კვირა, ივნისი 22, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 79

გოგი მეშველიანს პროექტ „ეტალონისგან“ 2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტული და სპეციალური დიპლომი გადაეცა

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს გოგი მეშველიანს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტისგან „ეტალონი“ 2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტული და სპეციალური დიპლომი გადაეცა, მხარდაჭერისა და სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის. „ჩემთვის დიდი პატივია, 2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მაჟორიტარი დეპუტატის ტიტულის მინიჭება ისეთი მნიშვნელობის ეროვნული სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებისგან როგორიც „ეტალონია“. ყოველთვის მზად ვარ შესაძლებლობების ფარგლებში თანადგომა გამოვხატო ისეთი პროექტების მიმართ, რაც მიმართულია ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისა და წარმოჩენისკენ. მადლობა პროექტ „ეტალონის“ ხელმძღვანელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მნიშვნელოვანი საქმნის წამოწყებისა და განვითარებისთვის. „- განაცხადა გოგი მეშველიანმა

ფუმფულა სათამაშოები ზღაპრული სამყაროდან

0

მიზნის მიღწევა ყოველთვის შესაძლებელია, მთავარია მოინდომო და იშრომო, მიზანი დაისახა  და ბავშვობის საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ აქცია. დღეს მის სათამაშოებს  იცნობენ,  როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ზღაპრული სამყაროდან რეალობაში გადმოსული თოჯინები,  მხიარული და სახასიათო სახეებით, ანიმაციური ფილმების გმირები დადებითი განწყობით – ეს თვითნასწავლი მეთოჯინის ზაირა შეყლაშვილის შემოქმედებაა.  ის სოფელ რატევანში დაიბადა და გაიზარდა, სკოლის დამთავრებისთანავე შექმნა ოჯახი, რის გამოც ვერ დაეუფლა სასურველ პროფესიას, მაგრამ ხელსაქმე, რომლითაც ბავშვობაში თავს ირთობდა,  პროფესიად აქცია.

-დავიბადე 1972 წლის 21 მაისს. ვცხოვრობ სოფელ რატევანში. სკოლა წარჩინებით დავამთავრე  და მივიღე საშუალო განათლება. 19 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. 

ბავშვობა მახსენდება ძალიან ტკბილად. მენატრება სკოლის პერიოდი და ჩემი მეგობრები, ვისთანაც დიდ დროს ვატარებდი. 13 წლის ასაკში დავინტერესდი სხვადასხვა ხელსაქმით. პირველად დავიწყე ქარგვა, შემდეგ გამიტაცა ქსოვამ და კერვამ, რაც საკმაოდ კარგად გამომდიოდა.

სამწუხაროდ, უმაღლესი განათლება ვერ მივიღე. ამჟამად სოფელ  რატევანის საბავშვო ბაღში ძიძად ვმუშაობ.

-როდის დაიწყეთ თოჯინების ქსოვა?

-თოჯინების ქსოვა დავიწყე პანდემიის დროს. დაიხურა საბავშვო ბაღები და შესაბამისად თავისუფალი დრო გამომიჩნდა. საქსოვი ძაფები არ მქონდა.  ვნახე ძველი  სვიტერები, რომლებიც დავარღვიე და მოვქსოვე თოჯინა.

-პირველი თოჯინა როდის შექმენით?

-პირველი თოჯინა  რამდენიმე წლის შევქმენი, ჩემს შვილიშვილს მოვუქსოვე დათუნია და ძალიან მოგვეწონა მეც და მასაც.

ქსოვა საკმაოდ რთულია. მასიურად ქსოვა კი საზიანოა ჯანმრთელობისთვის. უარყოფით გავლენას ახდენს  მხედველობაზე. ძირითადად ვქსოვ ყაისნაღით, იშვიათად ვიყენებ საქსოვ ჩხირებს. თითოეული შექმნილი ნივთი ძალიან ძვირფასია ჩემთვის. საბოლოო შედეგის მიღების შემდეგ, სიამაყეს ვგრძნობ. ადამიანებისგანაც  ბევრი დადებითი ემოცია მოდის. მიხარია,  ნამუშევარი რომ მოსწონთ. ამ დროს ჩემში მოტივაცია იზრდება და სურვილი მაქვს, უკეთესი თოჯინები გავაკეთო.

-საიდან ისწავლეთ და რატომ დაინტერესდით თოჯინებით?

-ეს ხელსაქმე ვისწავლე ჩემი მეზობლისგან. ძალიან ლამაზად ქსოვდა და მეც გამიჩნდა სურვილი, მაგრამ მისთვის არასოდეს მითხოვია ესწავლებინა. დავჯდებოდი და საათობით ვუყურებდი თითოეულ მოძრაობას, სახლში რომ ვბრუნდებოდი, ავიღებდი საქსოვ ჩხირებს  და ვცდილობდი გამემეორებინა, ასე შევისწავლე.

-როგორ მზადდება თოჯინა?

-პირველ რიგში ვქსოვ თოჯინის თავს და ხელებს, შემდეგ ფეხები და ტანი იქსოვება. შიგთავსში სილიკონს ვათავსებ და საბოლოო პროდუქტის მისაღებად, ტანსაცმლის მოქსოვაა დარჩენილი. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ შევკერავ ტანსაცმელსაც.  უფრო დაიხვეწება ამით თოჯინა და მეტად მრავალფეროვანი გახდება. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მჭირდება საკერავი მანქანა, რომლის შეძენასაც სამომავლოდ ვგეგმავ.

-შთაგონებით ქსოვთ, თუ რომელიმე პერსონაჟის მიხედვით?

-ვქსოვ შთაგონებით,  წინასწარ არასოდეს ვიცი რა გამომივა.  ვქსოვ  მომხმარებლის სურვილის მიხედვითაც. ვითვალისწინებ ბევრ დეტალს, რომელსაც ითხოვენ. რამოდენიმე ნამუშევარი ანიმაციური ფილმებიდანაც გამიკეთებია. ვქსოვ არამარტო თოჯინებს, არამედ ბავშვის წინდებს, სვიტერს, ბალიშებს და კიდევ უამრავ რამეს. ძალიან  მიყვარს  კერვაც. ხშირად ვკერავდი, სანამ საკერავი მანქანა დამიზიანდებოდა.

-რამდენი თოჯინა გაქვთ მოქსოვილი?

-ზუსტად ვერ გეტყვით, ალბათ დიდი თოჯინა 50 მაინც.  საახალწლოდ მოვქსოვე პატარა ნაძვისხის თოჯინები. მქონდა  საახალწლო ბალიშების შეკვეთები. ამჟამად  ვქსოვ თავისუფალი დროის ხარჯზე. ისე საკმაოდ დაკავებული ვარ. სამსახურიდან დაბრუნების მერე ვხდები დიასახლისი, ოჯახი დიდ ყურადღებას მოითხოვს.  სოფლის მეურნეობითაც ვარ დაკავებული.

-დღეს ეს თქვენი შემოსავლის წყაროა, ხომ არ გიჭირთ რეალიზება?

-ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა,  ყველა თოჯინა ეკოლოგიურად სუფთაა და დღესდღეობით ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია, შესაბამისად, მსურველიც ბევრია. ჩემი ნამუშევრები მომხმარებელმა წაიღო გერმანიაში, რუსეთში, საბერძნეთში და დიდი მოწონება დაიმსახურა.  რამდენიმე შეკვეთა მაქვს მიღებული საბერძნეთიდან.

-ძირითადად რა რესურსიჭირდება, ძვირია მასალა?

-საჭიროა კარგი ყაისნაღი, სინთიპონი, ასევე ვიყენებ ბისერებსაც. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქსოვ ძაფებს. აუცილებლად უნდა იყოს კარგი ხარისხის, თოჯინის გარეცხვის შემთხვევაში ძაფი არ უნდა დაზიანდეს და ისევ ახალივით  გამოიყურებოდეს.  ვიყენებ მულინის ძაფებს. ძაფების ფასი განისაზღვრება ხარისხის მიხედვით. საკმაოდ ძვირი მიჯდება მასალა,  ამის მიუხედავად, ვფიქრობ თოჯინების ფასი ხელმისაწვდომია.

