ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სეგმენტში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელიც ყველა იმ მექანიზმის დანერგვას გულისხმობს, რაც აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად. საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესისთის მზადება, უკვე რამდენიმე წელია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ბოლნისის მეოთხე საბავშვო ბაღში სიმულაციური ავტორიზაციის პროცესი გაიმართა.
ბოლნისის №4 საბავშო ბაღში სიმულაციური ავტორიზაციის პროცესი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულებების ინიციატივით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ბაღში ექსპერტთა რამდენიმე ჯგუფი, სხვადასხვა მიმართულებით აკვირდება და სწავლობს ბაღის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობას.
ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, შექმნილია საბავშვო ბაღების ელექტრონული ბაზა, სადაც ყველა კერძო და საჯარო ბაღია დარეგისტრირებული. 2023 წელს, ყველა სკოლამდელმა დაწესებულებამ, ავტორიზაციის სტანდარტების მიხედვით გაიარა თვითშეფასება, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, მათი თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროების ანალიზის მიხედვით ავტორიზაციის განრიგი გახდება ცნობილი.
სიმულაციური ავტორიზაცია ბოლნისის მეოთხე ბაღის პარალელურად, საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხორციელდება, პროცესი ემსახურება დაწესებულების შესაძლებლობების და ექსპერტთა კორპუსის გაძლიერებას, ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე დაწესებულებებს ეცოდინებათ ყველა იმ გამოწვევის შესახებ, რაც ბაღს უდგას.
ადრეული აღზრდისა და განათლების კანონის მიხედვით, 2025-2029 წლის ჩათვლით, განრიგის მიხედვით უნდა მოხდეს ყველა ბაღის ავტორიზაცია, რომელიც დარეგისტრიტებული და აღრიცხულია ელექტრონულ ბაზაში.