საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. სწავლის დაწყება დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებს ტრადიციულად კომპანია „არემჯის“ წარმომადგენელებმა მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საჩუქრები გადასცეს.
დღეს, ბოლნისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა
დღეს, ქვეყნის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. აღსაზრდელებს, პირველი დღე ზღაპრის გმირებმა გაულამაზეს. პატარებმა სპეციალურად მათთვის მოწყობილი სივრცეები დიდი სიხარულით აითვისეს. ბაღში არსებული გარემოს გაცნობის მიზნით ბავშვებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. პატარებს, მათ პედაგოგებს, ბაღის თანამშრომლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ლელა გოგმაჩაძემ მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა
ქალაქ ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში 2022-23 სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო. ქალაქ ბოლნისის ისტორიული სკოლა ორწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა. ტრადიციულად შესრულდა ჰიმნი, აღიმართა დროშა და ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდმა „ბოლნისი“ სკოლის ჰიმნი შეასრულა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მოწვეულ სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იამზე სვანიძემ მიულოცეს და საზეიმოდ გაჭრეს ლენტა.
ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლას 2020 წლის ბოლოდან მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრის მოწყობის სამუშაოები. სკოლა სრულად ადაპტირდა შშმ მოსწავლეებისთვის. განთავსდა ახალი ავეჯი და დამონტაჟდა ტექნიკა.
ახალი 2022-23 სასწავლო წელი სკოლის მოსწავლეებმა საკუთარ კედლებში დაიწყეს. მეცადინეობები 2 ცვლაში განახლდება. ახლად რეაბილიტირებული სივრცე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, დადებითად აისახება სწავლის ხარისხზე.
სკოლა ,,დავითიანმა”, „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან”, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდომი გააფორმა
ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანმა”, ა(ა)იპ„ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან “ უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა , რომლის მიზანია არაფორმალურ განათლებაში მოსწავლეთა უნარების განვითარება, ასევე სხვადასხვა პროექტებისა და აქტივობების განხორციელება, რომელშიც ჩართულები იქნებიან სკოლა ,,დავითიანის ” მოსწავლეები. X, XI, XII კლასელები მიიღებენ მონაწილეობას ერასმუს+ მოკლევადიან გაცვლით პროგრამებში , რომელიც განხორციელდება ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა ქვეყნებში.
ბოლნისში ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდება
ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ინიციატივითა და ბოლნისის მერიის მხარდაჭერით, 2022 წლის 24 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, ქ.ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, ჩატარდება ყოფილი ფეხბურთელის ლევან უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში სახელწოლდებით “უგას თასი”, ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ (20 წლიდან ზემოთ) მოყვარულ ფეხბურთელებს.
მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე, სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის ადმინისტრაციაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ორგანიზატორს:
551 17 00 69
599 94 21 94
595 12 48 12
ტურნირის გენერალური სპონსორია RMG GOlD.
16 სექტემბერი – ,,მედიატორის” მუსიკალური საღამო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის კულტურის ცენტრი და კულტურისა და დასვენების პარკი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და 16 სექტემბერს, გიწვევთ კულტურის სახლთან არსებული ბენდის ,,მედიატორის” მუსიკალურ საღამოზე.
დასაწყისი 19საათი
მისამართი: ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი
დასწრება თავისუფალია!
„მე ყველაფერს შევძლებ, რასაც მოვინდომებ“ – თამთა ანდრიაძის ცხოვრების მთავარი კრედო
,,ჩემი ცხოვრების მთავარი კრედოა ის, რომ მე ყველაფერს შევძლებ, რასაც მოვინდომებ, ეს არც გადამეტებულია და არც საკუთარ შესაძლებლობებზე მეტისმეტი წარმოდგენა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ თუ ყველა ადამიანი ამ დევიზით იცხოვრებს, არ არსებობს რაიმე, რასაც ვერ მიაღწევს, რადგან შეუძლებელი არაფერია. ცხოვრებას თავად “ვაშენებ”, მე ვარ მთავარი „მშენებელი” და მიმაჩნია, რომ თუ ისე ვიშრომებ ყველა დასახული მიზნისთვის, როგორც ახლა, აუცილებლად მივაღწევ მთავარ მიზანს.’’
ეს თამთა ანდრიაძეა, გოგონა რომელიც მუდამ სიახლის ძიებაშია, ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული, მისი ხედვები და მიზნები ქვეყნის უკეთეს მომავალს უკავშირდება, იცის რომ ეს მარტივი არ იქნება თუმცა გამოწვევებისთვის მუდამ მზადაა, ჯერ ბევრი აქვს სასწავლი. შრომა დაუფასდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პოლიტიკის მეცნიერების განხრით დაამთავრა, წელს კი სრული დაფინანსებით სწავლა “GIPA”-ს უნივერსიტეტში საჯარო მართვისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელა, პარალელურად ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე. ჩვენ გიამბობთ ახალგაზრდაზე, რომელიც არასდროს ჩერდება, რომ შემოქმედებითად მეტად გაიზარდოს.
-ვინ არის თამთა ანდრიაძე.
-თუ ჩემს გაცნობას ბავშვობიდან დავიწყებ, პირველიდან მეცხრე კლასამდე ვსწავლობდი თბილისის 174 საჯარო სკოლაში. ამ პერიოდში თამთა ვერც კი წარმოიდგენდა, თუ სამომავლოდ პოლიტიკით დაინტერესდებოდა, რადგან აქტიურად იყო ჩართული ხელოვნების სფეროში და ეგონა, რომ კარიერასაც ამავე კუთხით განაგრძობდა. 14 წლის ვიყავი, როდესაც საცხოვრებლად ბოლნისის მუნიციპალიტეტში გადმოვედი, სადაც სრულიად შეიცვალა როგორც აწმყო, ისე სამომავლო გეგმები.
-როგორ გაიხსენებ ბოლნისში გატარებულ წლებს?
-ბოლნისში გატარებული სწავლის წლები ჩემთვის შეუცვლელი და განუმეორებელია. ყველაზე კარგი პერიოდი, რაც კი გამომივლია, მე-5-ე საჯარო სკოლას უკავშირდება, რადგან ყველა სახის აქტივობებისა თუ შემეცნებით-ინტელექტუალური პროექტების კარი, ჩვენი სკოლისთვის ყოველთვის ღია იყო, ამისთვის კი უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა მასწავლებელს, განსაკუთრებით კი დირექტორს, მადონა ლომსაძეს, რადგან მისი წყალობით ჩავერთეთ პროექტში “თეატრალური ნიღბები”, რაც ჩემთვის ყველაზე კარგი მოგონებაა, რადგან ჩემმა დადგმულმა სპექტაკლმა მიიღო გრამპრი და გადმომეცა “საუკეთესო რეჟისორი მოსწავლის” ჯილდო. სცენას ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ეკავა 4 წლის ასაკიდან, როდესაც სიმღერა დავიწყე, თუმცა 15 წლის ასაკში, როდესაც იზოლდა ნიავაძემ შემომთავაზა სპექტაკლში მთავარი როლი, ეს გახდა საწინდარი ჩემი დიდი მოგზაურობისა თეატრალურ სივრცეში, რომელიც 7 წელია გრძელდება და ბოლნისის თეატრი გახდა პირველი სამსახური, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, აქ ვისწავლე რას ნიშნავს იყო დიდი ოჯახის წევრი, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა თეატრის დირექტორს გია ღვინერიას გაწეული შრომისა და დაფასებისთვის.
-ცხოვრების ახალ ეტაპზე, სტუდენტობაზე მოგვიყევი.
-ჩემი ახალი ცხოვრება 17 წლის ასაკიდან იწყება. ძალიან რთული აღმოჩნდა წასვლა იმ გარემოსგან, სადაც ყველას უყვარხარ და იქ აღმოჩენა, სადაც არავინ გიცნობს. რთულია გააცნობიერო, რამხელა კონკურენციაში აღმოჩნდი და გააანალიზო, რომ შენი ბავშვობა დასრულდა, ახლა მეტი პასუხისმგებლობა და მოვალეობა გაქვს , თუმცა ამ ბარიერის გადალახვის შემდეგ აცნობიერებ, რომ ყველაფერი ახალი, ფერადი და საინტერესო ახლა დაიწყო. მთავარი, პრობლემის აღქმა და მისი მოგვარების გზების ძებნაა, რის შემდეგაც გამოჩნდება გზა, რომელიც ჩვენი წარმატების საწინდარი გახდება. დღეს სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ სწავლა გავაგრძელე “GIPA”-ს უნივერსიტეტში საჯარო მართვისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით და ასევე ჩავაბარე მეორე უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე სრული დაფინანსებით. მიმაჩნია, რომ კარგი პოლიტიკოსი, საფუძვლიანად უნდა ერკვეოდეს სამართლის სისტემაში, ამიტომ გადავწყვიტე შევეჭიდო ურთულეს გზას, თუმცა საჭიროება ასე მოითხოვს.
-რას თვლი მთავარ წარმატებად?
-ჩემი ცხოვრების მთავარი წარმატება საარჩევნო სექტორს უკავშირდება. 18 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული არჩევნების თემატიკის სხვადასხვა აქტივობებში, 2020 წელს ვიყავი ბოლნისის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე, 2021 წელს ჩავაბარე მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა და ამავე წელს გავხდი საოლქო-საარჩევნო კომისიის ყველაზე ახალგაზრდა წევრი საქართველოს ისტორიაში, რისთვისაც უღრმესი მადლობა ბოლნისის ოცდამესამე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რუსუდან ქურდიანს, რადგან უდიდესია მისი წვლილი ჩემს ყველაზე დიდ წარმატებაში.
–რა არის შენთვის წარმატება და რას ურჩევდი შენს თანატოლებს, რომლებიც ეხლა გადიან ამ გზას.
-წარმატება ჩემთვის შეგრძნებაა, რომელიც განუმეორებელია და არაფერს შეედრება. არ არსებობს იმაზე დიდი ადრენალინი, ვიდრე საკუთარი მიღწევებით ტკბობაა და არ არსებობს სიტყვები, რომელიც მას აღწერს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატებამდე არის გზა, რომლის გავლაც ურთულესია და ამისთვის საჭიროა უდიდესი შრომა, თავდადება, ძალისხმევა, არაერთი გათენებული ღამე და დროის დანაკლისი, თუმცა დამიჯერეთ, როდესაც სასურველ შედეგს მიაღწევთ, 1 წამში დაგავიწყდებათ ყველა ის დაბრკოლება, რაც გამოიარეთ, რადგან მიღებული სიამოვნება, მართლაც რომ განუზომელია. აბიტურიენტებს, სტუდენტებსა და ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ არასდროს დანებდნენ, ეს არის ყველაზე სუსტი ადამიანის ქმედება და ჩვენ, მომავალ თაობას, არ გვაქვს უფლება დანებების! გჯეროდეთ საკუთარი თავის, ეს რწმენა ყველაზე მეტად გაგაძლიერებთ, გადადეთ ყველაფერი, რაც სწავლაში ხელს შეგიშლით, თქვენთვის ახლა პრიორიტეტული სწავლა და იმ ცოდნის მიღებაა, რაც საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმაროთ.
– რამ გადაგაწყვეტინა პოლიტიკის სამომავლო პროფესიად არჩევა, მშობლების როლი შენს წარმატებაში.
-მშობლები ჩემთვის ყველაზე სამაგალითოები და უდიდესი მოტივატორები არიან, რომლებიც არასდროს მაძლევდნენ დანებების საშუალებას. მათგან უამრავი რამ ვისწავლე. დედაჩემი მაგალითია ჩემთვის, როგორ შეიძლება ვუყვარდე ყველას, როგორ შევინარჩუნო სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში და როგორ მოვახერხო საკუთარი თავის კონტროლი, ხოლო მამა მიზანდასახულობის, სიძლიერის, გაუტეხლობის, სამართლიანობისა და სწავლის დაფასების უნარითაა გამორჩეული. მახსოვს, როდესაც მამაჩემის პოლიტიკური ცხოვრება იწყებოდა, მე 14 წლის ვიყავი. იყო პერიოდი, როცა მამას საჭმელადაც კი არ ეცალა, თუმცა არასდროს დამავიწყდება, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ მასწავლიდა ყველაფერს, რასაც თავად გადიოდა, როგორ მასწავლიდა ადამიანების ცნობას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, სწორედ ეს გახდა საწინდარი ჩემი პროფესიის არჩევისა. მამაჩემის სიტყვები არასდროს მავიწყდება და მუდამ ცხოვრების დევიზად მდევს, რომ „ჩვენ ერთად ყველაფერი შეგვიძლია”, ეს მართლაც ასეა. მშობლების მხარდაჭერა შვილს ასმაგად აძლიერებს და მადლობა მათ, რომ მე ამის დანაკლისი არასდროს მქონია.
-გარდა სტუდენტობისა, რითი ხარ დაკავებული?
-დღევანდელობას რაც შეეხება, მე ვარ ევროსაბჭოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, რომელიც აქტიურად ცდილობს სრულყოფაში მოიყვანოს ასოცირების შეთანხმების მთავარი პრინციპები და მაქსიმალურად აღზარდოს პრო-დასავლური თაობა, რომელიც ქვეყნის მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის, ასევე ვარ დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაციის “ინტეგრირებული ქალი”, რომელიც სექტემბრის ბოლოს აქტიურად შეუდგება მუშაობას, ქვემო ქართლის მასშტაბით, ყველა იმ ქალისთვის, რომელმაც ვერ მიიღო განათლება, არის ძალადობის მსხვერპლი და სჭირდება კონკრეტული სახის დახმარება.
-სამომავლო გეგმებზე გვიამბე?
-რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველი, რაც მნიშვნელოვანია არის სამაგისტრო პროგრამის გავლა, რომელიც 1 წლის შემდეგ გაგრძელდება ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, თუმცა აუცილებლად დავბრუნდები, რადგან მგონია, რომ მიღებული ცოდნა, სრულიად უნდა მოხმარდეს ჩემს ქვეყანას. ამის შემდეგ კი დაიწყება ჩემი აქტიური პოლიტიკური ცხოვრება და მთავარი მიზანი, უახლოესი 3 წლის განმავლობაში, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაა, როგორც კი ამის საშუალებას მომცემს ასაკი.
-რა გასწავლა მიღებულმა გამოცდილებამ?
-მიღებულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ არ არსებობს მიზანი, რომელსაც შრომის გარეშე მიაღწევ. იმისთვის, რომ იყო წარმატებული, პირველ რიგში უნდა გააცნობიერო, რამხელა ფასი აქვს ამ ყველაფერს. ვისწავლე საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, მათი პრობლემების რეალურად მოსმენა, შესწავლა და ყველაზე მთავარი, სხვისი შრომის დაფასება! იმისთვის, რომ იყო წარმატებული, საჭიროა თვითგანვითარებაზე მუშაობა, ყველა მხრიდან სასარგებლო ინფორმაციების გაცნობა, სწავლა და შრომა. მახსოვს, ივლისის თითქმის ყველა ღამე ცრემლებით სრულდებოდა, რადგან 365 დღიდან, არცერთი დღე არ გასულა სწავლის გარეშე, თუმცა მე მიღირდა ყველა გათენებული ღამე და ცრემლი იმის ფასად, რასაც ჩემი წარმატება ერქვა. ვიცი, მომავალში 100-ჯერ მეტი ძალისხმევა და გარჯა მომიწევს, თუმცა საკუთარი წარმატებისა და ქვეყნის პროგრესირებისკენ სწრაფვა იმდენად დიდია, რომ მზად ვარ ყველანაირი კონკურენციისა და განუზომელი შრომისთვის. მადლობების თქმას ალბათ ვერასდროს მოვრჩები, თუმცა მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი სჯეროდა, ამის გარეშე, უბრალოდ აზრი არ აქვს, იყო წარმატებული.
მადლობა თამთა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებ.
მაგდა დევნოზაშვილი
არემჯის განცხადება სოფელ მუშევანში განვითარებული მოვლენების შესახებ
მუშევანის ლიცენზიას „არემჯი“ ფლობს 2011 წლიდან. შესაბამისი სანებართვო პროცედურების გავლის შემდეგ, ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას, რომელიც ვფიქრობთ მნიშვნელოვან განვითარებას მოუტანს სოფელ მუშევანს და მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტს.
კომპანიამ უკვე გადადგა არაერთი ქმედითი ნაბიჯი, კერძოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან გააფორმა სოფლის განვითარების მემორანდუმი განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. კერძოდ, მიმდინარეობს სოფლის წყლით მომარაგების სამუშაოები, სხვადასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები.
ვფიქრობთ, სწორედ ამ პერსპექტივის დასაცავად გამოვიდა დღეს მუშევანის მოსახლეობა და პასუხი გასცა იმ დეზინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის გაჩერებას.
მუშევანის პროექტი მდებარეობს სოფლიდან მოშორებით, ამდენად სოფელზე გამორიცხულია რაიმე ფორმის ზემოქმედება ეკოლოგიური თვალსაზრისით, რაც დასტურდება წინასწარ ჩატარებული კვლევებით და ცნობილია მოსახლეობის უმრავლესობისთვის. ჩვენი სურვილია კომპანიის განვითარებას თან ახლდეს ახლო მდებარე სოფლებისა და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება. კომპანია ემიჯნება ყველანაირ დაპირისპირებას და მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისკენ.
გიორგი დოხტურიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დუხტურიშვილის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია პოლონეთის რესპუბლიკის, ზედა სილეზიის მარშალს, ვოიტეკ კალუჟას და ქალაქ კატოვიცეს მერს, მარცინ კრუპას შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა და სილეზიის მარშალმა მთავარი აქცენტები ორ რეგიონს შორის სამომავლოდ მეგობრული ურთიერთობების გამყარებასა და რეგიონებს შორის ეკონომიკის, განათლებისა და ტურიზმის განვითარებაზე გააკეთეს. შეხვედრის ფარგლებში გიორგი დოხტურიშვილმა და ქალაქ კატოვიცეს მერმა ქალაქების დამეგობრობის საკითხი განიხილეს და სამომავლო სამოქმედო გეგმები დასახეს.
გიორგი დოხტურიშვილი, ზემო სილეზიის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტთან ვახტან ჯაყელთან ერთად ,,FASING SA Capital Group“-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს ჟისლავ ბიკს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ,,FASING SA Capital Group“, ცენტრალურ ევროპაში უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც მსოფლიო ბაზრის ყველა ძირითად სეგმენტზე მუშაობს, ქვემო ქართლში ინვესტიციას განახორციელებს და რეგიონში ქარხნის მშენებლობას დაიწყებს.
ინვესტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის განვითარებას და დასაქმების მსურველ ადგილობრივ მოსხლეობას 100-მდე სამუშაო ადგილს შესთავაზებს.
გიორგი დოხტურიშვილი ქვემო ქართლის დელეგაციის წევრებთან ერთად ,,EXPO KATOWICE“-ს, სამთო ენერგეტიკის მოპოვებისა და მეტალურგიის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო, რომელიც მსოფლიო მასშტაბის გამოფენა და სტრატეგიული მოვლენაა მოქმედი სამრეწველო სექტორისთვის და მსოფლიოს 250-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
ქართულ დელეგაციას, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დუხტურიშვილი ხელმძღვანელობს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: გიორგი შინჯიკაშვილი და ილია ჯალაღანია წარმოადგენენ.
C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი პირველადი ჯანდაცვის დონეზე
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება C ჰეპატიტის, აივ ინფექცია /შიდსის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი პირველად ჯანდაცვაში. ბოლნისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამის იმპლემენტაცია.
2022 წლის 16 აგვისტოს, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისში, წითელი ჯვრის ოფისში, ჩატარდა მულტიდისციპლინარული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის, მიღწევების და სამომავლო გეგმების შესახებ.
პროექტის მიზანია, თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში C ჰეპატიტით, აივ ინფექცია / შიდსითა და ტუბერკულოზით გამოწვეული ავადობის, სიკვდილობის და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების ადრეული გამოვლინების და ეფექტური მკურნალობის ხელშეწყობის გზით.
