პარასკევი, აპრილი 18, 2025
spot_img
Homeსაზოგადოება„კვალი საუკუნეებში: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორია ერთ კატალოგში"

„კვალი საუკუნეებში: ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორია ერთ კატალოგში”

„ბოლნისის ისტორიული ძეგლების კატალოგი“  წარმოადგენს უნიკალურ სამეცნიერო გამოცემას, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 165 ისტორიულ ძეგლს. წიგნის შესახებ  ბოლნისის საზოგადოებამ პირველად ბოლნისქალაქობას, ოქტომბერში,  შეიტყო.

წიგნში თავმოყრილი ძეგლები განაწილებულია 6-7 კატეგორიად და დაეყრდნო მკაცრ სამეცნიერო კრიტერიუმს – ყოველი მათგანი უნდა იყოს მინიმუმ 100 წლის. სწორედ ამ მიდგომის გამო, კატალოგში ვერ მოხვდა თანამედროვე ღირსშესანიშნაობები, მაგალითად ელიას მთის, წმინდა პეტრესა და პავლეს მამათა მონასტერი, რომელიც მხოლოდ ათიოდე წლის წინ აშენდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს და სხვა ახალი ტაძრები მომავალში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ძეგლები გახდნენ, ამჟამად ისინი კატალოგის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. კატალოგში შეტანილია ასზე მეტი წლის ისტორიული ძეგლი, აგრეთვე სტატუსიანი ძეგლები, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტო ანიჭებს სპეციალურ სტატუსს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ათზე მეტი სტატუსიანი ძეგლი მოიძებნება, მათ შორის გერმანული სახლები. დანარჩენი კი კლასიფიცირებულია,  როგორც „უსტატუსო ძეგლები”. 

წიგნის შინაარსზე, მუშაობის პროცესსა და დეტალებზე, ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, სოსო კოპალეიშვილი გვესაუბრება.

,, ,,ბოლნისის ისტორიული ძეგლები“, ეს არის კატალოგი. რომელიც დაახლოებით 4-5 წლიანი მუშაობის შედეგად მცირე ტირაჟით გამოვეცით შარშან და  ვფიქრობთ წელსაც, დამატებითი  გამოვცეთ. სამწუხაროდ, მისი რეალიზაცია- გაყიდვა არსად ხდება, ჩვენ უბრალოდ ,დავურიგეთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის ჩვენს დაქვემდებარებაში მყოფ ბიბლიოთეკებს… მე ვიტყოდი, რომ ეს არის ბოლნისისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ნაშრომი ამ თვალსაზრისით, რომელიც ძალიან დიდ პოპულარობას მოიპოვებს დროთა განმავლობაში.“- ამბობს ჩვენთან საუბარში სოსო კოპალეიშვილი.

როგორც ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არცერთი ძეგლი არ არის ,,იუნესკოს“ მიერ დაცული. იყო ე.წ. მითქმა-მოთქმები, რომ ბოლნისის სიონს აქვს ,,იუნესკოს“ მიერ მინიჭებული ძეგლის სტატუსი, მაგრამ ეს არ არის სიმართლე –  ,,მოგეხსენებათ, ,,იუნესკო“ ძეგლის სტატუსს ანიჭებს თავისი კანონმდებლობიდან გამომდინარე, რამეთუ კონკრეტულ ძეგლს მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი აქვს დიდი წვლილი, ასეთია მცხეთის სვეტიცხოველი, გელათის სამონასტრო კომპლექსი და ასე შემდეგ.“


როგორც უკვე ვახსენეთ, კატალოგში არის 6-7 კატეგორიის ძეგლი. ეკლესია-მონასტრები, ფაქტობრივად, ამ ძეგლების 70-75% სწორედ ეკლესია-მონასტრებს აქვს დაკავებული, ციხეები, კოშკები, ხიდები, სამაროვნები, იგივე მავზოლეუმები, ან სასაფლაოს ყოფილი ტერიტორია, რომელიც დროთა განმავლობაში იქნა აღმოჩენილი, მათ შორის კულტურული, უნიკალური ნიმუშებიც არსებობს, ე.წ. სტელები, საფლავის ქვები, რომლებსაც ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა ამ თვალსაზრისით.


რესპონდენტმა კატალოგზე მუშაობის პროცესი გაიხსენა და საკმაოდ საინტერესოდ,  დეტალურად ისაუბრა მასზე – ,,რაც შეეხება მუშა პროცესს, ალბათ, უფრო მეტად ჩვენს მკითხველს ეს დააინტერესებს. წლების განმავლობაში, მეტ-ნაკლებად, ხდებოდა ამ ძეგლების ინვენტარიზაცია მუნიციპალიტეტის მიერ, ადრე გამგეობის, უფრო ადრე რაიკომის მიერ.  ე.წ. პასპორტები არსებობდა. როდესაც მე მოვედი ხელმძღვანელად და მოვიძიე ინფორმაცია, კონკრეტულად ამ სფეროს, კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის მიმართულებით, რას აკეთებდა სამსახური, იყო რაღაც გარკვეული ინფორმაციები ამის შესახებ, მაგრამ, არა ის, რაც ახლა უკვე გვაქვს. შესაბამისად,  ჯერ ჩავატარეთ კვლევა,  ამ მიმართულებით  საკმაოდ მწირი მასალები არსებობდა. ამავდროულად , კავშირი გვქონდა სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის ეპარქიასთან, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, წლების განმავლობაში არსებობს ეს ურთიერთობა, რომელიც  ამ წიგნით უფრო განმტკიცდა და გაიდო მეტი ხიდი,შესაბამისად, დავიწყეთ მუშაობა.  ხელმძღვანელად ჩემი მოსვლიდან მალევე, ორ თვეში, გვქონდა სამოქმედო გეგმა, რომ  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოგვენახულებინა, როგორც ცნობილი, ასევე უცნობი ძეგლები. ამაში ჩავრთეთ არაჩვეულებრივი სპეციალისტი, ქეთი გირნავაშვილი, რომელიც თავად გახლავთ წიგნის რედაქტორი, რომ არა ქეთის ცოდნა და გამოცდილება, ალბათ, ეს წიგნი ასეთი არ იქნებოდა, ან ჩვენ მოგვიწევდა ,,სხვა ქეთის მოძებნა’’. დავიწყეთ ე.წ. საველე ექსპედიციები. ზოგან იყო ტრანსპორტით მისასვლელი გზა, ზოგან საერთოდ არ არსებობდა ეს გზა. წვიმაში, თოვლში, ქარში, ათასგვარი დაბრკოლებით, ტალახში, ხან მანქანით ჩავრჩით, ხან ამოვყირავდით, ნუ როგორც იყო.. ერთი სიტყვით, ბევრი დაბრკოლება გავიარეთ, ბევრი ვინმე შევაწუხეთ და დაგვეხმარა ამ თვალსაზრისით.

აღსანიშნავია, რომ პროცესში ჩართული იყო, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე სატყეო სამსახური, რაც კატალოგზე მომუშავე გუნდს დაეხმარა აღმოეჩინა გაცილებით მეტი ძეგლი.- ,, მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტის 6 ძირითადი მხარე არსებობს ამ 15 თემში, რომელიც მთებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით არის დაყოფილი. მაგალითად, ფოლადაურის ხეობა, დარბაზის ხეობა, ტალავერის ხეობა… ხეობების მიხედვით დავდიოდით, მთა-მთა , მდინარ-მდინარე, ტყე-ტყე და ა.შ. ამაში გვეხმარებოდა, ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე მწყემსები, მონადირეები და რაც ყველაზე მთავარია, მოგეხსენებათ, ბოლნისში ეს უწყება, ამ მიმართულებით, საკმაოდ ბევრს აკეთებს და მუშაობს, ეს არის სატყეო სააგენტო, ბოლნისის წარმომადგენლობის  მეშვეობით, მათი ინფორმაციით, ჩვენ აღმოვაჩინეთ საკმაოდ ბევრი ძეგლი“.  

საგულისხმო და მნიშვნელოვანი ფაქტია წიგნის შექმნის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. – ,,ამ წიგნის შექმნაში, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგია და შესაბამისად დავურთეთ ე.წ. QR-კოდები, რომლის მიხედვითაც ნუმერაციაა მინიჭებული კონკრეტული ძეგლის, როგორც კი შტრიხ-კოდს წააკითხებთ თქვენს ტელეფონს, ან ნებისმიერ წამკითხველ გაჯეტს, მიმართულებას მოგცემთ და პირდაპირ მიხვალთ ამა თუ იმ ძეგლის ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობის ადგილზე, სახელწოდების მიხედვით. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური მიგნება, შესაბამისად, დავიტანეთ ჩვენს წიგნში. არსებობდა რამდენიმე გამოცემა, მათ შორის მეუფე ეფრემს ჰქონდა პუბლიცისტური სტილის, მე ვიტყოდი, უფრო ბროშურა, ვიდრე წიგნი გამოცემული. მეუფის გამოცემაში შესულია მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები, როგორც ახალი, ასევე ძველად აგებული. ზოგიერთ მათგანს თავად მეუფე ეფრემმა მიანიჭა სახელწოდება, რადგან დაკარგული იყო მათი სახელები. ამ მიმართულებით ჩვენ ქეთი დაგვეხმარა ძალიან, რომელმაც იმუშავა არქივში, სადაც აღმოჩნდა კონკრეტული სახელწოდებები. ბევრი ინფორმაციაა ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა, ამიტომაც მოვუნდით 4-5 წელი, რომ სრულგვეყო წიგნი.“

ბატონი სოსოს თქმით, თავიდან ჩანაფიქრი იყო, რომ ეს წიგნი გამოსულიყო ტომებად, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ერთი წიგნიც დაიტევდა ამ ყველაფერს. იგი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ზოგიერთ ძეგლთან ორჯერაც უწევდათ მისვლა და მეორე მისვლაზე უკვე რესტავრაცია ხვდებოდათ დაწყებული კონკრეტული დონორის, ,,ქართუს“, მიერ.-  ,,ჩვენ თუ იგივე ძეგლის სანახავად მივიდოდით, შემდეგ წელს, დაგვხვდებოდა დაწყებული სამუშაო, თითქმის  ან, სრულიად რესტავრირებული ძეგლი. შესაბამისად, ამ კატალოგში შეგხვდებათ 2-3 კონკრეტული ძეგლის ფოტო, რა მდგომარეობაში იყო პირველი მონახულებისას და უკვე რესტავრირების შემდეგ.“

ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კატალოგის შექმნაში  აქტიურად იყო ჩართული და მხარს უჭერდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია- ,, მადლიერებას გამოვთქვამ ყველას მიმართ, ვინც წვლილი შეიტანა ამ კატალოგის შექმნაში. განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, ბატონი გოგის, ბატონი დავითის, ბატონი ბუბას, მიმართ. აბსოლუტურად ყველა იყო საქმის კურსში, რომ ჩვენ ამ საქმეს ვაკეთებდით, მიმდინარეობდა მუშაობა, საჭირო იყო ასევე გარკვეული რესურსები, კერძო სექტორიდან ან სხვა უწყებებიდან, როგორც ვახსენე სატყეო სააგენტო. ბუნებრივია, ჩვენი სამსახურის  რესურსიც მიდიოდა ამაში,  შევიძინეთ სპეციალური ჯიპიეს აპარატი, რომლის მიხედვითაც მოხდა ამ კოორდინატების დადგენა და მივიღეთ საბოლოოდ ის, რაც მივიღეთ. მადლობა მინდა გადავუხადო დიზაინერს, მთარგმნელს, ზეპროფესიონალებს  თავიანთ საქმეში, სტამბას და გამომცემლობა „საარს“, რომლებმაც დიდი ენთუზიაზმით, დიდი მონდომებით, წერტილ-მძიმის დონეზე გააკეთეს ეს დოკუმენტი და ეს საკმაოდ სერიოზული წიგნი. 
ჩვენ თავიდან ვფიქრობდით, რომ ეს წიგნი ყოფილიყო ასევე პუბლიცისტური, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა ამ ყველაფერმა და ვფიქრობ, ის სამეცნიერო წრეებშიც კი მიმზიდველი იქნება. მრავალფეროვანი კატალოგი გამოვიდა,  მრავალფეროვნება გულისხმობს, მის ფოტოებს, QR-კოდებს, ასევე არის ორენოვანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის განკუთვნილი, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვის, ანუ ტურისტული სეგმენტისთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი გაეცნობიან ამ ინფორმაციას ინგლისურ, ე.წ. საერთაშორისო ენაზე.
მოკლედ, ეს არის ის წიგნი, რომელიც უკვე გამოიცა. სამწუხაროდ, ჯერ პრეზენტაცია ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მალე, ალბათ, ფართო საზოგადოებისთვისაც იქნება ცნობილი ამ წიგნის შესახებ.

    
მარიამ ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები