ქართული ლიტერატურის სამყაროში არსებობენ შემოქმედები, რომლებიც თავიანთი უნიკალური ხელწერით ქმნიან პოეზიის ახალ ფორმულებს. ერთ-ერთი ასეთი ეთერ აფაქიძეა – ოთხი წიგნისა და ათასზე მეტი ლექსის ავტორი, მწერალთა კავშირის წევრი და ქალაქ ბოლნისის საპატიო მოქალაქე.
მისი მეოთხე კრებული „შემოდგომის ჟამი“ ცოტა ხნის წინ გამოიცა და ბოლო წლებში დაწერილ ლექსებს მოუყარა თავი. დღეს გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ამ გამორჩეულ პოეტთან. ეთერ აფაქიძის ლექსებში იგრძნობა მშობლიური მიწის სურნელი, ეროვნული ტრადიციების სიღრმე და თანამედროვე ადამიანის ფიქრები.
-მოგესალმებით, ქალბატონო ეთერ. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან ინტერვიუ. გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი მოგზაურობა პოეზიის სამყაროში და რა იყო თქვენი პირველი შთაგონება?
-ბავშვობიდანვე მეამაყებოდა, რომ საბას მშობლიურ სოფელში დავიბადე, ამას პატარაობიდანვე ვაცნობიერებდი… სკოლის მერხიდანვე დამყვებოდა საბაზე ფიქრი და აკვიატებული მქონდა აზრი – ისეთი გავზრდილიყავი, საბას სულს რომ გაუხარდებოდა… ვამაყობდი, რომ ამ დიდი მამულიშვილის ნატერფალზე დავდიოდი, ჩუმად ვესაუბრებოდი მას… ლექსების წერაც ამ განცდებმა შთამაგონა და დღემდე მჯერა, რომ სულთა საუფლოში შევხვდები მას:
„როცა ღვთის ნებით აღვესრულები,
მანამდე ერთი ნუგეში მაბავს,
სულ შემოვირბენ სულთა საუფლოს
და მანდ, ზეცაში, გიპოვნი, საბავ!“
-ქალბატონო ეთერ, გვესაუბრეთ თქვენს ბავშვობასა და ბავშვობის შემდეგ პერიოდზე.
-მრავალშვილიან ოჯახში ოთხი და-ძმის შემდეგ, მე და ჩემი ტყუპისცალი და დავიბადეთ. ოჯახში 80 წლის პაპა გვყავდა, რომელსაც ძალიან ვუყვარდით და ჩვენც სულ მუხლებზე ვეხვეოდით… პაპა იყო ჩემი პირველი მკითხველიც… სხვას ვერავის ვუმხელდი ჩემს ნაწერებს, ხშირად ვხევდი კიდეც და თავიდან ვწერდი… მეცხვარე იყო პაპა და სახლში რომ მოვიდოდა, მაშინვე მკითხავდა: ,,ჩემო ეთერ, ახალი ხომ არაფერი დაგიწერია?“ ძალიან განიცდიდა ჩემი სწავლის ამბავსაც, ხშირად მეუბნებოდა, მუხლი რომ მიჭრიდეს, კარგ სკოლაში წაგიყვანდი და იქ გასწავლიდიო…
ტანძიის სკოლაში ოთხი კლასი რომ დავამთავრე, ჩემმა დამ, ანამ, და სიძე თედო კულდონაშვილმა, წამომიყვანეს და ბოლნისის პირველ სკოლაში შემიყვანეს. დავამთავრე სკოლა, შემდეგ ტექნიკური სასწავლებელი, ლექსების კრებულებიც გამოვეცი და 2010 წელს, როცა მწერალთა კავშირის წევრად განიხილავდნენ ჩემს კანდიდატურას, ძალიან ვნერვიულობდი და დამესიზმრა: დიდ დარბაზში მწერალთა კომისია განიხილავდა ჩემს ლექსებს და, როდესაც ჩემი წიგნი გადაშალეს, შიგ პაპის სურათი იდო… მაშინვე მივხვდი, რომ ოცნება მალე ამიხდებოდა და მართლაც, რამდენიმე დღეში, მწერალთა კავშირის წევრად გახდომა ბატონმა რეზო მიშველაძემ მახარა.
-თქვენი წიგნებიდან, რომელია თქვენთვის ყველაზე ახლობელი და რატომ?
-რა თქმა უნდა, ჩემი პირველი კრებული, რომელიც გამომცემლობა „მერანმა“ 1991 წელს გამოსცა და „საბას მიწიდან მოვდივარ“ ჰქვია. ამ პატარა, მოკრძალებულმა კრებულმა დიდ პოეზიაში გამიხსნა გზა და ოქროს გასაღებად მექცა – მრავალათასიანი მკითხველის გულში შეაღწია და შეაყვარა ჩემი ლექსები. დიდი მადლობა ამ წიგნის რედაქტორს, ქალბატონ მანანა ასათიანს, რომელმაც რედაქციაში სახალხოდ გამოაცხადა: ამ ლექსებმა განსაკუთრებული სიამოვნება მომანიჭაო – ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, რადგან ეს იყო ჩემი პირველი საყოველთაო აღიარება…
-რა გავლენას ახდენს მშობლიური ბოლნისი თქვენს შემოქმედებაზე?
-ბოლნისი ჩემი შთაგონების წყაროა. როცა დავდივარ მის ლამაზ, სუფთა ქუჩებში, გული სიამაყით მევსება. ანდა, როგორ არ უნდა მიყვარდეს, როცა მისი სკოლის კედლებში შევიმეცნე ის დიდი გზა, რომელმაც ტანძიის ბილიკებით წამოსული პატარა გოგო, მწერალთა სახლის ფართო და მაღალ კიბეებთან მიმიყვანა. მადლობა ამ დიდი სიკეთისთვის ჩემს საყვარელ ქალაქს, სკოლასა და პედაგოგ-მასწავლებლებს. ეს ლექსიც ბოლნისზე, სწორედ, ამ სიყვარულმა დამაწერინა:
„როგორც კი დავდგამ ფეხს შენს მიწაზე,
დამავიწყდება ყველა დარდები,
თითქოს ჩიტივით ფრთაშესხმული ვარ,
ისე ვხარობ და ისე ვლაღდები;
შენ გენაცვალე, ჩემო ბოლნისო,
შენი დანახვა ყველაფერს მიჯობს,
და ვუფრთხილდები შენს ლამაზ ქუჩებს
უღირსად ფეხი არ დავაბიჯო!“
–1000-ზე მეტი ლექსის ავტორი ხართ, როგორ იბადება თქვენი ლექსები?
-ლექსის წერას მუზა მკარნახობს. ის ხან შუაღამეს მეწვევა, უფრო მეტად კი დილით… მუზა ძლიერი ძალაა:
„…ის მადლიანი ჟრუანტელით დამივლის როგორც,
თავი მგონია ის ცქრიალა, პატარა გოგო,
დამავიწყდება ტკივილი და ყველა დარდები,
ასე მგონია, ლექსთან ერთად მეც ვიბადები…“
ვწერ, როცა რაიმე მაფორიაქებს – კარგი ან ცუდი… ლექსს ძალით ვერ დაწერ, ყველაზე ლამაზი გონებაში ბუნებრივად მოსული ლექსია, უცბად მოსული და აზრიანი ლექსი სხვაგვარი აღსაქმელია, პოეტმა შეიძლება, ეს ემოცია ორ ფრაზაშიც სრულად დაგანახოს, მისი სათქმელი ცხადად უნდა ჩანდეს:
„…სასიამოდ რომ შეთვრება
კაცი, როცა შესვამს ღვინოს,
ღვინოსავით ლექსმაც თავის
ძალა უნდა გაგრძნობინოს!“
-რა თემებს ეხებით, ძირითადად, თქვენს პოეზიაში და რატომ?
-ყველა თემას, რასაც მუზა დამაწერინებს, რაც ამაღელვებს… თუმცა, ძირითად ლაიტმოტივად ჩემს პოეზიას იმთავიდანვე გასდევს პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, მისი წარსული, დღევანდელობა, მისი ტკივილი და სიხარული… განსაკუთრებით მაწუხებს ქართველები რომ ტოვებენ სამშობლოს, მაწუხებს მათი ასე აქტიურად გადინება სხვა ქვეყნებში, მათი იქ დამკვიდრება, ჩვენი გენოფონდის შემცირება… ემიგრანტების თემა ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, იმიტომ, რომ ჩემი ტყუპისცალი და, მაყვალა, უკვე ათეული წლებია მთელი ოჯახით წასულია საქართველოდან და აღარც დაბრუნდება ალბათ… საბერძნეთში გაიზარდნენ მისი ოთხი შვილიშვილი, იქ დამკვიდრდნენ, ოჯახები შექმნეს და მათი სახით ერთი კარგი ქართული გენი დააკლდა ჩვენს ქვეყანას… სამწუხაროდ, რაც დრო გადის, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება და დღეს, ფაქტობრივად, ემიგრანტების ძალისხმევაზე დგანან ქართული ოჯახები… სწორედ ამ თემას მივუძღვენი ჩემი მეორე კრებული „ფესვები გიხმობთ“, რომელიც ჯერ კიდევ 2004 წელს გამოიცა და პირდაპირ ეხმიანება ამ დარდს, ამ გულისტკივილს:
„…რომ არ ვისმინო თბილისური ჭადრის ჩურჩული,
რომ არ შევნიშნო ბაღში ვარდი გადაფურჩქნული,
რომ ქართველ კაცმა ქართულ სალმით არ ჩამიაროს,
როგორ ვიცოცხლო, ვისუნთქო და როგორ ვიარო?!
გემუდარებით…. გადაკეტეთ ყოველი გზები,
საქართველოდან არ გაუშვათ ქართველი ძმები,
საქართველოსთვის ჭრილობები ისედაც კმარა,
საქართველოდან ქართველის წასვლა?! –
არა და არა, არა და არა, არა და არა!!!“
-თქვენი პოეზიიდან შეგიძლიათ გვიამბოთ ერთ-ერთი ლექსის შექმნის ისტორია, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის რა გარემოებებში დაიწერა და რა გავლენა მოახდინა თქვენზე?
-მართალია, ფიქრებით მუდამ საბასთან ვიყავი, მაგრამ სულ მჯეროდა, რომ ჩემს პოეტურ ძალას ტანძიის სალოცავები მაძლევდნენ, ისინი მაძლიერებენ დღესაც. ვფიქრობ, სწორედ ამ ძალამ გამომაღვიძა მოულოდნელად ზამთრის ერთ შუაღამეს… გონებაში უკვე დაწერილი მქონდა ახალი ლექსი, განსაკუთრებით ძვირფასი ჩემთვის, ჩვენს პატრიარქზე. მე ის სასწრაფოდ გადავიტანე ფურცელზე და ძილი გავაგრძელე. დილით კი, როცა გავიღვიძე, გაოცებული დავრჩი – კალენდარზე 4 იანვარი იყო – ჩვენი პატრიარქის დაბადების დღე!… ძალიან მალე ამ ლექსს სამების საკათედრო ტაძრის დიდ დარბაზში, პატრიარქის 80 წლის იუბილეზე, ფართო მაყურებელი უკრავდა ტაშს! ის შეტანილია ჩემს მესამე კრებულში „სიყვარულია, რაც გვინატრია“:
„წინ ფართო გზაა, მაგრამ ზოგჯერ წვრილზე წვრილია,
რწმენით მაინც წინ მიგვიძღვით, მამა ილია,
თქვენი დამოძღვრა შვილებისთვის ტკბილზე ტკბილია,
თაობებიც ხომ თქვენს მირონში განბანილია!
ღრუბელი არ ჩანს, ყველა მხარეს დარზე დარია,
რადგან მფარველად ხელთ გიპყრიათ ქრისტეს ჯვარია,
იცოცხლეთ დიდხანს და ყოველთვის გვყავდეთ ჯანმრთელი –
ამას ვნატრულობთ ერიც, ბერიც – ყველა ქართველი…
ღვთითმოვლენილო, ქვეყნის მხსნელად დაბადებულო,
ყველა ჩვენგანის გულში ცამდე ამაღლებულო!“
-როგორც მწერალთა კავშირის წევრი, რა გამოწვევებს ხედავთ თანამედროვე ქართულ მწერლობაში?
-დღეს ქართულ მწერლობას მორალურად და მატერიალურადაც საკმაოდ უჭირს, ვფიქრობ, დღეს ის ღირსეულად არ ფასდება… ადრე მწერლებსა და პოეტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად შეხვედროდნენ თავიანთ მკითხველებს, ჰქონდათ შემოქმედებითი მივლინებები ქვეყნის რეგიონებში, სახელმწიფო გამოსცემდა მათ წიგნებს, იღებდნენ ჰონორარს, ხელფასს… ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები, ხალხს უყვარდა პოეზია, პოეტი, მწერალი… დღეს ეს ყველაფერი გაიშვიათებულია, ახლა პოეტები თავიანთი დანაზოგით გამოსცემენ საკუთარ კრებულებს, მართავენ შემოქმედებით საღამოებს; შეზღუდულია მწერალთა კავშირის შესაძლებლობებიც, რომელიც შემოქმედებითი ადამიანების კერაა, ჩვენი დიდი ოჯახი და სახელმწიფოსგან და საზოგადოებისგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მწერლის, პოეტის სიტყვა ხალხში უნდა ფასობდეს, მათ უნდა უსმენდნენ, ითვალისწინებდნენ…
კიდევ ერთი გამოწვევაა თავად მწერლებს, პოეტებს შორის ერთობა, თანადგომა, ერთმანეთის მიღწევებით გახარება, საერთო მიზნისკენ სწრაფვა, ჯანსაღი შემოქმედებითი პროცესი…
-რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდებას? ელოდით ასეთ ჯილდოს?
-არასოდეს დამავიწყდება 2013 წლის „საბაობა“, როცა გულისყურით ვუსმენდი გამომსვლელებს. მოულოდნელად სცენაზე ჩემი გვარი გაისმა: „ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდებით ჯილდოვდება ტანძიის მკვიდრი, პოეტი ეთერ აფაქიძე“… გაოცებული დავრჩი, ყურებს არ ვუჯერებდი, სანამ განმეორებით არ მომიხმეს სცენაზე ჯილდოს მისაღებად… ვერ გადმოვცემ ამ სიხარულს, ახლაც ჟრუანტელს მგვრის მისი გახსენება… გული მტკივა, რომ ხანდაზმული ვარ და ძალა არ მომდევს, მეტი გავაკეთო ჩემი მშობლიური ქალაქისა და ხალხისთვის – საპატიო მოქალაქეობა ხომ მეტი პასუხისმგებლობაა, მეტი თავდადება… მე კი მხოლოდ ჩემი სიტყვითა და კალმით შემიძლია ვემსახურო ჩემს ქალაქს, გამოვხატო მისდამი სიყვარული, გავიზიარო მისი სიხარული და გასაჭირი, თუმცა:
„…რაა ფარი და რაა მახვილი,
ხელში კალამი დამიჭერია,
რადგანაც ვიცი, მახვილზე მეტად
ბევრჯერ კალამი უფრო მჭრელია!“
– რა გავლენა მოახდინა ამ წოდებამ თქვენს შემოქმედებაზე? ხომ არ შთაგაგონათ ახალი ნამუშევრები ქალაქის შესახებ?
-ბოლნისზე ისედაც ყოველთვის ვწერდი და კიდევაც დავწერ, თუმცა, ამ წოდებამ უფრო დამაახლოვა ჩემს ქალაქს, მის მოსახლეობას, მის რეალურ ყოფას. მაგალითად, კიდევ ერთხელ მოვხვდი ჩემს მშობლიურ სკოლაში, რომლის კიბეებზე არბენაც სულ მენატრებოდა… ეს სურვილი ბოლნისის პირველი საშუალო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნ-მა ცირა რეხვიაშვილმა ამიხდინა, რომელმაც სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა მომიწყო. სიხარულითა და სიამაყით ვისმენდი პატარა გოგო-ბიჭების გამოსვლას სცენაზე, როცა ჩემს ლექსებს სიყვარულით კითხულობდნენ… მადლობა ქალბატონ ცირას და სკოლის დირექტორს, ქ-ნ ირმა წაქაძეს, იმ მშვენიერი ღონისძიებისთვის და სიხარულისთვის.
ბოლნისელებთან ჩემი შეხვედრები კვლავაც გრძელდება. ამა წლის ივნისში დაუვიწყარი საღამო მომიწყო ბოლნისის კულტურის სახლმა, ხალხური რეწვისა და ზეპირსიტყვიერების თვითშემოქმედთა კავშირის ხელმძღვანელის, ქ-ნ ნათელა თარხნიშვილის ორგანიზებით. ქ-ნ ნათელას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი შემოქმედების პოპულარიზაციაში, ბოლნისელ მკითხველთან დაახლოებაში – ის ჩემი ერთგული თანამდგომი და გულშემატკივარია.
უკვე რამდენიმე ათეული წელია, განუწყვეტლად ვთანამშრომლობ გაზეთ „ბოლნისთან“, რომლის ფურცლებზეც მუდამ ფართოდ იყო წარმოდგენილი ჩემი შემოქმედება და წარმატებები. მასში, ლექსებთან ერთად, ჩემი წერილებიც იბეჭდებოდა, რომლებიც ჩემი სოფლის სატკივარს, პრობლემებს ასახავდა – მაგალითად, ინფრასტრუქტურის, გზის კეთილმოწყობის საკითხს. ამ წერილებს ბოლნისის მერიის შესაბამისი სამსახურებიდან გამოხმაურებებიც მოსდევდა და, რაც მთავარია, – შედეგი. ასე რომ, საქმიანი თანამშრომლობა ჩვენ ბევრი წლის წინ დავიწყეთ და განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. აქვე, მინდა, საჯაროდ კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს, საპატიო წოდების მონიჭებისთვის და დაფასებისთვის – მუდამ ღირსეულად ვატარებ ამ სახელს.
-როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს პოეტს თანამედროვე საზოგადოებაში? როგორ შეუძლია პოეზიას, გავლენა მოახდინოს სოციალურ და კულტურულ პროცესებზე?
-პოეტის როლი უდიდესია საზოგადოებისთვის, მისი მორალური ფასეულობებისთვის, ღირებულებებისთვის, ჯანსაღი ადამიანების აღზრდისთვის, უკეთესი მომავლისთვის… ვთვლი, რომ პოეტი არ შეიძლება, საზოგადოებისგან განყენებულად იდგეს, მან მისი ტკივილი, მისწრაფებები, ოცნებები უნდა ასახოს, რეაგირება ჰქონდეს სოციალურ და კულტურულ პროცესებზე – ყველაფერზე, რაც საზოგადოებას აწუხებს და აინტერესებს. მე მხოლოდ ასეთი პოეტი მიცვნია პოეტად, რომელიც თავისი ხალხის გულისთქმას გამოხატავს და თავისი ერის ოცნებას მიჰყვება… პოეტი ხალხის ხმაა, მისი ნების გამომხატველი და თუ ამ ნებას პირუთვნელად და ჭეშმარიტად მისდევს, ხალხიც შეიყვარებს და მოუსმენს მას…
-თქვენი მდიდარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გზავნილს გაუგზავნიდით მომავალ თაობებს პოეზიისა და ხელოვნების მნიშვნელობის შესახებ?
-სიმართლე გითხრათ, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ისაა, რომ ჩემი ხმა და გულისწადილი, უპირველესად, ახალგაზრდებს მივაწვდინო… იცით, რატომ? იმიტომ, რომ ყველაზე გულწრფელი ჭეშმარიტი პოეტის სიტყვაა, ხოლო ამ სიტყვის ყველაზე ძვირფასი წამკითხველი და გამგები – ახალგაზრდობა. ის სურვილები, ოცნებები, იმედები, რაზეც პოეტი წერს, სწორედ მათ უნდა აღასრულონ, განახორციელონ… ვფიქრობ, ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე კონკრეტული გზავნილები და ახსნა-განმარტებები, რომ უყვარდეთ და აფასებდნენ პოეზიას, ხელოვნებას, ეზიარებოდნენ მათ, ესმოდეთ მათი მნიშვნელობა… ახალგაზრდები გონიერი ხალხია და მშვენივრად გრძნობენ გულწრფელ, ჭეშმარიტ სიტყვას, ხელოვნებას, მის როლს… მთავარია, ჩვენ, უფროსებმა მივაწოდოთ სწორად, ვიყოთ მართლები მათ წინაშე და ისინიც ზუსტად გაიგებენ ჩვენს გზავნილს – არ შეეშლებათ, ღირსეულად დააფასებენ. მე განსაკუთრებით მიყვარს და მეიმედება ჩვენი ახალგაზრდობა და მტკიცედ მჯერა მათი გონების და სუფთა გულის…
-და ბოლოს, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს, თქვენს საყვარელ ბოლნისს, მშობლიურ კუთხეს…
-ვისურვებდი, რომ ჩემი საყვარელი ბოლნისი, თავისი მრავალეროვანი მოსახლეობით, მუდამ მყარად იდგეს ბრძენი საბას კურთხეულ მიწაზე და აქვე ჩემს ყველაზე სანუკვარ გულისწადილსაც გავამხელდი, რომელიც ძალიან მინდა, რომ ამისრულდეს:
„…მსურს, დაგილოცო ჭერი და ფუძე,
შორს შენს კერასთან ბოლო და ნისლო,
მთელმა ქვეყანამ რომ დამივიწყოს,
შენ სულ გახსოვდე, ჩემო ბოლნისო!“
სიყვარულით,
თქვენი ეთერ აფაქიძე