-რა დროს ანდომებთ ერთი თოჯინის შექმნას?

-გააჩნია რა ზომის თოჯინას ვამზადებ. სტანდარტული თოჯინის შექმნას სჭირდება ერთი კვირა. თუ მომხმარებელს სურს დიდი ზომის თოჯინა, შესაბამისად მეტი დრო უნდა. დამზადების დრო განისაზღვრება მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. ზოგი ითხოვს ქუდი მოვუქსოვო, ზოგს კიდე სურს ჩანთა, ან  კაბა.

-თქვენი საყვარელი თოჯინა?

-გამორჩეული თოჯინა არ მყავს. ყველა ძალიან მიყვარს და ყველას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. თითოეულის შექმნას იმდენად დიდ დროს და ენერგიას ვუთმობ, შეუძლებელია რომელიმე გამოვყო.

ფუმფულა თოჯინები  მყიდველამდე დიდ გზას გადის და ბევრ შრომას მოითხოვს, იმისათვის რომ მეთოჯინის შემოქმედება მეტად გაიზარდოს და მრავალფეროვანი გახდეს, საკერავი მანქანა ესაჭიროება, რითიც საქმესაც გაიმარტივებს და დროსაც დაზოგავს.  მოგეხსენებათ, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები, თანამედროვე ბაზარზე, საკმაოდ მოთხოვნადია.

მაგდა დევნოზაშვილი.

ქეთევან სარაჯიშვილმა ევროვიზიის და ლეგოს კომპანიებზე მუშაობის უფლება მოიპოვა

0

საერთაშორისო კონკურსების ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის ხუთმა სტუდენტმა, ევროვიზიის და ლეგოს კომპანიებზე მუშაობის უფლება მოიპოვa. PR არენას ორგანიზებით გამართულ კონკურსში ევროპის 11 ქვეყნის სტუდენტებს შორის გამარჯვებული ბოლნისელი ქეთევან სარაჯიშვილიც გახდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულ სტუდენტებს მასტერკლასებს ევროპის წამყვანი PR ტექნოლოგები უტარებენ.

“ეს იყო საერთაშორისო პიარ კონკურსი, რომელიც ჩატარდა EUPRERA-სა Global women in PR ორგანიზებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან ერთად. კონკურსში მონაწილეობას იღებდა 33 სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი) ევროპის 11 ქვეყნიდან. მათ შორის 5 ქართველი ჩემი უნივერსიტეტიდან. კონკურსის მიზანი იყო შეგვექმნა გლობალური პიარ კამპანია, რომელიც იმუშავებდა ყველა ქვეყნისთვის (განურჩევლად მათი განსხვავებულობისა) და გაგვეზარდა ახალგაზრდა თაობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ცნობიერება. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა – წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასები და კამპანიის დაგეგმვა. ჯგუფები დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტებისგან. პირადად მე ბრიტანელ გოგონასთან ერთად ვიმუშავე. წარდგენის დღეს შეგვაფასა 11 წევრიანმა ჟიურიმ, მათ შორის თავად ევროვიზიის ორგანიზატორებma და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელებma. მე მოვახერხე და ჩემს მეწყვილესთან ერთად მაქსიმალური ქულით გავხდი კონკურსის გამარჯვებული. შედეგად კი მაისში მივემგზავრები ლივერპულში, ევროვიზიის ფინალზე”. – აღნიშნა ქეთევან სარაჯიშვილმა.

კონკურსის მიზანია სტუდენტების სტრატეგიული კომუნიკაციების  პროფესიული განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების მიღება და გლობალურ ბრენდებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების გამომუშავება. ეს კონკურსები სტუდენტებს ასევე დაეხმარება, რომ რეალურ გლობალურ კლიენტთან მუშაობის გამოცდილება მიიღონ.

N10 – დეკემბერი

0
2022 დეკემბერი N10
2022 დეკემბერი N10

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

0

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 1988 წლის მიღებული გადაწყვეტილებით, 1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვა აქტივობით ერთიანდებიან, რათა აივ ინფიცირებულებს სოლიდარობა გამოუცხადონ. შიდსთან ბრძოლის დღე, ჩვენს ქვეყანაშიც ყოველწლიურად იმართება და აღნიშნული ინფექციის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება –  სწორედ ამ თემის ირგვლივ ბოლნისის პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი „ტრიომედი“-ს ექიმ-ინფექციონისტი მთვარისა ყუბანეიშვილი გვესაუბრება.

შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა, მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ, აზიანებს ორგანიზმის იმუნურ (დამცველ) სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი, რის შემდეგაც ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური და სიმსივნური დაავადება.

მართალია აივ ინფექციას პათოგენური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია,  მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ ინფექცია/შიდსზე, ესენია:

-არამოტივირებული ცხელება;

-წონაში კლება სხეულის მასის 20%-ით და მეტად ძლიერი საერთო სისუსტე;

-ოფლიანობა;

-ლიმფური კვანძების გადიდება;

-ფაღარათი;

-სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვანზე, თეთრი ფერის ნადები ენაზე;

-გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას;

-ნერვული სისტემის სხვადასხვა სახის დაზიანება: დემენცია, მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელოპათია, პერიფერიული ნეიროპათია და სხვა.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგიური მონაცემები (მაღალი რისკის ჯგუფები, აივ ინფიცირებულთან კონტაქტი და სხვა).

როგორ დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან:

აივინფექციისგან დამცავი ვაქცინა ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ, ამიტომ, გადავურჩებით თუ არა ვირუსს, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

-არასოდეს გამოიყენოთ სხვისი ნემსი, სამართებელი თუ ჯაგრისი;

-თუ სისხლთან შეხება მოგიწევთ, გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანი;

-სამედიცინო მანიპულაციის ან კოსმეტოლოგთან ვიზიტისას დარწმუნდით, რომ ყველა ინსტრუმენტი სათანადო წესით არის გასტერილებული;

-და რაც მთავარია, სქესობრივი კავშირის, მით უფრო შემთხვევითი კონტაქტის დროს, უთუოდ გამოიყენეთ ბარიერული დაცვის საშუალება (პრეზერვატივი).

შიდსის პრევენციის საუკეთესო გზა – სწრაფი, უფასო და ანონიმური ტესტირების პროგრამაა, რომელსაც ახორციელებს „შიდსის ჯანდაცვის ფონდი“ 2020 წლიდან.

 ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაციამ ,,ნეკერი’’ახალი კამპანია დაიწყო

0

„ნეკერის“ თანადამფუძნებლებმა,  მოხალისეობრივი სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანია- „მეტი სათამაშო და წიგნი ბავშვებს’’ დაიწყეს.

,,ვერთიანდებით და ვიწყებთ თანხის შეგროვებას, რადგან ბოლნისის ბაგა-ბაღების, ასევე ალტერნატიული სასკოლო მზაობის ჯგუფების 1300-მდე აღსაზრდელს ძალიან სჭირდება:

სათამაშოები – კუბიკები, ფაზლები, თოჯინები, მანქანები, თემატური ლოტო, სხვა ასაკობრივად შესაბამისი განმავითარებელი სათამაშოები;

ბავშვების ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე წიგნები;

იატაკზე დასაგები ფაზლები და სხვა აუცილებელი რესურსები თუ მასალები.

აღნიშნულ საჭიროებაზე ვთანხმდებით ყველა – მშობლები, ბაღების და გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლება.

მეგობრებო, ახლა, ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენი რესურსების გაერთიანებით შევძლებთ, რომ 2023 წლიდან ბოლნისის ბაღებში ბავშვებისთვის შევიტანოთ საინტერესო თამაშით, წიგნის კითხვით გამოწვეული სილაღე, სინათლე და ბედნიერება.

