შაბათი, ივნისი 21, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 134

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გრძელდება

0

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარშიც გრძელდება. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის ჩატარების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ავტომატურად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს.

ავიცრათ ერთმანეთისთვის!

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი დოხტურიშვილს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი დოხტურიშვილს ორი ახალი მოადგილე ჰყავს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი გახდა – რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა ილია ჯალაღანია.

გიორგი შინჯიკაშვილი 2020 წლის 28 დეკემბრიდან მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და 2006 წლიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა.

ილია ჯალაღანიას 2021 წლის პირველი თებერვლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა და ბოლო 23 წლის განმავლობაში საჯარო, კერძო და საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობდა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ყოველი კვირის ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღე იქნება

0


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციაში, ოთხშაბათი, მოქალაქეთა მიღების დღედ ოფიციალურად გამოცხადდა – გიორგი დოხტურიშვილი მოსახლეობას, დღის განმავლობაში პირადად შეხვდება.
,,ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ხალხზე ზრუნვა და მათ საჭიროებებზე მყისიერი რეაგირებაა – სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მათთან უშუალო და ინტენსიური კომუნიკაცია. მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების დროული იდენტიფიკაცია და მათი გადაჭრის გზების მოძიება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება – მერები ადგილობრივების საჭიროებებს პირადად მოისმენენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია:
საკონტაქტო პირი – რუსკა გონჯილაშვილი 📞 593 76 20 56
ელექტრონული ფოსტა: g.dokhturishvili@kvemokartli.gov.ge

განახლდება თუ არა სასწავლო პროცესი 17 იანვარს

0

“ჯერჯერობით სასწავლო პროცესის დაწყების გადავადებაზე რეკომენდაცია არ არის”, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ დღეს გამართული მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჯერჯერობით, რეკომენდაციას, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იძლევა, ანუ ყველაფერი განხორციელდება ისევე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. თუ დადგა ამის საჭიროება, რა თქმა უნდა, საბჭო ამ საკითხს დაუბრუნდება”, – განმარტა თამარ გაბუნიამ.

კარანტინში დაწყებული ხელსაქმე

0

 „ბიბლუსის სოფო“_ასე გაიცნო ბოლნისის საზოგადოების დიდმა ნაწილმა გოგონა, რომელიც წლების მანძილზე წიგნის მაღაზია „ბიბლუსში“ მუშაობდა. მუდამ მომღიმარმა, ფერადმა და პოზიტიურმა სოფო გასიშვილმა თავი მალევე ყველას შეაყვარა. დღეს უკვე მისი ხელნაკეთი აქსესუარებიც უყვართ, მოსწონთ და უკვეთავენ კიდეც. 

„ხელსაქმე ჩემთვის ჰობია, საქმე რომლის დროსაც ვღებულობ მაქსიმალურ სიამოვნებას, რომელშიც ვდებ ყველა დადებით ემოციას რაც კი გამაჩნია.როდესაც რაიმე ნივთს ვამზადებ და ვფიქრობ მის დიზაინზე, გარშემო ყველაფერი ქრება. ვუყურებ ნივთს  მყიდველის თვალით და ვფიქრობ მას როგორ მოეწონება? რა ფერებს შეუხამებდა?“ 

ხელსაქმე პანდემიის პერიოდში დაიწყო, მაშინ როდესაც ყოველდღიური რიტმი შეიცვალა და სამყარომ ცხოვრება ახალ რეალობაში გააგრძელა. კარანტინის დროს  სოფო ბავშვობის საყვარელ ხელსაქმეს მიუბრუნდა, სკივრში ჩალაგებული ძველი ნივთები ამოალაგა და ლამაზი თვლებით, ფერთა შეხამებით თმის სამაგრი გააკეთა. „ჩემი საქართველო“ ასე უწოდა რუკაზე ფერადი თვლებით განთავსებულ საქართველოს კუთხეებს.

