შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 5

საინფორმაციო შეხვედრები ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან

0

საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის (GRAIL) ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მიზანი იყო  ბოლნისში მდებარე ზედა არხის სარწყავ სისტემაზე დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება. 

შეხვედრაზე მონაწილეებს პროექტის ძირითადი მიზნები, კომპონენტები, განხორციელების ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს.

პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით. GRAIL-ის ბიუჯეტი 150 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

პროექტის მიზანია საქართველოს ოთხ რეგიონში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდა, ასევე, ირიგაციისა და მიწის მართვის სფეროში ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.

ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები გრძელდება

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თურალ ვალიევი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი სვანიძესთან, ერთად სოფელ ტანძიის, სენების, ბერთაკარისა და იწრიის მოსახლეობას შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

მოსახლეობის მიერ დასახელებული პრიორიტეტული პროექტები მიმდინარე წლის ბოლომდე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხით განხორციელდება.

მოქალაქეებთან შეხვედრებს, ასევე, მერიისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაბა კაზრეთში კულტურის სახლის  რეაბილიტაცია დაიწყო

0

დაბა კაზრეთში კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი, კომპანია არემჯის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურის სახლის ორი სართულის ექსტერიერის და ინტერიერის სრულ განახლებას, ეზოს მოპირკეთებას და ლანდშაფტის სამუშაოებს ითვალისწინებს. ასევე 70 კვ. მეტრ ფართობზე დამატებით მოეწყობა ქორეოგრაფიული ანსამბლებისთვის განკუთვნილი სარეპეტიციო დარბაზი, რომელსაც ექნება გასახდელები და სველი წერტილები.

კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,  მოხდება საკონცერტო დარბაზის სრული განახლება და ტექნიკური სივრცეების კეთილმოწყობა, რომელიც აღიჭურვება საჭირო თანამედროვე აპარატურით. შენობაში ასევე მოეწყობა გათბობა-გაგრილებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები.

ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომლის მიზანია დაბა კაზრეთში კულტურული ცხოვრების გააქტიურება და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნა, ერთ წელში დასრულდება და მისი საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა

0

 მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონების განვითარებაზე და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტრუქტურულ ერთეულებში ოპტიმიზაციას. “ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სამინისტროების მხრიდან ადგილობრივ დონეზე და მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე შევეხეთ სოციალური დახმარების საკითხებს. საჭიროა ამ ბაზების გადახედვა და ამ თემაზე აქტიურად ვიმუშავებთ მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ასევე ყურადღება გავამახვილეთ კორუფციის პრევენციის მნიშვნელობაზე. ამ კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც მაქსიმალურად შევძლოთ კორუფციული პრაქტიკის პრევენცია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, კომიტეტის წევრი დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.-ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებლინფორმაციაში

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

0

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.

სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.

2026-2027 სასწავლო წლიდან ცვლილება შედის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც. საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.

„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.

ქალაქ თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით. აღნიშნული მისამართების ნუსხა და შესაბამისი სკოლები, მეტი მოქნილობის მიზნით, განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მესამე ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით მოსწავლის რეგისტრაციის მისამართის შესაბამისად.

2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები:

I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2026 წლის 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

პირველ ეტაპზე რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენისა და ჩარიცხვის პერიოდია 2026 წლის 4 მარტიდან 17 აპრილის ჩათვლით.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრი.

ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება საშუალება ექნებათ, რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.

II ეტაპი – ამ ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2026 წლის 21 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით განხორციელდება.

ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:

• რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;

• რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;

• რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით ონლაინ რეგისტრაცია – 2026 წლის 15 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება;

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

საჯარო სკოლებში III ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2026 წლის 27 მაისიდან 12 ივნისის ჩათვლით.

IV ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2026 წლის 15 ივნისიდან დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 2026 წლის 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით განხორციელდება.

მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

V ეტაპი – ამ ეტაპზე განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. ამ ეტაპისთვის რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა განსაზღვრულია 2026 წლის 20 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მეხუთე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას საჯარო სკოლა უზრუნველყოფს.

პირველ კლასში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტები:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

0

„სოფლის  მხარდაჭრის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 12 თებერვალს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სოფელ ჭაპალაში, მწყნეთსა და რაჭისუბანში ადგილობრივებისგან წამოჭრილი პრობლემები და საჭიროებები მოისმინეს.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა შიდა გზების კეთილმოწყობაზე, სარწყავი არხების მოწესრიგებასა და სოფლებისთვის სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, მიზნად ისახავს სოფლად არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

0

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზვარეთის, ზემო ბოლნისისა და ქვემო ბოლნისის მაცხოვრებლებს შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.

დღევანდელ შეხვედრებზე ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები ერთობლივად შეარჩიეს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარი გამოიყო.

10 თებერვალი წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეა

0

10 თებერვალს ბოლნისის ეპარქია მეუფე ეფრემის ანგელოზის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. ბოლნისის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე ეფრემი, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან და სხვადასხვა ეპარქიის მამებთან ერთად, ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს და ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს, სინანულის მოძღვრის, ღირსი მამის წმინდა ეფრემ ასურის განვლილ გზას ახსენებს.

მეუფე ეფრემი ბოლნისის ეპარქიაში 19 წელია მოღვაწეობს, მისი ღვაწლი არა ერთი ტაძრის აღდგენასა და რეაბილიტაციას უკავშირდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026“ დაიწყო

0

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები და კონსულტაციები დაიწყო. მერის პირველი მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარესთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ფოლადაურის, სამწვერისისა და სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივებმა პრობლემური საკითხები გააჟღერეს და მხარეებმა მოგვარების შესაძლო გზებზე იმსჯელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან 714 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასა და სოფლად არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, კონკრეტული პროექტის განხორციელებას.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც 9 თებერვალს დაიწყო, 3 მარტამდე გაგრძელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხები განიხილა და ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე, რათა მოქალაქეთა საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მოხდეს.

9 თებერვლიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საერთო კრებები და კონსულტაციები იწყება. სამუშაო შეხვედრაზე მერმა პროგრამის მნიშვნელობასა და მის ეფექტიანად განხორციელებაზე ისაუბრა. მერის განცხადებით, პროგრამა ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და პრიორიტეტული საჭიროებების სწორად განსაზღვრას მოითხოვს.

,,ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ თემში არსებული საკითხები სწორად იყოს იდენტიფიცირებული. მერის წარმომადგენლები ადგილზე ყველაზე კარგად ხედავენ მოსახლეობის საჭიროებებს. სწორედ მათი აქტიური ჩართულობა და კოორდინირებული მუშაობა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ თითოეული საკითხი დროულად და ეფექტიანად მოგვარდეს. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გვაძლევს შესაძლებლობას, მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროექტები შევარჩიოთ, რაც მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული“, − განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ.

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.