მხოლოდ გაერთიანებით შევძლებთ ამ ჯადოსნური საქმის გაკეთებას!

ბავშვებისთვის ვერთიანდებით ყველა:

ადგილობრივი თვითმმართველობა; მშობლები; საჯარო და კერძო დაწესებულებების საზოგადოებები; ადგილობრივი და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მცირე თუ მსხვილი ბიზნესები; ბოლნისის, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების და მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში მცხოვრები მოქალაქეები.

„ნეკერის“ თანადამფუძნებლებს გაგვიხარდებოდა, ჯადოსნური ჯოხი რომ გვქონოდა და ბაღები სათამაშოებით, წიგნებით და სხვა რესურსებით თვალის დახამხამებაში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგვევსო… სანაცვლოდ შეგვიძლია, რომ ბევრი ადამიანის, ორგანიზაციის გაერთიანებით გავაკეთოთ ძალიან მაგარი, მართლაც ჯადოსნური საქმე ჩვენი უკეთესი მომავლისთვის.

მეგობრებო, საჭიროდ მიგვაჩნია, იცოდეთ, რომ “ნეკერის” გუნდი ამ კამპანიას ახორციელებს მოხალისეობრივად. რაც უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს, სრულიად ენთუზიაზმით ვმოქმედებთ.

რამ გვამოძრავებს:

ჩვენი შინაგანი მოტივაცია;

ორგანიზაციული პასუხისმგებლობა ბავშვების მრავალმხრივი განვითარების საქმეში;

ორგანიზაციულ პასუხისმგებლობას დამატებული ჩვენი პიროვნული პასუხისმგებლობა ბოლნისის საზოგადოების მდგრადი (გრძელვადიანი, საფუძვლიანი) განვითარების საქმეში, რადგან გვჯერა, ბავშვების სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბების ხელშეწყობის გარეშე უკეთესი მომავალი არ დადგება. ურყევად გვჯერა იმისაც, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა საკუთარ გარემოზე, მუნიციპალიტეტზე ზრუნვა. თითოეული ჩვენგანის მხოლოდ სწორ მცდელობას და სწორ თანამონაწილეობას მოჰყვება ცვლილება და განვითარება. აუცილებლად მოჰყვება!

აქვე დავაზუსტებთ, რომ ბავშვების მრავალმხრივი (გონებრივი, ფიზიკური, სოციალური, ემოციური, პიროვნული, სულიერი) განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი სწორედ საბავშვო-ბაღებში შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსების არსებობაა.

ასმაგად სასიხარულო და საზეიმო იქნება “ნეკერისთვის”, თუ ბევრნი, რაც შეიძლება ბევრნი, შემოგვიერთდებით.

ამ საახალწლოდ თითოეული თქვენგანის, მეგობრის, ნაცნობის თუ უცნობის მხარდაჭერის გულწრფელი, ბავშვური მოლოდინი გვაქვს. გვჯერა, საფუძვლიანია ეს ჩვენი მოლოდინი და გაგვიმართლებთ აუცილებლად.

ამ ეტაპზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად 11 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. გარდა ამისა დამატებით ალტერნატიული სასკოლო მზაობის ჯგუფები მუშაობს, შესაბამისად მათ ბენეფიციარებს ასევე ბაღების აღსაზრდელებად მოვიაზრებთ.

სულ 50-მდე ასაკობრივად დაყოფილი ჯგუფია. თითოეულისთვის საშუალოდ 1000 ლარი გვჭირდება, რომ ღირებული, ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შეძენა შევძლოთ.

თანხის შეგროვებას ვიწყებთ დღეიდან და ვასრულებთ 20222წლის 31 დეკემბერს, 24:00 საათზე.

რესურსების შესყიდვას და ბაღებისთვის ეტაპობრივად მიწოდებას დავიწყებთ 9 იანვრიდან. კამპანიას დავასრულებთ 2023 წლის მარტის ბოლოს.

თანხას თავს ვუყრით „ნეკერის“ მითითებულ ანგარიშზე.

