კვირა, ივნისი 22, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 82

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, კომპანია „ბუშონის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართეს

0

„ბუშონი“ ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების იმპორტ-ექსპორტითაა დაკავებული. შეხვედრაზე გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა კომპანიის დირექტორს დავით გოგოძესა და ფრანგული მხარის წარმომადგენელს, არჩილ კობაურს ბოლნისში მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრის ფარგლებში, გოგი მეშველიანმა, დავით შერაზადიშვილმა და კომპანია „ბუშონის“ წარმომადგენლებმა ბოლნისური მარნები და ვენახებიც მოინახულეს.

კომპანიის წარმომადგენლები ბოლნისური ღვინის გემოვნური თვისებებითა და წარმოების სპეციფიკით დაინტერესდნენ. აღსანიშნავია, რომ „ბუშონი“ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ისეთ ლიდერ კომპანიებთან თანამშრომლობს როგორებიცაა: Cordier wines (Groupe invivo) და Maison Advini Jeanjean.

ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

0

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის საომარ მოქმედებებში დაღუპულ და ომის შემდგომ გარდაცვლილ მებრძოლთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენები გადაეცათ თავდაცვის სამინისტროს II საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 242-ე და 243-ე ბატალიონთა სამხედრო მოსამსახურეებს.

დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სახელმწიფო ჯილდოები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ გადასცეს.

‘’ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნის ბოლო ათწლეულების ისტორია დაიწერა იმ გმირების ბრძოლითა და თავგანწირვით, რომელთა ოჯახის წევრებიც თქვენ ბრძანდებით. ჩვენს ქვეყანას, თავისი არსებობის მანძილზე, გმირები არასოდეს დაჰკლებია და თქვენი ოჯახის წევრებსაც ერგოთ პატივი, ამ გმირთა სავანეში გადაენაცვლათ. ამ ორდენების უკან დგანან სამშობლოსათვის შეწირული ადამიანები, რომელთაც შეგნებულად მიიტანეს თავიანთი სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე.მათი ღვაწლი უნდა დაფასდეს და მომავალმა თაობებმა იცოდნენ მათი თავგანწირვის შესახებ. მისასალმებელია, რომ დღეს, სახელმწიფოს აქვს გამოხატული ნება, უკვდავყოს ქვეყნისთვის თავდადებულთა სახელები,’’_აღნიშნა კობა კობალაძემ.

‘’ჩვენ, სამშობლოსათვის, ერთად ვიბრძოდით ბრძოლის ველზე, თუმცა, ღმერთმა ისინი გამოარჩია გმირებად. ამიტომაც მათი სახელები თაობებმა უნდა იცოდნენ. საზოგადოება უნდა იცნობდეს ქვეყნის იმ შვილებს, რომელთაც ქვეყნის წინაშე ვალი საკუთარი სიცოცხლით მოიხადეს. სამხედრო ჩინის მიუხედავად, მათ, ყველას ერთი სახელი_სამშობლოსათვის თავდადებული ჰქვიათ. გარწმუნებთ, ჩვენ,ვინც აქ ვსხედვართ,ვისურვებდით მათ ადგილზე ყოფნას, რადგან ყველა მეომრისთვის ბედნიერებაა ბრძოლის ველზე სიკვდილი,’’- განაცხადა დავით თევზაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 7 ოქტომბრის N 07/10/04 განკარგულების საფუძველზე ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ: გაბედავა თენგიზ ღუღუნის ძე; სილაგაძე რომეო ჯემალის-ძე; კუხალაშვილი გოჩა ნიკოლოზის ძე; თუთისანი ჟორა პავლეს ძე; ჩაკვეტაძე ვახტანგ ვალიკოს ძე; ხოლო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი გადაეცათ ლეჟავა როინ დომეს ძეს, ბებია ალექსანდრე ილიას ძეს, ურიდია მედეა აკაკის ასეულს, ყურაშვილ ჯანსუღ ჯიბილოს ძეს, ცხვირავაშვილ არჩილ ოთარის ძეს, ბებია რეზო ტერენტის ძეს, ბენდელიან ვიტალი ოთარის ძეს და სვანიძე ბეჟან ბაგრატის ძეს.

სტუმრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სახელმწიფოს მესვეურთა მიმართ მათი ოჯახის წევრთა ღვაწლის დაფასებისთვის მადლიერება გამოხატეს და ხაზგასმით აღნიშნეს მათ მიმართ პირადად კობა კობალაძისა და სამსახურის მთელი კოლექტივის გულისხმიერი დამოკიდებულება და თანადგომა.

23 ნოემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს

0

მორწმუნეები  გიორგობის დღესასწაულს ტაძრებში საზეიმო ლოცვით აღნიშნავენ.  საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. იგი მესამე საუკუნეში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა. წმინდანს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

გოგი მეშველიანი: ვფიქრობ, დღემდე არსად დაწერილა ამის შესახებ და ბევრმა არც იცის თუ ვის მიერ იქნა აღდგენილი მეფე ლაშა-გიორგის მიერ აშენებული ეკლესია

0

 საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი მოსახლეობას გიორგობას ულოცავს და ფეისბუქის პირად გვერდზე გამგებლობის პერიოდში ემოციით დატვირტლ დღეს და მეფე ლაშა-გიორგის მიერ აშენებული ეკლესიის აღდგენის ისტორიაზე წერს. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ „გილოცავთ გიორგობას! დღემდე ცხადად მახსოვს ის დღე და ყოველ გიორგობას კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით მახსენებს თავს. ალბათ იმიტომ, რომ ერთ-ერთი მრავალმხრივი ემოციით დატვირთული დღე იყო, რომელიც ჩემი ბოლნისის გამგებლად მუშაობის პერიოდს უკავშირდება. 2016 წლის მაისში მე და ჩემ მეგობარს, დავით შერაზადიშვილს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე ეფრემი დაგვიკავშირდა და სოფელ დარბაზში წასვლა შემოგვთავაზა. უნდა გამოვტყდე – ჩემთვის იმ დღემდე უცნობი, წმინდა გიორგის სახელობის მეცამეტე საუკუნის ეკლესიის კართან აღმოვჩნდით. საბედნიეროდ, ბოლნისის მუნიციპალიტეტი იმდენად მდიდარია ისტორიული ძეგლებით, ალბათ დასაძრახი არ არის, ყოველი მათგანის შესახებ არ ფლობდე ინფორმაციას, მაშინაც კი, თუ მისი ხემძღვანელი ხარ და ეს ადგილები და შემოგარენი ფეხით გაქვს არაერთხელ შემოვლილი ნადირობისას, თუ ლაშქრობებისას. ჩვენთვის დაუჯერებელი იყო იმ ფაქტის აღმოჩენა, რომ უკვე აღდგენილი ეკლესიიკენ (რომელიც ცენტრალური გზიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული) მიმავალ ბილიკზე, ეზოში ხელოსნები ქვაფენილს აგებდნენ…. და ამ უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი ეკლესიის რესტავრაცია ფონდმა “ქართუმ” ისე განახორციელა, რომ არც მე და არც თვითმმართველობის რომელიმე წარმომადგენელს ამ, საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოების შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ვფიქრობ, დღემდე არსად დაწერილა ამის შესახებ და ბევრმა არც იცის თუ ვის მიერ იქნა აღდგენილი მეფე ლაშა-გიორგის მიერ აშენებული ეკლესია… ასე, უხმაუროდ, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აღდგა და შეუნარჩუნდა ჩვენ ქვეყანას რამდენიმე ასეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი… შეგვეწიოს და გვფარავდეს დარბაზის წმინდა გიორგი!

