ბოლნისის ქუჩებში, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ეხმიანება, იბადება პოეზიის უხილავი ძაფი, რომელიც ადამიანის სულს სამყაროსთან აკავშირებს. გთავაზობთ ინტერვიუს ბოლნისელ მუსიკოსსა და პოეტთან, რომელმაც ცხოვრების რთულ მომენტებში პოეზიაში ჰპოვა თავშესაფარი და შთაგონება.
მისი ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ხელოვნება იქცეს ემოციების მართვისა და სულიერი სიმშვიდის მოპოვების საშუალებად. ეს არის მოგზაურობა ბავშვობის მოგონებებიდან პანდემიის შემდგომ გამოწვევებამდე, სადაც ყოველი სიტყვა და სტრიქონი ასახავს ადამიანის სულის სიღრმეებს.
ჩვენი მკითხველი დღეს ,,იმოგზაურებს“ ბოლნისის ქუჩებში, იგრძნობს მის სულს და მოისმენს ბოლნისის პოეტურ ხმას – ხმას, რომელიც გვახსენებს, რომ ხელოვნებას შეუძლია გახდეს ჩვენი უძლიერესი მოკავშირე ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.
-მოგვიყევით თქვენი პირველი ნაბიჯების შესახებ პოეზიაში და როგორ განვითარდა ეს ურთიერთობა წლების განმავლობაში.
-საზოგადოება მიცნობს როგორც მუსიკოსს, “კომპოზიტორს”. ადამიანებისგან ხშირად “ვაუ” ეფექტია, – ლექსებსაც თუ წერდი, არ ვიცოდითო, ყველაფერი კი ასე დაიწყო: პოეზიასთან შეხება ბავშვობიდანვე მქონდა, თუმცა დიდი დოზით არა. ძირითადად ჩემი ურთიერთობა პოეზიასთან ტელევიზიის საშუალებით ხდებოდა, დედა მასმენინებდა, თვითონაც მიკითხავდა. სამწუხაროდ, ბოლნისის ჰაერი არ “მიხდებოდა” და ხშირად სკოლის გაცდენა მიწევდა. მამამ, ამის გამო, სახლის წინ გამწვანებული სივრცეც კი მომიწყო. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, ის მაგალითია ჩემი ცხოვრების, რაც მეხმარება როგორც პედაგოგიურ, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მშობლების ამაგი ჩემდამი განუზომელია, ისინი ყოველთვის იყვნენ წამქეზებლები ჩემ მიერ წამოწყებული ყოველი კარგი საქმისა, ეს იქნება მუსიკა, პოეზია, წარმოება თუ სხვა რამ. მყავს საუკეთესო და, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემზე ზრუნავს.
კარგი მეგობრებიც მყავს, რომლებიც ჩემ შემოქმედებით შეჩერებას არ მაპატიებენ და გვერდით მიდგანან უანგაროდ. გულწრფელი მეგობარი ხომ შეუფასებელი და სანთლით საძებარია, ისინი სამყაროს ნაწილი არიან, რომლიდანაც შემოქმედი შთაბეჭდილებებს იღებს, რაც მერე ერთგვარ შემოქმედებით ლაბორატორიაში იძერწება და ყალიბდება – ხელოვნებად..
ასე იქმნება ჩემი შემოქმედებაც – პოეზია, მუსიკა.. მომწონდა მომეტებული დეკლამაცია პოეზიაში. შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე მურმან ჯინორიასა და გიორგი ხარაბაძის მოსმენა. თავად რომ გითხრათ, ბევრს ვკითხულობდი-მეთქი, მოვიტყუები. სკოლაშიც იშვიათად ვიზეპირებდი, რასაც ჩემს დიდ შეცდომად ვთვლი, რადგან გარდა ლექსთა ცოდნისა, ყოველი დაზეპირება ტვინის ჯანმრთელობას, გონების სიხალასესა და განვითარებას უწყობს ხელს. მოგვიანებით, სტუდენტობის დროს (მე ხომ გვიან ჩავაბარე კონსერვატორიაში, ოცი წლის ვიყავი, როცა ნოტები ვისწავლე და მივყევი ამ საქმეს ბოლომდე), სწორედ მაშინ, როდესაც მარტო დავრჩი, როცა ადამიანი რჩები ცხოვრების პირისპირ, როცა გარემოდან გამოწვეული დაპირისპირებები, ცხოვრებისეული მოვლენები, შთაბეჭდილებები მოედინება შენსკენ, ის უბრალოდ გაგანადგურებს, თუ არ დაუპირისპირე რაღაც მისგან გამოწვეულ სულიერ მდგომარეობას. მე კი, როგორც ხელოვანი, ვუპირისპირებდი ჩემს შემოქმედებას, ამ შემთხვევაში მუსიკას. მერე მივხვდი, კიდევ მინდოდა რაღაც ამ ემოციების გასანეიტრალებლად და ეს რაღაც იყო პოეზია.
-ემოციების გადართვა არა მხოლოდ მუსიკაში, არამედ პოეზიაშიც, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პირველი შეხება პოეზიის შეთხზვასთან, მაგრამ აქაც მცირე დოზით. აი, თქვენი სტატიის ღირსი კი პანდემიის შემდეგ დაწერილმა ლექსებმა გამხადა. პანდემიის შემდეგ მოხდა დიდი რყევები ჩემს ცხოვრებაში. უდიდესმა ცხოვრებისეულმა ტრაგედიამ მომცა პოეზია ემოციების სამართავად, რამაც დამტოვა ადამიანად. უცებ, პანდემიის შემდეგ დამაბერტყა ღმერთმა ამის ნიჭი. რაღაცნაირად, თავისით ხდება, მოვა და ვწერ. ისე რომ მოვინდომო, ვერ დავწერ, გამორიცხულია, თავისით ხდება, უეცრად, რომ არ ველოდები, ისე. ხოდა მეც ვწერ. კარგია თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ვწერ, რადგან მოსწონს საზოგადოების ნაწილს, ეს კი მაძლევს ძალას, რომ ვწერო ისევ.
-ახდენს თუ არა გავლენას მშობლიური ქალაქი, თქვენს მწერლობასა და პოეტურ სტილზე?
-ბოლნისი ჩემთვის ყველაფერია, წვიმაც და დარიც მიყვარს ჩემს ქალაქში. აქედან არასოდეს წავალ, მქონდა შემოთავაზებები, შეიძლება სხვაგან ბევრისთვის მიმეღწია, მაგრამ ვერ ვსუნთქავ სხვაგან. აქ ჩემია ყველაფერი, აქ ვსუნთქავ, ვარსებობ, აქ მტერიც ჩემია და მოყვარეც, ეს ბოლნისია, ჩემი სიცოცხლეა!
მოდით, ბოლნისზე წაგიკითხავთ ლექსს:
ღამის ბოლ – ნისლი შეგიმოსია,
ქუჩის ნათება სხივებად გეტრფის.
თურმე აქ სძინავთ გადაღლილ ღრუბლებს,
აღმართულ მთებში ნისლად გაწოლილს…
ქვათლილ მარნებში, ხუთას ბოლნელზე,
სადღეგრძელოებს სიმღერა ერწყმის.
ორბელიანის ნატერფალ ქუჩებს,
ცვარი ალერსით, მიჯნურად ერთვის…
აქეთ ყორანთა, იქით – ელია
გადაჰყურებენ ძველ სიმაგრეებს:
ბოვნისს ველკეთილს, სამტრედოს სიონს,
წუღრუღაშენის სამრეკლოს წმიდას!
თურმე აქ წერდნენ პირველად სტრიქონს,
ქვაში ნატიფი ასომთავრულით…
ძველად აქ კვეთდნენ მეომარ ლომებს,
ფაფარ – ღრიალა ბოლნურ ღირსებით…
ღამის ბოლ – ნისლი შეგიმოსია,
ქუჩის ნათება სხივებად გეტრფის…
ვიღაც შეანთებს დაჩორკნილ ღუმელს,
ვიღაც ლოცულობს ელიას მთაზე,
ზოგიც ქვევრისას საფერავს ეგმნის,
ვიღაც მარტოა ღრუბლებთან ერთად…
ღამის ბოლ – ნისლი შეგიმოსია,
ქუჩის ნათება სხივებად გეტრფის.
თურმე აქ სძინავთ გადაღლილ ღრუბლებს,
ბოლნისის მთებში ნისლად გაწოლილს.
-ძირითადად რა თემებს ეხებით პოეზიაში? არის რაიმე კონკრეტული “შეტყობინებები“, რომელთა გადმოცემასაც ცდილობთ თქვენი ნამუშევრებით?
-ჩემი შემოქმედება ჟანრობრივად პატრიოტული, ფსიქოლოგიური, სატრფიალო, ყოფითი თემითაა შემოფარგლული, ცოტა ალეგორიულიც. აი, მაგალითად, ლექსი წვიმაზე. შარშან გადაბმულად წვიმდა, სარკმელში ვიყურებოდი, სწორედ ამ დროს დაიწერა ეს ლექსი:
შეჩერდი წვიმავ!
აღარ გვინდიხარ,
გაძღა თავთავი
შენთან ალერსით.
ვაზიც გემდურის,
მზის სხივებს ნატრობს,
მიწაც დასივდა
ჟღენთილი შენგან…
გასწი ღრუბელო
მზეს ეფარები
აღარ გვსურს ხილვა
წვეთების ციდან..
ხეხილს, ბოსტანსაც
აღარ უნდიხარ,
მწვანე სამოსის
არ უნდათ გახდა..
გამოდი მზეო
მშობელო ფერთა,
აქციე ტლაპო
ისევ გორახად…
სტყორცნე სხივები
ცისარტყელებად,
გამოეფინე
ლამაზ ფერებად…
შეჩერდი წვიმავ
აღარ გვინდიხარ,
ღრუბელო გასწი…
ინათე მზეო.
-როგორც ხელოვანი ადამიანი, რომელსაც სამყაროს სხვანაირი, განსაკუთრებული აღქმა აქვს, რას ურჩევთ მომავალ თაობას?
-მინდა აღვნიშნო, ჩვენს ქალაქში ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და ეს ძალიან მახარებს. ყველა ადამიანი შემოქმედია, ყველას აქვს რაღაცის ნიჭი და ეს ნიჭი არ უნდა დაიკარგოს.
ხელოვნება რა არის? ის ადამიანის შინაგანი სამყაროს განსხეულებაა. შინაგანი სამყაროსი, რომელიც ისევ გარედან საზრდოობს. აუცილებელია ცოდნის მიღება,ის სულის საკვებია, რომელსაც ცოდნის ჭურჭელში, ანუ წიგნში ვინახავთ. ადამიანი ცოდნით ცხოვრებას იოლს ხდის არა მხოლოდ თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც. ვურჩევ მომავალ თაობას, ისწავლონ, გაიჭირვონ თავიდან, მერე კი მთელი ცხოვრება ბედნიერად, უზრუნველყოფილი იცხოვრონ და სიკეთე მოუტანონ გარშემომყოფთაც.
-და ბოლოს, რა არის თქვენი, როგორც პოეტის და უბრალოდ მოქალაქის ყველაზე დიდი ოცნება/სურვილი?
-მადლობას გიხდით ასეთი პატივისთვის. იცით, თავს ვერ ვუწოდებ პოეტს, ვწერ ლექსებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვარ პოეტი. მშვიდობა მინდა გისურვოთ, მშვიდობა ჩვენს ლამაზ, მოსაფერებელ ქვეყანას. “საქართველო” – ეს სიტყვა ყველას გულში უნდა გვეწეროს და ვმოქმედებდეთ ამ სახელის ირგვლივ.
წარმატებას გისურვებთ!