ბოლნისის მუნიციპალიტეტში Covid-19 საწინააღმდეგო იმუნიზაცია დაიწყო. ვაქცინა სხვა მედ-პერსონალთან ერთად, გაიკეთა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის უფროსმა. ვაქცინაცია ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით აცრას 10 ექიმი გაიკეთებს. ისინი საკუთარ კოლეგებს მოუწოდებენ, ჩაიტარონ იმუნიზაცია, იმისათვის, რომ დაიცვან, როგორც საკუთარი ჯანმრთელობა, ისე პაციენტები და ოჯახის წევრები.
ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრში მარაგშია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 500 დოზა, რითაც ის მედ-პერსონალი აიცრება, ვისაც უშუალო შეხება აქვს კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებთან.
ბოლნისის კულტურის ცენტრისა და თეატრის ერთობლივი პროექტის პირველი მაკეტი – „არტ ეზო“ რომელიც კულტურის სახლის შიდა ეზოში განთავსდება და დაეთმობა შემოქმედებითი სფეროს ყველა მიმართულებას. მაკეტის ავტორია ნუგზარ გიორგაძე.
მსოფლიო პანდემიის პერიოდში, უამრავ გამოწვევას შორის, ყველაზე მეტად ხელოვნების ის დარგები დაზარალდა, რომელთაც უშუალო კავშირი და კონტაქტი აქვს ფართო მაყურებელთან. დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ბოლნისის მუნიციპალურ თეატრს გარკვეული პერიოდი სპექტაკლების ჩვენება ონლაინ რეჟიმში უწევდა, რაც სრულიად არაკომფორტული აღმოჩნდა როგორც მსახიობებისთვის ასევე მაყურებლისთვის, თუმცა ახლა ახალი იდეებითა და დიდი გეგმებით იწყებენ მუშაობას, ცდილობენ შეიმუშაონ ისეთი ფორმა რომელიც ყველანაირ გამოწვევას გაუძლებს და რეგულაციების მიუხედავად კომფორტულ გარემოში შეძლებენ მაყურებლამდე მისვლას. მუდამ სიახლეების მოყვარული სამხატვრო ხელმძღვანელი, რომლის იდეებსაც საზღვარი არადროს არ აქვს, ახლა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გეგმებით წარსდგა დასის წინაშე. ,,თამაშს არ აქვს საზღვარი, ეს იქნება თეატრი, ქუჩა, სხვენი, ველური ბუნება, მთავარია სურვილი და მიზანსწრაფვა“,აცხადებს ლაშა ნოზაძე.
16 მარტს, ბოლნისის თეატრში, პირველი შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. წარმოდგენილი და განხილული იქნა არსებული და სავარაუდო შემოქმედებითი გეგმები.
„ჩვენ მრავალფეროვანი რეპერტუარი გვჭირდება, სხვადასხვა გარემოზე ადაპტირებული, ვგულისხმობ ფორმებს – თამაშს არ აქვს საზღვარი, ეს იქნება თეატრი, ქუჩა, სხვენი, ველური ბუნება, მთავარია სურვილი და მიზანსწრაფვა – მუდმივად ახლოს ვიყოთ მაყურებელთან. გადაწყვეტილი გვაქვს რამდენიმე სპექტაკლის ერთდროულად ჩაშვება, რომელიც სხვადასხვა ასაკის მაყურებლის ინტერესსა და გემოვნებას დააკმაყოფილებს. ვითამაშოთ ყველგან, ყველასთვის და ყველაფერი, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ჩვენი მიზანია მრავალფეროვნება სხვადასხვა ავტორის, რეჟისორისა და შემსრულებლის ჩართულობით შევქმნათ. ამ წუთისთვის რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, პირველი, ვინც ჩვენ მრავალფეროვნების შექმნაში დაგვეხმარება, მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – იოსებ ბაკურაძე გახლავთ.
ასევე პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებთ სხვადასხვა მოწვეულ რეჟისორთან, ავტორთან და შემსურებელთან. თეატრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ექსპერიმენტები, კოლაბორაცია და ტემპი, მაყურებელთან ურთიერთობის ტემპი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხარისხში. გვსურს, მეგობრობის ხელი ჩამოვართვათ ყველა ქართულ თეატრს, მოვიწვიოთ და ვესტუმროთ მათ. აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ თეატრალურ ფესტივალებში,“ განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ნოზაძემ.
განსაკუთრებული სიურპრიზი რაც ბოლნისელ მაყურებელს ელის ეს არის ,,არტ ეზო“, ამავე შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა სწორებ კულტურის ცენტრისა და თეატრის ერთობლივი პროექტის პირველი მაკეტი – „არტ ეზო“ რომელიც კულტურის სახლის შიდა ეზოში განთავსდება და დაეთმობა შემოქმედებითი სფეროს ყველა მიმართულებას. მაკეტის ავტორია ნუგზარ გიორგაძე.
ხელოვნება ადამიანის განუყოფელი ნაწილია, ხელოვანი ვერ გახდები თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაგაჩნია ამის ნიჭი. უნდა გიყვარდეს ოცნება, სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ნამდვილ, საღ ხელოვნებას, რომელსაც მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა და შექმნილია ადამიანის მიერ, მას არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა ერთიდან მეორეს, სწორედ ასეთ, შემოქმედ გოგონაზე გიამბობთ, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია და „მედიაჰოლდინგი კვირას“ წევრია, მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა მან სრულიად მოულოდნელად დაიწყო ორიგინალური, ტრენდული სურნელოვანი სანთლების დამზადება, ყალიბებსაც საკუთარი ხელით, მისივე გემოვნებითა და დიზაინით ამზადებს. რამდენიმე თვეა მარიამ გიორგაშვილის გვერდზე, სოციალურ ქსელში, მისივე შექმნილი სანთლების დახვეწილი და მიმზიდველი ფოტოები გამოჩნდა, რასაც მალევე მოჰყვა საზოგადოების დიდი ინტერესი.
-მარიამ გვიამბე შენს შესახებ..
-მე ვარ მარიამ გიორგაშვილი, პროფესიით ჟურნალისტი, მყავს ერთი შვილი, 4 წლის იოანე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა ჩემი სამსახური და გადავწყვიტე ჩავბმოდი ამ რთულ ჯაჭვს და გავხდი „მედიაჰოლდინგი კვირას“ წევრი, მას შემდეგ წელიწადი და 4 თვეა ჩემი პროფესიით ვარ დაკავებული, პირველი კლასიდან ვიცოდი ვინ მინდოდა გამოვსულიყავი. ჩემი პედაგოგები დღემდე მიყვებიან მეორე კლასში როგორ ვუსვამდი კითხვებს ჟურნალისტებზე და ტელევიზიაზე. მაინტერსებდა ყველაფერი ამ მიმართულებით. როდესაც იმ პროფესიით მუშაობ რაც მთელი არსებით გიყვარს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ამიტომ ყველამ უნდა აკეთოს ის საქმე რაც უყვარს.
-მიუხედავად ჟურნალისტის რთული და დატვირთული რეჟიმისა, შენ დაიწყე ხელსაქმე, საიდან გაგიჩნდა იდეა და რატომ დეკორატიული სანთლები?
-ბავშვობიდან მიყვარდა რაღაცეების კეთება, ხან ნაძვის ხის სათამაშოებს ვაკეთებდი ხან ჩანთებს. ყოველთვის მიყვარდა ჩხირკედელაობა, თუმცა ასეთი მასშტაბური და ხანგრძლივი არცერთი საქმე არ ყოფილა, მოგეხსენებათ როგორი დატვირთული და სტრესულია ჩემი თითოეული დღე. მიუხედავად რთული რეჟიმისა, ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად მომივიდა აზრად, სახლისთვის შემეძინა დეკორატიული სანთლები, რადგან ამ ბოლო დროს ძალიან ტრენდული გახდა, როცა ამ ყველაფერზე ინფორმაციის მოძიება დავიწყე და რამდენიმე ფოტო გამოვაქვეყნე სოციალუირ ქსელში, იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გადავწყვიტე თავად შემექმნა სანთლის ფორმები და გამეკეთებინა სურნელოვანი სანთლები. ეს ხელსაქმე ჩემთვის კომფორტის ზონაა. იმდენად მსიამოვნებს ამ ყველაფრის კეთება, რომ განტვირთვის საათი დავარქვი იმ დროს, როდესაც ჩემს სურნელოვან სანთლებს ვამზადებ. ფასიც ისეთი აქვს რომ მსურველმა ადვილად შეძლოს შეძენა.
-რა მეთოდით მზადდება, შრომატევადია?
-საკმაოდ შრომატევადია, ვხმარობ პარაფინს და თაფლის სანთელს, მეხმარება მამა, ერთად ვამზადებთ ყალიბებს, რომ უფრო განსხვავებული და ორიგინალური სანთლები მქონდეს. მაქვს რამდენიმე სურნელი და უამრავი ფერი. მომხმარებელს საკუთარი გემოვნებით ვუმზადებ ყველა ფიგურას. დეკორატიული სანთლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰქონდეს ნელი წვა, სწორედ ამისთვის, ვიყენებ ნივთიერებას, რომელიც მაქსიმალურად გაახანგრძლივებს წვის პროცესს. როგორც ვიცი ამ ნივთიერებას მხოლოდ საქართველოში ვიყენებთ და ესეც დიდი პლიუსია ჩემი ბრენდისთვის.
-რა უპირატესობით გამოირჩევა შენი სანთლები?
-ჩემი სანთლები პირველ რიგში ფორმებით გამოირჩევა, რადგან თავად ვამზადებთ ყალიბებს, აქვს ასევე დაბალი ფასები, მინდა ბოლომდე შევინარჩუნო ისეთი ფასები, რომ ყველას შეეძლოს შეძენა.
-როგორც ვიცი საზოგადოების დაინტერესება ძალიან მაღალია.
-საზოგადოების დაინტერესება, იმდენად მაღალია, რომ მე თვითონ გაოგნებული ვარ. ერთ კვირაში სოციალური ქსელში ძალიან ბევრი გამომწერი მყავს და საკმაოდ ბევრი შეკვეთა. ამ ბოლო პერიოდში მოდური გახდა დეკორატიული ნივთები, ფოტოებშიც ძალიან ლამაზად ჩანს და მე ვფიქრობ სწორედ ამიტომ წამოვიდა ახალგაზრდებიდან ამხელა ინტერესი.
-სამომავლო გეგმები თუ უკავშირდება ხელსაქმის გაფართოებას?
-პროფესიიდან გამომდინარე, თუ დრო მექნება, თუ მომხმარებელი კმაყოფილი იქნება ჩემი ნამუშევრებით და მატერიალური მხარეც მომცემს ამის საშუალებას, აუცილებლად გავფართოვდები. ამ ეტაპზე ემიგრანტებისგანაც დიდია დაინტერესება, ძალიან მოსწონთ, საბერძნეთში ორჯერ გავაგზავნე, რაც მე მაბედნიერებს. ვფიქრობ ახლო მომავალში უცხოურ ბაზარზე გავიდე. ამ ეტაპზე ვეძებ ისეთ ადამიანს ვინც ამ ყველაფერში გამარკვევს და დამაკვალიანებს.
-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებ წარმატებებს!
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლო შეხვედრა დღეს ქვემო ბოლნისში ჩატარდა, სადაც ადგილობრივებმა პრიორიტეტად გარე განათების მონტაჟი დაასახელეს. ასევე ისაუბრეს სოფელში არსებულ აქტუალურ საკითხებზე და მიმდინარე წლის პროექტებზე. საერთო კრებას მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქვემო ბოლნისისთვის 40 000 ლარია გამოყოფილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლის საერთო კრებები 45 სოფელსა და 2 დაბაში ჩაატარეს. მოსახლეობასთან შეხვედრები 11 თებერვალს დაიწყო და კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რვათვიანი პაუზის შემდეგ სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ბავშვთა დაწესებულებაში 23 აღსაზრდელია რეგისტრირებული, ფუნქციონირებს 1 ჯგუფი, შერეული ასაკობრივი სხვაობით.
ტანძიის საბავშვო ბაღში შემდეგი სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: გარემონტდა სამზარეულო, პროდუქტის შესანახი საწყობები, ექთნის ოთახი, შესასვლელი და სააღმზრდელო ჯგუფი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციური ავეჯით მოეწყო.
საბავშვო ბაღს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელთან, ლელა გოგმაჩაძესთან ერთად ესტუმრა და სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა.
სააღმზრდელო პროცესი განაახლა ასევე დაბა კაზრეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ. ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები: გამაგრდა შენობის საძირკველი, გარემონტდა სააღმზრდელო ჯგუფი, სამრეცხაო, სამზარეულო, პროდუქტის შესანახი საწყობები, რომელიც აღიჭურვა უჟანგავი თაროებით.
ბოლნისის მინიციპალიტეტში, თორმეტივე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სრული დატვირთვით, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით მუშაობს.
ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი – ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ)
თუ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირი დამსაქმებელს რეგისტრირებული ჰყავს დასაქმებულად სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში და მას ბოლო 120 დღის მანძილზე არ უფიქსირდება კორონავირუსზე ინფიცირების სტატუსი, მას შეუძლია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.
დღეის მდგომარეობით სისტემაში ვიზიტი დაჯავშნილი აქვს 1449 მედპერსონალს.
ვაქცინაციის პროცესი ორშაბათს, 15 მარტიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.
აცრა ნებაყოფლობითია!
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!
საგანმანათლებო პროექტ ,,დიდგორელმა“ მესამე მუნიციპალიტეტი მოიცვა, თეთრიწყაროს და ბოლნისის ,,დიდგორელებს’’დმანისის სკოლის მოსწავლეები შეემატა. სასკოლო ისტორიულ კონკურსში დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლა ჩაერთო. კონკურსის მესამე ტურში, სპეციალური 100 კითხვიანი ტესტიდან მაქსიმალური ქულით გამარჯვებული სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის მოსწავლე ჟანა ოქრიაშვილი გახდა, რომელიც პროექტის გენერალური სპონსორისგან ,,არემჯისგან“ ექვსი თვის განმავლობაში სტიპენდიას მიიღებს.
საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ქორეოგრაფიული ანსამბლ „ბოლნელის „ ახალგაზრდებს და სტუდიის აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა . მათთან ერთად იმსჯელეს თუ როგორ და რა პირობებში განაგრძობს ანსამბლი მოღვაწეობას.
„ჩვენ, გვაწუხებს ყველა ის საკითხი, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ვცდილობთ შესაძლებლობების ფარგლებში ყველა მოქალაქის ინტერესი იქნეს გათვალისწინებული. კარგად გვაქვს გააზრებული ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო ქართული ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიისა და ანსამბლ „ბოლნელის“ მისაღებ პირობებში ფუნქციონირების და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობა ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის.მუდამ მზად ვართ ნებისმიერი საკითხი სიღრმისეულად განვიხილოდ დაინტერესებულ მხარეებთან. „ – განაცხადა გოგი მეშელიანმა
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა დასახეს სამომავლოდ სამოქმედო გეგმა რათა ერთად შეძლონ გამოსავლის გზების ძიება.შეთანხმდნენ, რომ ამ ეტაბზე ანსამბლი საქმიანობას განაგრძობს ქალაქ ბოლნისის N3 საჯარო სკოლაში.
გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური პრიზები და სიგელები ბოლნისის, წყალტუბოს, სენაკის, რუსთავის, ასევე, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, მარნეულისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი უძღვებოდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე – სასტუმროებში – „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა. ღონისძების სლოგანი იყო ,,კარგი მაგალითი გადამდებია”, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრებოდნენ. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციას, ზუმ-პლატფორმის საშუალებით შეუერთდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – კატალინ ჰერმანი,გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში – ლუიზა ვინტონი და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი – დანიელ მევლი.საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2020 წლის კონკურსისთვის 13 საკონკურსო თემა შეირჩა. კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის 22-მა მუნიციპალიტეტმა მიიღო. BPP-ს კონკურსის მმართველმა კომიტეტმა და შეფასების კომისიამ 9 გამარჯვებული გამოავლინა. BPP-ს მმართველმა კომიტეტმა 2020 წლის კარგ პრაქტიკად აღიარა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის პროექტი – „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“. საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.,,მოხარულები ვართ, რომ ბოლნისი უკვე მესამედ გახდა საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი. ამჯერად ჩვენი წარმატება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ,,ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების“ ფარგლებში დაფუძნებულმა აგროცენტრმა განაპირობა.ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდწილად განიხილება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ზონა, სადაც მოსახლეობის 80% პიდაპირ თუ ირიბად სოფლის მეურნეობის სექტორშია ჩართული. იმის გამო, რომ ადგილზე არ არსებობდა მყარი ინფრასტრუქტურა, რომელიც ნედლეულის ადგილზე დამუშვების, შეფუთვისა და ბრენდინგის საშუალებას მოგვცემდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში შეიქმნა აგროცენტრი. საქართველოს მასშტაბით, ჩვენ ერთადერთი მუნიციპალიტეტი ვართ, რომელიც აგროცენტრის საშუალებით, ადგილობრივ დამწყებ ფერმერებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს პროდუქტის წარმოებაში ეხმარება. აგროცენტრმა ფუნქციონირება 2020 წელს დაიწყო და ის ფერმერებს ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე საკონსულტაციო მომსახურებას აწვდის, მათ ფინანსურ, იურიდიულ და მარკეტინგულ საკითხებში დახმარებას უწევს. ცენტრი ასევე ფერმერებს თანამედროვე დანადგარების გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეფუთვის, ეტიკეტირების, გაფილტვრისა და ბოთლებში ჩამოსხმის მობილურ სერვისსაც სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ აგროცენტრი მეწარმეებს ეხმარება სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაშიც, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივმა 30-მა საოჯახო მარანმა თავიანთი ღვინოების გატანა პოლონეთის ბაზარზე შეძლეს.აღნიშნულმა პროექტმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტს მისცა დიდი გამოცდილება როგორც დონორებთან ურთიერთობის, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის თვალსაზრისით. პროექტმა ნათლად წარმოაჩინა მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებასა და ბიზნესისა და მეწარმეების მხარდაჭერაში.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას დაფასებისთვის, ამ ნომინაციაში გამარჯვება ჩვენთვის ერთგვარი დასტურია იმისა, რომ მუნიციპალიტეტი განვითარების სწორ გზას ადგას. ეს ჯილდო ჩვენთვის არის მოტივიაცია იმისა, რომ სამომავლოდაც, დიდი შემართებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.