კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
Homeრუბრიკებიისინი ისტორიას საკუთარი ცხოვრებით წერდნენ

ისინი ისტორიას საკუთარი ცხოვრებით წერდნენ

,,მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“ ,,აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“
ილია მოვიშველიეთ და შევეცადეთ ისეთი ადამიანების ხსოვნა გავაცოცხლოთ, ვინც მთელი ცხოვრება წერდა პატარა ისტორიას, ქმნიდა ღირებულს, საინტერესოს, ვინც უბრალოდ მუშაობდა, დაბალ თუ მაღალ პოზიციაზე, ვინც გულწრფელად ემსახურებოდა ოჯახს და ქვეყანას, ვინც ზრდიდა, აფრთიანებდა და ცხოვრების ასპარეზზე უშვებდა მერცხალა გოგო ბიჭებს. ასეთები ბოლნისში მრავლად არიან, ისინი ახსოვთ, ისინი უყვართ, სწორედ მკითხველის თხოვნაა დავწეროთ მათზე, გავიხსენოთ და მომავალ თაობას გადავცეთ ამბავი, მათი მისაბაძი ცხოვრების შესახებ. ჩვენი გაზეთის მიზანია, გავიხსენოთ უბრალოებით გამორჩეულები, ცნობილები, თუ თავისი ცხოვრებით მოკრძალებულები, ისინი, ვინც ახსოვთ მეზობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, სკოლებს, ბაღებს, ოჯახებს, თუ აღზრდილებს. სტიმული და იდეა თამარ ბობოხიძისგან წამოვიდა, მან გვიამბო, მან მოგვიტანა წერილი და მისივე თხოვნით, რუბრიკა ,, ჩვენ გვახსოვს“, ვენერა ბერძენიშვილის გახსენებით დავიწყეთ.
თამარ, რატომ მაინც და მაინც ახლა და, რატომ ქალბატონი ვენერა ბერძენიშვილი?
-დიდი მადლობა, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეთ და მომეცით საშუალება გაზეთის საშუალებით გავახსენო საზოგადოებას ეს დიდებული ქალბატონი, მინდა მათაც იცოდნენ ის, რაც მე ვიცი მის შესახებ და რატომაც ვცემ პატივს. რატომ მაინც და მაინც ახლა, შევეცდები აგიხსნათ, ვფიქრობ, განსაკუთრებით უპრიანია ამ თემაზე საუბარი, როდესაც ბავშვები წიგნს და ბიბლიოთეკას დაშორდენ, მინდა მათ შეიგრძნონ ბიბლიოთეკის და ძველი, გაცრეცილი წიგნის სურნელი, მინდა ყველაფერმა ძველი დატვირთვა დაიბრუნოს. მინდა ურთიერთობები ისეთი ლამაზი და ხალასი იყოს, როგორც მაშინ, მინდა ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, იყოს ერთგულება, არ მინდა ღალატი, გაუტანლობა, უწიგნურობა გამეფდეს დედამიწაზე. ეს თითოეული ჩვენგანის ტკივილია და ყველამ უნდა დავდოთ ჩვენი წილი, ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი საკეთებელი.
ბავშვობაში როგორ ხდებოდა, ვინ გასწავლიდათ ბიბლიოთეკასთან და ,,გაცრეცილ“ წიგნთან ურთიერთობას?

  • ბავშვობაში, როდესაც პატარები კულტურისა და დასვენების პარკს ვსტუმრობდით და ვერთობოდით, შენობას, რომელსაც ,,ბიბლიოთეკა“ ეწერა, შორიდან ვუტრიალებდით. ერთხელ ერთად შეგროვილ ბავშვებს, ლამაზი ქალბატონი მოგვიახლოვდა, რაც ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა, მოხდენილად ესვა წითელი ტუჩსაცხი, დაგვიყვავა, შეგვიძღვა საბავშვო ბიბლიოთეკაში, სადაც ლამაზი, ყვავილებით გაწყობილი ინტერიერი და წიგნების სუნი დაგვხვდა, დაუვიწყარია ეს შთაბეჭდილება ჩემთვის. ეს იყო ბიბლიოთეკის გამგე დაუვიწყარი, თბილი და მოსიყვარულე ქალბატონი ვენერა ბერძენიშვილი.
    მაინც როგორ მიგიყვანათ წიგნამდე?
    -ქალბატონი ვენერა მოკლედ გვესაუბრა წიგნის სიყვარულზე და მის გავლენაზე ადამიანის განვითარებაში. გადმოიღო საბავშვო ზღაპრების კრებული, დაიწყო კითხვა, აღგვიძრა ინტერესი და გვითხრა, თქვენ შეიძლება გაწევრიანდეთ ბიბლიოთეკაში, გაიტანოთ ეს და კიდევ მრავალი წიგნი, მოხვიდეთ და მომიყვეთ, რა მოგეწონათ, რამ მოახდინა შთაბეჭდილება თქვენზე, ან გააკეთოთ ჩანაწერებიო.
    თუ გახსოვთ პირველი წიგნი?
    -ჩემი პირველი წიგნი ყაზახური ზღაპრები იყო, ათი დღის შემდეგ დავაბრუნე წიგნი. ქალბატონმა ვენერამ გულში ჩამიხუტა და მართლაც გამომკითხა წიგნის შესახებ, მომისმინა გულდასმით და მითხრა, შენ კარგად გამოგაქვს წიგნიდან შინაარსი, შეგიძლია ხშირად გაიტანო წიგნები და როცა სურვილი გექნება, მაშინ მესაუბრე წიგნის შინაარსის თაობაზეო. ასევე მახსენდება ნათელა რეხვიაშვილი, კეთილი ქალბატონი, რომელიც მუდმივად წიგნით ხელში გვხვდებოდა.
    რატომ მოგეწონა მაინც და მაინც ყაზახური ზღაპრები?
    -არ მახსოვს, რა მომწონდა ყაზახურ ზღაპრებში, საინტერესო და მარტივად საკითხავი იყო, თანაც პირველი წიგნი იყო ბიბლიოთეკიდან გატანილი, ალბათ, ამან განაპირობა.
    ბიბლიოთეკაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ეწყობოდა?
    -ქალბატონი ვენერა საბავშვო ბიბლიოთეკაში ხშირად აწყობდა ღონისძიებებს და აქტიური მკითხველები ვიღებდით მონაწილეობას, ამით მოტივაციას გვიმაღლებდა, რომ წიგნთან ახლო ურთიერთობა გვქონოდა. ეს ყველაფერი გამორჩეული და დაუვიწყარია, ბევრ ცოდნას და გამოცდილებას გვაძლევდა, გვაყვარებდა წიგნს, გვიმუშავებდა მეტყველებას და გვასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობას.
    მაინც, რისი თქმა გინდა ამ მოგონებით?
  • ამ მოგონებით მინდოდა მადლიერება გამომეხატა ქალბატონი ვენერას მიმართ, მან შემაყვარა წიგნთან ურთიერთობა და სწორი მიდგომით შეგვაყვარა ბავშვებს საბავშვო ბიბლიოთეკა და კითხვა. მიუხედავდ იმისა, რომ იმ პერიოდში, არ წარმოადგენდა წიგნის შეძენა პრობლემას, შეიძლება არც გადაგვეშალა და წაგვეკითხა, ბავშვობიდან რომ არ გვესწავლა ურთიერთობა წიგნთან. ის, რომ ბიბლიოთეკაში გვხვდებოდა თბილი და მოსიყვარულე ატმოსფერო, ვიღებდით ღონისძიებებში მონაწილეობას, უკვე ჩვევაში ჩამოგვიყალიბდა წიგნის კითხვა. ჩემს მაშინდელ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას შეძლებისდაგვარად გადავცემ ჩემს ირგვლივ მყოფ მშობლებს და ბავშვებს და ვურჩევ, საბავშვო ბიბლიოთეკაში გაწევრიანებას. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ქალბატონ ვენერა ბერძენიშვილს, ყოველთვის თბილად გამახსენდება მისი სითბო და სიყვარული. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სამსახური საბავშვო ბიბლიოთეკაში, ქალბატონი ეთერ გოგშელიძის ხელშეწყობით,ასვე ჩემი პირველი ხელმძღვანელი, ქალბატონი მზიური კაპანაძე. ეს წერილი მინდა უბრალოდ, მადლიერება იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბოლნისურ ცხოვრებაში რაღაც თქვა და კვალი დატოვა.

თამარ, შენ მოგვაწოდე იდეა, არ დავივიწყოთ ისინი, ვინც უბრალოებით თუ პომპეზურობით ქმნიდა და ქმნის, ვინც თავს გვამახსოვრებდა და ახლაც ასეა, ვიცი რომ ბევრი გყავს ასეთები, ვის შემოგვთავაზებდი, რომ შემდგომში ჩვენი გაზეთის მეშვეობით გავიხსენოთ?
-ასეთები მრავლად არიან, ზოგი წასული, ზოგიც ცხოვრების ავანგარდშია და ისევ აქტიურად აგრძელებენ მოღვაწეობას. ახლა ვინც მახსენდება, ნიურა კოპალიანი, უმაგრესი ქალბატონი, ექიმი ციური მუხაგულიშვილი, მერი დემურაშვილი, მუსიკის მასწავლებელი და კიდევ მრავალი. მე თქვენთან აუცილებლად ვითანამშრომლებ, მადლობა, რომ ამ მშვენიერ საქმეს მოკიდეთ ხელი.
მადლობა თქვენ, თამარ.
პ.ს. ვფიქრობთ, მოგეწონებათ წარსულის გახსენება, ვფიქრობთ ითანამშრომლებთ ჩვენთან და მოგვაწოდებთ იმ ადამიანების ისტორიას, ვინც თქვენთვის ღირებულია: კარგი ადამიანი, მასწავლებელი, ინჟინერი, მწერალი, მეეზოვე, მდივან-მემანქანე, რაღაცის თუ ვიღაცის უფროსი, თუ უმცროსი, ან უბრალოდ კოლორიტი, ენაკვიმატი, კარგი მეზობელი ..ყველას, ყველას გეკუთვნით ადგილი ჩვენი გაზეთის ფუცლებზე, იმიტომ, რომ ეს თქვენია, უთქვენოდ ვერც ჩვენ ვიქნებოდით, მადლობა რომ არსებობთ.

ბელა ონიანი

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები