული, მოთხოვნადი პროდუქციაა და საქართველოში მისი განვითარებისთვის კარგი პირობაა.

ბაღები გაშენებულია რამდენიმე ათეულ ჰექტარზე. ჯიში სპეციალურად გვაქვს შერჩეული კლიმატის და ხარისხის მიხედვით. ეს არის იტალიური ჯიშის „სუპერნოვა“.

თავიდან ფერმერობა გადავწყვიტე   შემოსავლის პერსპექტივისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს საქმე  შემიყვარდა. ყოველდღიურად ხარ ბუნებასთან კავშირში. უყურებ როგორ იზრდება და ვითარდება შენი ბაღი. ეს უკვე ემოციურ კავშირში გადადის“.

იდეიდან მიზნამდე იყო დიდი შრომა, ბევრი დაბრკოლება, შეცდომებიც და და სწავლაც. თუმცა  შედეგით მიღებულ ემოციებს  ვერაფერი გადაწონის. თითოეული ნერგის მოვლა  და გაფრთხილება მისთვის არამხოლოდ საქმეა, ეს სიყვარულით შესრულებული გულწრფელი შრომაა.

ამბობს, რომ ხე არის სიცოცხლის, სიკეთის და მომავლის სიმბოლო. საქართველოს პატრიარქის ილია ll-ის კურთხევით, ადამიანმა სიცოცხლეში, ერთი ხე მაინც უნდა დარგოს. ქეთევან ისიანს    კი, დღეს მრავალი ხე აქვს დარგული.

„როდესაც ხეს რგავ, თითქოს  მომავალში დებ ინვესტიციას. იცი, რომ ის გაიზრდება, ნაყოფს გამოიღებს და შეიძლება შენი მომავალი თაობისთვისაც კი დარჩეს. ეს კი  პასუხისმგებლობისა და მემკვიდრეობის განცდას გაძლევს. ეს ტრადიცია ბუნებასთან გიძლიერებს კავშირს. ხის დარგვა ნიშნავს ზრუნვას გარემოზე, მიწაზე და სიცოცხლეზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ ბაღს აშენებ. თითოეული დარგული ხე შენს ისტორიად იქცევა. ამიტომ, ვიტყოდი, რომ ეს ტრადიცია ჩემთვის ძალიან პირადი და ამავ დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა.“  

ფერმერობა – ეს არის მუდმივი შრომა, ცოდნა და სიხარული. ბაღებში შრომა მთელი წლის განმავლობაშია საჭიროა.  ნერგებზე ზრუნვა ადრე გაზაფხულზე იწყება და მოსავლის აღებამდე გრძელდება.

„ნუშის ბაღებში სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. თუმცა აქტიური პერიოდი  ადრე გაზაფხულზე, თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისშია. ამ დროს იწყება ბაღის მოვლა, გასხვლა, ნიადაგის გაფხვიერება და მცენარეების მომზადება ვეგეტაციისთვის.  ძალიან მნიშვნელოვანია სწორად ჩატარებული სამუშაოები, რადგან ეს პერიოდი აისახება მოსავლიანობაზე. მარტის ბოლოდან და აპრილში უკვე ყვავილობის დროა, ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ზაფხულში ყურადღება გადადის მორწყვაზე, სასუქის შეტანაზე და მცენარის დაცვაზე  სხვადასხვა დაავადებებისა და მავნებლებებისგან. ეს პერიოდი ითხოვს მუდმივ კონტროლს, რომ ნაყოფი სწორად განვითარდეს. შემოდგომაზე, დაახლოებით აგვისტოს ბოლოდან სექტემბერში, იწყება მოსავლის აღება. შემდეგ კი ტარდება ბაღის დასუფთავება და მომზადება ზამთრისთვის. ზამთარში შედარებით ნაკლები აქტივობაა, თუმცა ამ დროსაც ხდება ბაღის მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი სამუშაოების შესრულება.“

 მებაღეობა და ფერმერობა  ხშირად მამაკაცის საქმედ მიიჩნევა, რადგან დიდ შრომას, ფიზიკურ ძალას და მოთმინებას მოითხოვს. თუმცა დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ ქალსაც შეუძლია საქმიანობას იგივე წარმატებით გაუნკლავდეს.

