ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების 10 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 სექტემბრიდან განახლდება. რა სიახლეები ინერგება და რამდენ ბაღში განახლდება სააღმზრდელო პროცესი, ამ და სხვა საკითხებზე ინფორმაცია სამსახურის ხელმძღვანელმა, ლელა გოგმაჩაძემ მოგვაწოდა:
,,პროცესი არ განახლდება დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში, რომელიც შენობის ავარიული მდგომარეობის გამო დაკეტილია. თუმცა, როგორც იცით, უკვე შედგა ტენდერი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა და მალე დაიწყება მშენებლობა. რაც შეეხება დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში რეგისტრირებულ ბავშვებს, 5-6 წლიანი ასაკობრივი ჯგუფებისთვის კაზრეთის #1 საჯარო სკოლის შენობაში იმუშავებს 2 სასკოლო მზაობის ჯგუფი, უმცროსი ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელები კი სოფ. ბალიჭის საბავშვო ბაღში მიიღებენ ადრეულ და სკოლამდელ განათლებას. ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება 2-3 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფის გახსნა სათანადო ფართის არარსებობის გამო, თუმცა, ეს შესაძლებელი გახდება ცოტა მოგვიანებით. ბალიჭის საბავშვო ბაღში განთავსებული ბიბლიოთეკა გადავა სხვა შენობაში, რის შემდეგაც გარემონტდება ეს ფართი და გაიხსნება 2-3 წლიანთა ჯგუფი. დაბა კაზრეთიდან ბავშვებისა და თანამშრომლების ტრანსპორტირებაში გვეხმარება კომპანია RMG, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მხარდამჭერია დაბა კაზრეთისა და სოფ. ბალიჭის საბავშვო ბაღების.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი არ განახლდება ასევე სოფ. ტანძიის საბავშვო ბაღში, სადაც სულ მალე შენობის კაპიტალური სარემონტო – სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
დაწესებულებამ ახალი სასწავლო წლისთვის ივლისის თვეში გამოცხადა ტენდერები საკვებ პროდუქტებზე ტექნიკური რეგლამენტის-„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ შესახებ მოთხოვნათა გათვალისწინებით. მენიუ შედგენილია ამავე რეგლამენტით რეკომენდებული კალორაჟის დაცვით და, როგორც ყოველთვის, უხვადაა წარმოდგენილი ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული. მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება მოხდება კვირაში ერთხელ, შესაბამისი მანქანა-რეფრეჟერატორებით. საბავშვო ბაღებში, როგორც იცით, დანერგილია ჰასპის სისტემა და დიდი ყურადღება ექცევა უვნებელი სურსათის წარმოებას.
როგორც იცით, საბავშვო ბაღები ემზადებიან ავტორიზაციის პროცესისთვის. ივნის-ივლისის თვეში ჩვენს დაქვემდებარებაში შემავალმა თითოეულმა საბავშვო ბაღმა და ალტერნატიული განათლების დღის ცენტრებმა შეავსეს „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების თვითშეფასების ფორმა“.
ამ ეტაპზე ბაღებში უკვე დასრულდა დასუფთავება–დალაგების პროცესი და მიმდინარეობს ეზოების გალამაზებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. ბოლო წლებია, დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ბავშვები მაქსიმალურად დიდხანს იყვნენ ეზოში და აქ დრო ნაყოფიერად და სასარგებლოდ გაატარონ. აღმზრდელები დიდ შრომასა და ენერგიას დებენ იმაში, რომ ეზოები ფუნქციურად იყოს მოწყობილი და ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებელობა განივითარონ სხვადასხვა უნარები.
უკვე დაიწყო და გრძელდება ღია კარის დღეები, სადაც აღმზრდელები, მათ ჯგუფებში ახლად ჩარიცხულ აღსაზრდელებს სტუმრად იწვევენ მშობლებთან ერთად, რათა ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დაათვალიერონ თავიანთი ჯგუფის ოთახი, ეზო, ის გარემო, სადაც მოუწევთ მთელი წლის გატარება, გაიცნონ აღმზრდელები და ბაღის სხვა თანამშრომლებიც, ვისთანაც ექნებათ შეხება წლის განმავლობაში.
ეს პროცესი ეხმარება აღსაზრდელებს მარტივად მოხდეს მათი ოჯახებიდან ბაღში ტრანზიციის პროცესი, დაძლიონ შფოთვები, უცხო გარემოსა და უცხო ადამიანებთან დარჩენის შიშები და გაუადვილდეთ საბავშვო ბაღთან შეგუება.
სასწავლო პროცესის დაწყებამდე აღმზრდელებმა უკვე მოასწრეს ერთი ტრენინგის გავლა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) დახმარებით. ტრენინგის მონაწილეები დაეუფლნენ კომპიუტერის გამოყენების უნარებს, შეისწავლეს საოფისე პროგრამები და მიიღეს ინტერნეტ-სივრცეში მუშაობის გამოცდილება.
დაწესებულების საშტატო ნუსხაში 2023 წლის სექტემბრიდან შევა ცვლილება და სსს მქონე ბავშვთა მხარდასაჭერად დაემატება სპეც. მასწავლებლის 2 შტატი.’’