Home Blog გვერდი 125

,,შემოქმედს არ უნდა ჰქონდეს საზღვრები და ჩარჩოები“ – დემეტრე ბესალაშვილი

0

             გაზეთი ,,ბოლნისი“ გაგაცნობთ ახალგაზრდა მხატვარს, რომელიც ბავშვობიდან   ხატავს და დღეს, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია,  ასევე არქიტექტორია კომპანია ,,ლენდს დეველოპმენტში’’ , ქმნის არქიტექტურულ ნახაზებს, ექსტერიერს და ინტერიერს.  თუ რატომ გადაწყვიტა მხატვრობა, ვინ არის მისი საყვარელი მხატვარი და რა უნდა  ცხოვრებისგან მიიღოს,  ამას თავად, 19 წლის დემეტრე ბესალაშვილი მოგვიყვება.

-რამდენი ხანია რაც ხატავ და რატომ გადაწყვიტე, მხატვარი გამხდარიყავი?

-მას შემდეგ, რაც ხელში ფანქრის დაჭერა შევძელი, ყოველთვის მაქსიმალურად   ვიხარჯებოდი. როდესაც დრო მოვიდა უნივერსიტეტში ჩაბარების, პროფესიულ დონეზე გადავწყვიტე ხატვის შესწავლა. მხატვრობა იმიტომ  გადავწყვიტე,  რომ  მიყვარდა  ეს საქმე, მონდომებული ვიყავი და ვფიქრობ, კარგადაც გამომდიოდა.

პირველი ნახატი

-კონკრეტულად,  პირველი ნახატი არ მახსოვს რა იყო, მაგრამ დავიწყე პეიზაჟებით, შემდგომ შენობების და ქუჩების ჩანახატებით , ქუჩაში ვაკვირდებოდი შენობებს და ჩემებური ხედვით ვცდილობდი ექსტერიერის დიზაინის დახატვას.

-სად სწავლობ ამჟამად?

-ვსწავლობ საქართველოს უნივერსიტეტში, ვარ მეორე კურსის სტუდენტი, ხატვა შემასწავლა  და უფრო შემაყვარა აკადემიის ლექტორმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

-რომელია შენი საყვარელი მიმდინარეობა მხატვრობაში და რატომ?

-ჩემი საყვარელი მიმდინარეობა მოდერნიზმია,რადგან ყოველთვის მივისწრაფოდი თანამედროვეობისკენ,როგორც არქიტექტურაში, ასევე მხატვრობაში. თანამედროვეობა და განვითარება ყოველდღიური რიტმია ცხოვრების.

-საყვარელი მხატვარი

-საყვარელი მხატვარია  ვინსენტ ვანგოგი ,რადგან მიყვარს მისი თვალით დანახული სამყარო. მისი ნამუშევრებიდან გამოვარჩევდი ავტოპორტრეტს.  ჩემი საყვარელი არქიტექტორი არის ზაჰა ჰადიდი,  მისი ნამუშევრები  სახეა იმისა ,თუ რამდენად შორს შეუძლია ადამიანს წავიდეს.

-ქართველი მხატვარი

-ქართველი მხატვრებიდან  ნიკო ფიროსმანი, ის იყო უბრალო, კეთილი,  არ დაუმთავრებია რაიმე კოლეჯი ან უნივერსიტეტი , იყო თვითნასწავლი მინიმალისტი და ხატავდა ისე, როგორც ხედავდა. ამიტომ მისი მხატვრობა ჩემთვის ყველაზე ღირებულია.

-ნახატი, რომელსაც გამოარჩევდი

– ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზა,  ადამიანის  ყველა გრძნობა გადმოცემულია ერთ ნამუშევარში, ეს არის უძლიერესი ნახატი.

-თუ გიმუშავია ცოცხალ ნატურასთან

-ცოცხალ ნატურაში თითქმის ყველაფერი მაქვს დახატული, ან ჩანახატი გაკეთებული, გარდა ადამიანისა, მაგრამ უახლოეს მომავალში ვგეგმავ ნატურიდან ადამიანის ფიგურის დახატვას.

-რას ეტყოდი დამწყებ მხატვრებს?