ქეთევან ისიანი თვლის, რომ  დღეს უკვე აღარ არსებობს „ქალური“ და „არაქალური „ პროფესიები. სტერეოტიპები ნელ-ნელა ირღვევა და ქალის და კაცის შესაძლებლობები და მიღწევები თანაბრად ფასდება, პროფესიული სფეროები სქესის მიხედვით არ განისაზღვრება.

ტრადიციულად, მებაღეობა ხშირად „კაცის საქმედ“ ითვლებოდა, ძირითადად ფიზიკური  დატვირთვის გამო. მაგრამ, ჩემი აზრით, საქმიანობის ასე დაყოფა დღეს  ნაკლებად მართებულია.

თანამედროვე სამყაროში ეს სტერეოტიპები ნელ -ნელა იშლება. სულ უფრო მეტი ქალი შედის ისეთ სფეროში, რომლებიც ადრე მამაკაცურ საქმიანობად ითვლებოდა, მათ შორის აგრარულ სექტორში.“

ქეთევან ისიანი თვლის, რომ ქალის გაძლიერება და მისი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქალთა ჩართულობა ეკონომიკის განვითარებაში, არა მხოლოდ მათი პიროვნული გაძლიერებისთვის, არამედ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიურ სტბილურობისთვის არის აუცილებელი.

„დღეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ პირადი კეთილდღეობის საკითხი აღარ არის, არამედ საზოგადოების განვითარებასთან არის დაკავშირებული.“

ახალგაზრდა, დღეს უკვე წარმატებული  ფერმერი დამწყებ მებაღეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ურჩევს, საქმიანობა დაიწყონ კარგად გააზრებული გეგმითა და წინასწარი კვლევებით. მნიშვნელოვანია, იცოდნენ რა კულტურას ირჩევენ მომავალი საქმიანობისთვის,  რამდენად შეესაბამება ნიადაგი და კლიმატი მათ მოთხოვნებს.

ფერმერობა მხოლოდ საქმე არ არის, ის ცოდნას, დაუღალავ შრომასა და დიდ მოთმინებას მოითხოვს.

მაია გავაშელი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე , რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა , წარმომადგელობითმა ორგანომ მხარი დაუჭირა მიმდინარე წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

საკრებულოს წარედგინა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები (სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში) მოსაწონებლად.

თავმჯდომარის თქმით, პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეთანხმებით განისაზღვრა და მიზნად ისახავს მათი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება რამდენიმე ათეულ სოფელში. სამუშაოები მოიცავს გარე განათების მოწყობა-გაფართოებას, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგებას, სკვერების, სტადიონებისა და სოციალური ობიექტების მოწყობას და სასაფლაოების კეთილმოწყობას.

2026 წელს ბოლნის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 714 ათასი ლარია გამოყოფილი.

გიორგი სვანიძე ; ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხარი დავუჭირეთ 2026 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეთანხმებით განისაზღვრა და მიზნად ისახავს სოფლად ადგილობრივების ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.პროექტები მუნიციპალიტეტის სოფელებს მოიცავს და ითვალისწინებს გარე განათების გაფართოებას, გზებისა და ხიდების რეაბილიტაციას, წყლის სისტემების მოწესრიგებას, სკვერებისა და სტადიონების მოწყობას.

აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 714 ათასი ლარია გამოყოფილი.

