შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საპოლიციო დანაყოფების ადგილობრივ წარმომადგენელთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინაციით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამინისტროს მიდგომებზე.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უწყებაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მოქმედ სამართლებრივ მექანიზმებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციებზე, წლების მანძილზე სამინისტროს მიერ მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე.
ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, შესაბამის უწყებებსა და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ეფექტიანი თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნული შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩაატარეს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ზემოაღნიშნული კატეგორიის დანაშაულების პრევენცია.