გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სოფლის მეურნეობა ისეთი გამოწვევის წინაშე დგება, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები, ნიადაგთან დაკავშირებული პრობლემები და მცენარეულ კულტურაზე სხვადასხვა მავნებლის ზემოქმედება.
ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ აზიური ფაროსანა რჩება. მავნებელი მწერის უარყოფითი ზემოქმედება სოფლის მეურნეობაზე მრავალფეროვანია, იგი აზიანებს როგორც კურკოვან, ისე კენკროვან და თესლოვან მცენარეებს.
ბოლო რამდენიმე წელია ფაროსანა დიდ ზიანს აყენებს მოსახლეობას. ის არის პოლიფაგური მწერი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებად მცენარეების ფართო სპექტრს იყენებს.
რა ღონისძიებები ტარდება და როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას, ამ საკითხზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს ბოლნისის ოფისის ფიტოსანიტარი ლია ბეჟანიშვილი გვესაუბრება.
-ქალბატონო ლია,გაზაფხულდა და კვლავ აქტუალურია თემა აზიური ფაროსანა და მასთან ბრძოლის მეთოდები. რა პრევენციულ ღონისძიებებს უნდა მიმართოს მოსახლეობამ?
-აზიური ფაროსანა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, არა მარტო ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელ საქართველოსთვის. არსებობს ფაროსანთა მრავალი ჯგუფი, თუმცა მათ შორის აზიური ფაროსანა ყველაზე მეტად აზიანებს სასოფლო -სამეურნეო კულტურებს. მისი ჩამონათვალი 300-ზე მეტია. ის ავნებს კენკროვან ხეხილს და ბოსტნეულს კულტურებს.
მავნებელი მწერი მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. საქართველოში 2016 წლიდან გვევლინება. თავდაპირველად გავრცელდა დასავლეთ საქართველოში. ბოლო წლებია ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც დაფიქსირდა და აზიანებს ყველაფერს. ყველაზე მეტად კი თხილს ავნებს ყველა სტადიაში, ყვავილობიდან გვიან შემოდგომამდე. ამიტომ საჭიროა ადრეულ გაზაფხულზე თხილის წამლობა.
ოფიციალურად ცნობილია, რომ ფაროსანა გამოზამთრების შემდეგ გამოდის აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში. თუმცა ტემპერატურის მატებასთან ერთად მწერი უკვე გამოჩნდება და იწყებს მავნებლურ მოქმედებას. ამიტომ მასთან ბრძოლა უკვე უნდა დავიწყოთ მარტიდან.
-რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ფაროსანას შესახებ? რა არის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, რის ცოდნაც გაამარტივებს პრობლემის გადაჭრას.
– მნიშვნელოვანია, გავამახვილოთ ყურადღება აზიური ფაროსანას განვითარების სტადიებზე. დათბობასთან ერთად მწერი იწყებს გამრავლებას. მას ახასიათებს განვითარების 5 ნინფის სტადია. ფაროსანა ნინფის ფაზაში დაფრთიანებამდე 50-55დღის განმავლობაში რჩება. სწორედ ამ დროსაა მათთან ბრძოლა ადვილი. ლოკალური განადგურებისთვის შეწამვლა ყველაზე მეტად არის ეფექტური. დაფრთიანების შემთხვევაში, უკვე რთულდება წამლის ზემოქმედება მწერზე, რადგან ფაროსანას აქვს ნახევრად ხეშეში ფრთები და პრეპარატი ნაკლებად მოქმედებს.
უმჯობესია არ დაველოდოთ ნინფის სტადიას და მანამდე დავიწყით მათთან ბრძოლა. რადგან გამოსვლისთანავე სახლდება მცენარეზე და იწყებს კვებას. მავნებელი იკვებება ფოთლის, ყლორტისა და ნაყოფის წვენით.
კურკოვან და თესლოვან ხე-მცენარეებში ნასკვის გასვლისთანავე იწყებს უკვე მავნებლობას, ნაყოფის გარედან ჩანს ნეკროზული ლაქები, სიმინდის კულტურას რძისებრ-ცვილისებრი სიმწიფის ფაზაში აზიანებს. ამიტომ სანამ ამ ფაზაში გადავა მცენარეს მანამდე უნდა წამლობა. ბოსტნეული კულტურებიდან ფაროსანა აზიანებს პომიდორს, წიწაკას, ბადრიჯანს და მწვანე პარკოსნებს. ბოლო ორი წელია მავნებელი მწერი ყურძენსაც ვნებს სიმწიფის ფაზაში.
საქართველოში ფაროსანა ძალიან კარგად გრძნობს თავს, რადგან ჩვენს ქვეყანაში მწერი სამ თაობას ივითარებს.
-რა პრეპარატებით არის რეკომენდირებული მცენარეთა შეწამვლა?
-მინდა მივაწოდო მოსახლეობას ის პრეპარატების დასახელება, რომლებიც სანდო, საიმედო და ამავე დროს გამოცდილი. აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანია პირეტროიდული ჯგუფის ბიფეტრინის შემცველი საქართველოში რეგისტრირებული პრეპარატები: ტალსტარი,ზონდერი, ინსაკარი, ბატალიონი, თეიქოფი, კურა-კურადა ხაბლა. პრეპარატების ხარჯის ნორმაა 0,3-0,6 ლიტრი ჰექტარზე. აუცილებლად საყურადგებოა, პრეპარატების ვადა და გამოყენების წესები.
ასევე, ჩემი რჩევაა ხეხილი კვირტობის ფაზაში შეიწამლოს. 3%-იან ბორდოს სითხეს (10 ლიტრა წყალში გავხსნათ 300 გრ.ბორდო) დავამატოთ ინსტექციტიდი და ისე ვუწამლოთ მცენარეებს.
-რა ღონისძიებები ჩატარდება სურსათის ეროვნულ სააგენტოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ?
-პირვერ რიგში მოსახლეობას ვაწვდით თეორიულ ცოდნას. ამასთანავე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, ყველა სოფელთან მაგრდება სპეციალური საჭერი დაფები ე. წ.ფერომონები. ამის შემდეგ ტარდება მონიტორინგი, თუ რამდენი ფაროსანა არის დაფაზე მიკრული. რაოდენობა თუ 15 -ს გადაცილდება ხდება რეაგირება, ირთვება ჩვენი სამსახური და აღნიშნული ტერიტორია იწამლება.
აზიურ ფაროსთანასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის ოფისი (ტელ. 591 91 48 55)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დადგენილების პროექტი. ცვლილებები ითვალისწინებს ისეთი მიმართულებების გაძლიერებას, რომლებიც უშუალოდ მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. მათ შორისაა გამწვანება, სკოლამდელი აღზრდა, სპორტისა და კულტურის პროგრამები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური მხარდაჭერა.
დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს მერიასა და საკრებულოსთან დაკავშირებულ განკარგულებებში ცვლილებებზე, რომლებიც ძირითადად ტექნიკურ ხასიათს ატარებს და შესაბამის დანართებში მონაცემების განახლებას ეხება.
სხდომაზე განიხილეს სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილების პროექტიც, რომლის მიზანია პროგრამის უფრო ეფექტიანი განხორციელება და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო გეგმასა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სხვადასა სახის სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულომ მხარი დაუჭირა
დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორიგის მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე იმყოფებოდა. მან მშენებარე და დასრულებული ობიექტები მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრთან ერთად, სამუშაოები დაათვალიერეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,საქართველოს პარლამენტში ბოლნისის,დმანისის თეთრიწყაროს და წალკის დელეგატმა, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ტალავერს ეწვივნენ, სადაც ნომერ პირველი საჯარო სკოლის მშნებელობა მიმდინარეობს. სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. მოეწყო საკლასო ოთახები, სამეცნიერო ლაბორატორია და ბიბლიოთეკა. შენობაში განთავსებულია, ასევე კვების სივრცე, მუსიკის ოთახები და სპორტული დარბაზი. გარდა ამისა, კეთილმოეწყო სკოლის ეზო და სათამაშო მოედანი.
default
მინისტრმა, მოინახულა სოფელ ტანძიაში და სოფელ ქვემო ბოლნისში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები, სასწავლო და მოსასვენებელი ოთახები, სათამაშო და რეკრიაციული ზონები, ეზო და მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება. შენობაში გათვალისწინებულია ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.
defaultdefaultdefault
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ასევე დაათვალიერა ის ადგილი, სადაც ახალი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა მოხდება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, 4500 მაყურებელზე გათვლილ, ბუნებრივ საფარიანი სტადიონის პროექტირებას იწყებს. ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, საფეხბურთო მატჩებთან ერთად, გათვალისწინებული უნდა იყოს რაგბის თამაშებისთვისაც. საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო სტანდარტების მიხედვით, სტადიონზე უნდა მოეწყოს გუნდებისა და მსაჯების გასახდელები, საშხაპეები, საკონფერენციო და სამედიცინო სივრცეები, მედია ცენტრი და კომერციული ობიექტები. პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე გათვალისწინებული უნდა იყოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის ადაპტირებული ავტოსადგომი. ბოლნისის ახალი სტადიონი უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სარწყავი, უსაფრთხოების, განათებისა და ტრანსლაციისთვის საჭირო აუდიო-ვიზუალური სისტემებით.
ბოლნისის ახალ მუზეუმში, ქვემო ქართლის საგანმანათლებო (შემეცნებითი), ტურისტული კლასტერის კონცეფცია წარადგინეს. პრეზენტაცია ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა დავით ლორთქიფანიძემ გამართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია პროექტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე. ინიციატივა მიზნად ისახავს ქვემო ქართლში კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და ტურისტული მიმართულების განვითარებას. დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა და ყურადღება გაამახვილა იმ ვალდებულებაზე, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და მოვლა-პატრონობას უკავშირდება.
შეხვედრის დასასრულს, დავით ლორთქიფანიძემ, კულტურული და ტურისტული განვითარების მიმართულებით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს კოორდინირებული თანამშრომლობა შესთავაზა.
ბოლნისი ღვინის კულტურით გამორჩეული რეგიონია, სადაც მეღვინეობის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. სწორედ ამ ისტორიის გაგრძელებაა თორნიკეს ოჯახური მარანი, რომლის ფესვები 1817 წლიდან მოდის. მეოთხე თაობის მეღვინე დღეს წინაპრების მიერ დაწყებულ საქმეს აგრძელებს და ცდილობს, ტრადიცია თანამედროვე ხედვას შეუთავსოს. რას ნიშნავს ორი საუკუნის მემკვიდრეობის ტარება, როგორია ბოლნისის ღვინის უნიკალურობა და რა პერსპექტივა აქვს რეგიონს ღვინის რუკაზე – ამ თემებზე თორნიკე გვესაუბრება.
-თორნიკე, თქვენი ოჯახი ბოლნისში მეღვინეობით1817 წლიდანაა დაკავებული, რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელება?
-ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელება ნიშნავს ვუერთგულო იმ შრომის კულტურას, რომლითაც გერმანელები გამოირჩეოდნენ და შევმატო დამატებითი სტიმული მეღვინეობის საკუთარ კერას. ვფლობ 200 წლის მარანს ძალიან დიდი ისტორიით, რაც თავისთავად მომხიბვლელი და დამაინტერესებელია უამრავი ტურისტისთვის.
-ზოგადად, როდესაც ადამიანის ბიზნეს საქმიანობას ვეცნობი, ყოველთვის ვინტერესდები, თუ რით იყვნენ მისი წინაპრები და უფროსი თაობა დაკავებული, რადგან ეს ყველაფერი (როდესაც ამდენი წელი ოჯახი ერთ საქმიანობას ეწევა) რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრესტიჟია, რაც მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.
-როდის მიხვდით, რომამ ტრადიციის გაგრძელება გინდოდათ და ეს საქმე თქვენი ცხოვრების ნაწილად დარჩებოდა?
-ზოგადად ბავშვობიდან მაქვს ამ სფეროსთან შეხება და, ეს ყველაფერი, თითქოს ჩემთან თავისით მოვიდა. მაქვს სურვილი და თანდაყოლილი გრძნობა, რომ სხვა საქმიანობებთან ერთად, ეს სფერო ჩემი ინტერესის საგანი ყოველთვის იქნება.
-ბოლნისი ისტორიულად მეღვინეობის კერად ითვლება. თქვენი აზრით, რა განასხვავებს ამ რეგიონის ღვინოს სხვა კუთხეებისგან?
-პირველ რიგში განასხვავებს ის, რომ პირველი კერა მეღვინეობის დაიწყო ამ რაიონიდან, რაც პასუხისმგებლობას გვიზრდის, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ მეღვინეობის საწყისი ეს ტერიტორიაა, სავარაუდოდ, ძველმა ქართველებმა იცოდნენ, რომ ბოლნისი თავისი კლიმატით და ნიადაგის სიმდიდრით გამოირჩეოდა, რაზეც ათასწლეულების წინ დაწყებული ღვინის წარმოება მეტყველებს.
-რამდენად მნიშვნელოვანია ბოლნისის კლიმატი, ნიადაგი და ტერუარი იმ ღვინოებისთვის, რომლებსაც დღეს ქმნით?
-მნიშვნელოვანია იმით, რომ ღვინოს აქვს განსხვავებული არომატი და გემოვნური მახასიათებლები. ასევე შედარებით სიმსუბუქე სხვა კუთხის ღვინოებისგან განსხვავებით და დაბალანსებული მჟავიანობა.
-ფიქრობთ თუ არა, რომ ბოლნისს ჯერ კიდევ ბოლომდე არა ქვს გამოვლენილი საკუთარი პოტენციალი ღვინის რუკაზე?
-არ გამოუვლენია, ცნობადობა ჯერჯერობით არ არის იმ მაჩვენებელზე, რაც უნდა იყოს, პოტენციალი აქვს უზარმაზარი, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ღვინის მახასიათებლებით საკამაოდ გამოირჩევა სხვა რეგიონის ღვინოებისგან და, თუ მომხმარებელს დავეთანხმებით, საკმაოდ კარგ შეფასებას იმსახურებს. რაც მეტი ადამიანი გაიცნობს ჩვენს ღვინოებს, მოთხოვნა პარალელურ რეჟიმში გაიზრდება.
-ოჯახური გამოცდილებიდან რაცოდნა გადმოგეცათ, რაც დღემდე უცვლელად მიგაჩნიათ?
-გამოცდილება და მიდგომა, რომელიც ოჯახიდან გადმომეცა და ვინარჩუნებ, არის ღვინის დაყენების ტექნოლოგია, რასაც ასევე მიმართავდნენ გერმანელებიც, დუღილი ჭაჭასთან ერთად, ხოლო დადუღების შემდგომ, სითხისა და ჭაჭის განცალკევება.
-რომელ ჯიშებს, ან ღვინის წარმოების სტილს თვლით თქვენი მეღვინეობის ყველაზე გამორჩეულ სახედ?
-ყველაზე გამორჩეულ სახედ ვთვლი რქაწითელის ჯიშს, ბოლნისის რქაწითელს, ასე მგონია, ანალოგი არ აქვს და, შეიძლება ითქვას, რეგიონის სავიზიტო ბარათია.
-როგორია თანამედროვე მეღვინის ყოველდღიურობა ბოლნისში?
-თანამედროვე მეღვინის ყოველდღიურობა გამოირჩევა ვენახის მოვლითა და ღვინის ხარისხის კონტროლით.
-თორნიკე, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ბაზარზე საკუთარი რეგიონის იდენტობის სწორად წარმოჩენა?
-რქაწითელთან დაკავშირებით, როგორც აღვნიშნე, გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით და თუ პოზიციონირებაზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში ამ ჯიშით უნდა დავაინტერესოთ საზოგადოება, რადგან სხვა რეგიონის ანალოგიური ჯიშისგან საკმაოდ განსხვავდება და, ჩემი აზრით ბევრად საინტერესოა. ასევე, ამ ყველაფერს ერთვის გერმანელების ისტორიული წარსული, რაც ერთი ორად გაზრდის და მიიპყრობს მომხმარებლის ინტერესს.
-როგორ ხედავთ ბოლნისის მეღვინეობის მომავალს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონტექსტში?
-ჩვენი რეგიონის პოტენციალიდან და ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, ერთადერთი რაც გვჭირდება, არის ჩვენი ღვინოების პოპულარიზაცია. ასევე ხარისხის შენარჩუნება და რეგიონის ისტორიულ-კულტურულ-ეკონომიკური წარსულის საზოგადოებამდე მიტანა
-გაქვთ თუ არა გეგმები ახალი ღვინოების, ჯიშების,ან ექსპერიმენტების?
– რა თქმა უნდა, ექსპერიმენტებს ყოველთვის მივმართავ და ვაყენებ სხვადასხვა ჯიშის ღვინოებს, ვაკეთებ როგორც კუპაჟს, ასევე სეპაჟს.
-და ბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის იყო ბოლნისელი მეღვინეXXI საუკუნეში?
-ისტორიული წარსულისა და წინა თაობის საქმიანობის კონტექსტში ნიშნავს პასუხისმგებლობას, ასევე ეკონომიკურ კეთილდღეობასაც.
ბოლნისში დაბადებული ნინო ციმაკურიძე, იმ თაობის წარმომადგენელია, რომლისთვისაც ბავშვობის ქალაქი მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არაა. სწორედ ბოლნისში ჰქონდა მას პირველი შეხება მუსიკასთან, ფორტეპიანოსთან, ბებია-ბაბუასთან სტუმრობა და ის მოგონებები, რომლებიც მის ცხოვრებას დღემდე აფერადებს. მიუხედავად იმისა, რომ რვა წლის ასაკში ცხოვრება თბილისში გააგრძელა, ხოლო შემდგომ გერმანიაში გადავიდა, ბოლნისი, ნინოს შემოქმედებით ბიოგრაფიაში, მუდმივ ნიშნულად დარჩა.
დღეს იგი გერმანიაში მცხოვრები მუსიკოსია, ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, დიპლომის დაცვის ფინალურ ეტაპზე მყოფი შემოქმედი და სოლო პროექტის ავტორი. მრავალწლიანი სწავლა, საერთაშორისო გამოცდილება და საკუთარი ავტორობის ძიება ნინო ციმაკურიძის პროფესიულ გზას განსაზღვრავს, თუმცა თავად ამბობს, რომ ბოლნისთან კავშირი მისთვის ბავშვობის გახსენებასთან ერთად, შემოქმედებითი ინსპირაციის ერთ-ერთი წყაროც არის.
-ნინო, მოგესალმებით! დავიწყოთ თავიდან, როგორ გახსენდება ბავშვობა ბოლნისში და რა იყო ის გარემო, რომელმაც შენი პიროვნების ფორმირებაში ყველაზე დიდი როლი ითამაშა?
– მოგესალმებით! პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემდამი ინტერესის გამოხატვისთვის. ბოლნისმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ისედაც ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებას, მისივე ცხოვრების პირველ წლებში ეყრება საფუძველი, ღრმა ბავშვობის პერიოდში. როდესაც ბოლნისში გატარებულ წლებზე ვფიქრობ, ყველაფერი დეტალურად მახსენდება: შენობები, ხეები, პარკი, ბოლნისის პირველი სკოლა, საბავშვო ბაღის შიდა ინტერიერი… სახლების ფასადის ფერები, სუნიც კი მაქვს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი. მრავალრიცხოვან ოჯახში გავიზარდე და მჭიდრო ნათესაური კავშირიდან გამომდინარე, ყოველთვის გვქონდა ოჯახებში ხშირი მიმოსვლა. მახსოვს, გურამ ციმაკურიძის შვილიშვილებმა გუნდი რომ ჩამოვაყალიბეთ და დღესასწაულზე, სხვადასხვა ქართულ სიმღერებს სამ ხმაში ვმღეროდით ხოლმე. ასევე თვალნათლივ მახსოვს, სულხან-საბა ორბელიანის 180-ის ჭიშკართან, დღის მიწურულს, მე და ჩემი ძმა ხის სკამზე რომ ვისხედით და სახლებში მიმავალი მანქანების ფერებს ვითვლიდით. წითელი ჩემი იყო, თეთრი ჩემი ძმის. ნელ-ნელა სიჩუმე იმატებდა და დღის შუქი იკლებდა, მხოლოდ საძოვრებიდან გამორეკილი ძროხების ზარის წკრიალის და ზევიდან იზო ბებოს ხმა ისმოდა: ბავშვებო შემოდით!
