განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პირველად მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი ხორციელდება, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მოქმედი პედაგოგები. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, მასწავლებლებისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე STEAM ბანაკი ხორციელდება, რომლის მიზანია, საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება.
ბოლო წლებში განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა STEAM-პედაგოგიკამ, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიას, ხელოვნებას და მათემატიკას, ეს ინოვაციური მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ ურთიერთკავშირები სხვადასხვა დისციპლინებს შორის, განივითარონ კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი და პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
მომავალი საზოგადოება საჭიროებს ახალ თაობას, რომელიც არამარტო აკადემიური ცოდნით იქნება აღჭურვილი, არამედ მოქნილი აზროვნებით, ტექნოლოგიური უნარითა და პრაქტიკული, ინოვაციური მიდგომებით. სწორედ ამას ემსახურება STEAM-განათლება და სწორედ ამიტომ მისი ინტეგრაცია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
STEAM ბანაკი ორ ნაკადად ქალაქ ქუთაისში, სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა, თითოეულ ნაკადში მონაწილეობას 100 პედაგოგი იღებდა. ბანაკში მონაწილე მასწავლებლებთან, მათი მხარდაჭერის მიზნით, სამუშაო შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება. ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებზე, აქცენტი გაკეთდა STEAM მიმართულებით დავალებების შემუშავებასა და STEAM საგნების ინტეგრირებულ სწავლებაზე. პროგრამის „STEAM განათლება‘‘ ფარგლებში, ჯამში 838 მასწავლებელი დარეგისტრირდა. ტესტირების საფუძველზე შეირჩა საუკეთესო შედეგის მქონე 200 მასწავლებელი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კლუბის ლიდერებისთვის დაგეგმილ ერთკვირიან STEAM ბანაკში. STEAM ბანაკის მეორე ნაკადის მონაწილეებს შორის იყვნენ პედაგოგები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.
2025-2026 სასწავლო წლიდან, შერჩეული ლიდერები საკუთარ დამსაქმებელ სკოლებში დააფუძნებენ STEAM კლუბებს. წლის განმავლობაში ჩატარდება რეგულარული სამუშაო შეხვედრები ლიდერებთან, როგორც დისტანციურ, ისე პირისპირ ფორმატში. ამასთან, ისინი შექმნიან საგანმანათლებლო და ინოვაციურ პროექტებს და მიღებულ პრაქტიკას სასკოლო კლუბებში დანერგავენ.
მედეა ჯაფარიძე, დისველის საჯარო სკოლის პედაგოგი:
– ჩემი, როგორც პედაგოგის, ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიული გამოცდილება უკავშირდება მონაწილეობას მასშტაბურ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავს STEAM-განათლების გაღრმავებას საქართველოს სკოლებში. ონლაინ თეორიული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 200 პედაგოგთან ერთად გავხდი მონაწილე STEAM-ბანაკისა, რომელიც მოეწყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ბანაკი ხუთი დღის განმავლობაში გვთავაზობდა ინტენსიურ, მრავალფეროვან და პრაქტიკაზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესს. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ გავეცანით თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებს, შევისწავლეთ STEAM-პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მეთოდოლოგია, ვმუშაობდით როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად და ვიზიარებდით ერთმანეთის გამოცდილებას. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო პრაქტიკული საქმიანობები, რომლებშიც საინჟინრო აზროვნების, ტექნოლოგიური საშუალებებისა და შემოქმედების სინთეზით ვქმნიდით ინტერაქციულ პროექტებს — ისეთებს, რომელთაც მარტივად შეიძლება ჰქონდეთ გაგრძელება სკოლებში მოსწავლეებთან ერთად მუშაობისას.
STEAM-ბანაკმა არა მხოლოდ გაგვიმყარა თეორიული ცოდნა, არამედ დაგვანახა, როგორ შეიძლება პედაგოგები გახდნენ ახალი განათლების ტალღის მატარებლები — ინოვაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედების მშენებლების აღმზრდელები. გულწრფელად მჯერა, რომ STEAM-პედაგოგიკა არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გზა მოსწავლეთა მოტივაციის, უნარების და ცოდნის ჰოლისტური განვითარებისათვის. იმედი მაქვს, რომ STEAM-სწავლება ფართოდ მოედება საქართველოს ყველა სკოლას და წაგვიყვანს უკეთესი განათლების სისტემისკენ. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია — ქვეყანაში შეიქმნება განათლების სივრცე, რომელიც ბავშვებს ეუბნება: „გამოსცადე, შექმენი და დაინახე შენი ცოდნის ძალა“.
პედაგოგების მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ STEAM-ბანაკში არ იყო მხოლოდ ერთჯერადი ტრენინგი — ეს იყო ნაწილი უფრო ფართომასშტაბიანი და შორსმიმავალი საგანმანათლებლო პროექტისა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სკოლის განათლების გარდაქმნას. მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა სკოლებში STEAM-კლუბების შექმნა, რაც გულისხმობს სპეციალური სივრცეების გამოყოფას, სადაც მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა იმუშაონ შემოქმედებითად, დამოუკიდებლად და გუნდურად. კლუბებში დაგეგმილი იქნება სხვადასხვა სახის აქტივობა — კვლევითი პროექტები, ექსპერიმენტები, რობოტიკის და პროგრამირების შესწავლა, ტექნოლოგიური მოდელირება, ხელოვნების ინტეგრირება საბუნებისმეტყველო დისციპლინებთან და მრავალი სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ კლუბების ჩამოყალიბებას, არამედ მათ ინვენტარით აღჭურვას. სკოლებს გადაეცემათ სპეციალური ტექნიკური და საგანმანათლებლო საშუალებები, რესურსები, რაც აუცილებელია შემოქმედებითი და პრაქტიკული სწავლისთვის. ამ ყველაფრის მიზანია, ბავშვებს ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობა, აითვისონ 21-ე საუკუნის უნარები არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკული მუშაობის გზით. STEAM-კლუბი იქნება ადგილი, სადაც სწავლება გარდაიქმნება თამაშად, კვლევად და აღმოჩენად. აქ მოსწავლეები ისწავლიან პასუხისმგებლობას, გუნდურობას, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას და იმას, თუ როგორ შეიძლება შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ საკუთარი იდეებით. პედაგოგებისთვის კი ეს არის შანსი გახდნენ ინოვატორები საკუთარ სკოლაში, მოსწავლეებისთვის — შესაძლებლობა, დაინახონ თავიანთი პოტენციალი ახალ ჭრილში, ხოლო სკოლებისთვის — გზავნილი, რომ სწავლა შეიძლება იყოს თანამედროვე, მიზნობრივი და შთამაგონებელი.
„აღნიშნულმა პროგრამამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მსურველების რაოდენობამ გადააჭარბა ყველა მოლოდინს. მე მერგო პატივი მოვხვედრილიყავი იმ 200 მასწავლებელს შორის ვინც გახდა ლიდერი მასწავლებლების ბანაკის მონაწილე.
ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული 5 დღე გავატარეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სადაც ჩატარდა უამრავი აქტივობა და შეხვედრა. ამ შეხვედრების დროს შევეხეთ STEAM კლუბის მართვის პრაქტიკულ საკითხებს და უსაფრთხოების სტანდარტებს. გაკეთდა აქცენტი ინტეგრირებულ სწავლებაზე. ბანაკში გავიცანი ძალიან საინტერესო, თავისი საქმის პროფესიონალები. მომავალში ვგეგმავთ ჩამოვაყალიბოთ პროფესიული ქსელი და ყოველკვირეულ სამუშაო შეხვედრებზე გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და შევქმნათ მოსწავლეებთან ერთად ინოვაციური პროექტები.
კაზრეთის №2 საჯარო სკოლა მიიღებს ყველა საჭირო რესურსს და აღჭურვას STEAM ლაბორატორიისთვის. აღნიშნული რესურსი დაეხმარება მოსწავლეებს განავითარონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და მათემატიკური მიმართულებებით.
ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბანაკში ყოფნის დროს გავიცანი ახალგაზრდები, რომლებმაც წელს გაიმარჯვეს „STEAM განათლების ლეონარდო დავინჩის“ კონკურსში და ჯილდოს სახით მიიღეს უფლება წარადგინონ თავისი პროექტი NASSA-ს კონფერენციაზე.
ალბათ მიხვდით რა მოტივაცია მივიღე. მინდა, რომ ჩემი მოსწავლეები ვიხილო ამ უდიდესი მისიით წასულები NASSA-ს ცენტრში, მაგრამ ჯერ ბევრი საინტერესო მუშაობა გველის წინ და ვფიქრობ 2025-2026 სასწავლო წელი, ჩემი სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება ინოვაციური, შემოქმედებითი და პრაქტიკული აქტივობებით სავსე.
დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგეგმა და განახორციელა აღნიშნული პროექტი. განსაკუთრებული მადლობა ბატონ უტა კილასონიას, ქალბატონ მარეხ მაზანაშვილს და ქალბატონ ნინო ცანდიშვილს. ყველას დიდი წარმატებები მინდა ვუსურვო“.-აღნიშნა დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ნანა ჯავახიშვილმა.