კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 8

ირაკლი კობახიძე – სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია – სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს

0

ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია, საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.

პრემიერის აღნიშვნით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.

„საზოგადოება ხშირად გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ფასნამატის სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადაროთ, საქართველოში კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“, – აცხადებს ირაკლი კობახიზე.

მისივე განმარტებით, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14% პროცენტიც კი არის, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია.

პრემიერის თქმით, პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ.

„კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები – ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები და სხვა, ბევრად უფრო მაღალია. ასევე, ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-იდან 13.5 პროცენტამდე მერყეობს. პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი, პირიქით, ქართული წარმოების წახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირებაა“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გიორგი სვანიძე :  რიგგარეშე სხდომაზე განხილული საკითხები ემსახურება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა თავმჯდომარე გიორგი სვანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს ათი საკითხი, მათ შორის ქალაქ ბოლნისში სამი მრავალბინიანი კორპუსის სახურავების სარეაბილიტაციო პროექტები, საკრებულოს რეგლამენტში ტექნიკური ცვლილება, 2026–2030 წლების მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა, „პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში“ ცვლილება და 2026 წლის ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები, რომელთაც დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განხილული საკითხები ემსახურება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე სოციალური სერვისების უწყვეტობისა და ეფექტიანი მუნიციპალური მართვის უზრუნველსაყოფად.“-აღნიშნა გიორგი სვანიძემ

ბოლნისის ძიუდოს დარბაზმა პირველ რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა

0

დღეს ბოლნისის ძიუდოს დარბაზში,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის , დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველ რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა,შეჯიბრში 2014-2015 წლებში დაბადებული 150 მდე ძიუდოისტი ათ წონით კატრეგორიაში ასპარეზობს.გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები სიგელებით და შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვდებიან.შეჯიბრს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი პირველი მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძე,ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის დირექტორი მერაბ ლოსეურაშვილი ესწრებოდნენ. შეჯიბრი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2024 წლის მაისში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, შენდება ხუთი ახალი ხიდი, ხოლო რეაბილიტაცია უტარდება ოთხს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, ერთად დაათვალიერა. უკვე დასრულდა ბოლნისსა და ხატისოფელს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია. სოფელ რაჭისუბანში კი აქტიურად მიმდინარეობს ორი ახალი ხიდის მშენებლობა. ხიდზე კოჭების მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით, ეწყობა დროებითი გადასასვლელი. რაც შეეხება საფეხმავლო ხიდის მშენებლობას, აქ უკვე გაკეთდა სანაპირო ბურჯი და ხიმინჯები, მიმდინარეობს ბურჯის მონოლითური რკინაბეტონის საყრდენი ბალიშების მოწყობა. ობიექტების მშენებლობა დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან – სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რომლის საერთო ღირებულება 5 855 099 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ადგილობრივმა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

ბოლნისში თოჯინების თეატრის ახალი სივრცე გაიხსნა

0

კულტურის სახლის ისტორიულ შენობაში ოფიციალურად გაიხსნა თოჯინების თეატრი „სარდაფი“, რომელიც  საკუთარი სცენიდან უმასპინძლებს პატარა და მოზარდ მაყურებელს და ქალაქის კულტურულ ცხოვრებას ახალ სიცოცხლეს შესძენს.

თოჯინების თეატრი უკვე 30 წელზე  მეტ ისტორიას ითვლის. კოლექტივი, რომლის ხელმძღვანელი, საკუთარ საქმეზე, თოჯინებზე, ბავშვებზე და შემოქმედებისადმი სიყვარულით გამორჩეული  თამარ ბობოხიძეა, წლების განმავლობაში არაერთ ფესტივალში მონაწილეობდა. ამ ხნის მანძილზე გუნდი დიდი სითბოთი და სიყვარულით  ქმნიდა თოჯინებს და დაუვიწყარ ისტორიებს მომავალი თაობებისთვის, მიუხედავად წარმატებული გზისა,  თეატრს საკუთარი სივრცე არასოდეს ჰქონია, სწორედ ამიტომ, ახალი სივრცის გახსნა  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს,  არა მხოლოდ თეატრისთვის, არამედ იმ გუნდისთვის, ვინც წლების განმავლობაში მის გვერდზე იდგა.

თეატრის გახსნის ცერემონია სადღესასწაულო გარემოში გაიმართა, მაყურებლის წინაშე წარმოდგენილი სპექტაკლი ,,ჯადოსნური ფლეიტა“ მაყურებელმა მხურვალე ტაშით დააჯილდოვა.  პატარებთან ერთად ღონისძიებას დაესწრნენ ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, კულტურის ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.

ახალი სცენა, თოჯინების თეატრს, საშუალებას მისცემს პროფესიონალების მიერ შექმნილი ნამუშევრები უფრო მაღალი ხარისხით და მრავალფეროვნებით წარუდგინოს მაყურებელს. ეს არის სივრცე, რომელიც  ბავშვებს დაეხმარება სამყაროს გაცნობაში, წარმოსახვის განვითარებაში და ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობაში.

თოჯინების თეატრი  „სარდაფი“ ახალი ენერგიით, შემოქმედებითი მოტივაციითა და დიდი მიზნებით აგრძელებს საქმიანობას, რათა მაყურებელს, პროფესიონალთა გუნდის მიერ სიყვარულით შექმნილი  პატარა სასწაულები დიდხანს გაჰყვეს  და გაუთბოს  გული.

„ბოლნისელი ბიჭი, რომელიც ღვინის თითოეული ბოთლით, საკუთარ ისტორიას გვიყვება“

0

ბოლნისის ძველ უბნებში, სადაც ღვინის სუნი  ტრიალებს და ყველა ეზოში პატარა ამბავი იმალება, გიორგი ფოცხვერაშვილი, იგივე გიგიჩო,  საკუთარ გზას მშვიდად, დამაჯერებლად და სიყვარულით მიუყვება. ბაბუისგან მიღებული ვენახი მისთვის უბრალო მიწის ნაკვეთი არ არის; ესაა ადგილი, სადაც სწავლობს მოთმინებას, პასუხისმგებლობას და იმ სიწმინდეს, რასაც ქართული ღვინო ატარებს. გიგიჩოსთვის მეღვინეობა მხოლოდ პროფესია არ არის, თითოეული ბოთლი მის შრომას, გამოცდილებას, შეცდომებსა და ბედნიერ მომენტებს ინახავს. სწორედ ამ ადამიანურ, თბილ და გულწრფელ გამოცდილებაზე გვესაუბრება გიგიჩო.

გიგიჩო, მოგესალმებით. სანამ ყურძენსა და ღვინოზე გადავალთ, გვითხარი ვინ არის გიგიჩო, როგორ დაახასიათებ რამდენიმე სიტყვით საკუთარ თავს, რა გაძლევს ძალასა და მოტივაციას, ღვინის გარდა, რა არის შენი მთავარი ინსპირაცია?

-გამარჯობა, მე ვარ გიორგი ფოცხვერაშვილი, მაგრამ ჩემ გარშემო ყველა უბრალოდ გიგიჩოს მეძახის, რომელიც სულ რაღაცის ძიებაშია. მიყვარს გარეთ სეირნობა და ამ სიარულში ვპოულობ ჩემს სამყაროს. ჩემი თავი ასე შემიძლია დავახასიათო: საქმიანი, მეგობრული და სიახლეების მოყვარული. ღვინო ჩემი დიდი სიყვარულია, მაგრამ მთავარი ინსპირაცია მაინც ადამიანებია: მათი სითბო, ნდობა, გულწრფელი საუბრები და ის უბრალოობა, რაც ჩვენს კულტურას ახასიათებს. ეს მაძლევს ყველაზე დიდ ენერგიას.

როგორ შეიქმნა შენი კავშირი მიწასთან და ვაზთან, საიდან დაიწყო ეს სიყვარული?

-მიწასთან და ვაზთან კავშირი ჩემი წინაპრებიდან მოდის. ვენახთან ბაბუამ დამაკავშირა, ის რაიონის მთავარი აგრონომი იყო, და ბავშვობიდან მასთან ერთად მიწევდა ყოფნა. ყოველთვის მიხსნიდა, როგორ უნდა მოვექცე ვაზს, რა სჭირდებოდა და რატომ იყო თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი. ასე, მის გვერდით, ნაბიჯ-ნაბიჯ შემიყვარდა ვენახი და სწორედ იქ დაიწყო ჩემი კავშირიც ამ საქმესთან.

ბოლნისი ვაზისა და ღვინის სიყვარულით გამოირჩევა. რას ნიშნავს შენთვის ბოლნისში ცხოვრებაგანსაკუთრებულს რას გაძლევს ეს ადგილი, როგორც მეღვინეს?

-ბოლნისი არა მხოლოდ ჩემი მისამართი, არამედ ის ადგილია, სადაც ჰაერში ღვინის სუნი ბავშვობიდანვე ტრიალებს. აქ ყოველი ეზო პატარა ისტორიაა, ყოველი ოჯახი კი ტრადიციის მკვიდრი. ბოლნისში ცხოვრება იმას ნიშნავს, რომ შენს გვერდით არის ხალხი, ვინც მიწას პატივს სცემს და ღვინოს დაღლილი ხელებით აკეთებს. ჩემთვის ეს გარემო ძალაა, რომელიც გამუდმებით მაფხიზლებს და მახსენებს, რა პასუხისმგებლობაა მეღვინეობა.

გვიამბე შენი პატარა ვენახის შესახებ, საიდან დაიწყო და როგორია იქ ყოველდღიური საქმიანობა?

-ჩემი პატარა ვენახის ამბავი ბაბუასგან იწყება, რადგან მან მაჩუქა და ამით, პირველი ნამდვილი პასუხისმგებლობა გადმომცა. სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი თავგადასავალი, ყოველდღიური საქმე იქ დილიდან იწყება: ვუყურებ ვაზს, როგორ სუნთქავს, რა სჭირდება, სად უნდა ხელის შევლება ან ყურადღება. ვენახში დრო სხვანაირად მიდის მშვიდად, გულით და მიწასთან ნამდვილი კავშირით.

რატომ აირჩიე ბუნებრივი, ბოცებში დაყენებული ღვინო და რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ამ ტრადიციას?

– ღვინომ უნდა შეინარჩუნოს თავისი ფერი და გემო. ეს ტრადიცია ჩემთვის ნიშნავს  დაკავშირებას წარსულთან, დამკვიდრებულ წესთან და პასუხისმგებლობას ბუნების წინაშე. სწორედ ეს გზაა, რომელიც ღვინოში ნამდვილ სულიერებას აჩენს.

რა არის ის მთავარი პრინციპი, რითაც ღვინოს აკეთებ?

-ჩემი მთავარი პრონციპია ძველი  და ახალი მეთოდების შერწყმა.

როდის იგრძენი პირველად,  „ეს ჩემი საქმეა“?

-რამდენიმე წლის წინ, პირველად, დამოუკიდებლად დავაყენე ღვინო, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ მივხვდი, რომ ეს პროცესი ჩემთვის არა მხოლოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო, არამედ ნამდვილი საქმე, რომელიც მსიამოვნებს და მინდა განვაგრძო.

ყოველი ბოთლი ჩემთვის ამბავია“ – ამბობ საკუთარ პოსტში. რა ისტორია იმალება შენი ღვინის უკან?

-ყოველი ბოთლი ჩემთვის პატარა ისტორიაა. ღვინოს ვუყურებ როგორც დღის, კვირის, ზოგჯერ მთელი წლის შრომის შედეგს. ყველა ბოთლი ატარებს ჩემს ყურადღებას, სიყვარულს და გამოცდილებას. ეს უბრალოდ სასმელი არ არის, ეს არის ყველაფერი, რასაც ვქმნი ვენახში და მარანში: შრომა, სწავლა, შეცდომები და სიამოვნება ერთად.

როგორია გიგიჩოს ღვინის გემო, რა უნდა იგრძნოს მასში ადამიანმა?

-მინდა, რომ ადამიანმა იგრძნოს არა მხოლოდ ხილის გემო და სურნელი, არამედ სიამოვნება, სიმშვიდე, სითბო და თავისუფლება. შეიგრძნოს ნელ-ნელა შექმნილი ისტორია, რომელიც თითოეულ ბოთლშია.

არის თუ არა ვინმე, ვისგანაც სწავლობდი მეღვინეობასოჯახური ტრადიციაა ეს, თუ თავისით მოსული ამბავი?

-როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ოჯახური ტრადიციაა, რომელიც ბაბუისგან მომყვება. მეღვინეობაში ბევრი რამ ვისწავლე ჩემი მეგობარი სანდროს დახმარებითაც. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს მამიდაშვილ ელენესაც დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან მაძლევს მოტივაციასა და სტიმულს, რომ არ დავნებდე. ისინი ყოველთვის მეხმარებიან ახალი გამოცდილების შეძენაში და პროფესიული რჩევებით.

რა სირთულეებს აწყდები ყველაზე ხშირად მევენახეობამეღვინეობაში?

-ყველაზე ხშირად ბუნების გამოწვევებს ვხვდები: ამინდები, მავნებლები, ნიადაგის ცვლილებები. გარდა ამისა, სირთულეა დროისა და რესურსის მართვაც, რადგან ყველაფერი ნელა და მოთმინებით უნდა გაკეთდეს, რომ ღვინო და ვენახი ჯანმრთელი და ხარისხიანი დარჩეს.

რას ეტყვი ადამიანს, რომელიც შენი ღვინის  გასინჯვას პირველად აპირებს?

-ვეტყვი, რომ ყოველი ყლუპი პატარა ისტორიაა, ჩემი შრომის, ყურადღების და ვენახის სიყვარულის გამოხატულება.

გაქვს თუ არა გეგმა ვენახის გაფართოებაზე, ან ახალი ტიპის ღვინის შექმნაზე?

-ამ ეტაპზე არა, არ ვჩქარობ და ვცდილობ, უკვე დაწყებული საქმე ხარისხიანად  შევასრულო.

და ბოლოსრა გაბედნიერებს ყველაზე მეტად ამ საქმეში?

-ყველაზე მეტად მაბედნიერებს, როცა ადამიანი ჩემს ღვინოს სვამს და სახეზე ვხედავ სიამოვნებით მიღებულ ემოციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი შრომა ნაყოფს იძლევა და გულით გაკეთებული საქმე, ვიღაცას რეალურად  ახარებს.

„სამართლიანობა, გამჭვირვალობა, განვითარება – გიორგი სვანიძის გზავნილი საზოგადოებას

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 30 ოქტომბერს, ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით აირჩია. პოსტი პროფესიით ფინანსისტმა, 38 წლის გიორგი სვანიძემ დაიკავა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი  გამოცდილება აქვს.

გიორგი სვანიძე 2021 წლიდან 2025 წლამდე იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. როგორც თავად აცხადებს, ამ ხნის განმავლობაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარება საკრებულოს მუშაობა იყოს უფრო გახსნილი, თანამედროვე და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებული.

როგორია ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის მთავარი პრიორიტეტული საკითხები? რას მიიჩნევს წარმატების მთავარ ფაქტორად და როგორი სურს დაამახსოვრდეს საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარეობის შემდეგ? ამ და სხვა საკითხებზე

 „გაზეთ ბოლნისთან“  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი სვანიძემ ისაუბრა.

პირველ რიგში მოგესალმებით და გილოცავთ! როგორ შეაფასებდით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩევის ფაქტს და რას ნიშნავს თქვენთვის ეს ნდობა

-დიდი მადლობა! ეს ნდობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა როგორც კოლეგების, ისე ბოლნისის მოსახლეობის წინაშე. ვაცნობიერებ, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პატივი კი არა, ამავდროულად ვალდებულებაცაა,  ვიყო მაქსიმალურად გულწრფელი, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული.

როგორია თქვენი მთავარი პრიორიტეტები

-ჩემი მთავარი მიზანია, საკრებულოს მუშაობა იყოს უფრო გახსნილი, თანამედროვე და მოქალაქეებზე მორგებული. მინდა თითოეულმა გადაწყვეტილებამ რეალური შედეგი მოიტანოს. თანამშრომლობა, გუნდურობა და თანმიმდევრული მუშაობა იქნება ჩემი მთავარი პრინციპები.

რას მიიჩნევთ წარმატების მთავარ ფაქტორადახალ გამოწვევებს, გამოცდილებას, თუ გუნდურობას?

-ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი მაინც გუნდურობაა. როცა გუნდი ერთიანია და ურთიერთნდობა არსებობს, ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა შესაძლებელია.

წინა მოწვევის საკრებულოში ხელმძღვანელობდით საფინანსოსაბიუჯეტო კომისიას. რა გამოცდილება დაგიგროვდათ, რომელიც დაგეხმარებათ ახალ პოზიციაზე?

– საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში მუშაობამ მომცა ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღების უნარი და სტრატეგიული ხედვა. კომისიის საქმიანობამ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ბიუჯეტის თითოეული მუხლი, თითოეული გადაწყვეტილება და საბოლოოდ როგორ აისახება ეს  მოქალაქეებზე. ამ პერიოდში ვისწავლე გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაწონასწორება, პრიორიტეტების განსაზღვრა და რესურსების ეფექტურად განაწილება. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვცდილობ დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე, მივიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურ სარგებელს მოიტანს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის და თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებად აისახება.

მუნიციპალიტეტის განვითარების თვალსაზრისით, რა პრიორიტეტული საკითხები გაქვთ დაგეგმილი?

– ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალგაზრდების ჩართულობა, განათლების ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება. ასევე, ჩვენი მიზანია, მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში, თანაბრად იგრძნობოდეს წინსვლა და სერვისების ხარისხის გაუმჯობესება.

თქვენი ასაკიდან გამომდინარე, როგორ აპირებთ ასაკით უფროს კოლეგებთან თანამშრომლობის ბალანსის დაცვას?

-ძალიან დიდ პატივს ვცემ უფროსი თაობის გამოცდილებას. ვფიქრობ, თაობებს შორის თანამშრომლობა ყველაზე ძლიერი ფორმაა, როცა ერთმანეთს ვუზიარებთ ცოდნას, გამოცდილებას და ენერგიას. სწორედ ამ ბალანსში ვხედავ წარმატების ფორმულას.

რა იქნება თქვენი მთავარი მესიჯი საზოგადოებისთვის?

– სამართლიანობა, გამჭვირვალობა და განვითარება . ეს სამი სიტყვა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩემს გზავნილს. მინდა მოქალაქეებმა დაინახონ, რომ საკრებულო  მათ ინტერესებს იცავს.

როგორ წარმოგიდგენიათ თანამშრომლობა მუნიციპალიტეტის მერიასთან? როგორ უნდა იყოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა ადგილობრივ დონეზე?

-ჩვენი მიზანი ერთია – ბოლნისის განვითარება. ამიტომ მერიასა და საკრებულოს შორის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს თანამშრომლობას და არა კონკურენციას. როცა ორივე მხარე საერთო მიზანს ემსახურება, შედეგიც ბევრად უკეთესია.

როგორ  თავსებთ საჯარო საქმიანობას პირად ცხოვრებასთან?

-საჯარო საქმიანობამდეც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა, ამიტომ ასეთ რეჟიმს უკვე მიჩვეული ვარ. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, თუმცა ვცდილობ, თავისუფალი დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დროს სრულად მოვწყდე სამუშაო პროცესს და ენერგია იმ საქმეში დავხარჯო, რაც სიამოვნებას მანიჭებს. ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან შეხვედრა, წიგნის კითხვა, ან უბრალოდ,  განტვირთულ გარემოში ყოფნა. სწორედ ეს ბალანსი მაძლევს ძალას, რომ სამუშაო პროცესში კიდევ უფრო მოტივირებული ვიყო.

რომ არა პოლიტიკა, რომელ სფეროში ხედავთ საკუთარ თავს?

-ალბათ კერძო სექტორში. მანამდეც მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის. ყოველთვის მიზიდავდა ადამიანებთან კომუნიკაცია, იდეების გაზიარება და მათი განხორციელება. მჯერა, რომ ნებისმიერი სფერო, სადაც შედეგზე ორიენტირებული გუნდური მუშაობაა საჭირო, საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის. ასე რომ, პოლიტიკის გარეშეც, ისევ იქ ვიქნებოდი, სადაც ადამიანებთან ურთიერთობა და განვითარება მთავარ ღირებულებად რჩება.

როგორი გსურთ, რომ დაგიმახსოვროს საზოგადოებამ საკრებულოს თავმჯდომარეობის შემდეგ?

– სამართლიანი – ეს სიტყვა ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმას, რასაც ჩემს საქმიანობაში ვცდილობ. ჩემთვის სამართლიანობა ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღებას ობიექტურად, პრინციპულად და ყველა ადამიანის ინტერესის გათვალისწინებით. მინდა, საზოგადოებამ დამიმახსოვროს, როგორც ადამიანი, რომელიც ყოველთვის კეთილსინდისიერად და სამართლიანად ემსახურებოდა საკუთარ საქმეს და მუნიციპალიტეტის თითოეულ მოქალაქეს.

სწორად გათვლილი პრიორიტეტები, მოგვცემს ეფექტიან მმართველობას – ზამურ ჭითანავას გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ზამურ ჭითანავა საქმიანობას უკვე ოფიციალურად შეუდგა. დაიწყო მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების შეფასებისა და ახალი პროექტების განსაზღვრის ეტაპი. ადგილობრივი თვითმმართველობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სოციალური პროგრამების გაუმჯობესება, კულტურული და სპორტული სივრცეების გაძლიერება, გარემოს დაცვა და თემების მდგრადი განვითარება.  ინტერვიუში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დეტალურად მიმოვიხილეთ უკვე დაწყებული პროექტები, სოციალური დახმარების პოლიტიკა, ტურიზმისა და კულტურის განვითარების და, არა ერთი მიმართულება, რომლებსაც მუნიციპალიტეტი უახლოეს წლებში განახორციელებს.

-დაახლოებით ერთი თვეა, რაც შეუდექით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, როგორ შეაფასებთ დღევანდელ მდგომარეობას, რა არის ძირითადი გამოწვევები, რომელთა გადაჭრაზეც  მუშაობას გეგმავთ?

-მოგესალმებით! მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან,  მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა გამოწვევად კვლავ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანდაცვის, ასევე, სოციალური პროგრამების  სერვისების გაუმჯობესება.

-თქვენი ხედვით, როგორ უნდა განვითარდეს ბოლნისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,  რა იქნება ძირითადი პრიორიტეტები?

-ჩემს გუნდთან ერთად  შევიმუშავე გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტში  ეკონომიკის  გაძლიერებასა და სოციალურ თანასწორობას.  ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თანაბრად ისარგებლონ  მრავალფეროვანი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით, მიიღონ ხარისხიანი განათლება და იცხოვრონ  უსაფრთხო გარემოში.

რაც შეეხება პრიორიტეტულ მიმართულებებს, ძირითად საკითხებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა, დასუფთავება და გარემოს დაცვა. აღნიშნული მიმართულებებით მუშაობის შემდეგ, მივიღებთ თანამედროვე,  განვითარებულ და საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურის მქონე მუნიციპალიტეტს ეფექტიანი მმართველობით.

მომდევნო წლების განმავლობაში აქტიურად გაგრძელდება საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტები. მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები და  სპორტული მოედნები.  მოგეხსენებათ, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისში ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება.  ჩვენს მუნიციპალიტეტში სპორტული  ინფრასტრუქტურის განვითარება კი    სპორტულ მიღწევებს შეუწყობს ხელს.

აგრეთვე, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ახალ შესაძლებლობებს, რათა ტურისტულად უფრო მიმზიდველი და რეგიონში მოწინავე გახდეს ჩვენი მუნიციპალიტეტი. უკანასკნელ წლებში ღვინის ინდუსტრიის ზრდამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას. ბოლნისმა საქართველოს ღვინის რუკაზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა, რაც მეტად საამაყოა თითოეული ჩვენგანისთვის. ადგილობრივ დონეზე გაიზარდა საოჯახო ტიპის მცირე მარნების რაოდენობაც, თუმცა კვლავ გამოწვევად რჩება მომსახურების ხარისხისა და ტურისტული პროდუქტების გაუმჯობესება. დღეს არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, თუმცა, ვფიქრობთ, ადგილობრივი მეწარმეების ჩართულობით, შევიმუშაოთ ისეთი პროექტები, რომლებიც მათ პრიორიტეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული, რაც საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას განაპირობებს. გარდა მეღვინეობისა, ბოლნისის  მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის არაერთი დარგია განვითარებული. ჩვენი მიზანია, მოსახლეობას, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტს აწარმოებს, ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რაც გულისხმობს ამ მიმართულებით სარწყავი არხის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ინფრასტრუქტურული  პროექტების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასა და  მონაწილეობას, რაც  ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის დონის ამაღლებასა და  მათი საჭიროებების უკეთ წარმოჩენას.

-რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რას გეგმავთ გზების, ტროტუარებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით?

-უკანასკნელი წლების განმავლობაში, როგორც ქალაქში, ასევე დაბებსა და სოფლებში, საავტომობილო გზების მნიშვნელოვან ნაწილს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, მიუხედავად ამისა, გზების გარკვეული ნაწილი კვლავ საჭიროებს ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ქალაქ ბოლნისში, არქიტექტურული იერსახის აღდგენის მიზნით, აქტიურად გაგრძელდება ქუჩების ქვაფენილით მოწყობის სამუშაოები. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტები ითვალისწინებს საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციასა და დაზიანებული სახურავების შეცვლას.  ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის, მათ შორის სოფლად მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. მომდევნო წლებშიც, აქტიურად  გაგრძელდება, როგორც სოფლებამდე მისასვლელი გზების კეთილმოწყობა, ასევე, შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება.

მოგეხსენებათ, გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები. დაზიანებული ხიდების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის საქართველოს მთვარობამ სტიქიის ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი გამოყო. ახალი საავტომობილო ხიდების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ქვემო ბოლნისში, სამწევრისსა და რაჭისუბანში, საფეხმავლო ხიდები შენდება ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში, ხოლო რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ ბოლნისში 2 საავტომობილო ხიდს, ასევე, სოფელ ვანათსა და რატევანში მდებარე ხიდებს. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების ნაწილი გარდამავალია, შესაბამისად, წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საქართველოს მთავრობამ 4 088 100 ლარი გამოყო, დარჩენილი 1 930 527 ლარი კი მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

-როგორ შეაფასებთ მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო სივრცეების მდგომარეობას და რა იგეგმება განათლების ხელშეწყობისთვის?

-ცენტრალურ ხელისფულებასთან მჭიდრო და ეფექტური კომუნიკაციის შედეგად,  განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენს მუნიციპალიტეტში სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

მოგეხსენებათ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარჩინებული სტუდენტებისა და წარმატებული სპორტსმენებისთვის მოქმედებს ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და Pascal STEAM Comunity-ის პროექტის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა რობოტიკისა და პროგრამირების კურსი. მოსწავლეების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება.

ასევე, 2026 წელს იგეგმება ახალგაზრდული საბჭოს შექმნა. სწორედ ახალგაზრდების უშუალო ჩართულობით, მათი ინტერესებისა და ინიციატივების გათვალისწინებით შევძლებთ ეფექტიანი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.

-რაც შეეხება ახალგაზრდებს, რა გეგმები გაქვთ მათთვის კულტურული და სპორტული სივრცეების გაუმჯობესებისთვის?

-ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა წარმოადგენს, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გაგრძელდება.

-გარემოს დაცვის მიმართულებით, როგორ აპირებთ მუშაობას?

-გამწვანების სამსახური მუნიციპალიტეტის მასშტაბით მუდმივად ზრუნავს მწვანე საფარის მოვლა–პატრონობასა და მწვანე ნარგავებით ტერიტორიების შევსებაზე, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აქტიურად გაგრძელდება. გარდა ამისა, როგორც ქალაქში, ასევე დაბებსა და სოფლებში, მოეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბოლნისში, მდინარე მაშავერასთან მდებარე ტბასთან, იგეგმება მასშტაბური რეკრეაციული ზონის მოწყობა, რომელიც ითვალისწინებს ტბის რეაბილიტაციას, მწვანე სივრცის, გასართობი და სპორტული ზონების მოწყობას, ასევე, კვების ობიექტების განთავსებას. ვფიქრობ, ეს ტერიტორია თითოეული ბოლნისელისათვის და არა მხოლოდ ბოლნისელებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცევა.

-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით ბოლნისი ერთ-ერთი მდიდარი მუნიციპალიტეტია, როგორ უპატრონებთ კულტურულ მემკვიდრეობას?

-აღსანიშნავია, რომ ბოლნისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით მთელს საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია, რასაც მოწმობს   კულტურის ცენტრის მიერ  ბოლნისის ისტორიული ძეგლების, ქართულ-ინგლისური გზამკვლევი. იგი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე 165 ძეგლს აერთიანებს. ბუნებრივია, წიგნში თავმოყრილი ძეგლების სია ვერ იქნება სრული, რადგან რიგი ობიექტური მიზეზების გამო, გარკვეულ ძეგლებთან მისვლა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით აქტიურად გავაგრძელებთ, რათა თითოეული ძეგლის აღრიცხვა, ფოტოფიქსაცია და გეოგრაფიული კოორდინატების დაზუსტება შევძლოთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ძეგლს მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასევე, იგეგმება  ამ ძეგლების  შესახებ, საინფორმაციო დაფების მოწყობა, რითაც, მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს მუნიციპალიტეტში ტურისტული პოტენციალის გაზრდას.

-რა გზებით აპირებთ, ან აპირებთ თუ არა მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში?

-ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მოქალაქეებთან მუდმივი და აქტიური კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, ყოველი კვირის ოთხშაბათი მოქალაქეთა მიღების დღეა, შესაბამისად, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ ჩაეწერონ მიღებაზე და უშუალოდ გამაცნონ მათ წინაშე არსებული, როგორც საჭიროებები, ისე ინიციატივები. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, ჩემს გუნდთან ერთად, პერიოდულად შევხვდები ქალაქის, დაბებისა და სოფლების მოსახლეობას, პირადად გავეცნობი მათ საჭიროებებს, რათა სწორად განვსაზღვროთ პრიორიტეტები.

მჯერა, რომ ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისა და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული.

ბოლნისელი შეფ-მზარეულის ნინა გაბულდანის წარმატება  „მერანოზე“

0

     34-წლიანი ისტორიის მქონე მერანოს ღვინის ფესტივალი, რომელიც იტალიის ქალაქ მერანოში იმართება,  ბოლო ათწლეულის განმავლობაში,  საქართველოს მარნებსაც მასპინძლობს და ჩვენს ქვეყანას საშუალებას აძლევს, მაღალი კლასის საერთაშორისო ბაზარზე, საკუთარი ღვინო და კულინარია წარმოაჩინოს. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ბოლნისურმა ღვინოებმა ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ამავე ფესტივალზე, ღვინოსთან ერთად, გამოკვეთილი იყო ქართული კულინარიის წარდგენა, რომელშიც ქართველმა შეფებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მათ შორის   ერთ ერთი ბოლნისელი,  იტალიაში ქართული რესტორნის შეფ-მზარეულია,  რომელმაც 500-კაციანი გალა-ვახშამი, ქართული გემოს ავთენტურობაზე, სხვა პროფესიონალებთან ერთად ააგო.  ჩვენი რუბრიკის სტუმარია ბოლნისის მკვიდრი, წარმატებული შეფ-მზარეული ნინა გაბულდანი.

 -რას გვეტყვით აღნიშნული ფესტივალის შესახებ?

-ფესტივალი უკვე 34 წელია იმართება და 10 წელია, რაც მას საქართველოს მარნებიც სტუმრობენ. ამ წარმატებულ ისტორიულ გზაზე წელს განსაკუთრებული სიახლე იყო — ბოლნისის ღვინოების მიერ „მერანოში“ მოპოვებული ოქრო და ვერცხლი. გულწრფელად ვულოცავ ჩვენს რეგიონს ამ გამორჩეულ გამარჯვებას და უდიდეს წინსვლას ვუსურვებ.

როგორ მოხდა თქვენი შერჩევა?

-შერჩევა უშუალოდ ქართული ღვინის ელჩის, თამარ ჭიჭიბოშვილის ორგანიზებით განხორციელდა. მას შარშან მიენიჭა ქართული ღვინის ელჩის სტატუსი მერანოს ფესტივალის ფარგლებში. თამარი იტალიის სომელიეთა ასოციაციაში აკრედიტირებული სპეციალისტია და უკვე 8 წელია ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მუშაობს. სწორედ მისი დიდი შრომით მოხდა ქართული კულინარიის წარდგენა ფესტივალზე, რის გამოც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მას.

რომელი კერძები მოამზადეთ გალა-ვახშამზე და რატომ აირჩიეთ ისინი?

-ჩვენი მთავარი კონცეფცია იყო ავთენტურობა და ფერებით სავსე ქართული განწყობა. შევქმენით კომპოზიცია, სადაც ერთ თეფშზე თავმოყრილი იყო სამი სახეობის ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯნის როლი, მჭადის ჩიფსი, თითქოს ხუთი დამოუკიდებელი კერძი ერთიან დელიკატურ დატვირთვად იქცა. რთული და შრომატევადი კონცეფცია იყო, მაგრამ ყველაზე სწორად ასახავდა ქართულ ხასიათს.

რა პრინციპით შეარჩიეთ კერძები — გემოვნური, ვიზუალური, თუ კულტურული  ნარატივით?

-ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქართული სანელებლების დომინანტი. კერძი არა მხოლოდ ავთენტურად,  ვიზუალურადაც ძალიან ელეგანტურ იერს იძენდა — ხალასი ფერებით და ბუნებრივი ტექსტურებით.

როგორი იყო 500 კაცზე გათვლილი გალა-ვახშამის ლოჯისტიკა?

-ლოჯისტიკა ძალიან დატვირთული იყო, მაგრამ ყველაფერს პროფესიონალ გუნდთან ერთად შევეჭიდეთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შეფ მიშა ავსაჯანიშვილს — ჩვენი სამუშაო პროცესი იმდენად ჰარმონიული იყო, თითქოს წლებია ერთად ვმუშაობთ. მისი პროფესიონალიზმი ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო.

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა?

-ასეთ მასშტაბზე,  ყველაზე რთული იყო დროის მართვა, ინგრედიენტების თანხვედრა და ავთენტური გემოს შენარჩუნება თუმცა, ერთი წუთითაც არ დამიკარგავს ემოცია — ჩვენი იდეები ისე შეერწყა ერთმანეთს, თითქოს ერთიანი ხელწერა გვქონდა.

როგორ ხდებოდა სხვა ქართველ შეფებთან კოორდინაცია?

-აბსოლუტურად ერთიანი სტილი გვქონდა — საერთო მიზანი იყო ქართული კულტურის ღირსეულად წარმოჩენა. თითოეული მომენტი შეთანხმებით მიმდინარეობდა, რათა სტუმარს ერთიანი, მაღალი სტანდარტის ქართული გამოცდილება მიეღო.

როგორი იყო სტუმრების შეფასება — გემო, პრეზენტაცია, ავთენტიკა?

-ყველაზე ხშირი იყო გაოცების და აღფრთოვანების ემოცია. ის წამი, როცა უცხოელი სტუმარი პირველად სინჯავს ჩვენს ავთენტურ კერძს და თვალებში კრთება საოცარი განცდა,  ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. ბევრი სომელიე და კრიტიკოსი პირდაპირ გვიკავშირდებოდა და მადლობას გვიხდიდა უნიკალური გამოცდილებისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის საერთაშორისო ფესტივალებში ჩართვა?

– ეს მხოლოდ კარიერული ნაბიჯი არ არის, ეს არის მისიაც. როგორც რომში ქართული რესტორნის შეფი, ძალიან კარგად ვიცი, როგორ იქცევა თითოეული სტუმრის ემოცია, პატარა ხიდად საქართველოსა და მსოფლიოს შორის. ასეთი გამოცდილება ბიზნესურ და ბრენდინგულ დონეზეც დიდ ეფექტს ქმნის.