GE79BG0000000538207380

კომენტარის ველშიც მივუთითებთ, რომ მარტივად შეძლოთ ასლის გაკეთება.

მინიმალური, თუმცა უძვირფასესი შენატანია 1ლარი, მაქსიმალური კი – რამდენსაც ისურვებთ და რამდენსაც გაწვდებით. რაც უფრო მეტი თანხა შეგროვდება, მით მეტ სიხარულს, ბედნიერებას და განვითარებას შევიტანთ ბოლნისის ბაგა-ბაღებში.

თანხის შეგროვების და ხარჯვის პროცესი იქნება სრულიად გამჭვირვალე, რადგან “‘ნეკერის” გუნდის წევრები ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას ვგრძნობთ თითოეული შემომწირველის წინაშე’.’-ნათქვანია ორგანიზაციის გვერძე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

0

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენებმა – ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 45:42 სძლიეს და კონტინენტის ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ნინა თიბილაშვილმა თავი ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც გამოიჩინა. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პარლამენტმა მედიკამენტებზე ზღვრული ფასების დაწესებას პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი

0

პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.

საკითხი დეპუტატებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააცნო.

კანონპროექტი 2023 წლიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას გულისხმობს. ცვლილების მიხედვით სახელმწიფო წამლების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალება.

ასევე, დგინდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულება, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, აღნიშნულ ფასზე მაღალი ფასით რეალიზაციის შემთხვევებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.

რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

ცვლილების მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა.

რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ.

 

 

სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეების აქტივობა უსაფრთხოების თემებზე

0

დღეს ბოლნისის  კერძო  საშუალო სკოლა „დავითიანის“ ადმინისტრაცია, პედაგოგები  და სახანძრო-სამაშველო სამსახურის მუშაობით დაინტერესებული მოსწავლეები,  სახანძრო სამსახურის ბოლნისის განყოფილებას ესტუმრნენ  სადაც ჩაუტარდათ წინასწარ დაგეგმილი პრაქტიკული სააღმზრდელო საინფორმაციო სიმულაციური ინსტრუქტაჟი სკოლისთვის პრიორიტეტულ , საჭირო, უსაფრთხოების თემაზე.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე,  თვალსაჩინოების მიზნით, გამოფინეს ყველა ის აღჭურვილობა, რომელიც მათი საქმიანობის შემადგენელი ატრიბუტია. ბავშვებს დეტალურად აუხსნეს თითოეული ნივთის მნიშვნელობა, დაათვალიერებინეს სახანძროს მანქანა.

აღნიშნული აქტივობით სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებმა ამომწურავად მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ხანძრისა და საგანგებო სიტუაციების დროს, პირადად გაიცნეს ის ადამიანები, რომლებიც მათი უსაფრთხოების სადარაჯოზე არიან. მოსწავლეებმა შეისწავლეს ის პრევენციული ღონისძიებები, რაც თავიდან აგვაცილებს უბედურ შემთხვევებს.

გენერალურ პროკურატურაში ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა

0

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტების თემაზე კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციას, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უწყებების, აშშ-ის საელჩოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პარლამენტის წარმომადგენლები და მოსამართლეები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებთან მიმართებით.

გიორგი გაბიტაშვილმა ხაზი გაუსვა მსგავს დანაშაულებზე უწყების მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას და პროკურორთა სპეციალიზაციის მნიშვნელობას.

ასევე, ყურადღება გაამახვილა დაზარალებულთა მხარდაჭერის და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის.

კონფერენციაზე, გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული აქტივობების შესახებ, კონფერენციის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინეს.

კონფერენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ფემიციდის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები, ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები; გარდა ამისა, იმსჯელეს ფემიციდის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევებსა და სხვა მნიშვნელოვან კრიმინოლოგიურ ასპექტებზე.

შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია: მონაწილეებმა განიხილეს მოძალადეთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობების და დასაგეგმ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება, პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.