ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

,,ალკაპონე’’- ახალგაზრდა მეღვინის მიერ  გაგრძელებული ტრადიცია

მევენახეობა-მეღვინეობის უძველეს ტრადიციასთან და ვაზის მრავალფეროვან ჯიშებთან ერთად,   ბოლნისურ ღვინოს საინტერესოს ის ევროპული კვალი ხდის, რომელიც გერმანიიდან ჩამოსახლებულმა შვაბმა კოლონისტებმა დატოვეს. საქართველოში ძნელად შეხვდებით ისეთ მარნებს, როგორსაც ბოლნისში, 200 წლის წინ აშენებულს. აქ  ჩამოსახლებულმა შვაბებმა კარგად იცოდნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიები. სახლებთან ერთად,  ისეთი მარნები ააშენეს, რომ ღვინის დაყენებისთვის და შენახვისთვის, ყველა საჭირო პირობა ბუნებრივად ყოფილიყო. მაგალითად, აუცილებლად,  უნდა ყოფილიყო  კირით ნაშენი, აღმოსავლეთით არ უნდა ჰქონოდა კარი, მზე  არც კარს უნდა მოხვედროდა, არც ფანჯარას. ეს ყველაფერი, გათვლილი იყო იმისთვის, რომ მარანში საჭირო ტემპერატურა შენარჩუნებულიყო. ზუსტად 200 წლის შემდეგ, ბოლნისელი მეღვინეები სწორედ ამ მარნებში, ქართული ტრადიციით და ევროპული გამოცდილებით აგრძელებენ საკუთარი ღვინის წარმოებას. ოქროსფერი ღვინის ქალაქში მეღვინეთა რაოდენობა გაიზარდა, განსხვავებული არომატისა და გემოვნური თვისებების მქონე ბოლნისური ქვევრის ღვინოები, დიდი მოწონებით სარგებლობს და საპატიო ადგილს იკავებს, როგორც ადგილობრივ,  ისე საერთაშორისო ბაზარზე. მშობლების მიერ დაწყებულ საქმიანობას, ახალი ხედვებითა და ტექნოლოგიების დანერგვით, დღეს  შვილები აგრძელებენ, მათ საოჯახო მეურნეობას სხვა დატვირთვა შესძინეს. სწორედ ასეთ საოჯახო მარანზე და ახალგაზრდა მეღვინეზე ლევან კაპანაძეზე გიამბობთ, რომელმაც ბაბუის მიერ დაწყებული  მევენახეობა-მეღვინეობის ოჯახური ტრადიცია  გააგრძელა და სრულად გაითავისა ის  რთული გზა, რასაც ვაზის მოვლა, ყურძნის დაწურვა და  ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა ჰქვია .

-ლევან, გვიამბე თქვენი საქმიანობის შესახებ, რა გზა გაიარა  ღვინომ დღემდე?

-სრულიად მაქვს გაცნობიერებული ის გარემოება, რომ საქართველო ვაზისა და ღვინის კლასიკური ქვეყანაა, სადაც  ვენახის ჭეშმარიტი სამშობლო  ეგულებათ, სადაც ვაზ-ყურძნის უთვალავი ჯიში გამოუყვანიათ, სადაც ისეთ ჩინებულ ღვინოს სვამენ, როგორსაც არსად, სადაც  ჯერ კიდევ ცოცხალია მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი, არქაული წესები. ღვინის ინდუსტრია ბევრ ქვეყანაშია განვითარებული, მაგრამ როცა  ეს ქვეყნები თავისი ღვინოების ექსკლუზიურობით გვაწონებენ თავს, ჩვენ ყველაფერი ბუნებრივად გვაქვს და, ეს პატარა ქვეყანა, თავისი 8000 წლიანი ისტორიით, ღვინის სამშობლოდაა აღიარებული, ჩვენი ექსკლუზიურობაც ქვევრის ღვინის წარმოებით დავანახეთ მსოფლიოს. ბოლნისური ღვინოები განსაკუთრებული შეფერილობითა  და არომატითაა გამორჩეული. სწორედ, ამ თვისებებით დაიმკვიდრა თავი ბოლნურმა ღვინოებმა და თავისი სიტყვა თქვა ყველა ღვინის ფესტივალზე.

ხარისხიანი ღვინის წარმოებაში  განსაკუთრებული როლი ითამაშა გერმანულმა სარდაფმა, სადაც 2017 წელს განვათავსეთ ქვევრები და კასრის ღვინის წარმოებიდან გადავედით ქვევრის ღვინის დამზადებაზე. მაღალი ხარისხის ღვინის  მისაღებად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთნაირი ტემპერატურის შენარჩუნებას ღვინის მარანში. ამის საუკეთესო საშუალებას გვაძლევს გერმანული ორ სართულიანი სარდაფი, მარანში შენარჩუნებულია ჩვეული გერმანული   სტილი და დამატებულია თანამედროვე ელემენტები ტურისტებისთვის. დღემდე მოწეულ მოსავალს  ვწურავდით და დადუღების პროცესი ხორციელდებოდა ხის  კასრებში. მიღებულმა გამოცდილებამ გვიკარნახა, რომ აუცილებელია მუხის კასრების ქვევრით ჩანაცვლება, რადგან  ქვევრი ის ჭურჭელია, რომელშიც მიმდინარეობს ყურძნის ტკბილისა თუ დურდოს დადუღება და ღვინის შენახვა. ამრიგად, მისი დანიშნულება და მნიშვნელობა მეღვინეობაში უდიდესია. ქვევრის, როგორც სამეურნეო ხასიათის მქონე ჭურჭლის წარმოშობა, ძალზე შორეულ წარსულშია სავარაუდო. ქვევრს მუხის კასრისგან განსხვავებით, არ ახასიათებს ღვინის ამოშრობა და დანაკარგი. ყველა ტექნოლოგიური პროცესის ზუსტი დაცვით (ჰიგიენა, ჰერმეტულად შენახვა და სხვ.) გვაძლევს გარანტიას  ქვევრში ღვინო ხანგრძლივად შევინახოთ და რაც ყველაზე მთავარია,  გაუმჯობესებულია ღვინის შემადგენლობა რაც ღვინის მაღალ სტანდარტს განაპირობებს.

რამდენად შრომატევადია ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება?

-ქარხნული და ოჯახური მეღვინეობები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ არსებობს ისეთი საერთო მეთოდის აუცილებლობა, როგორიცაა სისუფთავისა და ჰიგიენური პირობების დაცვა. მეღვინეობაში ჰიგიენის დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მაღალხარისხოვანი ღვინის მისაღებად. გამომდინარე აღნიშნულიდან,  ვფლობ რა საკუთარ ვენახებს, უპირველეს ყურადღებას ვაქცევთ  ამ პირობების დაცვას. ღვინის ხარისხი ვენახით იწყება, გვაქვს დიდი გამოცდილება ვენახების მოვლა-პატრონობის კუთხით, დაწყებული გასხვლიდან, დამთავრებული  შხამ–ქიმიკატების მიწოდებით. ვიცავთ აგრო ვადებს,  ვყიდულობთ ძვირად ღირებულ წამლებს, რაც იმის წინა პირობაა, რომ გვიხდება მაქსიმუმ ვენახების ოთხჯერ შეწამვლა  მთელ პერიოდზე (ამ დროს სხვა მევენახეები 7–ჯერ წამლავენ  ვენახებს) ,ეს კიდევ თავის მხრიდან  განაპირობებს  ღვინის მაღალ ხარისხს.

ახალგაზრდა მეღვინემ ღვინის ქვევრში დაყენება და ბოთლებში ჩამოსხმა 2017 წელს დაიწყო, სახელიც ბაბუის პატივსაცემად დაარქვა და დღეს ბაზარზე ლევან კაპანაძის ღვინოს  ,,ალკაპონეს“ სახელით იცნობენ.

,,2017 წლიდან დავიწყეთ ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და ბუნებრივია, დავიწყეთ ფიქრი ამ ღვინის სახელთან დაკავშირებით. ფაქტიურად, ბაბუაჩემის,  ალიოშა კაპანაძის პატივსაცემად  დავარქვით „ალკაპონე“, რომელიც მისი გვარისა და სახელისაგანაა შედგენილი. ამ სახელით მიმართავდნენ მას  მისი ლიტველი მეგობრები. ღვინის პოპულარობაში ღვინის მაღალი ხარისხის პარალელურად, მისმა ბრენდულმა სახელმაც დადებითად იმოქმედა .  მისი გემოვნური  მახასიათებლები  ძალიან მოსწონთ და მასზე დიდი მოთხოვნაა’’.

ბოლნისის მიკროზონაში მოწეული ყურძნის ჯიშები განსხვავებული არომატითა და ფერითაა გამორჩეული, რაც მეტად მიმზიდველს და საინტერესოს ხდის მის გემოვნურ თვისებებს, „ალკაპონე“კომშის,  მსხლისა  და თაფლის  ტონებითაა შეჯერებული, ასე შეაფასეს „თელიანი ველის“  ტექნოლოგებმა მისი გემოვნური თვისებები . ის შესანიშნავად ერწყმის შემწვარ ქათამს, ზღვის პროდუქტებსა და არტიშოკს. ლევან კაპანაძე მომხმარებელს სამი სახის ყურძნისგან წარმოებულ ღვინოს სთავაზობს – რქაწითელს, საფერავს და ქისს. საოჯახო მარანი ,,ალკაპონე’’ ასოციაცია  „ღვინო ბოლნისის“ წევრია, რომელიც  ადგილობრივმა მეღვინეებმა 2017 წელს შექმნეს.

,,დაარსების დღიდან ვართ ამ გაერთიანების  წევრი. მან უდიდესი როლი ითამაშა ჩემს მეღვინედ ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა ტრეინინგების უფასოდ ჩატარების გზით. გვეხმარება ღვინის ლაბორატორიული კვლევების უფასოდ გაკეთებაში, დღეს უკვე ვაწარმოებთ  5000 ბოთლამდე, გააჩნია ჩვენი  ვენახების მოსავლიანობას. რეალიზაციას ვახდენთ  სხვადასხვა რესტორნებისა და ღვინის ტურების მეშვეობით’’

სამომავლოდ, ახალგაზრდა მეღვინე,   საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დამატებით ვაზის  სხვადასხვა ჯიშების გაშენებასა  და ღვინის წარმოების  გაფართოებას გეგმავს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები