სცენის განათების მკრთალ მნათობში, სადაც ოცნებები დგას, არის თავდადების სამყარო – სამყარო, რომელსაც თეატრის ვეტერანი მსახიობი ლადო კენჭოშვილი სახლს უწოდებს, 1980-იანი წლების დასაწყისიდან. მისი ისტორია არ არის მხოლოდ თეატრალური წარმატების ერთ-ერთი ამბავი, არამედ ურყევი ერთგულებისა და უსაზღვრო შესაძლებლობების დადასტურებაა. ბატონი ლადო გაგვიძღვება მისი მოგზაურობის კულისებში – სამოყვარულო თეატრის დასაწყისიდან, სადაც აპლოდისმენტები და ხალხის სიყვარული იყო ერთადერთი ანაზღაურება.
ეს არ იყო წინასწარ გათვლილი კარიერის არჩევანი. ეს იყო შემთხვევითი შეხვედრა სცენასთან. განსაკუთრებული მომზადებისა და თეატრალური განათლების გარეშე, იგი ხელოვნების ნაწილი გახდა. მან არც კი იცოდა, რომ ეს შეთავაზება მას თეატრალური სამყაროს გულში გადაიყვანდა, სადაც ნიჭის, შეუპოვრობისა და თავდადების წყალობით, საკუთარ კვალს დატოვებდა.
დღევანდელ ინტერვიუში გავეცნობით, სამოყვარულო თეატრის გამოწვევებს, ოცნებისკენ სწრაფვას და გამოუცდელი ენთუზიასტის გამოცდილ შემსრულებლამდე მიმავალ გზას. ამ გულწრფელ საუბარში ბატონი ლადო მოგვითხრობს თეატრის მაგიაზე, რომელიც აძლიერებს მას ოთხი ათწლეულის მანძილზე.
- როგორ დაიწყო თეატრთან თქვენი ურთიერთობა?
- 1980 წელს, სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, კავშირგაბმულობაში (ფოსტაში) ვმუშაობდი. ნუგზარ ჭითანავამ და ოლეგი აბრამიშვილმა შემომთავაზეს, მეცადა თეატრში ბედი. ხმის ტემბრი მოეწონათ, რამდენადაც მახსოვს. ვცადოთ – მეთქი, რატომაც არა. ვახტანგ მიხელიძე დამხვდა ხელმძღვანელი, მოყვარულთა სახალხო თეატრი ერქვა მაშინ. წავიკითხე როლი და ძალიან მოვეწონე მთელ კოლექტივს, მითხრეს: დღეიდან შენ ხარ ჩვენი დასის წევრიო.
- სკოლაში თუ გქონდათ ამ კუთხით გამოცდილება, ან რაიმე პრაქტიკა.?
- არა, არანაირი გამოცდილება არ მქონია.
- რა იყო პირველი როლი, რომელიც შეასრულეთ?
- ,,ლუკმა და ცრემლი“, მაგრამ არ დაიდგა, კარგად მახსოვს. კომედიური ჟანრის იყო, თუმცა ალეგორიული ხასიათის გამო მოიხსნა რეპერტუარიდან. შემდეგ ,,ნისლიან დღეებში“ ვითამაშე მთავარი როლი, ჯამლეტი, იქიდან დაიწყო და დაიწყო მთავარი როლები.
- როგორი პერსონაჟი იყო ჯამლეტი და რამდენად ითავისებდით ამ როლს?
- კომუნისტურ პარტიას მორგებული, მლიქვნელი პერსონაჟი იყო, თუმცა ისე წარმოვაჩინე, ხალხს ძალიან მოეწონა, ყოველთვის ტაში მესმოდა მაყურებლისგან, როდესაც ჩემი პერსონაჟი შედიოდა და გამოდიოდა სცენაზე. ვფიქრობ, კარგად მოვერგე როლს.
- ცხოვრებას თუ ჰგავს თეატრი?
- კი, საკმარისი მსახიობები გვყავს ცხოვრებაში. პერსონაჟები, რომლებსაც ვთამაშობთ, ცხოვრებიდანაა აღებული, არ არიან გამოგონილები. ამიტომ, ცხოვრება და თეატრი ერთმანეთთანაა შერწყმული.
- გვსმენია, რომ სცენის მტვერის შესუნთქვის შემდეგ, რთულია თავი დააღწიო მას.