„სულ პატარა ვიყავი, დედაჩემის მძივები რომ დავშალე და გადავაკეთე, მას მერე რაც თავი მახსოვს სულ ვჩხირკედელაობ, ხან რას ვშლიდი, ვაწყობდი, ვაწებებდი. დროდადრო მუზა მეწვეოდა, ძალიან მომინდებოდა რაღაცის შექმნა. წლების წინ ბისერებით და ე. წ. ფარფლებით დავიწყე ქარგვა, ვაკეთებდი აბადოკებს, ვხატავდი მაისურებზე, ვამზადებდი სამშვენისებს ქალბატონებისთვის. იმ დროს მორჩენილი მასალა სკივრში მქონდა ჩალაგებული, ერთი წლის უკან , პანდემიის პერიოდში, მომინდა ისევ რაღაცეების შექმნა, ამოვალაგე ნივთები, ბრჭყვიალა ბისერების დანახვისას, პირველი , რაც მომივიდა თავში, საქართველოს გაკეთება იყო.არ მქონდა გადაწყვეტილი თმის სამაგრი იქნებოდა ეს თუ ბროში,უბრალოდ საქართველო უნდა ყოფილიყო გამოსახული, რომელსაც გავიკეთებდი და ყველგან იტყოდა თავის სათქმელს. თავიდან არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო, ან როგორი იქნებოდა. ღამის 11 საათი იყო, შვილის რვეულის ყდიდან საქართველოს რუკა გამოვჭერი, დავადე თექა და გადავხატე. მეცინება რომ მახსენდება, იმისთვის, რომ მალე გამეკეთებინა, თექას ორმაგი სკოჩი დავაწებე, დავაკარი ფარფლები, ბისერებით და ნემსით  ამოვქარგე, რომ დავამთავრე ღამის 4 საათი იყო. იმ დღესვე მოვირგე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, მეგონა ჩემი საქართველოს გარდა არაფერი ჩანდა გარეთ, მეგონა ყველა ჩემ ბროშს უყურებდა. ეს საოცარი ემოცია იყო.“ 

ბროშებს, თმის სამაგრებს, სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის აქსესუარები მოყვა. საზოგადოებამ  სოფოს ხელნაკეთი ნივთები მალევე აიტაცა და  ახლა ის სხვების გახარებაზე ზრუნავს.                                                          „მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახეობის აქსესუარებს ვამზადებ, ვფიქრობ, რომ ჩემი სავიზიტო ბარათი მაინც ,,ჩემი საქართველოებია“ განსაკუთრებით მიყვარს. ყველას, ვინც ჩემს ბროშს გაიკეთებს, სიამაყით ეტარებინოს ის.  სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ჩემთვის საყვარელ ხელსაქმეს დიდ დროს ვერ ვუთმობ, საზოგადოების დაინტერესება მაღალია, ბევრი შეკვეთა მაქვს, ძალიან მახარებს ის ფაქტიც რომ „ჩემი საქართველოები“ საფრანგეთში, ბელგიაში, გერმანიაში, საბერძნეთში, ამერიკაში, იტალიაში და სხვა ქვეყნებშიც გავგზავნე ემიგრანტების თხოვნით. მუშაობის პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. გარემო სადაც ვმუშაობ განსაკუთრებული უნდა იყოს, განწყობა აუცილებელია, მქონია შემთხვევა, რომ შეკვეთა მაქვს დასამზადებელი, დავჯდები და ვერ ვაკეთებ, ამ დროს სხვა ისეთი რამის დამზადებას ვიწყებ, რაც სიამოვნებას მგვრის, მასალას ყოველთვის ვარჩევ, რაღაც განსაკუთრებული ემოციით, განსაკუთებული მიდგომით. ფერებს ვუხამებ ერთმანეთს და ვცდილობ მომხმარებლის გემოვნებაზე დადებითად აისახოს,ახალი წელი მოდის და თემატურად ნაძვის ხეებისა და  სანტას ქუდების დამზადებაც ვცადე. არ შემიძლია ორი ერთნაირის გაკეთება,თითოეულს ახალი ინტერპრეტაციით ვაკეთებ“ 

სოფოს ინსპირაციის წყარო ჰობის მიმართ დიდი სიყვარული, ის დადებითი ემოციები, ხასიათი და განწყობაა, რომელსაც ყოველდღიურად გასცემს და იღებს საზოგადოებისგან და მომხმარებლის მხრიდან.

,,მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის  და ჩემ საყვარელ ბოლნისს და ბოლნისელებს მივულოცო  დამდეგი ახალი 2022 წელი. მართლა გამორჩეულად მიყვარს ბოლნისი და ყველა ბოლნისელი , მუდმივად ვგრძნობ სითბოს და სიყვარულს

თითოეული ადამიანისგან . მინდა უკლებლივ ყველას ვუსურვო ნათელი მომავალი ,მშვიდობიან და გაბრწყინებულ საქართველოში’’,- სოფო გასიშვილი.

ავტორი: მაგდა დევნოზაშვილი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის
მთავრეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის

ილია II-ისა

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-
მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი
ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს

გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

„აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს,
და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,
რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი“
(მთ.1,23; ეს.7,14)
დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არა
მარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც.
ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად, ბეთლემის ერთ მიტოვებულ,
პირუტყვის თავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამეს
აღესრულა, ენითუთქმელი სასწაულია, – იშვა ემანუელი!
მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არასოდეს
მომხდარა და არც მოხდება.

ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის
გამკვალავი, ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების,
დიდი სიხარულის დასაწყისისა.
გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: „წაერთმევა კვერთხი
იუდას… ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა“ (დაბ. 49,
10), რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა
კანონიერი მეფე იუდას ტომიდან, მაშინ მოევლინებოდათ ზეციური მეუფე.
მართალც, რომის იმპერიაში, მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,
იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდეს
მმართველობის ჟამს უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროს
ამცნო იესოს შობა.
ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთის
განკაცების მრავალათასწლიანი მოლოდინის შედეგი.
ამ გზაზე იყო ებრაელთა ერის მრავალგზისი განდგომა ღვთისგან, გაუცხოება
ჭეშმარიტი რწმენისგან, შიში წარმართ დამპყრობელთა წინაშე და მათი
გავლენის ქვეშ მოქცევა…, მაგრამ იყო სინანულიც, ღვთისადმი თავგანწირული
ერთგულებაც და უფლისა და მოყვასისათვის მსახურების გამორჩეული
მაგალითებიც.
დიდი რყევებისა და სულიერი ქარტეხილების მიუხედავად, სინას მთაზე მოსე
წინასწარმეტყველისთვის მიცემული უფლის მცნებები ისრაელიანთა ღირსეულმა
მოღვაწეებმა დაიცვეს და მოამზადეს კაცობრიობა მაცხოვრის განკაცებისთვის.
და, აი, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ყოვლადწმინდა ქალწულ
მარიამისგან მოევლინა ამ ქვეყანას „ნათელი სოფლისა,“… ,,რომლისგან ყოველივე
შეიქმნა და მის გარეშე არც ერთი რამ იქმნა“ (ინ.1,3); მოევლინა, რათა კაცთა
მოდგმისთვის ეხარებინა:

„მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო
თქვენ;“ (მთ. 11.28)
„მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება“(ინ. 6.35);
„მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება" ( ინ. 8,12);
„მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება“
(ინ.15,5-6);
„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (ინ. 14,8).
– რას გულისხმობს, უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები?
– სინერგიისაკენ, – ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა და
შერწყმისაკენ. ანუ იმისკენ, რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი და
მიზანი ჩვენი ცხოვრებისა; ყველაფერი სხვა კი, მასთან შედარებით, ამაოებაა.
ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა და
ღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესი
პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე,
ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა
ღმერთთან.
ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვის მიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი
მოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიც
შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე
ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევა
გამოგვაფხიზლებს, თვალს აგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს
სრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულით
მიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისაკენ.

* * *

დღეს სხვა დროა, იტყვის მავანი … ჩვენ სხვა სამყაროში შევაბიჯეთ და ის, რაც
ადრე იყო მისაღები და მოსაწონი, თანამედროვეთათვის მოძველებულია და
არაფრისმომცემი.
მართლაც, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, როდესაც ინტერნეტმა მოიცვა
მსოფლიო, ახალი ერა დაიწყო. ტექნიკის სფეროში, თანამედროვე სამყაროში,
ახლა უკვე საოცარი პროგრესია მიღწეული, თუმცა თავი იჩინა ფრიად
სერიოზულმა გამოწვევებმაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ ყველანი
დედამიწის, როგორც უკვე ერთიანი საერთო სივრცის ნაწილნი, ყოფით
ცხოვრებას ან მკვეთრად გავიუმჯობესებთ, ან გადაულახავი დაბრკოლებების
წინაშე აღმოვჩნდებით.
გამოსავალი, რა თქმა უნდა, არსებობს და იგი, ჩვენის აზრით, მხოლოდ ერთია:
ყველაზე მთავარი აქცენტი ყველას მიერ გადატანილი უნდა იქნას ადამიანზე და
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ წინა პლანზე წამოიწიოს იმ
ღირებულებებმა, რაც მას შემოქმედთან დააახლოებს; ზეადამიანად გახდომის
ამპარტავნული სურვილი კი დაღუპვის წინაპირობად გვექცევა.
,,სიცოცხლე ან სიკვდილი,“ – ამ არჩევანის წინაშე აღმოჩნდა დღეს ადამის მთელი
მოდგმა. ასეთი მასშტაბური და ყოვლისმომცველი ნაბიჯი მანამდე არ გვქონია
გადასადგმელი.

„აირჩიე სიცოცხლე,“ – მოგვიწოდებს მოციქული.
მორწმუნეთათვის ეს ნიშნავს მცნებების დაცვით უფლის მიმსგავსებას,
მაღალზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბებას, ნიშნავს ღვთის სადიდებლად
სხვისთვის ცხოვრებას, რათა შემდეგ ცათა სასუფევლის მკვიდრნი გავხდეთ და
მარადიულად ღმერთთან ვმყოფობდეთ.
ათეისტებისათვის კი ასეთი აზროვნება გაუგებარია და მიუღებელი, რადგან
ისინი ეყრდნობიან ფორმულირებას: მჯერა ის, რასაც ვხედავ და არ მჯერა იმის,
რაც უხილავია. ამიტომაც არც ღმერთის სწამთ, არც ჩვენი სულის არსებობის და

არც მისი უკვდავების; ამასთან, მიიჩნევენ რა, რომ გარდაცვალებით ყველაფერი
მთავრდება, ამქვეყნიური კეთილდღეობის ნებისმიერი საშუალებით მიღწევას,
ხშირ შემთხვევაში, არ ერიდებიან.
* * *

მაგრამ, მორწმუნენი ვართ, თუ ურწმუნონი, როდესაც თუნდაც ამქვეყნიურ
ჩვენს უკეთეს მომავალზე ვფიქრობთ, აუცილებლად წამოიჭრება მრავალი
კითხვა, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ დავძლიოთ სიღატაკე,
უმუშევრობა, დევნილთა პრობლემები, როგორ აღვიდგინოთ ტერიტორიული
მთლიანობა? … მაგრამ, ასევე, წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც მუდამ
აწუხებდა კაცობრიობას: რატომ დავიბადეთ? რატომ ვკვდებით? ვინ მოგვცა
სიცოცხლე? რა არის იგი? რისთვის ვართ მოწოდებულნი? …
რა თქმა უნდა, ორივე მიმართულებით გვმართებს ფიქრი, მაგრამ ამ ეპისტოლეში
იმ თემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რაც სულიერ სფეროს მოიცავს და
ღვთისკენ სავალი გზების ძიებაში დაგვეხმარება.
* * *

ბიბლიის პირველივე თავიდან გაცხადებულია დიდი საიდუმლოებანი მცენარეთა,
ცხოველთა, ზღვის და ცის ბინადართა, ასევე, ღვთის მიერ სამყაროს შექმნის,
ადამიანის დაბადებისა და მისი დანიშნულების თაობაზე.
„მე ვარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული“(გამოცხ. 1.8), – ბრძანებს
მაცხოვარი.
„დასაწყისში იყო სიტყვა (ლოგოსი) და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო
ღმერთი … ყოველივე მის მიერ შეიქმნა, მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო
ადამიანთა ნათელი …“ (ინ I.1-4); ,,წყალობით მდიდარმა ღმერთმა … შეცოდებით
მკვდარნი გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად“ (ეფეს.2,4-5) და ,,ღვთის ძისადმი
რწმენით გვაქვს საუკუნო სიცოცხლე“ (I ინ. 5,13), – ვკითხულობთ "ახალ
აღთქმაში.

