Home Blog გვერდი 129

ქართული სიმღერის ფესტივალი ბოლნისში

0

           

27 აპრილს,  ბოლნისის სამუსიკო სკოლაში,    ქართული სიმღერის ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“-ს შესარჩევი ტური გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა,  ბოლნისის კულტურის  სახლთან არსებული  ფოლკლორული და საესტრადო სიმღერების ანსამბლებმა მიიღეს.

ფესტივალის მიზანია,   ახალგაზრდა კოლექტივების და ინდივიდუალური  შემსრულებლების  წარმოჩენა, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული სიმღერის და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას, ერთმანეთისთვის გაცნობას და ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგენას.

ფესტივალის ორგანიზატორმა მაია ჯამალაშვილმა, მოისმინა და დადებითად შეაფასა,  ბოლნისის კულტურის  სახლთან არსებული  ფოლკლორული და საესტრადო სიმღერების ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

    ,,უკვე მეევსე წელია, ქართული სიმღერის ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“-ს  ქვეყნის მასშტაბით ტარდება.დავდივართ მთელი საქართველოს  სხვადასხვა ქალაქებში, ვუსმენთ ფესტივლში მონაწილეობის მსურველებს და ვატარებთ მასტერკლასებს, როგორც ბავშვებისთვის  ისე პედაგოგებისთვის. ახლა ვიმყოფებით ბოლნისში, სადაც მოვუსმინეთ უნიჭიერეს ბავშვებს, მათ ივნისში, უკევ რეგიონალურ ფესტივალზე შევხვდებით“.  აღნიშნა ფესტივალის დამფუძნებელმა  მაია ჯამალაშვილმა.

სააღდგომო ეპისტოლე

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„გაუწყებთ თქვენ… საუკუნო სიცოცხლეს,
რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა“
(1 ინ. 1,2).
აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისა! სიკვდილი იძლია!
ქრისტე აღსდგა!
საკვრელი ბნელეთისა დარღვეულია და მართალთა სულნი – გამოხსნილნი!
ზეიმობს წიაღი აბრაამისა; ძეს თვისას, ყოველთა მეუფეს, შეჰხარის წინასწარმეტეყველი დავითი, იშვებს ქალწული და ყოველნი ზეციურნი ძალნი!
შემოდის დღე ძლევამოსილი და დიადი, დღე სიკვდილის დამთრგუნველი და ათასწლეულების წყევლის განმაქარვებელი.
ეშმაკი მოტყუვდა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად მიიღო თავის წიაღში კაცობრივი სულის მქონე უფალი,- ყოვლად უცოდველი, სრული სიყვარული, სიკეთე, სიბრძნე და ჭეშმარიტება, რომელმაც ჯოჯოხეთში შთასვლით შემუსრა ბოროტების, ღვარძლისა და სიცრუის სამეფო.
ქრისტე აღსდგა!
„სადა არს, სიკვდილო, ნესტარი შენი, სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“ (1 კორინ. 35.55)
მკვდრეთით აღმდგარი და გამარჯვებული იესო გვიხმობს და ყველას უშურველად გვანიჭებს უდიდეს საბოძვარს, – საუფლო დიდებასთან თანაზიარებას, გვანიჭებს მარადიულ სიცოცხლეს და მასთან მყოფობას.
ქრისტე მკვდრეთით აღსდგა იმგვარი უხრწნელი სხეულით, ადამს რომ ჰქონდა სამოთხეში და ჩვენც, მეორედ მოსვლის შემდეგ, ამ სულიერი სხეულით შემოსვის შესაძლებლობა მოგვცა.
ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან ხრწნილება, რაც პირველმშობელთა შეცოდების შედეგად ჩვენი დაცემული ბუნების თვისება გახდა, ვერ დაიმკვიდრებდა უკვდავებას.
ქრისტესთან ნათლობით დაკავშირებულნი და მისი მცნებისამებრ მცხოვრებნი ყოველნი, ნეტარ უკვდავებასთან თანაზიარნი ხდებიან მასთან ერთობით, რომელიც თავად არის სიცოცხლე და სიცოცხლის მომნიჭებელი. ამიტომაც წერს მოციქული: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე სიცოცხლეს იძენენ ქრისტეში“ (1 კორინ. 15,22); „ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (1 ინ. 5,11).


ჩვენთვის რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მოეპოვებინა, მაცხოვარმა უდიდესი დამცირება, ცილისწამება და ტანჯვა დაითმინა და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებით გამოგვიხსნა ჯოჯოხეთის ტყვეობისგან.
მართალია, ქრისტეს აღდგომით ბოროტება შეიმუსრა, მაგრამ განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ, – უნდა ძალისამებრ ჩვენისა განვაახლოთ შემოქმედის ხატება და მსგავსება ჩვენში (ანუ შინაგანად შევძლოთ აღდგენა იმისა, როგორადაც შეგვქმნა უფალმა), რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ბრძოლას ჩვენს ეგოისტურ აზროვნებასთან და ვნებებთან.
ეს არის გარდაუვალი ომი საკუთარ თავთან, რაც აუცილებლად მოუწევს ყველას, ვინც თავს ქრისტიანად მიიჩნევს.
ამ ომში გამარჯვება წარმოუდგენელია ღვთის შემწეობის გარეშე, სიკვდილის დამთრგუნველი უფლის რწმენის გარეშე, რადგან საწუთრო და მისი საცდურნი იოლად არ ანებებენ თავს ადამიანს და მრავალგვარ მახეს უგებენ ცრუ თავისუფლების სახელით. წუთისოფელი და მისი წარმავალი სიკეთენი ჩვენს დაცემულ ბუნებას თავისკენ იზიდავს და ცოდვის მორევში ადვილად აქცევს მრავალთ.
სულ სხვაა მორწმუნეთა ცხოვრება. ესაა მუდმივი სვლა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რწმენისა და სიმართლის ვიწრო გზით; და ისინი, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულნი, სძლევენ წუთისოფელს ( 1 ინ. 5,4).
მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას.


დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის.
ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება.
უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ ფაქტებსა და უმძიმეს სისასტიკეს. ამიტომაც, ყველას გვმართებს განსაკუთრებული ლოცვა და ძალისხმევა მშვიდობისათვის.
ამჟამად არსებული მდგომარეობა კი ისეთია, როდესაც აღარავინ იცის, ხვალინდელი დღე რას მოიტანს და მოვლენები როგორ განვითარდება; პროცესები შეიძლება მალე დასრულდეს, ან ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ან, შეიძლება, ყველანი გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ, რაც, ბუნებრივია, საყოველთაო შიშს ბადებს.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ურთულესი ვითარებიდან უფალს მრავალჯერ დაუხსნია კაცობრიობა; მთავარია, უმძიმეს მდგომარეობაშიც არ დავკარგოთ ადამიანური ღირსებები, არ დავკარგოთ რწმენა და სასოება შემოქმედისა.


ზოგადად, შიში, როგორც გადარჩენის ინსტიქტი, კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია, ყველაზე ძლიერი კი სიკვდილის შიშია, რაც ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, რადგან სულისა და ხორცის გაყრასთან არის დაკავშირებული და მათი ერთობის დამრღვევია.
თუმცა ქრისტეს მორწმუნეთ იციან, რომ სხეულის დაფვლა მიწაში და სტიქიონებად დაშლა ჩვენი არსებობის შეწყვეტას არ ნიშნავს, არამედ ეს პროცესი აუცილებელია, რათა სხეული განახლებული სახით აღდგეს.
ზოგიერთ ადამიანს უჭირს ამის დაჯერება, პავლე მოციქული მოკლედ და ნათლად ამბობს, რომ: „რასაც დავთესავთ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა“ (1 კორინ.15, 36). ასევეა მკვდართა აღდგომაც … „ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული“ (1 კორინ.15, 44), ხოლო ვისაც ეს აეჭვებს, ის დაეჭვებულია ქრისტეს აღდგომაშიც, „რადგან თუ მკვდარნი არ აღდგებიან, ქრისტეც არ აღმდგარა“ (1 კორინ.15,16)! – მართლმორწმუნისათვის ასეთი აზრი კი უდიდესი მკრეხელობაა და სულიერად დამღუპველი.
აღდგომილი მაცხოვარი არაერთგზის იხილეს მენელსაცხებლე დედებმა, მოციქულებმა, ხუთასზე მეტმა კაცმა და სხვებმა. იგი ორმოცი დღის მანძილზე არიგებდა და განაბრძნობდა თავის მოწაფეებს, რომელთაც, სულიწმინდის მადლით, მრავალ სასწაულთა აღსრულების უნარი მისცა; შემდეგ კი იესო ქრისტე ყველას თვალწინ ზეცად ამაღლდა და აღგვითქვა: „აჰა, მე თქვენთან ვარ დღენიადაგ, ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა“ (მთ. 28.20), და კიდევ: „ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუხილავარ და … მირწმუნეს“ (ინ. 20.29)


ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და, ასევე, სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა.
,,უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისგან გამომხსნელი” (იგ. 14,27). იგი სულიერი სიბრძნის დასაწყისია, რადგან ამ მადლის მქონეთ ეძლევათ სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, უნარი გონივრული ნაბიჯების გადადგმისა და მშვიდობისმყოფლობისა, მოყვასის სიყვარულისა და მისთვის თავდადებისა.
ღვთის შიში სხვა შიშებისაგანაც ათავისუფლებს ადამიანს და ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევას უადვილებს, რადგან იგი განსაცდელსა და მწუხარებას მისთვის საჭირო მწარე, თუმცა მაკურნებელ, წამლად მიიჩნევს და ეშინია მხოლოდ იმისა, რომ არ შეექმნას სულიერი სიკვდილის საფრთხე (შდრ. მთ. 10,18).
ღვთის შიში უფალთან სიახლოვით მტკიცდება, უფრო აღმატებულ სულიერ მდგომარეობაში კი მას სრული სიყვარული ცვლის, როგორც ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი: „სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული განდევნის შიშს, … ხოლო ვისაც შიში აქვს, არასრულქმნილია სიყვარულში” (1 ინ. 4.18).
სრულქმნილი სიყვარულის მიღწევისათვის ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ყველა საეკლესიო მსახურება გულისხმობს უფლისადმი ვედრებას: „შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცევ ჩვენ, ღმერთო, მადლითა შენითა“
მოციქული გვარიგებს, – ილოცეთ მუდამ (1 თეს. 5,17), რაც ადვილი არ არის, მაგრამ არსებობს მარტივი ლოცვა, რომელიც დიდად შეეწევა ადამიანს, თუკი რწმენით აღასრულებს მას.
ეს არის „უფალო, შეგვიწყალენ.“
თქვენი ყოველდღიური ლოცვების გარდა, იმეორეთ იგი გულში ყველგან და ყოველთვის, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ.
ეს ორი სიტყვა ღრმა აზრის შემცველია; მისი საშუალებით ჩვენ ვაღიარებთ, რომ ღმერთს ვართ მინდობილნი და მას შევთხოვთ მფარველობას, რომ ცოდვილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს მისი მოწყალებისა, ვაღიარებთ იმასაც, რომ მის გარეშე ვერც სულიერ სიბრძნეს შევიძენთ და ვერც ბოროტს დავამარცხებთ.
ასე რომ, გამუდმებით ილოცეთ – „უფალო, შეგვიწყალენ“ და მარად გახსოვდეთ, რომ „თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან. …
ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელნიც არიან ღვთისა“ (1 კორინ. 6, 19-20); იღვაწეთ, რომ, წუთისოფელში თქვენი დროებითი მყოფობა ზესთასოფელში დაუსრულებელი მყოფობის წინაპირობად იქცეს, იცხოვრეთ მარადიული სიცოცხლისათვის, იცხოვრეთ ქრისტესთვის!
ქრისტე აღსდგა!
მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენასა და სიყვარულში.
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,

   ილია II 
   სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსი,
ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 2022.

