კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 6

ვაზი, მუხა და დრო – ბოლნისელი მეღვინის ამბავი

0

ბოლნისში მეღვინეობა მხოლოდ საქმიანობა არ არის –  თაობიდან თაობას გადაცემული ცოდნა და ოჯახური ჩვეულებაა. სწორედ ასეთ ტრადიციაზეა დაფუძნებული მირიან ურუმაშვილის ღვინის ისტორია, რომლის ფესვებიც 1954 წლამდე მიდის, როდესაც მისმა პაპამ, ილია ურუმაშვილმა,  პირველი ვაზი გააშენა. მოგვიანებით, ეს საქმე დედამ, დოდო ურუმაშვილმა, გააგრძელა, ხოლო დღეს მირიან ურუმაშვილი, თანამედროვე ცოდნითა და საკუთარი ხედვით აგრძელებს ოჯახურ გზას.

მირიან ურუმაშვილის პროფესიული გზა, თავდაპირველად, მეღვინეობასთან პირდაპირ კავშირში არ ყოფილა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მან მუშაობა სს „მადნეულში“ დაიწყო, ოჯახის მეურნეობაზე ზრუნვა კი პარალელურად გადაიბარა. დედისგან მეურნეობა სრულად მე გადავიბარე და ნელნელა მივხვდი, რომ ეს საქმე მხოლოდ ტრადიცია კი არა, ჩემი გზაც იყო, — აღნიშნავს იგი.

გადამწყვეტ ეტაპად 2022 წელი იქცა. სწორედ მაშინ, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ ხელმძღვანელმა, გურამ ავქოფაშვილმა, ბოლნისური ღვინოები სარდინიის ღვინის ფესტივალზე წარადგინა. ღვინოებს ქართველი და იტალიელი სომელიეები აფასებდნენ და ჩემმა ღვინომ საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო, რის შემდეგაც სარდინიის კონკურსში მონაწილეობის უფლება მომეცა“, იხსენებს მირიან ურუმაშვილი. მისივე თქმით, ამას მოჰყვა მთაწმინდის ღვინის ფესტივალი, პირველი რეალიზაცია და პირველი პრაქტიკული შედეგი.

მიღებული შემოსავალი ცოდნის გაღრმავებას მოახმარა. პირველი გაყიდვებიდან მიღებული თანხით სწავლა დავიწყე ქართული ღვინის გილდიაში და ოთხთვიანი კურსი გავიარე ღვინის წარმოების ტრადიციულ და თანამედროვე მეთოდებში. 2024 წელს სწავლა გააგრძელა ხეცურიანის სომელიეთა სკოლაში საერთაშორისო პროგრამით, 2025 წელს კი Wine & Spirits Education Trust-ის (WSET) მეორე დონის კურსით. პარალელურად, სხვა ბოლნისელ მეღვინეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო HELVETAS Swiss Intercooperation-ისა და WINS Global Consult-ის მიერ განხორციელებულ გადამზადების პროექტშიც.

მირიან ურუმაშვილის მეღვინეობის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელი ტექნოლოგიური არჩევანია – ქვევრის ნაცვლად მუხის ჩანები და კასრები. როგორც თავად განმარტავს, ეს არჩევანი ბოლნისის ისტორიულ გამოცდილებას ეყრდნობა: მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც გერმანელი კოლონისტები ჩამოსახლდნენ ბოლნისში, ქვევრში ღვინის დაყენება მათთვის რთული აღმოჩნდა და დაიწყეს მუხის ჩანებისა და კასრების გამოყენება. მუხას ადგილობრივად მოიპოვებდნენ და სწორედ, აქედან დაიწყო ქართულგერმანული ღვინის ტექნოლოგია“.

