გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალაქ კიოლნში 23 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით მოყვარულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით ბოლნისელი ოთარ ოჩხიკიძე იღებდა მონაწილეობას. კონკურსანტებს რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში, მაღალი დონის საერთაშორისო კომპეტენტური ჟიურისთვის, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები უნდა შეესრულებინათ.
აღნიშნულ კონკურსზე ბოლნისელმა პიანისტმა 15 წუთის განმავლობაში ბახ-ბუზონის ტოკატა დო მაჟორში დაუკრა, რასაც ჟიურის უმაღლესი შეფასება პირველი ადგილი და ერთკვირიანი მასტერკლასი ხორვატიაში, სრული დაფინანსებით, ცნობილ საერთაშორისო პიანისტთან ანა მარია მარკოვინასთან მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი პიანისთვის წარმატებას და მიღწევებს გერმანული მედია საშუალებები ინტენსიურად აშუქებდნენ.
,,კონკურსის შესახებ 2 თვის წინ შევიტყვე და მაშინვე დავრეგისტრირდი მონაწილეობის მისაღებად, რა თქმა უნდა დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექი, რადგან 100 ძლიერ კონკურსანტთან მიწევდა ძალების მოსინჯვა. საკონკურსოდ საკმაოდ რთული ნაწარმოები შევარჩიე, რომლის დამუშევაბასაც დღეში დაახლოებით 5-დან 9 საათამდე ვანდმომებდი. ჩემმა შრომამ ნამდვილად გამოიღო შედეგი და გამიძლიერა მოტივაცია მეტი წარმატებისთვის,“ განაცხადა პიანისტმა ოთარ ოჩხიკიძემ.
„გაზეთი ბოლნისი“ ახალგაზრდა პიანისტს ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.