ახალი 2022 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება ტრადიციულად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული, აქედან უმთავრესი პატარებისთვის სიურპრიზი გახლდათ, თოვლის ბაბუა მისთვის მოწყობილი ქოხიდან ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა ასევე პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორებიც.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა, დააგემოვნა და ბოლნისელებს დამდეგი ახალი წელიც მიულოცა.
მუნიციპალიტეტის მერიის წინ სპეციალურად ამ დღისთვის განთავსდა დახლები, სადაც შემოქმედებითი კოლექტივების და ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქციის გამოფენა გაყიდვა მოეწყო. ზამთრის სუსხიან დღეს, ტრადიციული მეთოდით დამზადებულმა გლინტვეინმა, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
მუნიციპალიტეტის მერიის წინ დამონტაჟებულ სცენაზე კულტურის სახლთან არსებული ადგილობრივი კოლექტივების მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება ჩატარდა, სპეციალურაც მოწვეული თბილისის ქალთა გუნდის მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, საახალწლო განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
ნაძვის ხის განათებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ულამაზესი ნაძვის ხეც აინთო.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერიკით, ბენდისა და დიჯეი სეტის კონცერტით დასრულდა.