საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა განხორციელდა, რაც კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.
მნიშვნელოვანია, რომ სიახლე უსინათლო ადამიანებს სხვადასხვა ინფორმაციაზე, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებზე, სწრაფ და სრულფასოვან წვდომას სრულიად უსასყიდლოდ მისცემს.
ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, შვედეთისა და ააიპ „მარიანის“ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელმა ექსპერტმა – ჰარის მობრისმა შექმნა.
ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება. ის უსინათლო ადამიანებს თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის გამოყენების საშუალებას აძლევს, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს განათლების ხარისხს, უზრუნველყოფს ინფორმაციაზე სწრაფ წვდომას, ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს და ქმნის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის შესაძლებლობას.
ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა ინტეგრირებულია ღია წყაროს მქონე უფასო პროგრამა „ლიბლუიში“, რომელიც თავის მხრივ, ჩაშენებულია ეკრანის წამკითხველ სხვადასხვა პროგრამაში, როგორიცაა NVDA, JAWS და სხვა. -ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.