- ძალიან შრომატევადია, სანამ მაყურებლის წინაშე გამოხვალ, თვეობით ემზადები, ღამეების თენებაც გიწევს. არ არის ადვილი ეს ყველაფერი, თითოეული მსახიობის მიერ შექმნილი პერსონაჟი ოფლის ფასად მიდის მაყურებლამდე. სცენის მტვერის გემო ერთხელ თუ იგრძენი, მიუხედავად ამდენი შრომისა, მთელი ცხოვრება მზად ხარ შეისუნთქო ოვაციებით და ტაშით გაჯერებული, ეს ჯადოსნური მტვერი,
- რა არის მსახიობისთვის მთავარი?
- მთავარია, მართალი იყო. პირველ რიგში საკუთარ თავთან და შემდეგ მაყურებელთან. შენი ხასიათიდან უნდა ამოდიოდეს ეს ყველაფერი.
- ხომ არ გიჭირდათ სხვადასხვა ჟანრის სპექტაკლში თამაში?
- კი, ნამდვილად არ არის ადვილი, უნდა გარდაისახო, მაგრამ როდესაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იღებ, სცენაზე ფეხს შედგამ, შემდეგ უკვე უნდა შეძლო ყველაფერი.
- რამდენი წელი გაატარეთ სცენაზე და რამდენ სპექტაკლში ითამაშეთ?
- 1980-დან 2015 წლამდე. ყოველ წელს ორ-ორ სპექტაკლში მაინც ვთამაშობდი. ბოლო სპექტაკლი იყო ნოდარ დუმბაძის ,,ბოშები“, შემდეგ კი ძალიან ძლიერ და ნიჭიერ ახალგაზრდებს დავუთმე ასპარეზი.
- ასეთი დატვირთული გრაფიკი, შრომატევადი საქმე, ალბათ ძალიან გიყვარდათ, თორემ ენთუზიაზმზე მუშაობა წარმოუდგენელია.
- თავისთავად, თუ სიყვარული და მონდომება არ იქნებოდა, ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა. სამსახურებიდან რეპეტიციაზე მივდიოდით, ყველა ვმუშაობდით სხვადასხვა ადგილას, ამიტომ რეპეტიციები საღამოობით იყო. ღამის 2-3 საათამდე იქ გვიწევდა ყოფნა, ეს ყველაფერი კი, სიყვარულის გარეშე, შეუძლებელია.
- რესურსი, დეკორაცია, გაფორმება?
- რაღაცეები სახლიდან მიგვქონდა, რაღაცებს მეზობლებს ვართმევდით. მთელ რაიონს უნდოდა თეატრი არ გაჩერებულიყო და ემუშავა, ასეც გამოვიდა.
- როგორი ურთიერთობა იყო მაშინდელ დასს შორის?
- სამწუხაროდ, ყველა მოსაგონარი დამრჩა, იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისთან ერთადაც ავიდგი ფეხი სცენაზე. საოცარი სიყვარული და ურთიერთობა გვქონდა. ერთი ოჯახი ვიყავით ყველანი , და-ძმები.
- ყველა მოყვარული მსახიობი იყავით?
- კი, კი, მაშინ ასე იყო. ახლა უკვე ბევრი მსახიობია, რომელსაც შესაფერისი განათლება აქვს მიღებული, მაშინ ეს თეატრი მოყვარულებზე იდგა. ჩვენი თაობის თეატრი კი დაბერდა, მაგრამ ისეთი ახალი თაობა მოდის, რომ აღფრთოვანებული ვარ, მიხარია მათი ყურება, კიდევ აღვნიშნავ, ძალიან ნიჭიერები არიან.
- ძველი თაობის დამსახურებაა, რომ დღესდღეობით ასეთი აქტუალურია ჩვენს მუნიციპალიტეტში თეატრი.
- კი, მაშინ ნაკლებად ექცეოდა ყურადღება მოყვარულთა თეატრებს, სახელმწიფო-აკადემიური თეატრები იყო მომძლავრებული. ცენზურა იყო, მეთოდ-ცენტრი ამოწმებდა და მხოლოდ ამის შემდეგ გვაძლევდნენ მაყურებლის წინაშე ნაწვალებ-ნალოლიავები, ღამენათევი სპექტაკლით წარდგომის ნებას.
- რომელი სპექტაკლი და როლი გიყვართ ყველაზე გამორჩეულად?
- გამოვარჩევ ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, ,,ათვინიერებენ მიმინოს“. გურჯაანის ფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიგელიც მივიღე, ასევე სპექტაკლი – ,,სახსოვარი“ , 1985 წელს დავდგით, რომლითაც რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატი გავხდით. ჩემთვის ყველა როლი, მართლაც, რომ მნიშვნელოვანი იყო.
- ნელ-ნელა განვითარდა თეატრი, უკვე მუნიციპალური გახდა, დაინტერესება დიდია.
- კი, ასეა, მაგრამ იცით რა არის კარგი? ხელფასის გამო ჩვენთან არ მოდის მსახიობი, ჩემი მასწავლებელი, მიშა გაბიძაშვილი, ამბობდა ასე – ,,ბიჭო, ფულზე არ დამიწყოთ ლაპარაკი, ფული კი არა , აგერ არის სცენა და აგერ ხარ შენ“. დღესდღეობითაც ასე არიან ჩვენი ახალგაზრდა მსახიობები, რაც ძალიან მიხარია. ასევე კარგი ისაა, რომ სპექტაკლებიც ძალიან კარგი იდგმება. „ჰამლეტს“ რომ შეეჭიდები, შექსპირის ამხელა სპექტაკლს დადგამ. მახსოვს, ლაშა ნოზაძემ დადგა ,,მზიანი ღამე“, გრიგოლ რობაქიძის პიესის მიხედვით, მაყურებელი ტიროდა, ჩვენი გაშვება არ უნდოდა სცენიდან, ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა.
- არ გიჭირდათ რეჟისორებთან შეგუება?
- არა, სხვათაშორის. კი არ გვიჭირდა, პირიქით, ისინი გვეხმარებოდნენ და გვზრდიდნენ ჩვენ. პროფესიონალებად ჩამოგვაყალიბეს.
- როდის შეიძლება ითქვას, რომ შედგა სპექტაკლი, მაყურებელი თუ ტაშს დაუკრავს?
- გააჩნია, როგორ უკრავს ტაშს, ზრდილობის გამო თუ აღფრთოვანებით.
- გარდა მსახიობობისა, ,,ბოლნისის სიონის“ დიქტორიც იყავით . როგორ აღმოჩნდით ამ პოზიციაზე?
- ხმის გამო მიმიწვიეს, მოვსინჯე და გამოვიდა. მაყურებელს სხვანაირად განაწყობს დიქტორის ხმა .
- გარდა ენთუზიაზმისა, რა არის საქმეში მნიშვნელოვანი?
- შრომისუნარიანობა. თუ არ გაისარჯე, არ გაწვალდი, არ იშრომე, არაფერს აქვს აზრი.
- გიწევდათ სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში გასტროლი, როგორი იყო?
- კი, იყო ბევრი ქვეყანა, ქალაქი 80-იან წლებში. ენის ბარიერიც კი არ არსებობდა, მაყურებლამდე იმდენად ახლოს მიდიოდა ჩვენი შესრულება, მოქმედებაში კითხულობდა სათქმელს.
- კარგია, როცა გაფასებენ, დიდი მოტივაციაა, რას გვეტყვით თქვენს ჯილდოებზე?
- კი, როცა გაფასებენ ცხადია ეს დიდი ბედნიერებაა, თეატრის 80 წლის იუბილეზე გრიგოლ კოსტავას ჯილდო გადმომეცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი გრძნობაა. თუ გაფასებენ, ესე იგი, შენს შრომას ტყუილად არ ჩაუვლია.
- თეატრში თუ დადიოდით, როგორც მაყურებელი?
- კი, რა თქმა უნდა, დავდიოდი. ისეთი დასი იყო, რომ ყველა მიდიოდა სპექტაკლზე, არა მარტო გასართობად, არამედ იმისათვის, რომ იქედან რაიმე წამოეღო.
- როგორია ბოლნისელი მაყურებელი?
- ერთგული, ყოველთვის ერთი და იგივე სახე ჩანს, იცი უკვე ვინ დაგხვდება, როდესაც სცენაზე ადიხარ. რა თქმა უნდა, სხვა ქალაქის მაყურებელს პატივი უნდა სცე, მათთანაც ბოლომდე დაიხარჯო, მაგრამ შენი ქალაქის მაყურებელი არ უნდა გააწბილო, არ უნდა აფიქრებინო, რომ მეორედ აქ აღარ მოვალ, მეტი პასუხისმგებლობა გაქვს მის წინაშე.
- დღეს უკვე აღარ გიწევთ თამაში, არ გიჭირთ?
- ძალიან ძნელია სცენის მიღმა ყოფნა.
- რას უსურვებთ ბოლნისის თეატრს?
- მრავალჟამიერ ყოფილიყოს, არ ჩამქრალიყოს. აუცილებელია თეატრი ჩვენს მუნიციპალიტეტში. მივმართავ მადლობით ყველას, ვისი დამსახურებითაც ბოლნისის თეატრი ფუნქციონირებს.
მარიამ ონიანი