ღვინის დაყენების პროცესი მის მარანში მკაცრად განსაზღვრულია: ყურძენი იწურება მუხის ჩანში, გადის ფერმენტაციას დაახლოებით 21 დღის განმავლობაში და შემდეგ მუხის კასრებში გადაგვაქვს. საბოლოოდ ვიღებთ ქარვისფერ ღვინოს, რომელიც ჯიშური და მუხის არომატების ნაზავია და ღვინოს განსაკუთრებულ კომპლექსურობას სძენს“.

დღეს მირიან ურუმაშვილი აწარმოებს რქაწითელისა და საფერავის მშრალ ღვინოებს. პირველ წელს 1500 ბოთლი რქაწითელი დავაყენე, შემდეგ დაემატა საფერავი და ამ ეტაპზე,  დაახლოებით, 2000 ბოთლს ვაწარმოებ.  სამომავლო გეგმებში აქვს თავკვერისა და შავკაპიტოს ჯიშებიდან ღვინის წარმოება, ასევე ექსპერიმენტი დერგში – „ქართული თიხის ღვინის ჭურჭელი, ქვევრის ფორმის, თუმცა მიწაში ჩაუმარხავი“.

მეღვინისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გაერთიანება „ღვინო ბოლნისს“. მისი თქმით, ბოლნისის ღვინის ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და ყველა მეღვინეს, ვინც ბოლნისურ ადგილწარმოშობის ღვინოს აწარმოებს, აძლევს საშუალებას უშუალო ურთიერთობა დაამყაროს სხვადასხვა ქვეყნის ბაიერებთან, ღვინის მაღაზიებისა და ბარების წარმომადგენლებთან. ამავე სივრცეში მოქმედებს ქართულ-გერმანული ღვინის სახლიც, სადაც ხდება ბოლნისური ღვინოების რეალიზაცია, სტუმრების მიღება და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარება.

ახალგაზრდა მეღვინეებს მირიან ურუმაშვილი კონკრეტულ რჩევას აძლევს: მეტი ცოდნა უნდა მიიღონ, როგორც მევენახეობის, ისე მეღვინეობის მიმართულებით ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური დათბობის პირობებში, როცა ახალი გამოწვევები ყოველდღიურ რეალობად იქცა“.

მისი შეფასებით, ბოლნისს ღვინისა და კულტურული ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. გადაჭრილი გორა, სადაც ღვინის მჟავის ისტორიული ნაკვალევია ნაპოვნი, ბოლნისის სიონი თავისი დამწერლობით, სამშვილდე მისი სიდიადით ეს ყველაფერი შეიძლება ერთიან გასტრონომიულკულტურულ მარშრუტად იქცეს და რეგიონში მეტი სტუმარი მოიზიდოს“, – აღნიშნავს მეღვინე.

მირიან ურუმაშვილის ისტორია ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ოჯახური ტრადიცია, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე ცოდნა ერთიან გზად გადაიქცეს – გზად, რომელიც ბოლნისური ღვინოს ახალ, საერთაშორისო კონტექსტში დამკვიდრებას უწყობს ხელს.

                                                                                                                  მარიამ ონიანი

ბოლნისში ფართომასშტაბიანი ინვესტიცია განხორციელდება

0

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით,  4 შერჩეულ რეგიონში: მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს შერჩეულ რეგიონებში ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების გაუმჯობესებას, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდასა და ირიგაციის, მიწის მართვის ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას.

ამ მიზნით პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:

მაგისტრალური, მეორე და მესამე რიგის არხების, სადრენაჟე სისტემებისა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის განახლება;

რეაბილიტირებული არხების მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვა;

პროექტით გათვალისწინებულ არეალებში მცხოვრები ფერმერებისა და აგრობიზნესების მხარდაჭერა თანადაფინანსების გრანტებისა და ტრენინგების მეშვეობით;

საირიგაციო სერვისების გაუმჯობესება ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ფორმირების, განახლებული ტარიფის დანერგვისა და კლიმატგონივრული აქტივობების დაგეგმვის გზით.