საკუთარი თავის რწმენა და შრომა – წარმატების ფორმულა ნუცა გობეჯიშვილისგან

0

რუბრიკამ „პანდემიის თაობა“ შეიცვალა სახელი და „წარმატებულის“ ფორმატში გააგრძელებს საინტერესო, მშრომელი და მიზანდასახული ადამიანების გაცნობას. ჩვენი გაზეთის გვერდებიდან, არაერთი წარმატებული ადამიანის შესახებ გიამბეთ, თითოეულმა მათგანმა შემდეგი ნომრის რესპონდენტი თავად დაასახელა.  ანანო  უგრეხელიძემ შემოგვთავაზა, საზოგადოებისთვის, ბოლნისის ზრდასრულთა ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი, ნუცა გობეჯიშვილი გაგვეცნო.  ნუცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და უკვე რომანული ფილოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტია. გასულ წელს, გაცვლითი პროგრამით, საფრანგეთში  იმყოფებოდა და როგორც კი ჩამოვიდა, დაიწყო მუშაობა ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ფრანგულის მასწავლებლად.

ნუცა პოლიგლოტია, გარდა ფრანგული ენისა, იცის რუსული, ინგლისური, იტალიური და ესპანური, თუმცა სამომავლო გეგმებშია გერმანული ენის შესწავლაც. ნუცა მიზანდასახულია, რომლის განსახორციელებლად ბევრს შრომობს. მისთვის მისაბაძი ადამიანი დედაა და, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დედამ მისით იამაყოს. როგორც ამ რუბრიკის თითოეული სტუმარი, ჩვენი რესპონდენტიც მომავალ თაობებს  დახურული კარების გასაღებად, ცოდნის მიღებას ურჩევს.

-ნუცა,  ჩემს რუბრიკაში დაგასახელათ ანანო უგრეხელიძემ, როგორ ფიქრობთ, რატომ აგირჩიათ თქვენ?

-პირველ რიგში,  ანანოს მადლობა, რომ ამ რუბრიკაში დამასახელა. ალბათ ის თვლის, რომ მომავალი წარმატებული ადამიანი ვარ.

-ვინ არის  ნუცა გობეჯიშვილი,  მოგვიყევით  თქვენს შესახებ?

– მე ვარ ერთი უბრალო გოგო, ვისაც ძალიან უყვარს თავისი პროფესია, ენების შესწავლა და მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. ვსწავლობ მაგისტრატურაზე და  ვმუშაობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  მყავს საყვარელი მოსწავლეები, რომლებსაც ფრანგულს ვასწავლი.

-თქვენს პროფესიულ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდა ოჯახი?

– ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებებს ყოველთვის კარგად ხვდება და ვიცი, რომ ყოველთვის მგულშემატკივრობენ. პროფესიით  ვარ ფრანგული ენის ფილოლოგი. ბავშვობიდან მიყვარდა ენების სწავლა და ყოველთვის მინდოდა პოლიგლოტობა. სურვილი ავისრულე და უკვე 5 ენა ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ,  რამდენიმეს კიდევ ვისწავლი. როგორც გითხარით, პროფესიით ვმუშაობ და ბავშვებს უცხო ენას ვასწავლი. მარტში ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დავიწყე მუშაობა და მიხარია,  ბევრს მიეცა  შესაძლებლობა,  შეესწავლა ფრანგული ენა.

– რას აკეთებ თავისუფალი დროს?

– თავისუფალ დროს წიგნისა და სამაგისტრო ნაშრომის წერას ვუთმობ.

-რა არის პირველი, რასაც აკეთებთ დილით და როგორ მოქმედებს ეს დანარჩენ დღეზე?

– მოწესრიგების შემდეგ ვსვამ ყავას, ვამოწმებ ფოსტას და ვკითხულობ მსოფლიო ახალ ამბებს.

– თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარის არის…

-ყველაზე მთავარი ყოველთვის არის ოჯახი, ხოლო ოჯახის შემდეგ, საყვარელი საქმე.

-წარმატება ჩემთვის ნიშნავს…

– მიზნის მიღწევას, რომლისთვისაც ძალიან ბევრი ვიშრომე.

-რამდენად არის დამოკიდებული წარმატება ბედნიერ შემთხვევაზე?

-წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა, თუმცა პატარ-პატარა ბედნიერი შემთხვევებიც (რასაც ზოგიერთი გამართლებას ეძახის) საჭიროა.