სიკვდილი კი ცოდვის შედეგია, რომელიც მის გარეშე არ არსებობს და მასზეა
დამოკიდებული.
„ცოდვის საზღაური არის სიკვდილი“ (რომ. 6,23), – ბრძანებს მოციქული. ხოლო
რადგან „გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და ამპარტავნება
ამქვეყნისაგან მომდინარეობს“ (I ინ. 2-16) და უფალთან კავშირი არა აქვს, ამ
წესით მცხოვრებნი თავისი ნებით შორდებიან სიცოცხლის, სიწმინდის,
სინათლის წყაროს, – ღმერთს და სულიერ სიკვდილს ექვემდებარებიან.
უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ
დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ.
ღმერთთან მიახლებაში, მხოლოდ განსწავლულობა და მეცნიერული პროგრესი
ვერ დაგვეხმარება; აუცილებელია სულიერი სიწმინდის მოპოვება, რადგან
„ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემლებს მართებთ სულითა და ჭეშმარიტებით
თაყვანისცემა“ (ინ. 4,24).
წმინდა მაკარი ეგვიპტელი წერს: როგორც სხეულს სხვა და სხვა ორგანო და
ფუნქცია აქვს, ასევე სულსაც აქვს სხვა და სხვა გამოვლინება და ფუნქცია.
სულის თვისებაა, მაგალითად: განსჯა, ნებელობა, სიყვარული, შემოქმედებითი
უნარი; სირცხვილის, მორიდების, თავმდაბლობის გრძნობა;
სიმართლისმოყვარეობა, მოწყალება, სინანული, სიბრალული, სიხარული… ისინი
ღვთივბოძებული ნიჭებია, რომლებიც ჩვენს შინაგან ადამიანს ქმნის.
ცოდვებით შებღალული, უფლის ნათელს მოკლებული სულის თვისებები კი
არის: ამპარტავნება, შური, კადნიერება, ღვარძლი, უსამართლობა …
ამ უნარებს სული ჩვენს გულსა და გონებაში ავლენს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის
მხოლოდ ანატომიური გული და ტვინი, მაგრამ სწორედ მათში ხორციელდება
ჩვენთვის გაუცნობიერებელი კავშირი სულთან და, ძირითადად, აქ იყრის თავს
ჩვენი შინაგანი განცდები.

რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან
მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კი
მგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი
გონებასაც მოიცავს.
და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის
გაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში" და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი
გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს
შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არ
შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი
სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება.
წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება,
ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება.
ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური,
განკითხვა, მკვლელობა.
საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით,
წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით.
გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის
მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის
წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს.
ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში,
ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს.
უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ.
საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის.
ძველ „პატერიკში" წერია:
ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა:

-რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება?
– თქვენ ეს არ მოგწონთ? – ჰკითხა უფალმა.
– რა თქმა უნდა, არა, – იყო პასუხი.
და მიუგო: – მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და
მძლავრობთ ერთმანეთზე?!
მართლაც,ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევნის შედეგია.
რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია
ღვთისთვის!