-მხატვრობა და ხატვის ნიჭი ისეთი შესაძლებლობაა, რომელიც ბევრს არ გააჩნია, თუ ასეთი ნიჭის პატრონი ხარ, ბოლომდე უნდა გამოიყენო. კარგი მხატვრისთვის მხატვრობა შემოქმედებაა, საშუალება  ახალის შექმნის.  ვფიქრობ,  სამი რამ არის, რაც შემოქმედ ადამიანს უნდა ჰქონდეს: _ნიჭი, საქმის სიყვარული და მონდომება. თუ ეს ყველაფერი  გაქვს, მაშინ ყოვლის შემძლე ხდები.

-ყველა ცნობილ მხატვარს განსაკუთრებული ისტორია აქვს, რომელს გამოარჩევდი ამ მხრივ?

– ნიკო ფიროსმანის ისტორიას. ის  კიბის ქვეშ ცხოვრობდა, საჭმლის ფულსაც კი ძლივს შოულობდა; საღებავებს, ფუნჯებს , ტილოსა და სხვა ნივთებს, რაც საჭირო იყო ხატვისთვის, მისი მეგობრები შოულობდნენ. იგი ამართლებს ჩემს ზემოთ ნათქვამს – ნიჭი,სიყვარული და მონდომება.

-თუ ბაძავ რომელიმე მხატვარს?

–  ბავშვობაში ბევრ მხატვარს და არქიტექტორს ვბაძავდი, მაგრამ დღესდღეობით ვცდილობ, რაღაც ახლის შექმნას, რაც  ჩემი იქნება  და არა რომელიმე მხატვრის, ან არქიტექტორის  შექმნილის ანალოგი.

-რას არ დახატავდი არასდროს?

-არ არსებობს კონკრეტული რამ, რასაც არ დავხატავდი, ვინაიდან ყველაფერს შემოქმედებით ვუყურებ . ყველაფერშია რაღაც განსაკუთრებული, შემოქმედებას არ უნდა ჰქონდეს საზღვრები და ჩარჩოები.

-და ბოლოს შენი ოცნება და მიზანი

– დავიმკვიდრო სახელი, შევქმნა განსაკუთრებული რამ, რაც არასდროს მოკვდება, როგორც ბევრმა გამოჩენილმა ხელოვანმა დატოვა.

ავტორი:დარეჯან ოქრუაშვილი

ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩა კონკურსში „სუფთა რეგიონი 2021“ ყველაზე სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით გამოცხადებულ კონკურში „სუფთა რეგიონი 2021“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ გამარჯვებულად დასახელდა.

ნომინაციაში „სუფთა, ლამაზი ქუჩა“ გამარჯვება ქალაქ ბოლნისში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩამ მოიპოვა.

სპეციალური ჯილდო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს თბილისის საკრებულოს შენობაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა.

„მოხარული ვარ, რომ ყოფილი კატერინენფელდის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მერაბ კოსტავას სახელობის ისტორიული ქუჩა კონკურში „სუფთა რეგიონი 2021“ ყველაზე სუფთა, ლამაზ ქუჩად დასახელდა. ამ ჯილდოსთვის მსურს, კონკურსის ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადავუხადო. ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს ქალაქ ბოლნისში მოწესრიგებული, სუფთა გარემო შექმნას და ქალაქის იერსახეზე იზრუნოს, ამ მიმართულებით კი ჩვენ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა და ინფრატსრუქტურული პროექტი გვაქვს დაგეგმილი“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა

0

მცირემიწიანი ფერმერებისთვის აგროქულების დარიცხვა დაიწყო – სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგროქულები 40 ათასამდე ფერმერს უკვე დაერიცხა! „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. ჯამში, პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და დარიცხული ქულებით სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონელს შეიძენს. პროგრამით სარგებლობისთვის, ფერმერებმა დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღონ „ლიბერთი ბანკის“ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით – https://myliberty.ge/?id=agro და შემდეგ მიმართონ ბანკის ნებისმიერ ფილიალს არსებული აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი; პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტი მოემსახურება. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი. პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ცხელ ხაზს – 1501 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა).

მოსახლეობის საყურადღებოდ

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა, ქალაქ ბოლნისში, ლადო ასათიანის, გიორგი სააკაძისა და მერაბ კოსტავას სახელობის ქუჩებზე ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ბილიკებსა და ქვაფენილზე სარეველა ბალახი შეწამლა, რათა მცენარის ფესვებმა გზის საფარი არ დააზიანოს. მოსახლეობას ვთხოვთ, გამოიჩინონ სიფრთხილე ნუ მოახდენენ პირუტყვის გაშვება-გადარეკვას უმეთვალყურეოდ.

მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“ ბოლნისს სტუმრობდა

0

 „სოლიდარობა უკრაინას” – პროექტის ფარგლებში მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“; საქველმოქმედო ღონისძიებით, ბოლნისს სტუმრობდა. საქველმოქმედო კონცერტი ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის გაერთიანებულმა გუნდმა, სიმბოლურად  უკრაინული სიმღერით გახსნა, რის შემდეგაც ნორჩმა მევიოლინეებმა ცნობილი კომპოზიტორების კლასიკად ქცეული კომპოზიციები შეასრულეს და მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტები და მოწონება დაიმსახურეს.

საქველმოქმედო ღონისძიება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი ესწრებოდნენ.უკრაინელი ხალხისთვის მხარდამჭერ საქველმოქმედო ღონისძიებებს მევიოლინეთა ანსამბლი „სი-მი“ ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.კონცერტის დაწყებამდე ნორჩმა მუსიკოსებმა ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და მეუფის რეზიდენციასაც ესტუმრნენ.

მორიგი გამწვანების აქცია კულტურისა და დასვენების პარკში

0

ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში დღეს მორიგი გამწვანების აქცია მოეწყო. ახალი ნარგავების დარგვის პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი პირველ მოადგილესთან ერთად ჩაერთო. რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ პარკში ყოველწლიურად ტარდება ხე-მცენარეების დარგვის და გალამაზების სამუშაოები. მიმდინარე წელს აქციის ფარგლებში 100-ზე მეტი ხე დაირგო, როგორც პარკის ხელმძღვანელი აცხადებს განახლების  პროცესი ამით არ დასრულებულა.

ბოლნისში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი აღნიშნეს

0

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა,  შინ მოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დღეის მონაცემებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ორი ვეტერანია, რომლებსაც მთავრობის განკარგულებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1000 ლარი, ბოლნისის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 500 ლარი ჩაერიცხებათ. სახელმწიფოსგან ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ ომში დაღუპულთა ოჯახებიც.

სოფელ ბოლნისში სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის იუბილე აღინიშნა

0

სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ღაზაროს აღაიანის დაბადებიდან 182-ე საიუბილეო ღონისძიება სოფელ ბოლნისში მისივე სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. სოფელს, სადაც ღაზაროს აღაიანი დაიბადა, საპატიო სტუმრები ეწვივნენ და მწერლის ცხოვრება და შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოში სომხური დიასპორის, ინტელიგენციის, სათვისტომოს წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები და სახალხო მთქმელები. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ღონისძიება გამოირჩეოდა ახალგაზრდების სიმრავლით როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებით, ისე ჩამოსული სტუმრებით .საპატიო სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა უმასპინძლა.ღაზაროს აღაიანი პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და სომხეთში ეწეოდა. ის ავტორია ლირიკული ლექსების, პოემების, საბავშვო ზღაპრების და რომანების.საიუბილეო ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპლიტეტი უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნავს.

17 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება

0

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. ტრადიციას საფუძველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა, რომლის მიზანია ოჯახის სიწმინდისა და სიძლიერისთვის ხელშეწყობა, მრევლის ეკლესიისკენ შემობრუნება და რწმენაში გაძლიერება. საყოველთაო ჯვრისწერას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს „ჩოხოსანთა საზოგადოების“ ორგანიზებით ხორციელდება, ბოლნისის ეპარქიაც ყოველწლიურად უერთდება. ბოლნელი მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, მიმდინარე წლის, 17 მაისს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება. დაინტერესებულმა ჯვარდაუწერელმა წყვილებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის სადროშოს წარმომადგენლობაში, ჯვრისწერის სამსახურში ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 59985951 ,599859855.

შემეცნებითი ხასიათის სპექტაკლებს, ბოლნისის თოჯინების თეატრი, მიმდინარე თვის ყოველ პარასკევს გამართავს

0

დღეს კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა მაყურებელს შემეცნებითი სპექტაკლი, „კონკია“, წარუდგინა. წარმოდგენას ქალაქ ბოლნისის №1 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ესწრებოდნენ. სერიული შემეცნებითი ხასიათის სპექტაკლები მიმდინარე თვის ყოველ პარასკევს გაიმართება და მასში აქტიურად ჩაერთვებიან უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.