აღნიშნული ინიციატივის განხორციელება შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდას, რაც პირდაპირ აისახება ფერმერთა კეთილდღეობასა და ქვეყნის საერთო ეკონომიკურ წინსვლაზე. საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (GRAIL)-ს საერთო ჯამური ღირებულება 150 მლნ დოლარზე მეტს შეადგენს და თანაბრად დაფინანსდება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისა (IBRD) და საქართველოს მთავრობის მიერ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 40-მდე ფაქტი გამოავლინა

0

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 40-მდე ფაქტი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართალდარღვევები დედაქალაქის გარდა დაფიქსირდა აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში, ასევე ქობულეთის, ხელვაჩაურის, ზუგდიდის, მცხეთის, დუშეთის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვისა და მუნიციპალური არასახიფათო, სახიფათო, სამშენებლო, ინერტული და ცხოველური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტები.

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. შედეგად, 2025 წლის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2 713 ფაქტი გამოავლინეს.-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

საფეხბურთო კლუბი ,,სიონი’’ განახლებული შემადგენლობითა და ამბიციური გეგმებით ხვდება ახალ სეზონს

0

ბოლნისის საფეხბურთო კლუბ „სიონში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, გუნდს სათავეში უჩა სოსიაშვილი ჩაუდგა,  რომელსაც ბოლნისურ კლუბში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს, ამჯერად „სიონს“  სრულიად ახალ ეტაპზე უბრუნდება, ახალი სეზონის წინ გუნდი, პრაქტიკულად, თავიდან ფორმირდება, რაც დიდ პასუხისმგებლობასა და მოლოდინს ქმნის. კლუბის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი ხელისუფლება ამბიციურ გეგმებზე საუბრობენ, ხოლო მთავარი მწვრთნელი, ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.  უჩა სოსიაშვილმა ჩვენთან სწორედ ამ თემებზე ისაუბრა.

-ბატონო უჩა, ბოლნისის „სიონში“ დაბრუნება თქვენთვის რამდენად ემოციური და პროფესიული გამოწვევაა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ კლუბში მუშაობის გამოცდილება უკვე გაქვთ?

 — რა თქმა უნდა, ძალიან ემოციურია  იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მასშტაბით, ბოლნისის „სიონი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია. თავისი ტრადიციები გააჩნია, უამრავი კარგი ფეხბურთელი თამაშობდა და ბევრი კარგი მწვრთნელი მუშაობდა. ასეთ კლუბში მუშაობა ჩემთვის დიდი ბედნიერება და დიდი პასუხისმგებლობაა.

რა იყო მთავარი მოტივაცია, რის გამოც „სიონში“ დაბრუნებაზე თანხმობა თქვით?

— მთავარი მოტივაცია იყო ის დამოკიდებულება, რაც დავინახე ადგილობრივი ხელმძღვანელობის მხრიდან. როგორც მერიის, ასევე მისი წარმომადგენლებისგან იგრძნობა დიდი ინტერესი კლუბის განვითარების მიმართ. ამასთან ერთად, კლუბში მუშაობენ ადამიანები, ვისთანაც  მეგობრული და პროფესიული ურთიერთობა მაკავშირებს.

-როგორ განსხვავდება თქვენი დღევანდელი ხედვა და გამოცდილება 2023 წლის პერიოდთან შედარებით?

— 2023 წელს მოქმედ ჩემპიონატში ჩავერთე უკვე დაკომპლექტებულ გუნდთან. ახლა სრულიად სხვა ეტაპია, გუნდის მშენებლობა, ფაქტობრივად, ნულიდან იწყება. ამასთან ერთად, ამ პერიოდში უფრო მეტი გამოცდილება მივიღე, რაც საქმეს უფრო ამარტივებს.

-რა კონკრეტული ამოცანები და მიზნები დაგისახათ კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონისთვის?

— პირველ რიგში უნდა ჩამოვაყალიბოთ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც ყველა თამაშში მაქსიმუმს გააკეთებს და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

-თქვენი  პროფესიული მიზანი რა არის „სიონში“ მუშაობის პერიოდში?

