დღეს საქართველოში მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება, პროფესია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვისი სიცოცხლის გადარჩენას გულისხმობს. ადამიანები, რომლებიც სწორედ იქ ჩნდებიან, სადაც მათი დახმარება, იმ წუთას, ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად იციან, რომ თითოეული ოპერაციის დროს, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. სამსახურეობრივი მოვალეობის დროს არაერთი დაღუპულის გახსენება შეგვიძლია, დღეს მოგიყვებით გუდაურის ტრაგედიის ერთ-ერთ გმირზე. 2022 წლის 30 ივლისს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა და ეკიპაჟი ყველა წევრი ტრაგიკულად დაიღუპა. ტანძიის მკვიდრს, 29 წლის გიორგი მარგიანს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. გიორგის გმირობაზე, ოცნებებზე და სამომავლო გეგმებზე ჩვენი რესპოდენტები საუბრობენ.
გიორგის ხანმოკლე ცხოვრებას დიდი ისტორია აქვს. ის ბავშვობიდან ადამიანების მიმართ თანადგომის უდიდესი განცდით იყო გამსჭვალული, დაინტერესებული იყო სპორტით და არაერთ წარმატებასაც აღწევდა. სიცოცხლეში მოპოვებულ ჯილდოებთან ერთად, გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადებისათვის, გმირის წოდება მიანიჭა.
საქართველოში 12 ივნისს მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება. მეხანძრე-მაშველის პროფესია უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლოა, რომელიც გმირობას, ვაჟკაცობას და თავგანწირვას მოითხოვს. მათ პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ხშირად ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მათი გმირობის ისტორიაზე მომავალი თაობები გაიზრდებიან.