მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მოაწერეს. „ხელი მოეწერა მემორანდუმს სამინისტროებს შორის, ასევე რვა უნივერსიტეტსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის, რაც არის ახალი პლატფორმა. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევუწყობთ ხელს გარემოსდაცვითი განათლების განვითარებას, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე. ასევე, გვემატება ახალი კომპონენტი „მწვანე სტიპენდიების“ რომელიც წაახალისებს სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს,“ – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსმცოდნეობის, ეკოლოგიის, ბუნებრივი გარემოსა და ველური ბუნების, ბუნებათსარგებლობის, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, გარემოს დაცვის ტექნოლოგიის, აგრონომიის, საბაღო-საპარკო მეურნეობის, მეტყევეობის, ვეტერინარიის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებებით. მემორანდუმი ხელს შეუწყობს აღნიშნულ პროგრამებზე წარჩინებული სტუდენტების წახალისებას „მწვანე სტიპენდიების“ სახით და სტაჟირების გავლას შესაბამის უწყებებში.მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სპეციალისტების ჩართულობის მაქსიმალურად წასახალისებლად უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კვლევითი კომპონენტის განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა წარადგინა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტების წახალისებას. „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მემორანდუმები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტს შორის გააფორმა. მწვანე სტიპენდიების პროგრამა განხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში, რომელიც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
,,სექტორი-27“-ის დამფუძნებელმა მასტერკლასი ჩაატარა
ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, სპორტსმენმა და სპორტული კლუბი „სექტორი 27“-ის დამფუძნებელმა ლაშა როინიშვილმა, მასტერკლასი ჩაატარა სხვადასხვა თემაზე. მისი სურვილია ჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო მეტი მიმდევარი ჰყავდეს და სპორტის კულტურა უფრო გაძლიერდეს. ამისთვის ბევრი სოციალური პროექტი აქვს დაგეგმილი, რომლის განხორციელებაც უკვე დაიწყო. კულტურისა და დასვენების პარკში მასტერკლასის ჩატარების შემდეგ, სპორტსმენმა და ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრში დამონტაჟებულ დარტყმის ძალის განმსაზღვრელ კოეფიციენტთან მოსინჯეს ძალები.
სოფელ ვანათში გზის პრობლემა მოგვარდა
გზა, რომელიც ვანათის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა, რეაბილიტირებულია. სოფელში 1400 გრძივი მეტრი ბეტონის გზა გაკეთდა. სამუშაოები „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა. ობიექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, ვანათის მოსახლეობამ დავით შერაზადიშვილს მადლობა გადაუხადა.
აბიტურიენტთა შედეგების გამოქვეყნება ორშაბათიდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლების გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყება მომავალი კვირიდან, პირველი აგვისტოდან იგეგმება. სააპელაციო განცხადებების მიღება კი ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების დასრულებისთანავე დაიწყება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ საკუთარი შედეგები.
ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა სამოქალაქო აქტივობებში
„ახალგაზრდები დემოკრატიისთვის“ პროექტის ფარგლებში, ბაკურიანში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც წინასწარ შერჩეული თორმეტი სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ჩაერთო. ტრენინგს, ბოლნისიდან, მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი გიორგი საცკოვი, კულტურის ცენტრის ახალგაზრდული განყოფილების უფროსთან და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად დაესწრო. შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობები, მონაწილეებმა ისაუბრეს და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება წარმატებული პროექტების და ევროპული პროგრამების შესახებ. მერიის წარმომადგენები, შეხვედრაზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, ახალგაზრდებს გაუზიარებენ, დაიგეგმება ყოველთვიური შეხვედრები. სამუშაო ჯგუფები კი მიიღებენ 2 000 ლარიან დაფინანსებას, რათა განახორციელონ მათ მიერ შერჩეული სათემო ინიციატივა. პროექტის ფარგლებში ჩართული 15 ადამიანი სასწავლო ვიზიტით შემოდგომაზე დანიაში გაემგზავრება.

პროექტი, რომელიც დანიური ორგანიზაციის „Corssing Bonders“, „მშვიდობისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICPI“ და ახალგაზდული ასოციაცია „დრონის“ მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას სამოქალაქო აქტივობებში.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სათათბირო 2014 წელს შეიქმნა, რომელმაც გარკვეული მიზეზების გამო, სრულყოფილი ფუნქციონირება ვერ შეძლო, 2021 წელს კი საქართველოს წითელი ჯვრის და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა საბჭოს ხელახალი დაკომპლექტება და ფორმირება. დღეს უკვე ახალგაზრდული საბჭო შედგება 27 აქტიური მოხალისე ახალგაზრდისგან, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა აქტივობებში.
ანსამბლი ,,სიონი”გასტროლებიდან დაბრუნდა
ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა. „სიონი“ მიწვეული იყო ესპანეთში საერთაშოროსო ფელსტივალზე „Folklore Festivals Blue Diamond“ , 18-დან 22 ივლისის ჩათვლით ანსამბლმა მონაწილეობა საბერძნეთის ქალაქ კატერინში გამართულ მუსიკისა და ცეკვის XII საერთაშორისო ფესტივალზე „PARALIA SUMMER FESTIVAL“ მიიღო,სადაც საუკეთესო გამოსვლისთვის დაჯილდოვდა დიპლომითა და სამახსოვრო საჩუქრით ,,სიონის”თითოეულ წევრს კი ფულადი ჯილდო გადაეცა.



ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ მცხეთის გამარჯვებული „არემჯის“ სტიპენდიანტი გახდა
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ მცხეთის მუნიციპალიტეტის ფინალისტების დაჯილდოება გაიმართა. რიგით მე-9 მუნიციპალიტეტის გამარჯვებული და „არემჯის“ 6 თვიანი სტიპენდიის მფლობელი, მცხეთის საჯარო სკოლის, მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მაღალდაძე გახდა. ,,ჩემთვის დიდგორელის პროექტში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. პროექტ ,,დიდგორელის“ მონაწილეობა ძალიან შემეცნებითი იყო. მონაწილეებმა არაერთი წიგნი წავიკითხეთ და ისტორიული მასალა დავამუშავეთ. მოხარული ვარ, რომ გავხდი პროექტის მონაწილე, მოვხვდი ტოპ ხუთეულში და პირველი ადგილიც ავიღე.‘’ – აღნიშნა მარიამ მაღალდაძემ. ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მაისის თვეში ჩაერთნენ. პროექტში მეორე ტურიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის თექვსმეტი სკოლის 120 მოსწავლე იყო ჩართული. ,,დიდგორელის პროექტი უკვე მეცხრე მუნიციპალიტეტში განხორციელდა. გვიხარია რომ მცხეთის მუნიციპალიტეტშიც, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ,,დიდგორელის’’ პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ჩართულობაც მაღალი იყო. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მონაწილეს ძალიან მაღალი შედეგები ქონდა, რაც ჩვენთვის პროექტ ,,დიდგორელის” წარმომადგენლებისთვის ძალიან სასიხარულოა”. – განაცხადა „დიდგორელის“ ავტორმა ლევან ჟვანიამ. ისტორიის კონკურს „დიდგორელს“ საფუძველი 2019 წელს, თეთრიწყაროში ჩაეყარა. კონკურსის მიზანი მოსწავლეების საქართველოს ისტორიით დაინტერესება და მათი ცოდნის გაღრმავებაა. ამ დროისთვის თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, წალკის, გარდაბნის, რუსთავის, მესტიის და ახლა უკვე მცხეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში, პროექტში ჩართული მონაწილეების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. ,,დიდგორელი’’, არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც მთელი ქვემო ქართლის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ათასობით ახალგაზრდა მოსწავლეს აერთიანებს. ,,არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ახალგაზრდობის, ახალგაზრდული ინიციატივებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. პროექტი ,,დიდგორელი’’ არის უმნიშვნელოვანესი პროექტი მოსწავლეებისთვის, რომელიც ეხმარება მათ უკეთ გაეცნონ საქართველოს ისტორიას. სწორედ ამიტომ, მხარს ვუჭერთ პროექტ ,,დიდგორელს’’ და გამარჯვებულს ტრადიციულად არემჯის ექვს თვიანი სტიპენდია დაენიშნება.’’ – განაცხადა „არემჯის“ წარმომადგენელმა გიორგი კობახიძემ.
სოფელ ხატისოფელში ტაძრამდე მისასვლელი გზა მოეწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ქვემო ქართლის ტურისტულ მარშრუტს ახალი ლოკაცია შეემატა. სოფელ ხატისოფელში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზა გაკეთდა. ინფრასტრუქტურული ობიექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად, მოინახულა. სოფელში 1100 გრძივი მეტრი გზა გაკეთდა. სოფლის შესასვლელიდან ძველ სკოლამდე, ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო ტაძრამდე მისასვლელი გზა ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. სამუშაოები ,,რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით შესრულდა.
ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
25 ივლისს, „მოძრაობა კულტურული მემკვიდროებისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) წევრები მონიტორინგის მიზნით ხულუტის ციხე-დარბაზში იმყოფებოდნენ განახლებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 2020 წელს, „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით, XVIII საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კვლევა და გეოლოგიური შესწავლა დაიწყო, ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან, მასშტაბური მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, ციხე-დარბაზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპიც.

ამჟამად, ხულუტის ციხე- დარბაზში სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურ ფაზაში გადადის: ციხის კედლებზე მოეწყო ლითონის და ხის ხარაჩოები; გაიწმინდა და გადაეწყო ციხის მარნის ზედა ნიშნულები. მნიშვნელოვანია, რომ მარნის საკონსერვაციო სამუშაოები ავთენტური ქვით შესრულდა. ასევე, აღდგა მარნის სამხრეთით გალავნის დაზიანებული ნაწილი და გაკეთდა საკონსერვაციო ფენა. გალავნის ერთ მონაკვეთზე აღდგა ღიობები, სათოფურები და სამზერები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც ციხე- დარბაზის ცალკეული კოშკები, გალავანი, მარანი და ციხის საიდუმლო გვირაბი სრულად იქნება რეაბილიტირებული, ხოლო მომავალ წელს, რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები განახლდება ხულუტის მთავარ, რვასართულიან კოშკზე.
ხულუტის ციხე-დარბაზის სამწლიან სარებილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც კომპანია „ინდუსტრია“ ახორციელებს, „საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით კომპანია “RMG” აფინანსებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და მერის წარმომადგენლებს შეხვდა
🔹გიორგი დოხტურიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კონკრეტული ინიციატივები დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო და აღნიშნა, რომ ინიცირებული პროექტბი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
👤„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება როგორც უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნით, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით. დაგეგმილი პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემას და ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების აღმოფხვრას გულისხმობს“-გიორგი დოხტურიშვილი.
სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი ქვემო ქართლის რეგიონის განვითარებისთვის სამომავლო გეგმის დასახვა იყო. სახელმწიფო რწმუნებულმა თითოეული მუნიციპალიტეტის არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა, პრიორიტეტული საკითხები განიხილა და მათი გადაჭრის გზები მერებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დასახა.
📉გიორგი დოხტურიშვილმა, სიტყვით მიმართვის დროს, მერის წარმომადგენლებს გააცნო რეგიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები და უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდა. უმნიშვნელოვანესია, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხი, რომელში ჩართულობაც ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხელს შეუწყობს რეგისტრაციის პროცესს.
შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო ფორმატის შეხვადრა მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა.