გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალაქ კიოლნში 23 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით მოყვარულ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, სადაც საქართველოს სახელით ბოლნისელი ოთარ ოჩხიკიძე იღებდა მონაწილეობას. კონკურსანტებს რეგლამენტით გათვალისწინებულ დროში, მაღალი დონის საერთაშორისო კომპეტენტური ჟიურისთვის, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები უნდა შეესრულებინათ.
აღნიშნულ კონკურსზე ბოლნისელმა პიანისტმა 15 წუთის განმავლობაში ბახ-ბუზონის ტოკატა დო მაჟორში დაუკრა, რასაც ჟიურის უმაღლესი შეფასება პირველი ადგილი და ერთკვირიანი მასტერკლასი ხორვატიაში, სრული დაფინანსებით, ცნობილ საერთაშორისო პიანისტთან ანა მარია მარკოვინასთან მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ქართველი პიანისთვის წარმატებას და მიღწევებს გერმანული მედია საშუალებები ინტენსიურად აშუქებდნენ.
,,კონკურსის შესახებ 2 თვის წინ შევიტყვე და მაშინვე დავრეგისტრირდი მონაწილეობის მისაღებად, რა თქმა უნდა დიდი გამოწვევის წინაშე ვიდექი, რადგან 100 ძლიერ კონკურსანტთან მიწევდა ძალების მოსინჯვა. საკონკურსოდ საკმაოდ რთული ნაწარმოები შევარჩიე, რომლის დამუშევაბასაც დღეში დაახლოებით 5-დან 9 საათამდე ვანდმომებდი. ჩემმა შრომამ ნამდვილად გამოიღო შედეგი და გამიძლიერა მოტივაცია მეტი წარმატებისთვის,“ განაცხადა პიანისტმა ოთარ ოჩხიკიძემ.
„გაზეთი ბოლნისი“ ახალგაზრდა პიანისტს ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
სოფელ ქვემო ბოლნისთან ახლოს, ფოლადაურის ხეობაში აღმოჩენილი ადრე შუასაუკუნეების ქვაჯვრების ფრაგმენტები დღეიდან ბოლნისის მუზეუმის ძირითად ფონდში იქნება დაცული.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მისი მნიშვნელობის შესწავლის შემდეგ, ქვაჯვრების ფრაგმენტები ბოლნისის მუზეუმში გადაიტანეს და დააბინავეს. შეგახსენებთ,რომ აღნიშნული ძვირფასი სიძველეები, ორი წლის წინ, ბოლნისელმა ლევან ქუქჩიშვილმა აღმოაჩინა და პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის ეზოში გადაიტანა.
ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობა უმოკლეს დროში გაგრძელდება, აღნიშნულ ინფორმაციას გოგი მეშველიანი ავრცელებს.
,,მსურს სასიხარულო ამბავი გაცნობოთ, ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის მშენებლობა უმოკლეს დროში გაგრძელდება. მოხარული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და შევძლებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შექმნილი დისკომფორტის აღმოფხვრას. მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ .პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია განახორციელებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა: ‘’China Geo – Engineering Corporation’’ (CGC) -ის რეგიონალურმა დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ და ‘’POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei’’-ის ფინანსურმა მენეჯერმა, გიუნი ბელტირიმ მოაწერეს. მშენებლობა 6 დამოუკიდებელ პროექტად განხორციელდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა სისტემების მშენებლობა ეტაპობრივად, 15 თვეში უნდა დაასრულონ.პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 47,003,251 აშშ დოლარი მოხმარდება,” წერს ოფიციალურ გვერდზე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანი.
არქეოლოგიურ სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
ოროზმანის აღმოჩენის პრეზენტაცია დღეს სოფელ ქვემო ოროზმანში გაიმართა. მოხდა ძეგლის დათვალიერება და აღმოჩენილი კბილის წარდგენა პრესისა და ფართო საზოგადოებისთვის.
ოროზმანის ტერიტორიაზე პირველი არქეოლოგიური გათხრები 2021 წელს ჩატარდა, რა დროსაც გამოვლინდა ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების (ჰომო ერექტუსების) მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებულ ცხოველთა ნაშთები. ადგილზე ჰომო ერექტუსების მიერ დამზადებული ქვის იარაღები და გადაშენებული ცხოველთა ნაშთები იქნა აღმოჩენილი.
2022 წლის არქეოლოგიური კამპანიის დროს ოროზმანის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1.8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენებში ადრეული ჰომოს ქვედა ყბის კბილი, მე4-ე პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის აღმოჩენა მსოფიო მნიშვნელობისაა და აფრიკის ფარგლებს გარეთ, დმანისთან ერთად, მსოფლიოში უძველესი ადამიანის ანუ ადრეული (Homo)-ს უძველესი გავრცელების კერას წარმოადგენს!ღონისძიებას, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი მოადგილესთან კახა პეტრიაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდა.
საუკუნოვანი ისტორიის და უმაღლესი ხარისხის ოქროსფერ ღვინის ქალაქში, მეღვინეთა რაოდენობა იზრდება, მეღვინეობა-მევენახეობის უძველესმა ტრადიციამ დღეს სხვა დატვირთვა შეიძინა. განსხვავებული არომატისა და გემოვნური თვისებების მქონე ბოლნისური ქვევრის ღვინოები დიდი მოწონებით სარგებლობს და ნელ-ნელა საპატიო ადგილს იკავებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მშობლების მიერ დაწყებულ საქმიანობას, ახალი ხედვებითა და ტექნოლოგიების დანერგვით, შვილები აგრძელებენ, მათ საოჯახო მეურნეობას სხვა დატვირთვა შესძინეს. ჩვენ გიამბობთ ახალგაზრდა მეღვინეზე, მის წარმოებასა და სამომავლო გეგმებზე.
,,მე გახლავართ ირაკლი ჯაფარიძე, 2014 წელს დავამთავრე ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა“. ჩავაბარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „აგრარული მეურნეობისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის“ ფაკულტეტზე. პროფესიით აგრონომი ვარ. 2020-2021 წლებში აგრარულ უნივერსიტეტში გავიარე „მეღვინეობა-მევენახეობის“ კურსი.“
–ირაკლი გვიამბე თქვენი მეღვინეობის შესახებ
-ჩემი ოჯახი, ათეული წლებია ვენახთან და ღვინოსთან ურთიერთობს. ღვინოს აწარმოებდნენ საკუთარი მოხმარებისთვის, ევროპული ტექნოლოგიით, მუხის კასრებში, ბავშვობიდან ვიყავი ჩართული ამ საქმიანობაში. 2018 წელს გადავწყვიტე ამ საქმიანობისთვის ბიზნესის სახე მიმეცა. ამავე წელს დავიწყე ტრადიციული მეთოდით ქვევრის ღვინის დამზადება. ვაწარმოებ სამი სახეობის ღვინოს: საფერავს, თავკვერს, რქაწითელს და ბოლნისურ ვარდისფერს.
მარანი მდებარეობს XVII საუკუნეში ჩამოსახლებული გერმანელი „შვაბების“ მიერ აშენებულ სახლში და იგი 170 წლისაა. მარანს პირვანდელი სახე სრულად აქვს შენარჩუნებული. ის თავისი არქიტექტურით და სპეციფიკით განსაკუთრებულია. ეს ყოველივე, იდიალურ გარემოს ქმნის ღვინის დასამზადებლად. გერმანელები „შვაბური ტექნოლოგიით აწარმოებდნენ ღვინოს, ვცდილობ გავაგრძელო და ავთენტურობა შევუნარჩუნო ამ ტრადიციას. პარალელურად გადავწყვიტე მეწარმოებინა ტრადიციული ქვევრის ღვინო და 2018 წელს დავიწყე ქვევრის ღვინის წარმოება. წელიწადში ვაწარმოებ 6000 ბოთლს.
–რამდენად შრომატევადია ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება
-ღვინის ხარისხი პირდაპირ კავშირშია ყურძენთან, ვენახი საჭიროებს დიდ ყურადღებას. თავიდანვე უნდა მოხდეს ვენახის სწორი სხვლა-ფორმირება, დროული წამლობა და ასევე აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარება. ეს ყოველივე ფიზიკურ შრომას მოითხოვს და შესაბამისად, ძალზე შრომატევადი საქმიანობაა . რაც შეეხება ღვინის დაყენებას, ანალოგიურად ეს პროცესიც ფიზიკურ შრომას მოითხოვს. ყურძნის მიღება, დროული გადამუშავება, დუღილის პროცესის სწორად წარმართვა, გადაღება, ბოთლებში ჩამოსხმა, ეტიკეტირება და გაყიდვა. რამდენადაც შრომატევადია, იმდენად სასიამოვნოა ვენახთან და ღვინოსთან ურთიერთობა. განსაკუთრებით მიყვარს რთველის პერიოდი, ამ დროს უამრავი დადებითი ემოცია იფრქვევა.
–როგორია ინტერესი ბოლნისური ღვინოების მიმართ, რა მიღწევები აქვს თქვენს ღვინოებს
-ბოლნისური ღვინოების მიმართ ინტერესი დიდია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ,,ღვინო ბოლნისი“ დარეგისტრირდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოდ. ამავდროულად, საკმაოდ გაიზარდა ბოლნისური ღვინოების ხარისხი. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის „ღვინო ბოლნისის“ გაერთიანებას. რაც შეეხება ჩემს ღვინოებს, დიდი პერიოდი, ძალისხმევა, ფესტივალებზე და კონკურსებზე მონაწილეობის მიღება დამჭირდა იმისთვის, რომ გამეზარდა ცნობადობა და ინტერესი. შევიძინე გამოცდილება და პრაქტიკა, რასაც მოჰყვა უდიდესი წარმატება. წელს ქვევრის საფერავმა ოქროს მედალი, ხოლო რქაწითელმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
–თქვენი მარანი ,,ღვინო ბოლნისის“ წევრია, რა მოგიტანათ გაერთიანების წევრობამ?
-გაერთიანება გვეხმარება ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაციაში. იგი ხელს გვიწყობს მარტივად ვაკონტროლოთ ღვინის ხარისხი. გვიფინანსებს ლაბორატორიულ გამოკვლევებს და ასევე ფესტივალებზე მონაწილეობის მიღებას. ასოციაციის ფარგლებში, კომპანია ,,არემჯისთან“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ბოლნისის აგროცენტრთან ერთად, შედგა ბოლნისელი მევენახე-მეღვინეების ფორუმი, სადაც უსასყიდლოდ გადმოგვცეს ფრანგული მუხის კასრები. პროექტი გრძელდება ოთხი წლის მანძილზე და ჯამში რვა კასრი გადმოგვეცემა. ვფიქრობ, სამომავლოდ ბევრად აქტიური და საინტერესო იდეებით დატვირთული იქნება მეღვინეთა გაერთიანება.
–როგორია თქვენი ღვინის გემოვნური თვისებები და რა ჯიშის ღვინოებს აწარმოებთ?
-ჩემი ღვინის გემოვნური თვისებები საკმაოდ განსხვავებული, მსუბუქი, ხავერდოვანი და არომატულია, ამ განსაკუთრებულობას სძენს ნიადაგური და კლიმატური პირობები. ღვინოს ვაწარმოებ ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან, ესენია: საფერავი, თავკვერი და რქაწითელი.
–როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევების წინაშეა ქართული ღვინო და რა სჭირდება ბოლნისელ მეღვინეებს მეტი ცნობადობისთვის
-ბოლნისურ ღვინოს მეტი ცნობადობისთვის სჭირდება ხარისხის ამაღლება, მივიწყებული ჯიშების გაცოცხლება, მრავალფეროვნებისთვის საერთაშორისო ფესტივალებზე და კონკურსებზე მონაწილეობის მიღება, რათა დავაინტერესოთ უცხოური ბაზარი ბოლნისური ღვინით, რადგან შევძლოთ მათი ექსპორტზე გატანა.
საქართველო ღვინის სამშობლოა! ამას ადასტურებს საქართველოში აღმოჩენილი ნივთიერი და ისტორიული მტკიცებულებები და ფაქტები. საქართველოში მეღვინეობას 8000 წლიანი ტრადიცია აქვს. ამ ფაქტმა გამოიწვია მსოფლიოს ყურადღება ქართული ღვინისადმი და თუ გვსურს, საერთაშორისო ბაზარზე ინტერესის შენარჩუნება, ამისთვის აუცილებელი პირობაა ვაწარმოოთ ხარისხიანი ღვინოები.
–მოგვიყევი სამომავლო გეგმების შესახებ.
– სამომავლოდ ვგეგმავ წარმოების გაზრდას, რათა შევძლო ღვინის ექსპორტზე გატანა, ხარისხიანი ღვინის წარმოება და ასორტიმენტის გამრავალფეროვნება. რაც ხელს შეუწყობს, არამარტო ჩემი, არამედ ბოლნისური ღვინის პოპულარიზაციას.
–როგორაა ბაზარზე წარმოდგენილი თქვენი ღვინო?
-რაც შეეხება სახელს, ამაზე ბევრი არ მიფიქრია, მარტივად, გვარიდან გამომდინარე „ჯაფარიძის მეღვინეობა“( japaridzis winery) დავარქვი.
სალომე აბულაძე, დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, ის თავისუფალი უნივერსიტეტში მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე 100% გრანტით ჩაირიცხა,როგორც სალომე ,,გაზეთ ბოლნისთან’’ საუბარში აღნიშნავს კარგ შედეგს ელოდებოდა, რადგან სკოლაში მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომა განსხვავებულ შედეგს გამორიცხავდა. მან შეძლო საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოევლინა.
,,აბიტურიენტობა არ იყო ისეთი ექსტრემალური, როგორსაც მოველოდი. თუ არ ჩავთვლით სტრესსა და დარდს, დაბნეულობას(ვიყოთ გულწრფელები:), თუ რა იქნებოდა და როგორ, სასწორის ერთ მხარეს შემოდებული იმედგაცრუება გაიმარჯვებდა თუ მეორე მხარეს დაბრძანებული გამარჯვება, ჩემი აბიტურიენტობა საკმაოდ ლაღი, მრავალფეროვანი და შემეცნებითი იყო. იმ ფაქტმა, რომ გამოცდებისთვის ვემზადებოდი, არათუ დამაბრკოლა, არამედ ხელი შემიწყო კიდევაც, მეკითხა ყველაფერ იმაზე, რაც ცხოვრების ხარისხისა და მენტალური მდგომაროების გაუმჯობესებაში, დროის მენეჯმენტში დამეხმარებოდა. საბოლოოდ კი შევძელი, ვყოფილიყავი არათუ დასტრესილი აბიტურიენტი, რომლისთვისაც ერთი წლით გამოწერილი ოთხი კედელია წარმატებით ჩაბარებული გამოცდების საფასური, არამედ ის აბიტურიენტი, რომელიც სრულფასოვნად შეიგრძნობს როგორც, მაგალითად, სიმბოლიტური აზროვნების სპეციფიკას ან საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის მნიშვნელობას მსოფლიო ისტორიაში, ასევე მეგობრებთან და ოჯახის ძვირფას წევრებთან გატარებულ საღამოებს. ჩემი სამომავლო გეგმები კომპეტენციების ზრდასა და დამოუკიდებელი, მაქსიმალურად რეალიზებული ცხოვრებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებას მოიაზრებს. და თუ რა მიღწევები მოჰყვება ამას, ვიმედოვნებ, ჩვენი მომდევნო ინტერვიუს თემა იქნება. მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ არ გაფლანგონ დრო სტრესსა და მომავლის განჭვრეტაში – სჯობს ეს დრო უშუალოდ მოქმედებას დაუთმონ; დააბალანსონ პირადი ცხოვრება და სწავლა; დაისახონ კონკრეტული მიზანი – თუ სად უნდათ მოხვედრა და რა შედეგით –ყოველ დღეს შეახსენონ თავიანთ თავს ეს მიზანი და ყოველი დღე დაიწყონ იმ ამოცანის შესრულებით, რა ამოცანაც წაადგება მათ მიერ დასახულ მიზანს. ნუ შეგეშინდებათ გაურკვევლობისა და დაბნეულობის. შესაძლოა, სულაც არ იცოდეთ, სად გინდათ სწავლა. ეს ნორმალურია. ამიტომაც გირჩევდით, სწავლის პარალელურად თქვენთვის ავტორიტეტულ და კომპეტენტურ ადამიანებთან გაიაროთ კონსულტაცია, შეიცნოთ თქვენი თავი, განსაზღვროთ თქვენი ინტერესები და შეარჩიოთ ის ფაკულტეტი, რომელიც ყველაზე ახლოს დგას თქვენს ინტერესებთან. და ბოლოს, ყველა გამოცდაზე შედით თავაწეული, თავდაჯერებული და ღიმილიანი სახით!’’- აღნიშნა სალომე აბულაძემ
“ნეკერი ” ასე ქვია – ახლად დაფუძნებულ ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაციას, რომელიც ექვსმა , აქტიურმა და ენერგიულმა ბოლნისელმა ქალბატონმა, მშობელთა ასოციაციის “მშობლები განათლებისთვის”აქტიური მხარდაჭერით დაარსა.
,,ნეკერი”-ს მისიაა ქვემო ქართლის საბავშვო ბაგა-ბაღების/სკოლების მშობლებთან დაახლოება, მათი თანამშრომლობის წახალისება. ამ ორმხრივი კომუნიკაციის ჩამოყალიბება ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენას შეუწყობს ხელს, რაც აღსაზრდელთა/მოსწავლეთა ჯანსაღი განვითარებისთვის ეფექტური საქმიანობების განსაზღვრის და განხორციელების წინაპირობა იქნება.
ორგანიზაციის მიზანია, ქვემო ქართლის ბავშვიანი ოჯახების, ბაგა-ბაღისა და სკოლის ძლიერ, დემოკრატიულ ინსტიტუტებად ფორმირება ბავშვების ირგვლივ აქტორთა იმგვარი გაერთიანებით, რომ თანაშექმნის კვალდაკვალ ყველას ჰქონდეს განცდა-ვართ ერთად ბავშვების მხარეს.
,,მშობლები განათლებისთვის Parents for Education ასოციაცია ჩვენი ორგანიზაციის მეშვიდე და მთავარი თანადამფუძნებელია, თუმცა დანარჩენ დამფუძნებლებს სრული დამოუკიდებლობა მოგვანიჭა – თქვენებურად მართეთ ორგანიზაცია. უკეთ იცით თქვენს მხარეს რა საჭიროებები და გამოწვევები აქვს და როგორ შეიძლება მათი გადაწყვეტაო.
ჩვენ, ბუნებრივია, ყველაფერი არ ვიცით, თუმცა დანამდვილებით ვიცით ის, რომ გზადაგზა ყველაფერს ვისწავლით, ყველაფერს შევეჭიდებით, რაც ორგანიზაციული მიზნის მიღწევისთვის წაგვადგება. დავაგროვებთ ცოდნას, გამოცდილებას, სხვა სახის რესურსს – ეს იქნება მატერიალური თუ ფინანსური, შემოვიკრებთ თანამოაზრეებს, გავმრავლდებით და გავძლიერდებით.ახლო მომავალში ეტაპობრივად ყველა დაინტერესებული მხარის კარზე დავაკაკუნებთ და მეტს მოგიყვებით “ნეკერის” შესახებ. ორგანიზაციის ხედვაა ქვემო ქართლის ბაგა-ბაღებსა და სკოლებში ბავშვებისთვის უსაფრთხო, მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა მონაწილეობითი მიდგომით. ამ გზაზე სააღმზრდელო/საგანმანათლებლო დაწესებულებები მკაფიოდ დაინახავენ მშობლის როლს და თავის საქმიანობაში მათ სწორ ჩართულობას წაახალისებენ. მეორე მხრივ, თავად მშობელი გააცნობიერებს საკუთარ, როგორც შვილის უფლებების დამცველის, მნიშვნელოვნებას და ბაგა-ბაღთან/სკოლასთან, თემთან საქმიანი ურთიერთობების ინიციატორი იქნება. ზრდასრულები ამგვარი დემოკრატიული მიდგომით კარგ მაგალითს მისცემენ ბავშვებს, რაც მომავალში თავისუფალი, აქტიური, პასუხისმგებლიანი, ძლიერი თემის ფორმირებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრამდე კი იცოდეთ, თანამოაზრეებად და მხარდამჭერებად მოგიაზრებთ. მხოლოდ თქვენთან თანამშრომლობის გზით წარმოგვიდგენია ბავშვების წინსვლა და ბედნიერება
ერთად ვიფუსფუსებთ ისე, რომ ყველას გვექნება განცდა – ვართ ერთად ბავშვების მხარეს.
“ნეკერი” ყველასია”_ნათქვამია ერთ-ერთი დამფუძნებლის როზი დევნოზაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“, ფარგლებში, რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-ს და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, აცხადებს კონკურსს ბლოგების/ვლოგების/ფოტო რეპორტაჟების შექმნისთვის.
პროექტი ხაშურის, ბოლნისის, ქედას, ზუგდიდის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება და მისი ძირითადი მიზანია გენდერული სამართლიანობის გაუმჯობესება საქართველოში ქალთა ლიდერობისა და პოლიტიკური მონაწილეობის სფეროებში.
საინფორმაციო მასალა უნდა ეხებოდეს შემდეგ თემებს:
ქალი პოლიტიკოსების წარმოჩენა ადგილობრივ დონეზე;
მუნიციპალურ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემშლელი ფაქტორები და კარგი პრაქტიკები;
ნეგატიური გენდერული სტერეოტიპები;
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მავნე პრაქტიკები.
კრიტერიუმები, რომელსაც კონკურსში მონაწილეობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს:
ბლოგის ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს;
ვლოგები არ უნდა იყოს 2 წუთზე მეტი;
ფოტო რეპორტაჟებს უნდა ერთვოდეს ნარატიული აღწერილობები;
საინფორმაციო მასალები სპეციალურად ამ კონკურსისთვის უნდა იყოს მომზადებული და არ უდნა იყოს გამოქმეყნებული სხვა საინფორმაციო არხზე.
კომპეტენტური კომისია გამოავლენს 4-5 საუკეთესო საინფორმაციო მასალას.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10.09.2022 წელი.
გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების ავტორები ფულადი თანხით დაჯილდოვდებიან. ჯილდოს თანხა- 300 ლარი საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო მოსაკრებლის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტი(ბლოგი) უნდა გაგზავნოს შემდეგ მეილებზე: wicge.org.11@gmail.com; mariam.dzagnidze@gmail.com; office@ginsc.net
წერილში გთხოვთ მიუთითოთ ავტორის: სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე გამოაგზავნოთ ავტორის ფოტო სურათი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, იხსნება ვიოლინოს წრე, გაკვეთილებს ჩაატარებს მოწვეული პედაგოგი, ყოველთვიური გადასახადი სიმბოლურია – 10 ლარი .
სამუსიკო სკოლა, 15 სექტემბრიდან, აცხადებს მოსწავლეთა მიღებას ვიოლინოს, საფორტეპიანო და გიტარის წრეებზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართეთ სკოლის დირექციას.
მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი. განხილული იყო სამი საკითხი:
1. ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
2. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლით, სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“
3. „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, სამივე საკითხზე მიღებული იქნა დადებითი გადაწყვეტილება.