ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
Homeრუბრიკებირუბრიკა „პანდემიის თაობა“ კიდევ ერთ მიზანდასახულ და წარმატებულ გოგონას გაგაცნობთ

რუბრიკა „პანდემიის თაობა“ კიდევ ერთ მიზანდასახულ და წარმატებულ გოგონას გაგაცნობთ

რუბრიკა „პანდემიის თაობა“  კიდევ ერთ მიზანდასახულ და წარმატებულ გოგონას, წარჩინებულ კურსდამთავრებულს, ირინკა ჟუჟუნაშვილს მასპინძლობს. მიუხედავად პანდემიისა, ირინკასთვის ბოლო ზარი, რომელიც 31 მაისს დაირეკა, განსაკუთრებულ დღედ დარჩება.   ძალიან უყვარს ქართული ცეკვები, თუმცა, დროებით მიატოვა საყვარელი საქმიანობა, სამომავლოდ ისევ  აპირებს სამოყვარულო დონეზე მაინც დაუბრუნდეს, რათა ცეკვისგან მიღებულ ბედნიერებას ეზიაროს.  რაც შეეხება მომავალ პროფესიას, ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ,  ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

-ვინ არის ირინკა ჟუჟუნაშვილი?

-18 წლის გოგონა, რომელსაც აქვს დიდი მიზნები,  ჩემ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, ვარ მიზანდასახული და ორგანიზებული, იმისთვის რომ დასახულ მიზანს მივაღწიო, ბევრს ვშრომობ. ჩემზეც იმოქმედა პანდემიამ, მაგრამ თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია და, ფსიქოლოგიურად, ყველა სხვადასხვაგვარად მიუდგა  არსებულ მდგომარეობას. ვფიქრობ,  შევძელი პანდემიასთან ერთად ცხოვრება,  რაც დამეხმარა, რომ მიზნამდე მისასვლელ გზაზე, პანდემიას  ხელი არ შეეშალა.

-მომიყევი სკოლის კედლებში გატარებულ წლებზე, როგორი იყო ეს თორმეტი წელიწადი….

-დაუვიწყარი და ბედნიერებით აღსავსე 12 წელი გავატარე . ყოველთვის მიყვარდა სკოლა, მასწავლებლებთან და კლასელებთან ურთიერთობა. განსაკუთრებით კარგად მახსენდება ბოლო სამი წელი. მე-10 კლასში  იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გადავედი და ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპი. ახალ ადამიანებთან ერთად დაიწყო. უბედნიერესი და დასამახსოვრებელი დღეები გავატარე მათთან ერთად და ბევრი რამ ვისწავლე ამ სკოლაში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ.  ყველაზე მეტად ეს ბოლო სამი წელი იმიტომ მიყვარს, რომ სწორედ ამ პერიოდში შევიძინე  უახლოესი მეგობრები, რომლებიც დღეს ჩემთვის ძალიან ძვირფასები არიან.

-ირინკა, როგორი წარმოგედგინა ბოლო ზარი და რა შეცვალა პანდემიამ…

-დაწყებითი კლასებიდანვე ბოლო ზარზე და ბანკეტზე ვფიქრობდი, როგორი ვიქნებოდი სკოლის დასრულებისას, როგორ მოვემზადებოდი ბოლო ზარისთვის. უკვე მეთორმეტე კლასელს მსურდა, რომ ბოლო ზარი,  ჩემს კლასთან ერთად, საუკეთესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.   გადავწყვიტეთ რეგულაციების დაცვით აღგვენიშნა ეს დღე.   მოვახერხეთ და შესანიშნავი ბოლო ზარი მოვიწყვეთ.  31 მაისი,  ყოველთვის განსაკუთრებულ დღედ დარჩება ჩემს მეხსიერებაში, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს კლასელებს და სკოლას .

-გაქვს გამორჩეული საგანი, რომელიც ძალიან გიყვარს, თუ ყველას ერთნაირი მონდომებით ამზადებდი?

– ვცდილობდი ყველა საგანი კარგად მომემზადებინა, თუმცა გამორჩეულად მიყვარდა ბიოლოგია და მათემატიკა,  მათი სწავლა თითქმის არასოდეს დამზარებია.

-ირინკა, რა პროფესია აირჩიე და რატომ?

-მე-11 კლასის დასრულების შემდეგ, დავიწყე ფიქრი,  რომელ უნივერსიტეტში  და  რა მიმართულებით გამეგრძელებინა სწავლა. ბევრი ფიქრის და განსჯის შემდეგ, ავირჩიე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამა, რადგან  ყველაზე მეტად ეს სფერო იყო ჩემთან ახლოს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან უკვე დავიწყე სწავლა  და ძალიან მომწონს ეს მიმართულება, დიდი ინტერესით ვესწრები ყოველ ლექციას.

-როგორ შეხვდა ოჯახი შენს გადაწყვეტილებას?

-ჩემი ოჯახი არ განეკუთვნება  იმ კატეგორიას, ვისაც შვილების მომავალი ადრეული ასაკიდან აქვთ დაგეგმილი. ოჯახი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს,  გვერდში მედგნენ და მამხნევებდნენ, მათთვისაც მნიშვნელოვანი იყო ის სფერო ამერჩია, რომელიც ნამდვილად საინტერესო და შესაფერისი  იქნებოდა ჩემი შემდგომი განვითარებისთვის. ვფიქრობ,   ეს რთული გზა, მათთან ერთად გავიარე.

-გარდა სასკოლო პროგრამისა,   თუ იყავი ჩართული პროექტებში?

-სკოლის პერიოდში მონაწილეობას ვიღებდი ბევრ საინტერესო პროექტში და კონკურსში, რომლის წყალობითაც დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა. მათ შორის გამოვარჩევდი საქართველოს ეროვნული არქივის მიერ წარმოებულ პროექტს ,,რა? სად ? როდის?’’,  Educational Debates Association of Georgia-ის სასწავლო დებატების კონკურსს. ასევე  გავიარე KEY CONSULTING-ის ლიდერთა სკოლის კურსი, პირველი ადგილი დავიკავე ბოლნისის გამგეობის მიერ ჩატარებულ ვიქტორინაში , რომელიც მოეწყო მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით.

-გარდა სასკოლო ცხოვრებისა

-5 წლიდან დავდიოდი ქართული ხალხური ცეკვების ანსამბლში და იმ დროიდან მოყოლებული ძალიან მიყვარს ქართული ცეკვები. მაღალ კლასებში გადასვლის შემდეგ, ცეკვის ანსამბლის დატოვება მომიწია , თუმცა ვაპირებ ისევ დავუბრუნდე სამოყვარულო დონეზე მაინც. ცეკვა  ჩემთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, ამ დროს შემიძლია სრულიად დავიცალო ემოციებისგან, ენერგიისგან, მოვეშვა და  სრულიად სხვა სამყაროში გადავეშვა.

-რა გავლენა მოახდინა პანდემიამ შენს ცხოვრებაში?

-ყველაზე მეტად დამაფიქრა ცხოვრებაზე, დავაფასე ის უდარდელი დღეები, რომელიც პანდემიამდე მქონდა.

-თუ გაქვს თავისუფალი დრო და რისი კეთება გიყვარს ამ დროს?

-ამჟამად, დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, მიჭირს ბევრი თავისუფალი დროის გამონახვა,    თუმცა ვცდილობ მეგობრებთან ერთად გავატარო, ვუყურო ფილმებს და  წავიკითხო წიგნი.

-ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე?

-ერიხ მარია რემარკი ,,სიცოცხლის ნაპერწკალი’’

რას გეგმავ მომავალში?

-დღევანდელ ვითარებაში რთულია მომავლის დაგეგმვა, თუმცა პირველ რიგში, წარმატებული კარიერის დაგეგმვა მახსენდება.

-რა არის ამჟამად შენთვის ყველაზე მთავარი?

-ჩემთვის მნიშვნელოვანია, ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობა და ბედნიერება.

– ცხოვრებაში წარმატება ჩემთვის ნიშნავს…

-ჩემთვის წარმატება ცხოვრებაში იმის მიღწევაა, რაც მე გამაბედნიერებს.

რამდენად არის დამოკიდებული წარმატება ბედნიერ შემთხვევაზე?

-შეიძლება ბედნიერმა შემთხვევითობამაც მოგვიტანოს წარმატება, მაგრამ   მთავარია მაინც რამდენად  ეცდება ადამიანი საკუთარი მიზნების მიღწევას,  იმასაც გააჩნია, ვისთვის რა არის წარმატება.

-სად ხედავ  თავს 5 წლის შემდეგ…

-5 წლის შემდეგ ჩემს თავს ვხედავ, როგორც წარმატებულ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც განათლების მიღებას უცხოეთში აგრძელებს, პარალელურად მუშაობს თავისი პროფესიით და მუდმივად ცდილობს განვითარებას.

-ყველაზე მთავარი ადამიანები შენს ცხოვრებაში.

– ოჯახის წევრები და საუკეთესო მეგობრები, რომელთა გარეშეც ცხოვრება ძალიან გამიჭირდებოდა.

-რა უნდა იცოდეს შენზე საზოგადოებამ.

– საზოგადოებამ ჩემს შესახებ რაც უნდა იცოდეს, არის ჩემი მიზანდასახულობა, მინდა ეს სიტყვები ყველასთვის მოტივაციად იქცეს და არ შეწყვიტონ ბრძოლა იმ მიზნებისთვის,  რაც ცხოვრებაში აქვთ დასახული.

-პანდემია რომ დასრულდება, პირველი რას გააკეთებ?

-დიდ წვეულებას მოვაწყობ მეგობრებთან ერთად.

-რას ეტყოდი მათ, ვინც ახლა გადის იმ გზას, რომელიც შენ გაიარე?

-დაისახეთ მიზანი და ყველაფერი გააკეთეთ ამ მიზნის მისაღწევად. არაფრის შეგეშინდეთ, არასდროს დანებდეთ, ბევრი იშრომეთ და აუცილებლად მიაღწევთ იმას, რაც გსურთ.

-როგორ ქვეყანაში ისურვებდი ცხოვრებას.

-ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს ერთმანეთი ეყვარება, ერთმანეთის დაფასება ეცოდინებათ და პატივს სცემენ ერთმანეთს.  მჯერა, თუ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ შური და მტრობა არ ექნებათ, ქვეყანაშიც ყველაფერი ბევრად უკეთესად იქნება.

-ირინკა, დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი,  ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში.

– თქვენს რუბრიკაში დავასახელებ ჩემთვის  ერთ-ერთ წარმატებულ ახალგაზრდას ქრისტინე ქუქჩიშვილს, ის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტი, ბოლნისის ქალთა რადიო WW-ს ჟურნალისტია.

-წარმატებას ვუსურვებთ რუბრიკის სტუმარს მომავალ საქმიანობაში, შემდეგ ნომერში კი ქრისტინე ქუქჩიშვილს გაგაცნობთ.

ავტორი:ნონა ხუზმიაშვილი

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები