მყუდრო და თბილი გარემო, სივრცე, რომელიც ახალი ნამუშევრის შექმნის სურვილს ბადებს, ეს დაბა კაზრეთის დღის ცენტრია, სადაც ბენეფიციარები თავის შექცევისა და დროის ნაყოფიერად გატარების მიზნით სხვადასხვა ხელსაქმეს მისდევენ,ზოგისთვის ეს საყვარელი ჰობია, რომელსაც დროის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან უთმობდნენ, ფერთა შეხამება, მეორადი მოძველებული ქსოვილების თანამედროვე დიზაინით ახალი სიცოცხლის დაბრუნება, სიყვარულით შექმნილი ნივთები- ეს ცენტრის ბენეფიციარის ნატალია ოქროპერიძის თვალით აღქმული და გადმოცემული ნიჭია. მას აქვს შესანიშნავი უნარი მივიწყებულ საგანძურს ახალი სიცოცხლე შთაბეროს. პენსიაზე გასული ხელოვანი, გვერდზე გადადებულ ფრაგმენტებს ხელოვნების ძვირფას ნიმუშებად აქცევს. ჩვენ გაგაცნობთ მის შემოქმედებით სამყაროს და სიყვარულს ხელოვნებისადმი.
მყუდრო კუთხიდან, გარშემორტყმული ძაფებითა და საქსოვი ნემსების რბილი წკაპუნით, ნატალია გაგვიზიარებს თავის შეხედულებებს, ისტორიებსა და იმ სიხარულს, რომელიც მომდინარეობს ძველი ნივთების განახლების სურვილით. როდესაც ჩვენ გავხსნით ნატალია ოქროპირიძის მოგზაურობის ძაფებს, აღმოვაჩენთ მაგიას, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც ფანტაზია ხვდება მოხერხებულობას და დაძველებული ნივთები გარდაიქმნება სანუკვარ შედევრებად.
ნატალიას დახმარებით ძველი ნივთები ახალ მიზანს პოულობს და ყოველი ახალი ნივთი მოგვითხრობს ხელოვანის შინაგანი სამყაროს ისტორიას.
- გვიამბეთ თქვენს შესახებ?
- მე ვარ ნატალია ოქროპერიძე (პეტუხოვა), გორნი ალტაიდან , 1977 წლიდან კი ვცხოვრობ კაზრეთში, დავოჯახდი ქართველზე. მყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი. 17 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედი და მას შემდეგ აქ ვარ. დასაქმებული ვიყავი მადნეულის სამთო- გამამდიდრებელ კომბინატში. სადაც 28 წელი ელექტრო ენერგო საამქროში ვიმუშავე.
რატომ და როდის დაიწყეთ ნამუშევრების შექმნა, პირველი ნამუშევარი?
- ახალგაზრდობიდანვე მიყვარდა ხელსაქმე, ქსოვა, კერვა. ეს ყველაფერი სკოლაში შრომის გაკვეთილებზე ვისწავლე , ხელსაქმე სიამოვნებას და სიმშვიდეს მგვრიდა, დიდობაში კი მეტად დავხვეწე, ფანტაზია ჩავრთე და პირველად შვილებს მოვუქსოვე და შევუკერე ტანსაცმელი. მას შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჩემი საყვარელი ჰობია, რომელიც ერთგვარი თერაპიაა, რომ დაიწყებ საქმეს და დაღლის მიუხედავად ვერ ეშვები , რადგან უდიდეს სიამოვნებას გრძნობ, უკვე საბოლოო შედეგს რომ ღებულობ, ეს საოცარი სიხარულია.
ნელ- ნელა პატარა ნამუშევრებს, სხვადასხვა ნივთების დამზადება მოყვა. ვქსოვდი სუფრებს, რბილი ავეჯის გადასაფარებლებს. ძალიან მოსწონდათ სუფრები და საზღვარგარეთიდან ვიღებდი შეკვეთებს. 90-იანების რთული პერიოდის სირთულეებს ჩემი ხელსაქმით ვიმსუბუქებდი.
- ძირითადად რას ამზადებთ და რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი ნამუშევრები?
- ძველი ტანსაცმელისგან ვკერავ ჩანთებს, მასალად ვიყენებ სხვადასხვა ქსოვილს: საფულეებს, ქურთუკებს, მოსაცმელებს და სხვა. ჩემი ფანტაზიით ფერად ქსოვილებს ერთმანეთს ვუხამებ, ვაკერებ ერთმანეთს, შემდეგ უკვე მზა მასალას ვათავსებ ქურთუკებზე , ჩანთებზე, რაც ახალ ელფერს სძენს მათ. ვქმნი ასევე კედლის სურათებს. ვქარგავ სხვადასხვა ძაფით. ეს ყველაფერი ძალიან მამშვიდებს და მსიამოვნებს, ახალი ნივთის შექმნა ჩემთვის ბედნიერებაა, ვმუშაობ მაშინ, როცა მაქვს დრო და განწყობა. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. უამრავი ნამუშევარი მაქვს გაჩუქებული. ვახარებ შვილებსა და შვილიშვილებს ჩემი ნახელავით.
- როგორია გარემო და თქვენი ურთიერთობა დღის ცენტრთან?
- წელს დავიწყე კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრში სიარული, მომწონს აქაური გარემო. აქ გავიცანი რამდენიმე ქალბატონი, რომლებსაც საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა, აიტერესებთ მსგავსი ნამუშევრების შექმნა. ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს. კარგია, რომ არის იმის შესაძლებლობა, რომ საერთო ინტერესების მქონე ადამიანებმა ვიურთიერთოთ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვქსოვ, ვკერავ თუ ვქარგავ, ყველაფერზე ვმუშაობ სიამოვნებით. ყველა ნამუშევარი ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ სახლში აღარ მაქვს. ასევე მიყვარს მოგზაურობა, ჩემი ოცნებაა კაბადოკიისა და დუბაის მონახულება. მიყვარს აქტიური ცხოვრება, ასაკი ციფრებია, ადამიანი არ უნდა გაჩერდეს, მუდმივად უნდა განვითარდეს, თუ ხელსაქმით არ ვარ დაკავებული ვკითხულობ წიგნებს და ვუყურებ ფილმებს.
,,როცა ვმუშაობ ყველაფერს ვქმნი სიყვარულით, ხალისით, კარგი განწყობითა და ემოციით. მიყვარს მშვიდად მუშაობა“ – ამბობს ჩვენთან საუბარში ქალბატონი ნატალია.
დღეს, 63 წლის ხელოვანი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, საპენსიო ასაკის გამო აღარ მუშაობს და მისი ძირითადი საქმე დიასახლისობაა, ხშირად სტუმრობს ხანდაზმულთა დღის ცენტრს, აქვს პატარა ბაღი, რომელსაც უვლის, თავისუფალ დროს კი ქმნის ნამუშევრებს და ცდილობს დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაიყვანოს.