საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა დღეს დმანისის ბიუროში მოქალაქეთა მიღება გამართა. მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა მაჟორიტარს საკუთარ საჭიროებებზე ესაუბრნენ. „ადგილზევე განვიხილეთ მოგვარების გზები, ხოლო საკითხებზე რომელთა გადაჭრა დროს და სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს განვაგრძობთ მუშაობას და უფლებამოსილების ფარგლებში ძალისხმევას არ დავიშურებთ მათ გადასაწყვეტად.“ -განაცხადა გოგი მეშველიანამა
„არემჯის“ განცხადება მუშევანის პროექტთან დაკავშირებით
მუშევანის პროექტის ირგვლივ, სამწუხაროდ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ დეზინფორმაციასთან, რომელიც არ ემსახურება სოფელ მუშევანის განვითარებას და მისი მოსახლეობის კეთილდღეობას. შესაბამისად კიდევ ერთხელ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ სოფლის მოსახლეობა სრულად იყო ინფორმირებული (მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე) არსებული პროექტის შესახებ, რასაც სოფელში ჩატარებული ორი საჯარო განხილვა მოწმობს. აღნიშნული დასტურდება გზშ-ს საჯარო განხილვის უწყვეტი ვიდეო გადაღებითაც, რომელიც სრულად ასახავს საჯარო განხილვის მაღალ სტანდარტს და კანონიერებას. ვიდეო გადაღება ხორციელდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიერ. მოვუწოდებთ მათ გაასაჯაროონ აღნიშნული ვიდეო/ფოტო მასალები.
გზშ-ს განხილვის შემდეგ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მუშევანის პროექტის ირგვლივ მოთხოვნილ დამატებით ინფორმაციას, კომპანიის მხრიდან ასევე გაეცა ამომწურავი პასუხები.
ჩვენ ასევე წლებია ვასრულებთ უპრეცედენტო გარემოსდაცვით ვალდებულებებს და ამ მხრივ ქვეყნის მასშტაბით ვნერგავთ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტს, რაც უკვე არაერთხელ იქნა აღიარებული ამ დარგის სპეციალისტების მიერ. შესაბამისად „არემჯის“ მიმართ არ არსებობს არცერთი ობიექტური პასუხგაუცემელი კითხვა, რაც შეიძლება ნებართვის არ გაცემის საფუძველი გამხდარიყო.
გარდა ამისა, ადგილზე ადგილობრივ მოსახლეობასთან რამდენიმე თვეა ვაწარმოებთ აქტიურ კომუნიკაციას და უკვე გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც უკვე გრძნობს და მომავალშიც აუცილებლად იგრძნობს მუშევანის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა.
კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, დაინტერესების შემთხვავაში მედიას და არასამთავრობო სექტორს მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია მუშევანის პროექტის სანებართვო პირობებთან დაკავშრებით. ასევე, იმ მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, რომელიც სოფელ მუშევანში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს.
10 ნოემბერს მსოფლიოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება
10 ნოემბერს მსოფლიოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღის დაწესება მიზნად ისახავს საზოგადოებაში მეცნიერების როლის გაძლიერებას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის ხაზგასმას და ინოვაციური სამეცნიერო მიღწევების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და სამეცნიერო საზოგადოების მხარდაჭერა წარმოადგენს. ბოლო წლებში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის წევრი გახდა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ულოცავს მეცნიერებს პროფესიულ დღეს, წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს მათ სამეცნიერო საქმიანობაში.
10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღედ 2001 წელს UNESCO-ს ეგიდით დაწესდა, მას შემდეგ საქართველო ყოველწლიურად უერთდება მსოფლიო ინიციატივას.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მეცნიერების საერთაშორისო დღე შემდეგი თემატიკით აღინიშნება: „ფუნდამენტური მეცნიერებები მდგრადი განვითარებისთვის“.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია დაფინანსდება. ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებებს, ამ დიაგნოზით, წლის განმავლობაში, 6 000-მდე პაციენტი მიმართავს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია.
ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს.
„ეს პროგრამა საკმაოდ მოცულობითი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რეაბილიტაციის კომპონენტის გარდა, სამინისტრო, ინსულტის მძიმე შედეგების პრევენციის ახალი მოდელის დანერგვაზეც მუშაობს – ინსულტის შემთხვევაზე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას და პაციენტს, ჩვენების მიხედვით, იმ კონკრეტულ კლინიკებში გადაიყვანს, სადაც მას ოპერატიულად დაეხმარებიან. აღნიშნული მოდელით, იმ შემდეგი გართულებების პრევენციას მოვახდენთ, რასაც შესაძლოა, რეაბილიტაცია დაჭირდეს ან საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს პაციენტი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს კანონის პროექტში – „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება – სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას.
პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
აგრეთვე, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება 2013 წლის 21 თებერვლის N 36 დადგენილებაში – ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. კერძოდ, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამა, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის 1 თვის ბიუჯეტი 919 250 ლარს შეადგენს. პროგრამების წლიური ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უწყებას საშუალებას მისცემს გაზარდოს, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე – სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 15 ნოემბრამდე, ყველასათვის უფასოა
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://ncdc.ge/
“გალფმა” 100 პირველკურსელი სტიპენდიანტი გამოავლინა
ეროვნულ ბიბლიოთეკაში გალფის და პეტროკას ენერჯი ჯგუფის ახალი პლატფორმის “მომავალი ჩვენია” პრეზენტაცია გაიმართა.
სასტიპენდიო პროგრამის მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიურად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებს.
“მომავალი ჩვენია” გალფის ახალი პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ჯგუფში შემავალ სოციალური პროექტების ყველა ძირითად მიმართულებას, მათ შორის: განათლების ხელშეწყობას ახალგაზრდა თაობაში, სპორტის პოპულარიზაციას, ქართული კულტურის მხარდაჭერას და ქველმოქმედებას.
2022 წელს, ნოემბრის თვის მდგომარეობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 3665 გრძივი მეტრი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო
სოფელ ხატისოფელში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზის მოწყობის მასშტაბური პროექტი განხორციელდა. 600 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო 480 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოპირკეთდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 640 000 ლარი შეადგინა.
სოფელ ქვემო არქევანიდან სოფელ ხატავეთისკენ მიმავალ საავტომობილო მონაკვეთზე ბეტონის გზა მოეწყო. დასახლებულ პუნქტებში კი ღია სანიაღვრეებიც გაკეთდა. სამუშაოების სრულმა ღირებულებამ 1 275 000 ლარი შეადგინა.
სოფელ ვანათში 870 გრძივი მეტრი ბეტონის გზა გაკეთდა. პროექტის ფარგლებში, ასევე 222 მეტრზე სანიაღვრე ქსელიც მოეწყო.
სამივე პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 2022 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი 6 მილიონამდე ლარს აითვისებს. აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა წელს ქალაქ ბოლნისში სიონის, ჭავჭავაძისა და სოხუმის ქუჩების მონაკვეთებზეც მოეწყობა.
გამოწვევად რჩება განათლების ხარისხი და ინსტიტუციური გაძლიერება – მთავრობის „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ გამოქვეყნდა
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ხელმოწერით, საქართველოს მთავრობის “ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია” დამტკიცდა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მისი ერთი ნაწილი განათლების სფეროს ეხება.
„საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც, დაგროვებული გამოცდილებისა და არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აყალიბებს მომავლის ხედვას, განსაზღვრავს განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს, ძირითად პრინციპებსა და მიზნების მიღწევის კონკრეტულ გზებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წინასიტყვაობაში.
მისივე თქმით, დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას, რაც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ თანასწორობას, რეგიონული უთანასწორობის შემცირებას, ხარისხიანი ჯანდაცვის, განათლების, საზოგადოებრივ სხვა სიკეთეთა მეტ ხელმისაწვდომობას, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს, დემოკრატიის გაძლიერებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, გასული წლების განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში უმთავრეს გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება განათლების ხარისხი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება.
პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.
პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა.
DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.
ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. კლინიკა პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს – როგორიცაა, მაგალითად, ე.წ. VIP პალატის ან აყვანილი ექიმის ჰონორარი.
ყველა პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს.
DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული და ეფექტური მეთოდია და მისი საშუალებით, ხელმისაწვდომია ხარისხიანი მკურნალობა ზედმეტი დანახარჯების გარეშე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 15 05