ქვემო ქართლის რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა,მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან, ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

დაბა თამარისსა და სოფელ სავანეთში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაბა თამარისში უკვე მოეწყო საგზაო საფუძველი, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ 2600 კვადრატულ მეტრზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება. რაც შეეხება სოფელ სავანეთს, უკვე მოეწყო საგზაო საფუძველი და უახლოეს პერიოდში 2500 კვადრატულ მეტრზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 577 600 ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლის რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ასევე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს. ქალაქ ბოლნისში, წისქვილის ქუჩის მიმდებარედ, ახალი საქვეითო ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხიდურ გადასასვლელზე დარჩენილია ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის და მისი ღირებულება 560 391 ლარს შეადგენს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, იოსებ ალიბეგაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

ზამურ ჭითანავა; ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერე.

უკანასკნელ წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა გზების გარკვეული ნაწილი კვლავ საჭიროებს რეაბილიტაციასა და მშენებლობას. ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს როგორც ქალაქში, ასევე, დაბებსა და სოფლებში, გზის კეთილმოწყობა წარმოადგენს. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. დაბა თამარისსა და სოფელ სავანეთში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე მოწყობილია საგზაო საფუძველი და უახლოეს პერიოდში დაიწყება ასფალტბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 577 600 ლარს შეადგენს.

ასევე, გავეცანით და შევაფასეთ მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. ქალაქ ბოლნისში, წისქვილის ქუჩის მიმდებარედ, ახალი საქვეითო ხიდის მშენებლობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ხიდურ გადასასვლელზე დარჩენილია ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული 9 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის, რომელთა საერთო ღირებულება 5 855 099 ლარს შეადგენს.

ილია ჯალაღანია;ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული

ბოლნისის მუნიციპალიტეტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი მოვინახულეთ, სადაც სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დაბა თამარისსა და სოფელ სავანეთში შიდა საავტომობილო გზების კეთილმოწყობა აქტიურ ფაზაშია — ორივე ლოკაციაზე საგზაო საფუძველი უკვე მოწყობილია და უახლოეს პერიოდში ასფალტბეტონის საფარის დაგება დაიწყება.

პარალელურად, ქალაქ ბოლნისში, წისქვილის ქუჩის მიმდებარედ, დასრულების ეტაპზეა ახალი საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებას. აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ობიექტები ჩემთან ერთად დაათვალიერეს ჩემმა პირველმა მოადგილემ იოსებ ალიბეგაშვილმა, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ და ბოლნისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

„ჩემი მიზანია გავხდე ახალგაზრდობის ხმა’’ – ნურაი მუსტაფაევა,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატად შეირჩა

0

ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ხორციელდება პროექტი, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდობის სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან, შეირჩა თითო ახალგაზრდა დელეგატი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატის სტატუსი, სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლის მოსწავლეს ნურაი მუსტაფაევას ერგო.

 -ნურაი, რას ნიშნავს თქვენთვის ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატობის სტატუსი და როგორ ფიქრობთ, რის შესაძლებლობას მოგცემთ აღნიშნულ პროექტში ჩართულობა?

-ახალგაზრდობის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატად არჩევა ჩემთვის დიდი სიამაყე და მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, გავხდე რეალური ცვლილებების ნაწილი.ეს სტატუსი ნიშნავს ,რომ მე სწორ გზაზე ვდგავარ-ვხდები ხიდი ახალგაზრდებსა და შესაძლებლობებს შორის. ვარ ადამიანი,რომელიც აქტიურად იმუშავებს იმისთვის, რომ თითოეულ ახალგაზრდას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციაზე და განვითარების შესაძლებლობებზე. ამასთანავე, ეს პოზიცია მაძლევს საშუალებას გავიზარდო ,როგორც ლიდერი, განვავითარო საკუთარი თავი და შევიძინო ახალი გამოცდილება,რომელიც ჩემს საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

-ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატის მთავარი დანიშნულება რა არის?

-დელეგატების მთავარი დანიშნულებაა ,ვიყოთ ახალგაზრდებსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის საკომუნიკაციო ხიდი.გავავრცელოთ ინფორმაცია სხვადასხვა პროექტების და ინიციატივების შესახებ.ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია, იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მათ მიიყვანს წარმატებამდე . ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა საქმიანობაში.

-რას საქმიანობს დელეგატი?პროექტის ფარგლეში რა ღონისძიებების და აქტივობების გატარებას გეგმავთ ,როგორ აპირებთ ახალგაზრდობის ინფორმირებასა და მათ ჩართულობასა ?

-ვგეგმავ საინფორმაციო შეხვედრებსა და სხვადასხვა აქტივობების ჩატარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, რათა თთოეული ახალგაზრდას მიეცეს განვითარების საშუალება.მინდა,რომ არცერთი ახალგაზრდა არ დარჩეს ინფორმაციის მიღმა და ყველამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენება.

 -ნურაი, როგორ ფიქრობთ ,პროექტის განხორციელების პროცეში, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეთ ?

-მჯერა ,რომ ყველა გამოწვევის დაძლევა შესაძლებელია. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალგაზრდებს შორის კომუნიკაციის დამყარება. ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის ,რომ აქ ცხოვრობს მრავალეროვანი ახალგაზრდობა .ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობით გაძლიერდება მათი აქტიურობა, თუმცა ამ მიზნის განხორციელებისას მთავარი გამოწვევა იქნება ტრანსპორტირება სოფლებში , სადაც ინფორმაციის გაზიარება გვინდა. მჯერა,რომ ყველა სირთულე გადაილახება და შევძლებთ რეალური შედეგის მიღწევას. ჩემი მიზანია ერთად შევქმნათ აქტიური,მოტივირებული და ძლიერი ახალგაზდული გარემო ჩვენს მუნიციპალიტეტში.

მაია გავაშელი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოადგილეებთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე ზამურ ჭითანავა პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მიმართულებებით არსებულ საკითხებს გაეცნო და თანამშრომლებთან ერთად მათი დროულად და ეფექტიანად გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარ მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქის საცხოვრებელი გარემოსა და პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. ჩვენი გუნდის მოსვლის დღიდან დავიწყეთ სხვადასხვა მიმართულებით არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა, რის შემდეგაც გამოიკვეთა რიგი საკითხები, რომლებიც დროულად და ეფექტიანად გადაჭრას საჭიროებს. კოორდინირებული მუშაობით შევძლებთ, მივაღწიოთ ყველა დასახულ მიზანს და მჯერა, რომ ერთობლივად შევქმნით ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთეს მომავალს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ.

უძველესი ტრადიციიდან, თანამედროვე მარნებამდე – ბოლნისური მეღვინეობის გზა

0

ქვემო ქართლი ერთ-ერთი უძველესი კერაა, სადაც მეღვინეობა ჯერ კიდევ ათასწლეულების წინ დაიწყო,  ამ მიწაზე ვაზი ადამიანმა გააშინაურა, ღვინო   კულტურად აქცია, საუკუნეებს გადაურჩა და დღეემდე ცოცხლობს. ამ უძველესი ისტორიის კვალი მუზეუმში ინახება, სადაც თითოეული ექსპონატი  უხმოდ ყვება იმ ცივილიზაციის შესახებ, რომელმაც ქართული მეღვინეობის საფუძველი შექმნა. ისტორიის მცველები, მუზეუმის თანამშრომლები კი, რუდუნებით  ინახავენ საგანძურს, რომელიც არა მხოლოდ წარსულის, არამედ ქართული იდენტობის ნაწილია.

ნეოლითურ გორანამოსახლარებზე, როგორიცაა არუხლოს, შულავერის, იმირისა და ხრამის არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს, რომ სწორედ ამ რეგიონში, ვაზი უკვე კულტივირებული იყო, ხოლო ღვინის დაყენება განვითარებული. ქვევრში ღვინს დაყენების ტრადიცია, რომელიც აქტიურად გრძელდება,  2013 წელს  იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

მუზეუმში დაცული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი დერგი – ქვევრის წინაპარია, რომელიც მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე მეტყველებს. აქვე ინახება ანტიკური პერიოდის, ფრინველის ფორმის თიხის დოქიც, ის აღმოჩენილი იქნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და დღეს, ეს უნიკალური ჭურჭელი მეღვინეების სიმბოლოდ ითვლება. ჭურჭლის შესახებ ისტორიას მეღვინეები საკუთარი ინტერპრეტაციით ყვებიან. „ქოჩორა ყურყუმელა“, რომელიც დიდი ხანია გასცდა ბოლნისის ფარგლებს,  სხვადასხვა ფესტივალების განუყოფელ ნაწილად იქცა, თითქოს დღესაც აგრძელებს ფრენას და ქართულ ღვინოს მსოფლიოს აცნობს.

დღეს ბოლნისში საოჯახო მარნები ფუნქციონირებს, სადაც მეღვინეები წინაპრების ტრადიციას აგრძელებენ, ქვევრის უძველეს მეთოდს ისინი თანამედროვე გამოცდილებას უთავსებენ. მე-19 საუკუნეში აქ ჩამოსახლებულმა გერმანელმა კოლონისტებმა, მეღვინეობის განვითარებას ახალი მიმართულება მისცეს, დაამკვიდრეს ვენახის მოვლისა და ღვინის შენახვის განსხვავებული კულტურა, რომელიც ბოლნისურ ღვინოზე დღემდე ახდენს გავლენას. დღეს ეს გამოცდილება, ქართულ ტრადიციასთან ერთად, ერთიანდება და ქმნის უნიკალურ  ღვინოს.

დღეს ბოლნისი ღვინის მიკროზონადაა აღიარებული, ადგილობრივი ღვინო კი საერთაშორისო ბაზარზე ღირსეულ ადგილს იკავებს, აქტიურად გრძელდება ისტორია, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე DVV International, საქართველოს ოფისის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის ინიციატივით გამართულ შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში ალექსანდრე ზაბახიძე ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს შეხვდა.

სტუმრები „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ საქმიანობას გაეცნენ და ბენეფიციარებს გაესაუბრნენ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ბოლნისელ ახალგაზრდებთან, სადაც მხარეებმა განათლების ხელმისაწვდომობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, უსინათლოთა კავშირის ბოლნისის ფილიალის თავმჯდომარეს შეხვდა

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, უსინათლოთა კავშირის ბოლნისის ფილიალის თავმჯდომარეს, სურიკ ჩიჩიანს, შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კავშირის წევრთა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის უსინათლო ბენეფიციართა საჭიროებები.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად 290 ბენეფიციარს უწევს დახმარებას. ზამურ ჭითანავას მერად არჩევის შემდეგ, მისი გადაწყვეტილებითა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, ილია ჯალაღანიას, მხარდაჭერით ყოველთვიური დახმარების ოდენობა 130 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა.როგორც ზამურ ჭითანავა აღნიშნავს, უსინათლოთა მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია და მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

,,დღეს უსინათლოთა კავშირის ბოლნისის ფილიალის თავმჯდომარეს, სურიკ ჩიჩიანს, შევხვდი. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ კავშირის წევრთა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის უსინათლო ბენეფიციართა საჭიროებები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად 290 ბენეფიციარს უწევს დახმარებას. ჩემი პირადი სურვილითა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, ილია ჯალაღანიას, მხარდაჭერით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბენეფეციართა ყოველთვიური დახმარების ოდენობა 130 ლარიდან 150 ლარამდე გაზრდილიყო.

უსინათლოთა მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია და ადგილობრივი თვითმმართველობა ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს’’-აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა

 „ლოცვითა და თავდაუზოგავი შრომით შექმნილი ღვინო – მონასტრის მეღვინეობის გაცოცხლებული ისტორია“

0

ბოლნისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის მამათა მონასტერში ღვინის დაყენება მხოლოდ მეურნეობის ნაწილი არაა, ეს არის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილმა IV–V საუკუნეების ქვევრებმა ბიძგი მისცა მონასტერში მეღვინეობის ძველის ისტორიის გაცოცხლების პროცესს.

დღეს მონასტერში ღვინო იქმნება, როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით – შრომასა და ლოცვასთან ჰარმონიაში. აქ შექმნილი ღვინო, არ არის მხოლოდ პროდუქტი, თითოეული ბოთლი ატარებს ისტორიას, სულიერ გამოცდილებასა და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მომავალ თაობებზე გადადის. დღევანდელ ინტერვიუში მამა გრიგორი გვიყვება, როგორ იქცა მეღვინეობა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად და, როგორ აგრძელებს ბოლნისი ღვინის კულტურის განვითარებას.

-მამაო,  მოგვიყევით როგორ გაჩნდა მონასტერში მეღვინეობის აღდგენის იდეა?

– მონასტერში მეღვინეობის იდეა უკავშირდება ადგილზე ნაპოვნ ქვევრებს. 2015 წლის ბოლო იყო,მონასტერში კელიების მშენებლობის დროს, ადგილზე ვიპოვნეთ ქვევრები, რომელიც V საუკუნით დათარიღდა და ამან დაბადა ის იდეა, რომ შეგვექმნა ჩვენც საკუთარი მეღვინეობა. გაგვეგრძელებინა ის დროებით შეჩერებული ისტორია, რომელსაც მონასტრის მეღვინეობა ჰქვია. გამომდინარე აქიდან, გადავწყვიტეთ ჩვენც, ჩვენი მარანი გაგვეკეთებინა,ქვევრები ჩაგვედგა და გვეწარმოებინა ღვინო.

მონასტრული ცხოვრება ხშირად შრომასა და ლოცვას აერთიანებს. როგორ ერწყმის ვენახისა და მარნის საქმე თქვენს ყოველდღიურ მონასტრულ ცხოვრებას?

-რაც შეეხება მონასტრულ საქმიანობას, ლოცვასა და მევენახეობას, რა თქმა უნდა, უპირატესი არის ღვთისმსახურებაა, გამომდინარე იქიდან, რომ მონასტერში ვცხოვრობთ, მონაზვნები ვართ და პირველი საქმე არის ღვთის დიდება და ღვთისმსახურება. დღის განმავლობაში დროის უმეტესი ნაწილი უჭირავს ღვთისმსახურებას, ხოლო დანარჩენი დრო ისე გვაქვს გადანაწილებული, რომ მეღვინეობასა და მევენახეობას მოვახმაროთ. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი დრო სჭირდება, სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან ეს არ არის იოლი, თუმცა, როგორც შეგვიძლია, ისე ვუდგებით ამ საქმეს. მათი ერთმანეთთან შეთვისება მაინც რთულია, რადგან რომელიმე ყოველთვის დაიჩაგრება, მაგრამ უპირატესად, მაინც ღვთისმსახურება გვაქვს დაყენებული.

-ცნობილია, რომ მონასტრის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვევრები გახდა ერთგვარი შთაგონება ღვინის წარმოების აღდგენისთვის. რას ნიშნავდა ეს აღმოჩენა თქვენთვის და მონასტრისთვის?

-ქვევრების აღმოჩენა, რა თქმა უნდა, გაგვიხარდა. მით უმეტეს, როდესაც ეს IV-V საუკუნეებით თარიღდება, გარკვეულწილად ამ ისტორიასთან შეხებაში ხარ. ეს რაღაც თავისებური გრძნობაა, რაღაც განსაკუთრებული,როდესაც ამ ისტორიის ნაწილი ხდები. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის დიდი სიხარული იყო.პირველ რიგში ადგილობრივი მღვდელმთავრის, მეუფე ეფრემის, დამსახურებითა და მონდომებით მოხდა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ისტორიის გაცოცხლებას, ჩვენც თანამონაწილენი ვიყავით და ერთობლივი ძალებით შევუდექით ამ საქმეს, რომელსაც დღემდე ისე ვაკეთებთ, როგორც შეგვიძლია.

-მონასტერში ღვინის შექმნა ერთობლივი შრომის შედეგია. როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობები მამებს შორის ვენახის მოვლიდან,ღვინის დაყენებამდე?

-მეღვინეობასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს, გამომდინარე იქიდან, რომ სულ ოთხი წევრი ვართ, თანაბრად გადანაწილებული გვაქვს ეს პასუხისმგებლობები. როდესაც საქმეა გასაკეთებელი, ან ვენახში, ან მარანში, ყველანი თანაბრად ვმონაწილეობთ.  ხანდახან რამდენიმე ბოლნისელი მეგობარიც გვეხმარება.

-თქვენ ამზადებთ,როგორც ქვევრის ღვინოს, ისე კლასიკურს.  რატომ გადაწყვიტეთ ამ ორი განსხვავებული მეთოდის ერთად გამოყენება?

-რაც შეეხება ღვინის ამ ორი მეთოდის გაერთიანებას, ალბათ ნიშანდობლივია, რატომ არის ქვევრის ღვინო ტრადიციული. ქართული გენის ავთენტურობა უნდა შევინარჩუნოთ. კლასიკურ სტილს რაც შეეხება, უფრო ევროპულს, მსუბუქს, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების სხვადასხვა კატეგორია არსებობს,  ვიღაცას მსუბუქი ღვინო ურჩევნია, ვიღაცას ქვევრის, ტანინებით გაჯერებული, ამიტომ ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო ჩვენი მეურნეობა, ამ ორ სტილზე შევჯერდით.

ქვევრში ღვინის ბუნებრივი დუღილი ხშირად მინიმალური ჩარევით მიმდინარეობს. რამდენად ერევით ამ პროცესში და რამდენად „ანდობთ“ ღვინოს საკუთარ ბუნებრივ განვითარებას?

-ვცდილობთ, არ ჩავერიოთ ხოლმე ღვინის დუღილში, ყურძენს რაც აქვს თავისი ველური საფუარი, ვცდილობთ, რომ ამითვე ადუღდეს და ნაკლები შემხებლობა გვქონდეს ამ კუთხით, რადგან ბუნებრივად როგორიც გამოვა, ისეთი იყოს. ვერიდებით კულტურული საფუარის მიცემას, მიუხედავად იმისა, რომ ამაში ცუდი არაფერია, ჩვენი მიდგომა ასეთია.

არსებობს თუ არა განსაკუთრებული მონასტრული წეს-ჩვეულება, რომელიც ღვინის დაყენების პროცესს ახლავს თან?

-თუ აქ იგულისხმება ღვინის დაყენების პროცესში რაიმე წეს-ჩვეულება, მაგალითად, ლოცვა, რადგან მონასტერშია მარანი და ჩვენც მონაზვნები ვართ, ვცდილობთ ყველა საქმეში ღვთისმსახურებიდან  გამოვიდეთ და აქაც,  ვკითხულობთ პარაკლისებს და ვამბობთ ლოცვებს. ღვინოსთან ჩვენი შეხება იწყება ლოცვით.

-რამდენად რთულია ძველი ქართული ვაზის ჯიშების მოვლა და მათი შენარჩუნება დღევანდელ პირობებში?

-2-3 წელიწადში ერთხელ, რაღაც ახალ-ახალი დაავადებები იჩენენ თავს, რაც  ვენახისთვის ერთგვარი გამოწვევაა, თუმცა, თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ და უამრავი პრეპარატი არსებობს ამ დაავადებებთან საბრძოლველად. ჩვენც შესაბამისად ვიყენებთ, თუმცა, ხან გამოდის და ხან დაგვიანებულია ხოლმე. აი, ეს გამოწვევები ხვდება მევენახეს.

-ბოლნისის მთის ფერდობებზე გაშენებული ვენახები, განსაკუთრებულ პირობებს ქმნის,როგორ აისახება ეს გარემო ღვინის გემოსა და ხასიათზე?

-მოგეხსენებათ, ეს ვენახი გაშენებულია მთის ფერდობზე,ტერასული ტიპით და,  ადგილმდებარეობა კარგია, დილიდან საღამომდე მზის გულია, თუმცა თვითონ ნიადაგი მაინც კლდოვანია და შესაბამისად დიდი რაოდენობით წყალს მოითხოვს.

-მონასტერში დამზადებული ღვინო უკვე უცხოეთშიც გადის. რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც თქვენი ღვინო ისეთ ქვეყნებში მიდის, როგორიცაა იტალია და გერმანია?

-რა თქმა უნდა, სასიხარულო ამბავია ღვინის ექსპორტი სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში,  თუმცა,  თითქმის მთელი მსოფლიო იცნობს ისედაც, რადგან საქართველო უძველესი კერაა მეღვინეობის,  ეს კი ერთგვარი პოპულარიზაციაა   ბოლნისის და ჩვენი მონასტრის.

-მონასტერში სტუმრად მოსულ ადამიანებს, თუ აქვთ შესაძლებლობა გაეცნონმ ეღვინეობის პროცესს და გაიგონ მეტი,ამ ტრადიციის შესახებ?

-ჩვენთან, მონასტერში, პერიოდულად ეწყობა ღვინის დეგუსტაციები,მსურველთათვის –  ვყვებით მონასტრის ისტორიას,მეურნეობის ისტორიას და იმ ტრადიციებს, რა ტრადიციებზეც ვდგავართ. უფრო ხშირად უცხოელი ტურისტები არიან ხოლმე, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართველებიც არიან მათ რიგებში.

როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვ მონასტერში წარმოებულ ღვინოს ბოლნისის ტრადიციული მეღვინეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში?

-ისტორიულად, თითქმის ყველა მონასტერში ჰქონდათ ქვევრები, სადაც აყენებდნენ სამართებელ ღვინოს, რამაც ხელი შეუწყო ამის დღევანდელ დღემდე მოტანას. ამაში ერის ხალხიც მონაწილეობდა, რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა.  რაც შეეხება ბოლნისს, ესეც უძველესი კუთხეა  მეღვინეობის თვალსაზრისით და  ბოლო ათი წელია  აქტიურად მიმდინარეობს მეღვინეობის აღორძინება, როგორც ვიცი,  ორმოცზე მეტი რეგსტრირებული მარანია, რომლებშიც მაღალი ხარისხის ღვინო იწარმოება ბოთლში. ამ ყველაფრის ნაწილი ვართ ჩვენც, მონასტერი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გვიდგას გვერდში ბოლნისელ მეღვინეებს. ასევე დიდი მხარდაჭერა  გვაქვს RMG-სგან, რომლებიც ცდილობენ, პოპულარიზაციას შეუწყონ ხელი,  ექსპორტშიც, იმპორტშიც. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია.

-დაბოლოს, რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც პირველად ეცნობიან მონასტერში შექმნილ ღვინოს, რა ისტორია დგას თითოეული ბოთლის უკან?

– თითოეული ბოთლის უკან არის თავდაუზოგავი შრომა და იმედია, ჩვენი შრომა ფუჭად არ ჩაივლის. ბევრისთვის ეს შეიძლება მოტივაციაც იყოს, რადგან ამ დიდი  ისტორიის პატარა ნაწილი ვართ. ვცდილობთ, განვითარებას ხელი შევუწყოთ და მომავალ თაობას გადავცეთ ისე რაც ჩვენამდე მოვიდა.

                                                                                                            მარიამ ონიანი

სოფელ წიფორში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი საფეხბურთო სტადიონი აშენდება

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წიფორში ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ თანამედროვე სტადიონი მოეწყობა.

როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას ალექსანდრე ზაბახიძემ აღინიშნა, სტადიონის მოწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, ზამურ ჭითანავას, წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენს.

უახლოეს პერიოდში დაიწყება საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი შესყიდვების პროცედურები, რის შემდეგაც ადგილზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.

ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელში სპორტულ ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.