-პრიორიტეტები…

-ოჯახი, განათლება, ზრდილობა, სიყვარული…

– რა გიბიძგებთ თქვენი მიზნების შესრულებისკენ?

-მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა. თუ გვჯერა, რომ მიზანს მივაღწევთ და ამისთვის არ დაგვეზარება მუშაობა, მაშინ არც  წარმატება იქნება ჩვენგან შორს.

-როგორ განსაზღვრავს საკუთარ თავს წარმატება?

 -თავდაჯერებულობა და მოტივაცია გვემატება, რომ გადავდგათ უფრო დიდი ნაბიჯები სხვა მნიშვნელოვანი მიღწევებისკენ.

-საოცნებო სამსახური…

– დაკავშირებულია უნივერსიტეტში მუშაობასთან.

-ვინ და რამ მოახდინა დიდი გავლენა თქვენზე?

– ჩემს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებისგანაც  ძალიან ბევრი  ვისწავლე, ესენი არიან ოჯახის წევრები, მასწავლებლები, პროფესორები.  ერთ ვიღაცას, ან რაღაცას, დიდი გავლენა ნამდვილად არ მოუხდენია.

– მიღწევა, რითაც განსაკუთრებით ამაყობ.

– ვფიქრობ, მთავარი მიღწევა , რომლითაც ვიამაყებ, ჯერ წინ მაქვს.

– ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ?

– ერთმანეთის პატივისცემა.

-როგორ აყალიბებს თქვენი წარსული გამოცდილება მომავლის ხედვას?

– ვფიქრობ, წარსულის რთული პერიოდები უნდა გამოვიყენოთ დღევანდელი მოტივაციისთვის და გვახსოვდეს, რომ წარსულს ვერ შევცვლით, თუმცა მომავალი ჩვენს ხელშია.

-კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ადამიანებს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდათ და საკუთარ თავში არაერთი უნარი აღმოაჩინეს…

– ახალი არაფერი აღმომიჩენია, უბრალოდ თავისუფალი დრო გამომიჩნდა ჰობისთვის. ძალიან მიყვარს კულინარია და ვაკეთებდი სხვადასხვა კერძებს. პანდემიის მეორე წელს კი, საფრანგეთში ვიყავი და იქ უამრავი ფრანგული რეცეპტი შევაგროვე.

– თქვენთვის მისაბაძი მაგალითი?

-ჩემთვის მისაბაძი ადამიანი არის დედა. ის ძალიან განათლებული და ძლიერი პიროვნებაა, მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ  ჩემით იამაყოს.

-სად ხედავთ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ…

– 5 წლის შემდეგ , ჩემს თავს ვხედავ უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართულს….

-ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხე….

– ბოლო წიგნი, რომელიც გადავიკითხე არის სტენდალის ,,პარმის სავანე“.

-საყვარელი პოეტი, მწერალი…

– ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ მიჭირს  ერთის არჩევა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მიყვარს მე-19 საუკუნის ფრანგი, ინგლისელი და ქართველი კლასიკოსები.

-მომიყევი მეგობრებზე, რა როლი აქვთ მათ თქვენს ცხოვრებაში?

-რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ყველანი დაკავებულები ვართ და ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებით, თუმცა სულ გვაქვს სატელეფონო საუბრები და მიმოწერა.

-თქვენი ყველაზე მთავარი რჩევა მომავალი თაობებისთვის, რას ეტყოდით მათ?

– მომავალ თაობებს ვურჩევ, რომ მიიღონ კარგი განათლება, ბევრი იკითხონ და სულ ახლის ძიებაში იყვნენ, იმიტომ, რომ ცოდნა მათ დახურულ კარებს გაუღებს. ასევე არ დაივიწყონ თავაზიანობა, რადგან ჯერ კიდევ სერვანტესი წერდა, რომ არაფერი გვიჯდება ისე იაფი, და არაფერი ფასობს ისე ძვირად, როგორც თავაზიანობა.

-როგორ ქვეყანაში ისურვებდით ცხოვრებას?

-ვიცხოვრებდი თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანები  ერთმანეთს პატივს სცემენ და ერთმანეთის ბედნიერება ახარებთ.

-დაგვისახელე მომავალი წარმატებული ადამიანი, ვის ხილვასაც ისურვებდი ჩვენს რუბრიკაში, დაუტოვე კითხვა.

– ამ რუბრიკაში მინდა დავასახელო ჩემი ორი მოსწავლე (მარიამ კორტავა და ანა გრძელიშვილი ) იქნებ ერთად უპასუხონ თქვენს კითხვებს. ისინი წარმატებული მოსწავლეები არიან, ძალიან უყვართ კითხვა, ცეკვა, სიმღერა. მათ  დატვირთული გრაფიკი აქვთ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ წრეზე დადიან, თუმცა ეს მათი სურვილია, რადგან მოსწონთ ყველა ის საქმე, რასაც ასრულებენ და ამიტომაც გამოსდით კარგად. ცეკვაში მიღწეული წარმატებების გამო, სტიპენდიასაც კი იღებენ. ჩემი კითხვაა-როგორ ფიქრობთ, სად და რა საქმით იქნებით დაკავებულები 10 წელიწადში?

ნონა ხუზმიაშვილი

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდება

0

ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში საშუალოდ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში საშუალოდ 792ლარი) განისაზღვრა.

რეფორმის მიხედვით მომავალი წლიდან,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. ახალი რეგულაციით ხელფასის ზრდა შეეხება 9000-მდე ექიმსა და 8000-ზე მეტ ექთანს.

ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში ეტაპობრივად გაიზრდება. 2025 წლისთვის, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში – 9 ლარი , ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

გენდერული თანასწორობის საბჭო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანიაში ერთვება

0

ბოლნისის გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრებმა, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

გენდერული ძალადობისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიას, ბოლნისის გენდერული საბჭო სხვადასხვა აქტივობებით შეუერთდება.

სხდომაზე გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ფერიდე ტვილდიანმა საბჭოს წარუდგინა, გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი ნინო კარგარეთელი.

“სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის”პროექტის პრეზენტაცია

0

ბოლნისის მუზეუმში “სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის” პროექტის „ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გენდერული თანასწორობის პრინციპების სწავლება, განათლებისა და საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც ნაწილობრივ იქნება ადრეულ ასაკში იძულებითი ქორწინების პრევენციის მცდელობა და ხელს შეუწყობს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი საზოგადოებაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი

 დავით შერაზადიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში – ანარ სულეიმანოვი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია სვანიძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ახალგაზრდები და მოსწავლეები. პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდის“  ფინანსურ მხარდაჭერით.

21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

0

21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს. ამავე წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება რეზოლუციით დაამტკიცა.

ქართული ტელევიზიის ისტორია 1953 წლიდან იღებს სათავეს. ამავე წელს დაიწყო პირველი ტელეცენტრის დაპროექტება თბილისში, რომელიც მთაწმინდის ზედა პლატოზე უნდა განთავსებულიყო.

1956 წელს მთაწმინდის ზედა პლატოზე სატელევიზიო ანძის მშენებლობა დასრულდა. პირველი ტელეგადაცემები სწორედ მთაწმინდის ტელესტუდიიდან გადაიცემოდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა

0

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩი უელსის ნაკრების წინააღმდეგ, კარდიფში გამართა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია დაესწრო.

მატჩის პირველი ტაიმი შეხვედრის მასპინძლებმა 12-3 მოიგეს. მეორე ნახევარში ,,ბორჯღალოსნებმა” მატჩში დაბრუნება მოახერხეს და დრამატულ ბოლო წუთებში ანგარიშით 13:12 იმარჯვეს. გადამწყვეტი სამი ქულა ჯარიმით საქართველოს ნაკრებს ლუკა მატკავამ მოუტანა, ლევან მაისაშვილის გუნდმა ისტორიაში პირველად მოახერხა უელსის ნაკრების დამარცხება. ქართველმა მორაგბეებმა ნოემბერში გამართული სამი ტესტ-მატჩიდან ორის მოგება მოახერხეს.