* * *

მაცხოვრის მოვლინებით თითოეული ჩვენგანის დაბადებას უდიდესი აზრი
მიენიჭა, რადგან ამ დღიდან ყოველ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, სქესისა,
ეროვნებისა, აღმსარებლობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა, მიეცა
შესაძლებლობა, თავისი დაბადების დღე უკვდავყოს და იესოს ამქვეყნად შობა
აქციოს ცათა სასუფეველში, მარადიულ ნეტარებაში, თავისი შობის
განმსაზღვრელად.
ამიტომაცაა ეს დღესასწაული ჩვენთვის დიდი ზეიმის, სიხარულისა და
ბედნიერების მომნიჭებელი.
ჩვენს მიწიერ ყოფაში დაცემაც და წამოდგომაც, წარმატებაც და
წარუმტებელობაც მონაცვლობენ.
თუ დიდი ტკივილი ან განსაცდელი შეგხვდათ, ადამიანთა ბოროტების, მტრობის,
შურის, ღალატის მსხვერპლნი გახდით, გული არ გაიტეხოთ. მიიღეთ ეს, როგორც
თქვენთვის სარგო მწარე, მაგრამ მაკურნებელი წამალი, მიიღეთ, როგორც
თქვენგან გასავლელი გზის საჭირო მონაკვეთი, რომელიც აუცილებლად

დასრულდება. თუმცა მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თქვენი
გული და გონება როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევებს.
რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მაგრამ
არის საერთო განსაცდელებიც. მაგალითად, დღეს პანდემიაა ასეთი.
ხალხი დაითრგუნა მუდმივი უარყოფითი ინფორმაციით, ჩაკეტვით,
სიკვდილიანობით … მართალია, მსხვერპლი დიდია და სიფრთხილე
ყოვლადაუცილებელი, მაგრამ სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ და არც
შევშინდეთ. უნდა განგვამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ
ნიშნავს არსებობის შეწყვეტას, რადგან ადამიანის სული უკვდავია. მთავარია,
სულიერი სიკვდილის, მარადიული ტანჯვის მსხვერპლნი არ გავხდეთ.
ყოვლადწმინდა სამებას ვავედრებ ჩვენგან წასულ ჩვენს სულიერ შვილებს, რომ
შეიწყალოს ისინი და აცხოვნოს.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, საზღვარგარეთ მცხოვრებ
თანამემამულეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მყოფთ, საერთოდ,
ყველას, ვისთვისაც ძვირფასია შობის დღესასწაული და ვინც თავს ჩვენი
ეკლესიის შვილად მიიჩნევს, – გთხოვთ, იცხოვრეთ ერთმანეთისა და
სამშობლოსათვის.
ჩვენ, ღვთის განგებით, ერთ სივრცეში, ერთ პერიოდში იმიტომ მოგვიწია ყოფნა,
რომ ამ მოცემულობაში უნდა გამოვიცადოთ, უნდა შევძლოთ ღვთის
სადიდებლად „ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ
სჯული იგი ქრისტესი“ (გალატ. 6.2).
ჩვენი დამოკიდებულება შვილებთან, მშობლებთან, და-ძმებთან, ახლო თუ
შორეულ ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, თანამშრომლებთან,
ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან, ისევე, როგორც ჩვენი დამოკიდებულება
სნეულთა, პატიმართა და გაჭირვებულთადმი, პირადი და საქვეყნო საქმისადმი,
გარდაცვლილი ახლობლებისა და წინაპრებისადმი, ცხოველებისა და

გარემოსადმი … უდიდესი გამოცდისა და პასუხისმგებლობის წინაშე გვაყენებს,
რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ და ვინც არ უნდა ვიყოთ, ყოველი ნაბიჯი ჩვენი
ცხოვრებისა, მნიშვნელოვანია.
ძნელია ასეთ დიდ სივრცეში იმოქმედო და შეცდომები არ დაუშვა. ჩვენი
ეგოისტური ,,მე“ ხომ მუდმივად უძებნის გამართლებას ჩვენს ცოდვებს, არასწორ
საქციელს … ამასთან, საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას
მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.
უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი
თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი
სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით,
აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება და კეთილად წარმართება
იქნება შესაძლებელი.
თითოეულმა ჩვენგანმა ერთი წლის მანძილზე თუნდაც ერთი არასწორი ჩვევა ან
თვისება რომ აღმოვფხვრათ, რამდენად უკეთესი გახდება ცხოვრება! დაისახეთ
ეს მიზნად.

* * *

გაუფრთხილდით დროს!
დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ;
დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა
(ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ).
არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული
ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს
შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ
ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება
დაიწუნონ.

სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული
ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი.
ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ
უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე
მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა.
ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით
იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული,
რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს,
ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად
მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი.
შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის
თანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი
და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს
შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს:
აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა!
ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო,
სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო,
ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, – იხარებდით,
რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა
განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ
ანგელოზთა გუნდთა თანა (იოანე მტბევარი).
ჩვენც ანთებული სანთლით კრძალვით მივეახლოთ მას და სიხარულით
ღაღადვყოთ:
დიდება ძალსა შენსა, მხსნელო ყოველთაო!
დიდება და მადლობა შენდა, საღმრთოითა მადლითა სოფლისა აღმავსებელო!

დიდება შენდა, სასოებაო ჩვენო, დიდო მღვდელმთავარო, მეფეო და ღმერთო
ჩვენო!
თქვენთვის მარადჟამს სიყვარულით მლოცველი

ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

შობა ქრისტესი
თბილისი, 2021/2022.

ალილო ბოლნისში

0

მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულის აღსანიშნავად ბოლნისში ტრადიციულად წელსაც მოეწყო სახალხო მსვლელობა „ალილო“.
მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. საშობაო „ალილოს“ ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შეუერთდა.

პატრიარქის ჩოხოსნების სიკეთის აქცია ბოლნისში

0

შობის ბრწყინვალე დღესასწაულს პატრიარქის ჩოხოსნები ბოლნისში სიკეთის აქციით  შეუერთდნენ და იმ ადამიანების გულები გაათბეს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა. სადროშოს წევრებმა ოჯახებს დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათიც გადასცეს.

ბოლნისში ტრადიციული საშობაო „ალილოს“ მსვლელობა მოეწყო

0

მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულის აღსანიშნავად ბოლნისში ტრადიციულად წელსაც მოეწყო სახალხო მსვლელობა „ალილო“.

მოქალაქეები ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შეიკრიბნენ, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. საშობაო „ალილოს“ ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შეუერთდა.

მეალილოეთა მსვლელობა სათნოების სახლთან დასრულდა სადაც მეუფე ეფრემმა და დავით შერაზადიშვილმა მოხუცებს შობის დღესასწაული მიულოცეს. „ალილოს“ მონაწილეებმა ბენეფიციარებს საშობაო ნობათი გადასცეს.

საშობაო „ალილოს“ ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-15 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს შეგროვებულ ნობათს ურიგებს.

„შობას წელსაც საზეიმოდ აღვნიშნავთ და ტრადიციულად „ალილოში“ ვიღებთ მონაწილოებას. ქართველებს ოდითგანვე ნათლად ჰქონდათ გააზრებული ალილოს მნიშვნელობა და მეალილოებიც შეგროვებული ნობათით სწორედ მას ეხმარებოდნენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა. ჩვენც, ნობათი და ტკბილეული მოხუცებულებს მივართვით და ეს დღე გავულამაზეთ. მინდა, შობის დღესასწაული ყველას მოგილოცოთ, ბედნიერება და კეთილდღეობა გისურვოთ“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა შობის დღესასწაული მოსახლეობას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა

0

ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ჩატრადა. წირვა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.საშობაო ლიტურგიას, ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მრევლთან ერთად დაესწრო.დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობას ქრისტეს შობა მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა.

„მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ბოლნისსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ შობას, ბედნიერებასა და ულევ სიხარულს გისურვებთ. ვისურვებდი, პატარა იესო თითოეული ჩვენგანის გულებში დაბადებულიყოს და ქრისტიანობის უმთავრესი ღირებულებები, ურთიერთსიყვარული და ჰუმანიზმი მოეტანოს. შობა, ესაა უკეთესი მომავლის რწმენის დღესასწაული და ეს დღე განსაკუთრებით მინდა ჩვენს ახალ თაობას, პატარებს მივულოცო და მათ ლაღი ცხოვრება ვუსურვო“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.