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემის სააღდგომო მილოცვა

0


ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად!
ბოლნისის ისტორიული ეპარქიის მრევლს და მთელს მოსახლეობას გულითადად გილოცავთ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დიად დღესასწაულს.
ადამი და მისი მოდგმა, მთელი კაცობრიობა გამოხსნილია, ჯოჯოხეთი და სიკვდილი ძლეულია, სამოთხის კარი ღიაა – აი ეს არის ამ საოცარი სიხარულის მიზეზი.
“მშვიდობა თქვენ თანა!”(იოანე 20.19) ამ სიტყვებით დალოცა და ანუგეშა უფალმა მოციქულები და მთელი სამყარო აღდგომის მწუხრზე მისი საკვირველი გამოცხადებისას.
ჩვენც ამ კურთხევას წმ.თომა მოციქულის მსგავსად მტკიცე სარწმუნოებრივი აღსარება შევაგებოთ: ” უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი” (იოანე 20.28). ამ რთულ და განსაცდელებით აღსავსე ვითარებაში უპირველეს ყოვლისა ზეგარდამო მშვიდობა მინდა ვუსურვო ყველას, მთელს მსოფლიოს, საქართველოს და განსაკუთრებით უკრაინას, სადაც მძვინვარებს საშინელი ომი. უფალმა განუსვენოს სასუფეველში ყველა მიცვალებულს, ხოლო დევნილებსა და სნეულებაში მყოფთ ნუგეში და კურნება მიმადლოს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა აღარ იყოს დედამიწაზე ადგილი ძალადობის, სისხლისღვრის, ბოროტების, არამედ “ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება” (ლუკა 2.14) სუფევდეს.
ამისთვის კი ადამიანის გული უნდა იყოს წმინდა, ცოდვისგან თავისუფალი, სადაც დაივანებს სიყვარული, სიხარული, სიკეთე, თანაგრძნობა, მადლიერება. ამ სათნოებებს გავუზიარებთ ერთმანეთს და ეს ნათელი გაფანტავს ამსოფლიურ სიავეთა ბნელს.
უნდა გვახსოვდეს რომ მარადისობის შვილები ვართ და მიწიდან ზეცად უნდა ავმაღლდეთ. ეს წუთისოფელი მზადებაა უკვდავი სიცოცხლისათვის. ამიტომაც უფლის მოწოდებისამებრ თითოეულმა ჩვენგანმა ამქვეყნად საკუთარი ჯვარი უნდა ავიღოთ. ეს არის პასუხისმგებლობა და მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე.
მადლობა ღმერთს, რომელმაც საოცარი სამშობლო, ივერია გვიბოძა, საუფლო კვართითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მფარველობით დაცული. საქართველო ერთი წმინდა დიდი ოჯახია შედუღაბებული ჭეშმარიტი რწმენით, ენით, ტრადიციული ფასეულობებით, კულტურით, წინაპართა სისხლით და ურთიერთსიყვარულით. ჩვენი ბოლნისი – მრავალჭირნახული, სისხლითა და ოფლით მორწყული, უძველესი სიონით, ბოლნური ჯვრითა და ასომთავრულით, ეკლესია – მონასტრებით, მრავალათასწლოვანი ვაზითა და ხორბლით, ბუნებრივი სიმდიდრეებითა და საგანძურით. ღვთისაგან ავანსად და წყალობად მოცემულ მადლს, სიცოცხლეს, ნიჭებს, ყვეყანას, მიწა-წყალს სჭირდება ზრუნვა, დაცვა, გამრავლება და აღორძინება. ეს არის ერთდროულად შანსიც და საშუალებაც, რომლის რეალიზებისთვის სულიერი და ფიზიკური ღვაწლია აუცილებელი ანუ გულწრფელი ლოცვა, ღვთისმსახურება და გულმოდგინე, პატიოსანი შრომა.
ამის უნიკალურ მაგალითს გვაძლევენ ჩვენი წინაპრები. ერისა და ბერის ერთსულოვნება, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმისა, გამოიხატებოდა ჭირსა და ლხინში, ბრძოლაში, ურთიერთთანადგომაში, სიყვარულში, ლოცვასა და შრომაში. ვფიქრობ განსაკუთრებით ეს გვჭირდება დღეს ყველას. ამან მოგვიყვანა აქამდე და ეს არის გზა ჩვენი ბედნიერი მომავლისაკენ. მიუხედავად რიგი სირთულეებისა ნუ შევუშინდებით განსაცდელებს, არ დავკარგოთ მხნეობა, იმედითა და რწმენით განვვლოთ წუთისოფელი და მუდამ გვახსოვდეს რომ “ჩვენთან არს ღმერთი”!
ამისთვის კი დიდება და მადლობა მას რომელიც გარდამოვიდა ზეციდან, განკაცდა, ჯვარს ეცვა ჩვენთვის, საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა, აღდგა დიდებით და მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. დიდება მოთმინებასა და სიყვარულსა შენსა უფალო იესო!
ასევე თავისი წილი მადლობა და დალოცვა ყველას ტკივილისა და სიხარულის გამზიარებელს, მშვიდობის მსურველს, კეთილისმყოფელს, ქველმოქმედსა და თანამდგომს – განსაკუთრებით თქვენ ჩვენო ძვირფასო ბოლნელებო!
კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მრავალს დაესწარით და იხარეთ მარად!
ქრისტესმიერი სიყვარულით
ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი
24.04.2022

გოგი მეშველიანმა ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში შესრულებული სამუშაოები დაათვალიერა

0

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბოლნისის,დმანისის., თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში შესრულებული სამუშაოები სკოლის დირექტორთან, ირმა წაქაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა და ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები განახლებულ ულტრათანამედროვე შენობაში განაგრძობენ სწავლას.
აღსანიშნავია, რომ შიდა პერიმეტრზე რეაბილიტაციის პროცესი თითქმის დასრულებულია, პროექტის ფარგლებში აგრეთვე მოეწყობა ეზო და სპორტული მოედნები.“- განაცხადა გოგი მეშელიანმა

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ბოლნისს N 1 საჯარო სკოლაში, 4 631 333 ლარის ღირებულების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გრუსია“ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ახორციელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო ნობათები გადასცა

0

ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სათნოების სახლის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს გადასცემს. მიმდინარე წელს ნობათები, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი მეშველიანთან ერთად გადასცა. ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ნობათები კვერცხით კომპანია სავანეთმა უზრუნველყო. მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებიც მოინახულეს და სააღდგომო ნობათები გადასცეს. ნობათი სულ 160 ბენეფიციარს გადაეცა.

გოგი მეშველიანი მშობლიურ სკოლაში გამართულ გამწვანების აქციაში ჩაერთო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქცია ჩატარდა. სკოლის ეკოკომიტეტის ინიციატივით და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარის მხარდაჭერით, რეკრიაციული ზონის გამწვანება მოხდა, ეზოში მარადმწვანე ჯიშის ხეები დაირგო. გამწვანების აქციაში სკოლის კურსდამთავრებულებიც ჩაერთნენ.გოგი მეშველიანმა სანერგე მეურნეობიდან შეძენილი ფოთლოვანი და წიწვოვანი ნერგების დარგვაში, დეპუტატის ბიუროს წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ახალ ნარგავებს, დამცავი ჯებირებით, გამწვანების სამსახური უზრუნველყოფს, ხოლო მოვლა-პატრონობას მოსწავლეები თავად განახორციელებენ. დედამიწის დღე, რომელიც 1970 წლიდან აღინიშნება, მიზნად ისახავს პლანეტის მრავალფეროვნების შესახებ ადამიანის ცნობიერების ამაღლებას და მას მსოფლიო სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნავს.

მცირემიწიანი ფერმერების მხარდასაჭერად სახელმწიფო ახალ პროგრამას იწყებს!

0

თუ ფლობთ 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს, აგრობარათზე დაგერიცხებათ ქულები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შეძენა. პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა -ზე 300 ლარით განისაზღვრა. წინა წელს ფერმერებზე გაცემული აგრობარათები კვლავაც აქტიურია. ახალი ბარათის ასაღებად მიმართეთ სს „ლიბერთი ბანკს“. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, რომ დარეგისტრირებული იყოთ ფერმერთა რეესტრში! პროგრამით, რომლის ჯამური ბიუჯეტიც 35 მლნ ლარია, 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს!

www.rda.gov.ge📞 ცხელი ხაზი-1501

ბოლნისის კულტურის ცენტრმა ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო სემინარი გამართა

0

მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის კულტურის ცენტრის, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ინიციატივით, ახალგაზრდებთან საჯარო შეხვედრა ლექცია-სემინარის ფორმატში გაიმართა.

კულტურის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებმა მსმენელებისთვის შემდეგ თემებზე ისაუბრეს: „ტრადიციული ქართული სულიერი კულტურა – ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიიდან“ და „ საქართველოში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ისტორია და მეთოდოლოგია“.

18 აპრილს ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1984 წელს UNESCO-სა და ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელი მსოფლიო აღნიშნავს. ამ დღის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

გოგი მეშველიანი სოფელ დარბაზში ქართული ენის სწავლების პროცესს დაესწრო

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის კულტურის ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ქართული ენის შემსწავლელ კურსს  დაესწრო სოფელ დარბაზში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე  წლის მარტიდან, სწორედ   ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ინიციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და  კულტურის ცენტრის ჩართულობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო. 16-30 წლის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ სახელმწიფო ენა .   სწავლება  ნახიდურის, ტალავერის, ქვემო ბოლნისისა და დარბაზის ახალგაზრდულ  სათემო ცენტრებში ხორციელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ აზერბაიჯანულ სკოლაში ისწავლება ქართული ენა, მაინც მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, ეს კურსები შეგვეთავაზებინა პირველ რიგში,  ჩვენი ახალგაზრდებისათვის, იმდენად რამდენადაც ჯერ კიდევ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის  იდეა და შინაარსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება, სრულად ინტეგრირდნენ და სრულყოფილად ჩაერთონ ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

გოგი მეშველიანის ინიციატივით, იმისთვის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოხდა  მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამის შემუშავება, რის ფარგლებშიც შეიქმნა და სრული დატვირთვით ამუშავდა ახალგაზრდული სათემო ცენტრები სოფლებში: დარბაზი, ტალავერი, ნახიდური, ქვემო ბოლნისსა და დაბა კაზრეთში.

 აღნიშნული ცენტრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი, აქტიური კომუნიკაციის საკითხში.

2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

0

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებული, ქვეყნის განვითარების 10 წლიანი სტრატეგიის ფარგლებში, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს ყველა ქალაქი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2022–2025 წლებში 350 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტებს განახორციელებს.პროექტების განხორციელების სამუშაოებზე, საქართველოს 1 500-მდე მოქალაქე დასაქმდება.