— ჩემი მიზანია, გუნდთან ერთად, წარმატებების მიღწევა, მეტი გამარჯვება და ბოლნისში ფეხბურთის განვითარება. გვინდა ისეთი ფეხბურთელები გამოვავლინოთ, რომლებიც მომავალში, როგორც ასაკობრივ, ისე ეროვნულ ნაკრებშიც შეძლებენ თავის წარმოჩენას.

-იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, როგორ მიმდინარეობს ახალი შემადგენლობის ფორმირება?

— ფეხბურთელების შერჩევა ოთხ ძირითად პრინციპს დაეფუძნება: ტექნიკურ, ტაქტიკურ, ფიზიკურ და პიროვნულ თვისებებს. ადგილობრივ ფეხბურთელებს მეტი შანსი ექნებათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.

-რა პრინციპით შეარჩევთ, რამდენად მიეცემათ შანსი, ადგილობრივ და აკადემიის ფეხბურთელებს, ძირითად გუნდში დამკვიდრებისთვის?

— ჩვენი სურვილია, გუნდში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი და აკადემიის ფეხბურთელი ვიხილოთ. თუმცა მთავარი  ხარისხი და პროფესიონალური დამოკიდებულებაა.

-არის თუ არა განხილვის საგანი გუნდის ლეგიონერებით დაკომპლექტება და, რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შერჩევა?

— მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. სრულფასოვანი შეკრება არ გვექნება და მხოლოდ ხუთკვირიანი ციკლით მოგვიწევს მუშაობა. დაგეგმილია ხუთი ამხანაგური მატჩი, რომლის ფონზეც გუნდს ეტაპობრივად ჩამოვაყალიბებთ.

-როგორი  თამაში გსურთ ვიხილოთ „სიონისგან“   შედეგზე ორიენტირებული, თუ სანახაობრივი?

— გვინდა ორგანიზებული გუნდი, რომელიც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში სწორად ითამაშებს. პრიორიტეტია შედეგი, თუმცა სანახაობრიობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

-რას ეტყოდით ბოლნისის სიონის გულშემატკივრებს, რომლებიც გუნდის განახლებულ ეტაპს ელოდებიან?

— გულშემატკივარს ვუსურვებდი ბევრ წარმატებას, მეტ ბოლნისელ ფეხბურთელს გუნდში და ჩვენი დასახული მიზნების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, სწორი სტრუქტურული განვითარების შემთხვევაში „სიონს“ წინ კარგი პერსპექტივა აქვს.

უჩა სოსიაშვილის დაბრუნებით ბოლნისის „სიონი“ ახალი ეტაპის დასაწყისშია. გუნდი განახლებული შემადგენლობითა და ამბიციური გეგმებით ხვდება ახალ სეზონს. ბოლნისელი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ „სიონი“ ღირსეულ თამაშს აჩვენებს და საკუთარ ტრადიციებს კიდევ ერთხელ გაამყარებს.

თომა ჩაგელიშვილის ფილმის პრემიერა-,,დაკარგული ფოტოების ამბავი”

0

სხვენიდან დაბრუნებული წარსული, ისტორია, რომელიც კატერინენფელდის – დღევანდელი ბოლნისის ამბავს გვიყვება, ყველაფერი სიჩუმით იწყება, ძველი სახლის სხვენში, მტვრის ფენაში ჩაფლული ნეგატივების ყუთში, რამდენიმე ასეული სურათით, რომელიც დროში დაკარგული იყო, თუმცა გადარჩა, რათა გაეცოცხლებინა გასული საუკუნის 20-იანი წლები. ეს არის ამბავი უცნობი ფოტოგრაფის  შესახებ, რომელმაც ობიექტივში ჩაკეტა გერმანელი კოლონისტებისა და ქართველების ერთად ცხოვრება, მათი ადათ-წესები. ყოველი კადრი დროის შეჩერებული სუნთქვაა. „დაკარგული ფოტოების ამბავი“ – ასე ქვია თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერაც საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში შედგა.  კომპანია არემჯის მხარდაჭერით გადაღებული ფილმი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის.

რეჟისორი გვიჩვენებს, როგორ ესაუბრება საუკუნოვანი ნეგატივები თანამედროვე ბოლნისს, სადაც დღესაც ცოცხლობს უნიკალური გერმანულ-ქართული არქიტექტურა, სადაც ისევ ფუნქციორებს აღდგენილი მეღვინეობის ტრადიცია და ორი კულტურის  ნაზავი ახალ სიცოცხლეს იძენს. პრემიერაზე მიწვეულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვენში აღმოჩენილი და გაცოცხლებული ფოტოარქივი, რომელიც მტკიცებულებაა იმის, რომ დაკარგული არაფერია, სანამ ის გვახსოვს.

ფილმში ყურადღება ეთმობა ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს, რომელიც არემჯის მიერ იქნა შეძენილი და აღდგენილი, საუკუნოვანი სახლი მტკიცედ ინახავს ისტორიას. ეს არის ცოცხალი მუზეუმი, სადაც გასტრონომია ხელოვნებას ხვდება, ხოლო წარსული მომავალს.

გიორგი სვანიძე: დღევანდელ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ ემსახურება მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებასა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკას.

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულომ რიგგარეშე და წლის პირველი სხდომა გამართა, რომელსაც თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სოციალურ პოლიტიკასა და ადმინისტრაციულ მართვას შეეხებოდა.

საკრებულოს თანხმობით ქალაქ ბოლნისში მდებარე შენობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ განყოფილებას უსასყიდლო სარგებლობის უფლებით 2027 წლის 1 იანვრამდე გადაეცემა. ასევე დამტკიცდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიმართულებით იმუშავებს.

სხდომაზე განიხილეს რეგიონული განვითარების სამინისტროსთან უფლებამოსილების დელეგირების ხელშეკრულება, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას, უსაფრთხოების სისტემებს, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტრანსპორტსა და ენერგოსისტემების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ასევე  დამტკიცდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი. რაც  სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა მხარდაჭერას ითვალისწინებს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ დახმარებებს გულისხმობს.

დეპუტატებმა იმსჯელეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების საკითხზე. ცვლილებები შეეხო როგორც შემოსავლების ზრდას, ისე ასიგნებების გადანაწილებას და მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და სოციალური პროგრამების დაფინანსების გაძლიერებას.

გიორგი სვანიძის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებები მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებასა და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„დღევანდელ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე  მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ ემსახურება მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებასა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პოლიტიკას. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები, სოციალური მხარდაჭერის ახალი წესები და განათლებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტის გრძელვადიან განვითარებას.“- განაცხადა გიორგი სვანიძემ.

 საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის განცხადებით თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება

0

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.

ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.

„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.

ბოლნისის „ყოჩების“ კაპიტანი ნიკოლოზ რეხვიაშვილი საქართველოს ნაკრების განაცხადშია

0
ნიკა რეხვიაშვილი

რაგბის ევროპის ჩემპიონატისთვის 34 კაციანი შემადგენლობა უკვე დასახელდა. აღსანიშნავია, „ბორჯღალოსნებში“ საკუთარი ძალის სიმტკიცეს და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ბოლნისელი   ახალგაზრდა მორაგბე ნიკოლოზ რეხვიაშვილი გამოცდის.

გაზეთ „ბოლნისთან“ საუბრისას ნიკოლოზ რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი დებიუტი  თებერვალში შედგება და  დიდ რაგბში თამაშს შვეიცარიის და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ჩაატარებს.

როგორი იყო გზა კლუბ „ბოლნელიდან“ საქართველოს ნაკრებამდე,  ვრცლად ამაზე ნაკრების წევრი ნიკოლოზ რეხვიაშვილი გვესაუბრა.

-ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი,  ამ სპორტით რომ დავინტერესდი, ეს მამაჩემის დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში თამაშობდა რაგბში და საქართველო არაერთხელ ასახელა. სწორედ მისი ინიციატივით ბოლნისში დაიწყო რაგბის პოპულარიზაცია,  ჩამოაყალიბა  კლუბი „ბოლნელი“ და იქ დავიწყე აქტიური ვარჯიში, შემდეგ ძალები ისტორიულ კლუბ „ყოჩებში“ მოვსინჯე, სადაც პროფესიონალ მწვრთნელებთან და გამოცდილი მოთამაშეების გარემოცვაში მიწევდა ყოფნა. შეიძლება  ითქვას, რომ ჩემი ფორმირება სწორედ იქ მოხდა, სადაც თამაშთან ერთად, თითოეული მოთამაშე საკუთარი თავის სიმტკიცეს, გამძლეობას, რწმენასა და სხვა უნარ-ჩვევებს სწავლობდა.  „ყოჩებში“ მიღებული გამოცდილება დამეხმარა, რომ თამაში 2021 წლიდან 7-კაცაში გავაგრძელე.

როგორც ყველა სპორტსმენს, ჩემი ოცნებაც ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო, ამას სჭირდებოდა დიდი შრომა, სტაბილური ვარჯიში და ფიზიკური მომზადება, რომელიც ყოველდღიურად დილის 6 საათიდან იწყება. ეს  პროცესი რთულია, თუმცა სასიამოვნოდ საპასუხისმგებლო. ამაზე დიდი ბედნიერება არ არის, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით დგახარ მოედანზე და შენი ქვეყნის სახელით იბრძვი უძლიერეს მეტოქეებთან.

ნიკოლოზ რეხვიაშვილი ამ წარმატებას მამის დამსახურებად და დედის მხარდაჭერით მიღწეულ შედეგად აფასებს, რომელსაც წინ საინტერესო და გამოწვევებით სავსე ახალი ეტაპი ელის.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ორგანიზაცია HELVETAS GEORGIA-ს წარმომადგენელს შეხვდა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ორგანიზაცია HELVETAS GEORGIA-ს წარმომადგენელს, ნესტან მერმანიშვილს, შეხვდა

შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მერს პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება“ საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია HELVETAS GEORGIA შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს, მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას.

პროექტი ბოლნისის აგროცენტრთან თანამშრომლობით, ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ადგილზე საკონსულტაციო სერვისების დანერგვას, განვითარებას და მევენახე-მეღვინეებისთვის სხვა აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში, იგეგმება „ქვემო ქართლის ღვინის გაერთიანების“ დაფუძნება. აღნიშნული პლატფორმა მევენახე-მეღვინეებს ბაზარზე უკეთ პოზიციონირებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის პროექტს მხარი დაუჭიროს, ვინაიდან ბოლნისში ღვინის სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, მსგავსი ინიციატივები კი ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებასა და განვითარების პროცესს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბოლნისის აგროცენტრის წარმომადგენლები.

ხელოვნება ხის სულში – მიხეილ დემურაშვილის გზა იდეიდან რეალობამდე

0

ახალგაზრდა ხელოვანის ჩანაფიქრი ეკრანზე ხორციელდება, ყველაფერი იწყება მონიტორით, დგება ნახაზი, იხატება სხვადასხვა დიზაინის ფიგურები და   იდეა ახალ სახეს იღებს. სრულყოფილებამდე გრავირების აპარატი ერთვება, მთავარი სიზუსტეა და ციფრული ოცნებაც რეალობად გარდაიქმნება. იდეა შვილის სათამაშოდან დაებადა, რომელიც ახალი შესაძლებლობის დასაწყისად იქცა და მას შემდეგ მისი ნამუშევრები უბრალო საჩუქარი არ არის, თითოეულ ნივთში ჩადებულია სიყვარული და დამკვეთის ისტორია.