9 დეკემბერს, ოფიციალურად გაიხსნა ქალთა კოოპერატივი „მწვანე მარადისის“ სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI’’ ფარგლებში CENN, HERS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის რეგიონალური მედიისთვის, ტური მოეწყო. ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჩატარდა სესია თემაზე „კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა.“ ღონისძიება, სასათბურე მეურნეობაში, პროექტის პრეზენტაციით გაიხსნა.
ღონისძიებაზე ისაუბრეს სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი და გარემოსადმი მეგობრული სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების, სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და ბოსტნეული კულტურების ჩითილების წარმოების პრინციპების შესახებ. გახსნის ცერემონიალს, დონორი და განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეების ჩართულობით ადგილზე მოხდა საჩითილე სუბსტრაქტის მომზადება და სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის ჩათესვა.
მარადისი ეკო მიგრანტებით დასახლებული სოფელია, სადაც სადემონსტრაციო და სასათბურე მეუბნეობა ქალთა კოოპერატივის ბაზაზე შეიქმნა. ,,მწვანე მარადისი“ 9 ადგილობრივს აერთიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებულები, თუმცა, პროექტის ფარგლებში, მათი გადამზადება მოხდა.
სადემონსტრაციო მიწის ფართობის ნაწილზე 300 კვმ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სათბური დამონტაჟდა, ხოლო, ღია გრუნტზე კი სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის მოყვანა ხდება. აღსანიშნავია, რომ სათბურში 50 000 მდე ჯანსაღი ჩითილის გამოყვანაა შესაძლებელი, რაც არა მხოლოდ კოოპერატივის წევრების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, არამედ შეძლებენ რეალიზებას, რაც დამატებით შემოსავალს უზრუნველყოფს
პროექტის მიზანია, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის შემოსავლის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის გზით.