Home Blog გვერდი 148

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მომავალ პირვეკლასელებს წიგნს „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცემს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პროექტ „ეტალონის“ დამფუძნებელთან, გოჩა ტყეშელაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა წიგნის „პირველკლასელთა აკადემია“ აზერბაიჯანული ვერსიის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას მერის მოადგილეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების ხელმძღვანელი და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, მომავალ პირველკლასელებს „პირველკლასელთა აკადემიის“ ქართული და აზერბაიჯანული გამოცემები უსასყიდლოდ, საჩუქრად გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს აღნიშნული წიგნი მუნიციპალიტეტმა სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს უკვე გადასცა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი „პირველკლასელთა აკადემიის“ ავტორთან, გოჩა ტყეშელაშვილთან თანამშრომლობას აგრძელებს. დღეს ბატონმა გოჩამ წიგნის აზერბაიჯანული ვერსია გაგვაცნო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, წიგნები მომავალ პირველკლასელებს საჩუქრად გადეცემათ. ვფიქრობ, ეს წიგნი ჩვენს პირველკლასელებს დაეხმარება ადვილად შეისწავლონ ქართული ენა და ადვილად შეძლონ სასკოლო ცხოვრებასთან ადაპტაცია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 2021 წელს, 5 651 428 ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2021 წელს საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობისთვის 5 651 428 ლარი დაიხარჯა. გასულ წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ჯამში 11 კილომეტრი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ქვაფენილის, ასფალტისა და ბეტონის გზები 14 ლოკაციაზე გაკეთდა. 2021 წელს, ასფალტის საფარი სოფლებში: ბალიჭი, რატევანი, რაჭისუბანი, ნახიდური დაიგო, რისთვისაც 1 616 736 ლარი დაიხარჯა. 1 989 744 ლარის ღირებულების ბეტონის გზა კი ტალავერში, ქვემო ბოლნისში, მუშევანსა და ძველ ქვეშში კეთილმოეწყო.

გასულ წელს 2 135 გრძივი მეტრის მოცულობის ქვაფენილის გზა ქალაქ ბოლნისში, ცურტაველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე გაკეთდა. აღნიშნული პროექტები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ 2 031 063 ლარი შეადგინა.

გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება

0

გარკვეული კატეგორიისთვის იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები მცირდება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

კონკრეტულად რა შემთხვევაში შემცირდება ვადები:

„▪️ მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია კარანტინისთვის დაწესებული ვადები იქნება რვა დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

▪️საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის სულ მცირე არის 10 დღე ვადა და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.

▪️ კონტაქტების შემთხვევა:

თუ კონტაქტი არის ვაქცინირებული, მათ შორის ბუსტერით ვაქცინირებული პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 90 დღის ვადაში მათ კარანტინის ვადა ეხსნებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი. ასევე პირებს, კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, აღარ იყვნენ კარანტინში.

▪️რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია, რომ კონტაქტის შემდეგ რვა დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის განმავლობაში უნდა გამოიყენონ პირბადე“, – განაცხადა თამარ გაბუნია.

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეიდან თურქეთის ბაზარი გაიხსნა, საქართველოში შემოვა მაღალი ხარისხის მედიკამენტები, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია

0

თურქეთის ბაზარი უკვე გაიხსნა და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია.

„დაპირებისამებრ, ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას. შესაბამისად, უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე. საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და იმედი მაქვს, იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე და შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს.

„დაპირებისამებრ, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე. ჩაუტარდა მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციები უკვე გაეგზავნა პარლამენტს, მთავრობას. ახლა მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, რადგან საჭირო იქნება რიგ კანონებში ცვლილების განხორციელება. ჩვენი მოლოდინით, ეს კიდევ უფრო დაეხმარება, უფრო გააიაფებს მედიკამენტებს. რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთი მხრივ, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი, რეგულირებას არ ვიტყოდი ამ ეტაპზე, და მეორე მხრივ, ხარისხის კონტროლი, რაც აუცილებელია. ხარისხიანი მედიკამენტები უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ჩვენი ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას. ბატონი მინისტრი, აზარაშვილი დაიწყებს მუშაობას ამ თემაზე და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს შეხვდა

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა გუბერნატორებთან რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და ხაზი გაუსვა შესაბამისი სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების აუცილებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია.შეხვედრისას, თითოეული რეგიონის მიხედვით დეტალურად განიხილეს არსებული პროექტები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, ასევე – იმსჯელეს საჭიროებებზე, როგორიცაა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი წყალმომარაგება თუ შიდა გზების მოწესრიგება. ხაზი გაესვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური კოორდინაციის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

ბოლნისის თეატრის როლი ქართული თეატრის ისტორიაში

0

 დღეს ქართული თეატრის დღეა,  თეატრალების პროფესიული დღის აღნიშვნა სათავეს   1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის თაოსნობით  სპექტაკლ „გაყრა“-ს დადგმას უკავშირდება, რომელმაც ქართულ პროფესიულ თეატრს დაუდო საფუძველი.

იმ დროისთვის ერთადერთი წარმოდგენა, გიორგი ერისთავმა ქართული არისტროკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის თანხმობით დადგა. პიესის ავტორი და რეჟისორი თავად გიორგი ერისთავი გახლდათ და სპექტაკლში ერთერთ პერსონაჟის,  „სომეხი ვაჭრის“  როლს ასრულებდა.

1850 წელს ისტორიკოსები წერდნენ , რომ ქართულ  თეატრს ჩაეყარა საფუძველი,  რამაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია.

წლების განმავლობაში ქართული თეატრის აღმავლობა ორი დიდი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.

ბოლნისის თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში 1942 წლიდან ჩნდება და უკვე 80 წელია ხელოვნების ეს დარგი ქმნის თავისი მოღვაწეობის უნიკალურ ბიოგრაფიას. 

1942 წლის  25 თებერვალს, ქ. ბოლნისის სცენისმოყვარულთა დასი მაყურებლის წინაშე წარსდგა პირველი სპექტაკლით– ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. აღნიშნულმა წამოწყებამ დასაბამი დაუდო ქ. ბოლნისში ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებას. რომლის დამფუძნებლები იყვნენ ქართული თეატრალური ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლები: სევერიან მიხელიძე და (მეუღლე) თამარ ხატელიშვილი.იმ დროინდელ დრამწრეში მოღვაწეობდნენ: ვახტანგ რეხვიაშვილი, ვლასი და გედევან ახვლედიანები, მიხეილ გაფრინდაშვილი, ვახტანგ კერესელიძე, პ.ლოლაძე, კოტე ჩალაძე, პელაგია ჟვანია, გრიშა ლაბაძე, ვახტანგ მიხელიძე, მიხეილ გაბიძაშვილი და სხვანი. სულ მალე დასს შეუერთდა მიხეილ მგალობლიშვილი, როგორც დრამწრის ხელმძღვანელი და  კულტურის სახლის დირექტორი(1944–50წ.),მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დრამწრემ პროფესიულ დონეს მიაღწია. ქართული თეატრის ბოლნისში დაფუძნებას განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა, რომელმაც კონსულტანტის როლი იკისრა. ბოლნისის დრამწრის სპექტაკლებში მონაწილეობდნენ თბილისიდან მოწვეული სახელოვანი მსახიობები. 1952 წლიდან დრამწრეს სათავეში ჩაუდგნენ მიხეილ გაბიძაშვილი და ვახტანგ მიხელიძე. 1990 წლამდე ამ ორმა  ხელოვანმა ღირსეულად ატარა თეატრის ხელმძღვანელის საპატიო მისია. 1960 წელს სპექტაკლის ვ.კანდელაკის „ამაღლებული სოფელი“ (რეჟისორი:მ.გაბიძაშვილი), ჩვენების შემდეგ,სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით ბოლნისის თეატრს მიენიჭა სახალხო თეატრის საპატიო წოდება.ხოლო1960 წლის 8 მაისს მოხდა სახალხო თეატრის გახსნა სპექტაკლით ა.ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“(რეჟისორი მ.გაბიძაშვილი). 1967 წელს ქ.თბილისში კ.მარჯანიშვილის სახ.აკადემიური თეატრისა და მოსკოვის კრემლის თეატრის სცენებზე (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“–რეჟისორი – მიხეილ გაბიძაშვილი, კონსულტანტი– გრიგოლ კოსტავა),ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ თეატრმა პირველად მოიპოვა რესპუბლიკისა და საკავშირო ფესტივალების ლაურეატის წოდება,ოქროს მედალი და ფასიანი საჩუქრები.            

                        

1952–1970 წლებში ნიჭიერი მსახიობები  დიდი სიყვარულით ქმნიდნენ, ბოლნისელი მაყურებლისთვის დაუვიწყარ თეატრალურ სახეებს. აღსანიშნავია სახალხო თეატრში დადგმული საეტაპო სპექტაკლები:  „ქართლის ჩირაღდნები“,  „ყვარყვარე თუთაბერი,“  „თავმჯდომარე ლურჯა ცხენზე.“  სპექტაკლების სიუხვით გამოირჩეოდა 1979–80 წლის სეზონი,როცა თეატრმა ოთხი სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს: „უსაშველო მაშვლები“, „მზე ნეკერჩხლის ტყეში“, „ღირსეული სასჯელი“,  „ნისლიანი დღეები“,

1980 წელს სახალხო თეატრთან დაარსდა ბავშვთა და მოზარდთა თეატრ–სტუდია მსახიობ იზო ნიავაძის ხელმძღვანელობით.

1985 წელს დაიდგა მთვარაძის „სახსოვარი“(რეჟ.ვ.მიხელიძე),სპექტაკლი და მსახიობი, საკავშირო ფესტივალის საპატიო წოდებით დაჯილდოვდა.

სპექტაკლის დასადგმელად 1988 წელს  მოწვეული იქნა რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე. ბოლნისის თეატრისთვის დაიწყო ახალი ეტაპი. იდგმებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლები, ხოლო  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელისშეწყობით დასს საშუალება ეძლეოდა, ბოლნისისა და საქართველოს სახელი, თავისი შემოქმედებით საზღვრებსგარეთ გაეტანა. 

1990–2000 წლეში თეატრს ბევრი ახალი მსახიობი შეუერთდა.

1996 წელს საქართველოს სახალხო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე „გურჯაანი–96“ სპექტაკლი „მუსუსი“ საუკეთესოთა შორის საუკეთესოდ იქნა დასახელებული,

2001 წელს დაიგა  ა. გეწაძის“ორად გაყოფილი ცრემლი“(რეჟ.ზ.ხვედელიძე) რომელიც მიეძღვნა ბოლნისის თეატრის 40 წლისთავს.იუბილესთან დაკავშირებით ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ მსახიობები:ნუგზარ გაფრინდაშვილი,ნუგზარ ერისთავი, ედუარდ რეხვიაშვილი,ხოლო ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ნუგზარ ჭითანავა და ვლადიმერ კენჭოშვილი. ზურაბ ხვედელიძე ბოლნისში მოღვაწეობდა 1988–2020 წლებში,მან ზემოთ ხსენებული სპექტაკლების გარდა თეატრში დადგა:გიორგი ერისთავის „გაყრა“,რაფიელ ერისთავის„ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“,ბასა ჯანიკაშვილის „მშვიდობით თემურ“, „სულიკო“,ლაშა ბუღაძის „ნუგზარი და მეფისტოფელი“,ვახტანგ ანდიაშვილის „პენტერაფობია“,თამაზ მეტრეველის „სუპერქართველები“,დათო ტურაშვილის „ორი კუნძული შავ ზღვაში“,ნინო მირზიაშვილის „აივანი“, თამრი ფხაკაძის „გაფრენა“,ალექს ჩიღვინიძის „სიკვდილის დღის საჩუქარი“.

ამ წლების განმავლობაში  თეატრში მუშაობდნენ სხვადასხვა  რეჟისორები, ხოლო 2005 წლიდან თეატრში მოწვეული იქნა  ახალგაზრდა რეჟისორი ლაშა ნოზაძე,რომელმაც ბოლნისელების დიდი სიყვარული დაიმსახურა.მისი დადგმული სპექტაკლები და მასობრივი სანახაობები, დახვეწილი რეჟისორული გააზრებით და მხატვრული ხერხებით გამოირჩევა.მისი  ნამუშევრებია: „ზევით-ქვევით“, „ამაღლება“, „სხივათვე“ , „კრიტი“, „რომეო და ჯულიეტა“, „ბოვნისი, ეკატერინენფელდი, ლუქსემბურგი, ბოლნისი“, „ჰამლეტი“ და სხვა . 2020 წლიდან კი  ბოლნისის თეატრს ხელმძღვანელობს დრამის რეჟისორი–მაგისტრი  ლაშა ნოზაძე.

 2022 წლის გაზაფხულზე ბოლნისის თეატრს დაარსებიდან საიუბილეო 80 წელი უსრულდება, თეატრი მთელი წლის მანძილზე გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს.

,,გაზეთი ბოლნისი’’ პროფესიულ  დღეს ულოცავს ბოლნისი მუნიციპალიტეტის თეატრს და მადლობას უხდის მსახიობსა და რეჟისორს იზოლდა ნიავაძეს ჩვენი საყვარელი თეატრის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისთვის.

დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალურ თეატრს პროფესიულ დღეს ულოცავს

0

,,დღეს ქართული თეატრის დღეა. მსურს, ბოლნისის თეატრის თითოეულ წევრს დღევანდელი დღე მოგილოცოთ. ბოლნისის თეატრს ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. თეატრის სცენაზე არაერთი დასამახსოვრებელი სპექტაკლი გვაქვს ნანახი და ბოლნისელი მაყურებელი პრემიერებს ყოველთვის მოუთმენლად ელის. თითოეული ბოლნისელი ამაყობს მისი თეატრით, ეს დამოკიდებულება კი დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!”- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

გოგი მეშველიანი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

0

„ეს არის ნიჭისა და შემოქმედების ზეიმი. აქვე ავღნიშავ, რომ რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელოვნების ამ დარგის არსებობა, მით უმეტეს როცა ასეთი შემოქმედებითი დასები გვყავს.“-ამ სიტყვებით გოგი მეშველიანი ბოლნისისა და დმანისის თეატრალურ დასებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს.


ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში, გოგი მეშველიანი, თეატრის მოღვაწეებს  და განსაკუთრებით მის სამჟორიტარო ოლქში არსებულ თეატრალურ დასებს ქართული თეატრის დღეს ულოცავს.

ვულოცავ ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღესგანსაკუთრებით კი,   ბოლნისის მუნიციპალური თეატრისა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასებს

თეატრი არის ვიზუალური ხელოვნება, სადაც მსახიობები სცენური პერსონაჟებით გვამოგზაურებენ ადამიანთა სამყაროშიეს არის ნიჭისა და შემოქმედების ზეიმი. აქვე ავღნიშავ, რომ რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხელოვნების ამ დარგის არსებობა, მით უმეტეს როცა ასეთი შემოქმედებითი დასები გვყავს.

კიდევ ერთელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს, გისურვებთ მეტ სპექტაკლს  და მაყურებლის გულწრფელ ემოციას.“ -განაცხადა გოგი მეშველიანმა.   

სახელმწიფო დროშის დღეს ბოლნისიც შეუერთდა

0

საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.   დროშები    გამოიფინა როგორც ადმინისტრაციულ შენობებზე, ასევე ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის ისტორიულ გერმანულ უბანში.            სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო.      ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, 14 იანვარს, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

ესეების კონკურსში მეორე ადგილი ბოლნისელმა მოსწავლემ დაიკავა

0

ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საჯარო სკოლა, რომ წარმატებული ადამიანების სამჭედლოა, ეს ამ სკოლის კურსდამთავრებულების სატისტიკამ არაერთხელ გვაჩვენა. პანდემიის მიუხედავად სხვადასხვა თემატიკის კონკურსები კვლავ აქტუალურია, სადაც პირველი სკოლის მოსწავლეები არაერთხელ გამხდარან გამარჯვებულები. ამჯერად მეთორმეტე კლასელ ლიზა ქვარიანის წარმატებაზე გიამბობთ, რომელმაც გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსის პირობები შემდეგნაირი იყო. მონაწილეს (8-12 წლის ზევით) უნდა დაეწერა ესე სახელწოდებით: ,,ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მოხდეს“

აღნიშნული კონკურსის შესახებ ლიზამ მეგობრისგან შეიტყო, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩაერთო კონკურსში და მეორე ადგილიც მოიპოვა, თუმცა როგორც თავად ამბობს ,,არ ვფიქრობ, რომ ჩემი თემა ის არის, რაც ყველაზე კარგი დამიწერია“.  ესე ზუსტად 1 საათში დაწერა, მისი გრძნობები და ფიქრები, კონკურსის პირობების თანახმად, 2 გვერდში ჩაატია.

ლიზა ქვარიანი, კონკურსის მეორე ადგილის მფლობელი:

,,პალიტრა L ჰქონდა გამოცხადებული ესეების კონკურსი, საქართველოს მასშტაბით, რის შესახებაც მეგობრისგან შევიტყვე. ბევრი ვიფიქრე და ჩავერთე, კონკურსი ითვალისწინებდა, რომ წიგნი ,,ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს“ ყოფილიყო ესეს დაწერის ინსპირაცია, ან ზოგადად, რადგან წიგნის წაკითხვასაც კი ვერ მოვასწრებდი, პირდაპირ რასაც ვფიქრობდი, ჩვენს გარშემო რასაც გრძნობდნენ და განიცდიდნენ ის დამეწერა, შეზღუდვა, რომელიც გულისხმობდა, რომ მხოლოდ, 2 გვერდიანი უნდა ყოფილიყო ესე, ძალიან ცუდი იყო.“ 

კონკუსში მონაწილეობა 50-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, მათგან სპეციალურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.

თითოეული შესაბამისად 200, 150 და 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებს. ასევე, გამარჯვებული მოსწავლის მასწავლებელსა და სკოლას გამომცემლობა “პალიტრა L“-ისგან წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობისთვის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცემათ.

გთავაზობთ საკონკურსო ესეს უცვლელად:

 ,,ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მოხდეს“

       თვითკმაყოფილ ადამიანებს ოქროს თევზი რომ დაეჭირათ, ალბათ, სურვილის თხოვნის ნაცვლად, შეწვავდნენ და სამ ლუკმად გადაყლაპავდნენ… ან იქნებ  ჭამის შემდეგ მიმხვდარიყვნენ, თურმე ოქროს თევზი რომ ჰყოლიათ…

          მე  ხელის გულზე მიზის ეს თევზი და…

        ყოველთვის ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, მუქი ფერის თმით, შავი თვალებითა და მინის, პატარა სათვალით, რომელიც თავის დანიშნულებას შესისხლხორცებოდა და ჩემს ამხანაგად ქცეულიყო. დღეს  თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში, რომელსაც  ბუნება აჰყოლოდა,  სიყვითლე, ჭრელა-ჭრულა ფერები  შეპარვოდა და გულის კუნჭულში არსებულ სიცარიელეს ავსებდა, რომელიც თინეიჯერული ტრავმებისგან იყო დაცარიელებული. დღეს არც ტრავმა მახსოვდა და თითქოს გონებიდან ცუდი მოგონებების წაშლაც შევძელი. უამრავი მეგობარი მყავს. დილით ფანჯარაში გახედვა და მეეზოვეების ფუსფუსის დანახვა ღიმილს მგვრის.  „ყოველი დღე ღვთის საჩუქარია და ახალი შანსი“.  სკოლის დერეფანში მიმავალს ბევრი ბავშვი მესალმება და თითქოს „ბოროტება“ აღარც არსებობს. ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთის მანკიერებაზე საუბრის ნაცვლად იცინიან, მხიარულობენ და ერთმანეთს კომპლიმენტებსაც კი ეუბნებიან. აღარც მასწავლებლები ჩხუბობენ შეუსრულებელი დავალებების გამო, თითოეულ ბავშვს განათლების სისტემა  ინდივიდუალურად უდგება და ჩარჩოებში მოქცევა აღარ ხდება იმ საინტერესო ფიქრების, რომლებსაც თითოეული ბავშვი თან დაატარებს.  და აღარც სამყაროა იმდენად სასტიკი, როგორიც ადრე გვეჩვენებოდა. მიყრილ-მოყრილი მერხების ნაცვლად დასუფთავებული გარემო გვხვდება. თავად ბავშვები მიხვდნენ, რომ სკოლა ნამდვილად მათი მეორე სახლი იყო და „საკუთარი სახლისთვის“ თვითონ უნდა მიეხედათ.  ქუჩაში მიმავალს კვლავაც წიგნები დამაქვს, საკუთარი თავის განვითარებასა და ახალი, ფერადი სამყაროს შეცნობას ვცდილობ. იქნებ ერთხელ კოსმოსშიც კი შევძლო გაფრენა. ბევრი მიზანი მაქვს, რომელიც მცირე ოცნებებიდან მომდინარეობს,  პატარ-პატარა ნაბიჯებს ვდგამ და ვფიქრობ, „ნეტავ შემეძლოს თვალუწვდენელ სიშორეს მივწვდე“. 

               ქუჩის კუთხეში ბიბლიოთეკაა, ერთ დროს ნანგრევებად ქცეულ, ჯმუხ შენობას სიცოცხლე ნანა დეიდამ შესძინა და უამრავ ფურცელთან, წიგნსა და ამბავთან ერთად ცხოვრების ნახევარს ატარებს. მე და ჩემი ძაღლი_ბუბუ ყოველდღიურად მივდივართ და სხვადასხვა წიგნს ვკითხულობთ, კითხვისთვის შესანიშნავი გარემოა. წიგნის თაროები, მერხები, პატარა სანათები, კაკაო, ჩაი, მშვიდი ნანა დეიდა, რომელიც „სიტყვაობანას“ გვეთამაშება, ერთი შეხედვით გურამ დოჩანაშვილის კარცერ-ლუქსს მოგაგონებთ. მაგრამ ეს როდია კარცერი? ან ლუქსი? ჩვეულებრივი ბიბლიოთეკაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით უკვე თითქმის ყველა ქალაქსა თუ სოფელშია. შეიძლება ვეგოისტობ, მაგრამ არამგონია მათ ჩვენნაირი ლამაზი და განათლებული ნანა დეიდა ჰყავდეთ. ჩემი პირველი წიგნი „ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“იყო , რომელმაც სახალისოდ შეფუთული სიუჟეტით წიგნის კითხვა შემაყვარა. ამის შემდეგ მრავალი წიგნი წავიკითხე და ახლა ჰალიდ ჰუსეინის „ათას მოელვარე მზეს“ ვკითხულობ. წარმოდგენაც არ გაქვთ, თუ როგორ მიხარია, რომ ადამიანები ჩემს ქვეყანაში არ ცხოვრობენ ასე. თითოეულ ბავშვს განურჩევლად რასისა, კანის ფერისა თუ სქესისა აქვს საშუალება, ისწავლოს და თავადაც „მისწვდეს ვარსკვლავებს“. 

             უცებ ყველაფერი უკვალოდ გაქრა… დროის შეგრძნება დაკარგული მქონია… არაფერი ყოფილა მარადიული… ოქროს თევზიც კი… 

      და დღეს კვლავ დავდივარ სკოლაში, ძველ, უსიცოცხლო ბიბლიოთეკას ვუვლი გვერდს, ბუბუს ვასეირნებ. კვლავ გაწეწილი, შავგვრემანი, სათვალიანი გოგო ვარ, რომელსაც მრავალი უხეში „კომპლიმენტით“ ამკობენ. კვლავ ოთხთვალას, წიგნის ჭიას, გაწეწილსა და „შკოლნიკს“  მეძახიან. მათ კვლავ არ აქვთ წარმოდგენა, თუ ვინ ვარ რეალურად, რადგან არასდროს სდომებიათ  ჩემი სხვა მხრიდან დანახვა. კვლავაც ვწუხვარ, რომ დღეს მსოფლიოს  ბევრ ბავშვს არ აქვს სწავლის საშუალება ან უფლება. კვლავაც არეულ საკლასო ოთახში შევდივარ, კვლავაც ვსწავლობ და ირიალურ სამყაროში ვმოგზაურობ, ხანდახან ვოცნებობ, ნეტავ კარცერ-ლუქსში წაიყვანონ ჩემი თანატოლები და მეც მათ შორის, – მეთქი. 

      ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ოქროს თევზი დავიჭირე და ერთკვირიანი ბედნიერება მხვდა წილად… ეს იყო ყველაზე კარგი, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. კვლავაც მწარე რეალობასთან მომიწია შეხვედრა, რომელიც ოქროს თევზმა სამუდამოდ ვერ შეცვალა. 

       მე კვლავაც მჯერა, როგორც ეგზიუპერს, რომ „სწორ ხაზში სიარული ძალიან შორს ვერ მივა“.

      და მე განვაგრძობ ოცნებას, რომ ერთ დღეს ბავშვებს ექნებათ საშუალება, ისწავლონ ბულინგის გარეშე, გარემოში, სადაც თითოეულ მათგანს დააფასებენ, ექნებათ სრულყოფილი განათლების მიღების საშუალება და, რა თქმა უნდა, ზოგადად, სწავლის უფლება… 

    მე ოქროს თევზი დავიჭირე, მაგრამ მოდით თითოეულმა ადამიანმა, თითოეული ნაბიჯი გადავდგათ, იქნებ ვაჯობოთ კიდეც კაშკაშა და იმედისმომცემ თევზს, რომელიც ალბათ მრავალ ადამიანს შეხვედრია, მაგრამ ვერ მიმხვდარა.