რა მნიშვნელობა აქვს ფესტივალს ქართული ღვინისა და კულინარიის საერთაშორისო ცნობადობისთვის?

 -ეს არის ყველაზე ძლიერი პლატფორმა, სადაც შეგიძლია ქვეყანას საკუთარი გემო, ისტორია და სურნელი გააცნო. ხვდები ადამიანებს, რომლებიც პირველად იგებენ საქართველოს შესახებ — ეს არის კულტურის გავრცელების ყველაზე ძლიერი გზა.

გეგმავთ თუ არა მომავალში ანალოგიურ პროგრამებს — მასტერკლასები, შოუები, პრეზენტაციები?

– რა თქმა უნდა! უამრავი იდეა და პროექტი მაქვს. გამოცდილება, რომელსაც ასეთი ფესტივალები მაძლევს, მუდმივი განვითარების სტიმულია. გაჩერება, ამ სფეროში, შეუძლებელია.

რას ურჩევდით ახალგაზრდა შეფებს, ვინც მსგავს საერთაშორისო გამოწვევებში ჩართვას ფიქრობს?

-ურჩევდი ერთს — არ შეგეშინდეთ! ასეთ პლატფორმებზე მონაწილეობა ტალანტის ყველაზე დიდი ხელშეწყობაა.  ხდებით თქვენი ქვეყნის ელჩები. თითოეული ჩვენგანი საქართველოს ფერებს ხატავს — იმ ფერებს, რასაც სიყვარული ჰქვია.

გქონდათ თუ არა ამის შესალებლობა, რომ ღონისძიებაზე ქართული საკვები, არა მხოლოდ გემოვნური თვისებებით, არამედ ისტორიითა წარგედგინათ?

-„მერანოს“ ფესტივალზე, მასტერკლასის დროს, ერთ-ერთი ყველაზე თბილი ეპიზოდი გადამხდა, როცა სტუმრებს აჭარული ხაჭაპურის ლეგენდას ვუყვებოდი — როგორ შექმნეს იგი ზღვისკენ მიშვერილმა მეზღვაურებმა, როგორ მისცეს ნავის ფორმა, რომ ოჯახისკენ ნატვრით გაეგზავნათ, და როგორ დადგეს შუაში კვერცხის გული, როგორც მზე, — ბედნიერების მომტანი და გზის გამნათებელი — ყველას თვალები აუციმციმდა. მე და მიშას ისეთი ყურადღებით გვიყურებდნენ, თითქოს პატარა საიდუმლოს ვუზიარებდით. იღიმოდნენ, მადლობას გვიხდიდნენ და გრძნობდნენ, რომ ეს მათთვის უბრალო რეცეპტი აღარ იყო — ეს ჩვენი ზღვის, ჩვენი ხალხისა და ჩვენი სითბოს ისტორია გახდა. 🤍ეს ისტორიები კიდევ უფრო ამდიდრებს კერძს და აძლიერებს იმ ემოციურ კავშირს, რაც საქართველოს გემოსა და კულტურას სამყაროსთან აქვს.

„ბავშვის ხელით შექმნილი მსოფლიო“ — ლაზარე ოქრიაშვილი და რუკების მაგია

0

ბოლნისელი მესამეკლასელი ლაზარე ოქრიაშვილი ბავშვობიდანვე გატაცებულია რუკებითა და დროშებით. მასში ინტერესის პირველი ნაპერწკალი უბრალო რუკამ გააჩინა, რომელიც მამამ აჩუქა — მას შემდეგ ლაზარეს ხატვა ყოველდღიურობად ექცა. დღეს ის ერთ-ერთია იმ ექვს ქართველ ბავშვთაგან, რომელთა ნამუშევრებიც ვანკუვერში, საერთაშორისო კონკურსზეა გამოფენილი. ეს ისტორია გვახსენებს, რომ ნიჭი ხშირად უბრალო ბავშვური ინტერესით იწყება და დიდი ოცნებებისკენ მივყავართ.

-როდის და როგორ დაიწყე დროშების/რუკების ხატვა?

-დროშებითა და რუკებით დაინტერესება 2-3 წლის ასაკში დავიწყე. პირველად მამამ მომიტანა რუკა და მაშინვე მივხვდი, რომ ეს ის სფერო იყო, რომელიც უნდა მესწავლა. ჩემი პირველი რუკა რუსულენოვანი იყო. დედამ მალევე მიყიდა ქართული რუკა და მას შემდეგ კითხვაც ვისწავლე.

– როგორი შეგრძნება გქონდა, როცა გაიგე, რომ შენი ნამუშევარი კონკურსის მონაწილე გახდა?

-ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი! თვალები გამიფართოვდა და გული აჩქარებით მიცემდა. მეგონა,  მთელი ჩემი შრომა და სიყვარული ერთ წამში დაფასდა და ჩემი ცხოვრება შეიცვალა.

-რას გრძნობ, როცა იცი, რომ შენი ნამუშევარი ვანკუვერში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანების თვალწინ არის წარმოდგენილი?

-პირველად რომ გავიგე, ჩემი ნახატი კანადაში იგზავნებოდა, თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ისე გამიხარდა, საქართველოდან შერჩეულ ექვს ბავშვს შორის, ერთ-ერთი მე ვიყავი. ეს უდიდესი სიამაყეა.

-მეგობრებმა და თანაკლასელებმა როგორ მიიღეს შენი წარმატება?

-ყველა მილოცავდა, მეუბნებოდნენ: „რა მაგარი ხარ! პატარების დიდ შოუშიც იყავი, მერე კანადაშიც  წახვალო“. მათი მხარდაჭერა და სიხარული ძალიან მახარებს.

– რომელი ქვეყნების დროშები გხიბლავს ყველაზე მეტად და რატომ?

-პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საქართველოს დროშა მომწონს – ის ძალიან ლამაზია. შემდეგ მოდის საფრანგეთის, ესპანეთის, ლიეტუვისა და ავსტრიის დროშები. მათ ლამაზი ფერები აქვთ და თითქოს დაუვიწყარი, გამორჩეული დიზაინით ხასიათდებიან.

– მომავალში რა გინდა – ისევ ხატვა და რუკების შექმნა, თუ სხვა საყვარელი საქმიანობაც გაქვს?

-ფეხბურთი ძალიან მიყვარს, გეოგრაფია და ისტორიაც. შეიძლება, დიდი რომ გავიზრდები, ჩემი აზროვნება და გეგმები შეიცვალოს, მაგრამ ვიცი, რომ ფეხბურთი და გეოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნება.

როგორც ლაზარე ჩვენთან საუბარში ამბობს, მისი სიყვარული რუკებისადმი, ოჯახიდან დაიწყო. ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ,,გმირები“ მისი მშობლები არიან.  პატარა ლაზარეს დედა – გვანცა არსენიშვილი გვიამბობს, როგორ აღმოაჩინეს შვილის ნიჭი და როგორ დაეხმარნენ, რომ ოცნება რეალობად ექცია.

მოგესალმებით! გვიამბეთ ლაზარეს შესახებ: რომელ კლასშია, მისი საყვარელი საგანი? თავისუფალ დროს რისი კეთება უყვარს?

-გამარჯობა! ლაზარე ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა. მას აქვს კარგი მეხსიერება და ათვისების უნარი,  ხატვის სიყვარული უმარტივებს სწავლას. მისი საყვარელი საგნებია სპორტი, ხელოვნება, ბუნება და ქართული. თავისუფალ დროს კი რუკების შედგენა-დახატვა და ფეხბურთის თამაში უყვარს.

როგორ აღმოაჩინეთ, რომ ლაზარეს დროშებისა და რუკების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა?

-ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა ლაზარემ მამამისს დედამიწაზე კითხვები დაუსვა. მამამ რუკა რომ მოუტანა, ლაზარეს ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ გადაწყვიტა, კითხვა ესწავლა, რათა რუკა წაეკითხა. თავიდან თითქოს მეშინოდა, რომ ეს მშობლის ზედმეტი წარმოდგენა იყო, მაგრამ ამაში საბოლოოდ დაგვარწმუნა ბაღის მასწავლებელმა, რომელიც ხშირად გვეუბნებოდა, რომ ბავშვი ნიჭიერი იყო. ასევე, დიდი როლი ითამაშა ბებიამ, რომელიც დროს უთმობდა ლაზარეს მეცადინეობას.

როდესაც ლაზარეს საკუთარი ხელით უნდოდა შეექმნა დიდი რუკა, თაბახის ფურცლებით დაიწყო აწყობა. ამის შემდეგ, როცა დიდი ფორმატი ვუყიდე, მისი ემოცია იყო საოცარი – თითქოს ახალი სამყაროს შექმნის მასალა მივუტანე. ნელ-ნელა ვრწმუნდებოდით, რომ მას მეტი შეეძლო. ამის შემდეგ დავიწყეთ  საჭირო მასალებით მისი მომარაგება.

როგორია ლაზარე ხატვის პროცესში?

-ხატვის პროცესში ლაზარე თითქოს სხვა სამყაროშია. ჩვენს სახლში ყველგან მისი ნამუშევრებია გაშლილი. მას უხარია, რომ მისი მცირე ზომის ნახატიც კი, ჩვენთვის ძვირფასია, ამიტომ დიდი მონდომებით ხატავს და ძერწავს ყოველთვის. ის არ იღლება, არ ბეზრდება – შეუძლია შეუსვენებლად იმუშაოს, რაც მართლა მიკვირს. მას შემდეგ, რაც დიდი ფორმატი აღმოაჩინა, რამდენ ფორმატსაც ვუყიდი, იმდენ ახალ ქვეყანას ქმნის და ძერწავს.

რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, როგორც მშობლებისთვის, ლაზარეს ნამუშევრის საერთაშორისო აღიარებას?

-არის ცხოვრებაში წუთები, როცა ვფიქრობთ, რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი. როდესაც ლაზარე პირველად პატარების დიდ შოუში ჩაწერეს, მერე კი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, პირველად დავფიქრდი და ვთქვი, რომ არსებობს წუთებიც კი, რის გამოც ღირს მთელი ჩვენი ცხოვრება. ეს ბედნიერებაა,  მშობელმა რა უნდა ვინატრო, ამაზე მეტი?

რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ლაზარე კონკურსის მონაწილე გახდა?

-პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციას იმ შესაძლებლობისთვის, რომ გაიმართა ეს კონკურსი თსუ-ში, სადაც ლაზარეს ნამუშევარი  ასაკობრივ კატეგორიაში შეირჩა და საზღვარგარეთ გაიგზავნა. ჩვენთვის ეს იყო უზარმაზარი სიხარული და მოტივაცია.

როგორ ფიქრობთ, რა გაკვეთილი მიიღო ლაზარემ  ამ გამოცდილებიდან?

-ვფიქრობ, ამ წარმატებით მყარდება ბავშვის ფსიქოლოგია, ის ბევრად თვითდაჯერებული ხდება და ხვდება, რომ შრომა და გატაცება ყოველთვის ფასდება. მნიშვნელოვანია, რომ ამან არა მხოლოდ ლაზარეზე იმოქმედა, არამედ მის უმცროს ძმა ვაჩესაც დაეხმარა,  მეტად დარწმუნებულიყო საკუთარ შესაძლებლობებში და მიმხვდარიყო, რომ წარმატება ახლოსაა, თუ მოვინდომებთ.

რას ეტყოდით სხვა მშობლებს, რომლებსაც სურთ, შვილების ნიჭი აღმოაჩინონ და წაახალისონ?

-სხვა მშობლებს ვეტყოდი, რომ ყურადღებით დააკვირდნენ შვილებს და მათ ინტერესებს. ხშირად, ნიჭი და გატაცება სულ პატარა ასაკში, უბრალო თამაშის პროცესში იჩენს თავს. როგორც კი ამ ინტერესს შეამჩნევთ, გვერდში დაუდექით და არასდროს უთხრათ: „ეს სისულელეა“ ან „ამით დროს ნუ კარგავ“. უზრუნველყავით ისინი საჭირო რესურსით, იქნება ეს წიგნი, მასალა თუ უბრალოდ, დრო და თავისუფალი სივრცე. ბავშვის მხარდაჭერა და მისი წარმატებით სიხარული, ცხოვრების უდიდესი ბედნიერებაა!