მეღვინეობით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით და დამახასიათებელი გემოვნური თვისებებით განთქმულმა ქალაქმა, ძველ გერმანულ უბანში „ღვინის დღეებს“ უმასპინძლა. იქ მისულ სტუმრებს ადგილობრივი მეღვინეების წარმოებული მშრალი, ნახევრად მშრალი, წითელი და თეთრი ღვინის დაგემოვნება შეეძლოთ. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული ფესტივალი „ღვინის დღეები 2023“ დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, წისქვილის ქუჩაზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია გამოიფინა, გამოცხვა შოთი, მოიხარშა თათარა, ამოევლო ჩურჩხელა და საწნახელში დაიწურა ყურძენი, ადგილზე შესაძლებელი იყო ღვინის კოქტეილის დაგემოვნებაც.
სახალხო დღესასწაული ყველა სეგმენტისთვის იყო გათვლილი. პატარებისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები, სხვადასხვა განმავითარებელი აქტივობებით.
ღვინის დღეები საქართველოში მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართული ღვინის პოპულარიზაციას და ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებასა და გამრავალფეროვნებას.
სახალხო დღესასწაული ბოლნისში ანსამბლ „ალილოს“, ბენდი ¼ და ლინდა ადამიას კონცერტით დასრულდა.