-ხშირად ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილებები, ყველაზე ძლიერად გვყვება ცხოვრებაში,შენთვის რა ადგილი უკავია ბოლნისს ამ მოგონებებს შორის? -დიახ, ბოლნისში გატარებულ დროს და მოგონებებს ჩემს ქვეცნობიერში უდიდესი ადგილი უკავია, რომლებიც ასოცირდება სიმშვიდესთან, სილაღესთან, მრავალფეროვნებასთან, აღტაცებასთან, სიახლეების აღმოჩენასთან. ერთი სიტყვით, მთელი ჩემი ემოციური სამყარო, თავისი ინფანტილური გულჩვილობით, სწორედ იმ ადგილებთან და გარემოებებთანაა კავშირში, სადაც ბავშვობის პირველი წლები მაქვს გატარებული. -მუსიკას თან შენი პირველი შეხება ბოლნისში, ფორტეპიანოთი,დაიწყო. რას ნიშნავს დღეს შენთვის ეს პირველი გამოცდილება?
-პირველი კლასის პარალელურად, 5 წლის ასაკში, დავიწყე ფორტეპიანოსა და მუსიკის თეორიის შესწავლა. ფორტეპიანოთი კი მუსიკის შეცნობა და ანალიზი, ყველაზე თვალსაჩინო გზით ხდება. ეს ინსტრუმენტი ჩემი ჰარმონიული და მელოდიური შემოქმედების მთავარი ფუნდამენტია, რის გარშემოც ვაგებ შემდეგ ორკესტრს, კომპიუტერულად ვუკეთებ არანჟირებას და ვაძლევ საბოლოოდ დასრულებულ ფორმას სიმღერის სახით. 5 წელი, შეიძლება ითქვას, ადრეული ასაკი იყო, თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ სწორედ, რაც უფრო ადრე გამომუშავდება დისციპლინა ადამიანში, მით უფრო მარტივდება ზრდასრულ ასაკში ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება. ამ ყოველდღიურ ქაოსში, თუნდაც პატარა მიზნების მისაღწევად, საჭიროა სტრატეგიული გეგმის დასახვა და მისი ერთგულად შესრულება: პირველ რიგში ჩნდება იდეა, შემდეგ საკუთარი შესაძლებლობების გაანალიზება, მუშაობა თავდაჯერებულობასა და სიმტკიცეზე, რესურსების მოპოვება და ბოლოს კი მოქმედება. ამ ყველაფრის უკან სწორედ დისციპლინა დგას, რომელიც გამომუშავებადია.
-გახსოვს ის მომენტი, როცა მიხვდი, რომ მუსიკა უბრალოდ ჰობი კი არა, შენი ცხოვრების გზა შეიძლებოდა გამხდარიყო?
-ძალიან საინტერესო კითხვაა. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ჩემთვის მუსიკა არა ჰობი, არამედ ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილი და ჩემი პიროვნების მთავარი შემადგენელი კომპონენტი იყო. ოცნება მქონდა გამოვსულიყავი კომპოზიტორი, დამეწერა საკუთარი ნაწარმოებები, საავტორო სიმღერები. თუმცა ამას ასე მარტივად არ, ან ვერ ვუდგებოდი. ვიცოდი, ჯერ ცხოვრებისეული გამოცდილებები უნდა დამეგროვებინა, გამომეცადა ბევრი რამ, მენახა, შემეგრძნო, მესწავლა, რომ შემდეგ ამ საბაზისო ფუნდამენტზე ამეგო ჩემი შემოქმედება. ამასობაში გავიდა წლები და ყოველდღიურობის მორევს ღრმად რომ არ ჩავეთრიე, დრო იყო პრიორიტეტები გადამელაგებინა და გზა დამეთმო ჩემი ოცნებებისთვის. ვინაიდან ვხვდებოდი, რომ 30 წლის ასაკში, საკმაოდ მქონდა ჩემი თავი შეცნობილი, მზად ვიყავი საკუთარი გამოცდილებები სხვისთვის გამეზიარებინა, აქტიურად შევუდექი საავტორო მუსიკაზე მუშაობას და ჩამოვაყალიბე სოლოპროექტი სახელად: NixNoies -როგორც ვიცი,ორი მუსიკალური სკოლა დაასრულეთ თბილისში და სკოლის ორკესტრშიც უკრავდით, რა გამოცდილება დაგიტოვათ ამ პერიოდმა?
-როგორც ვახსენე, მაღალი კონკურენციიდან გამომდინარე, ათწლედში დროდადრო რთულდებოდა სწავლება. მთელი თავისუფალი დრო ფორტეპიანოზე მეცადინეობისთვის უნდა დამეთმო. მე კი ძალიან ბევრი სხვა ინტერესიც გამაჩნდა და ვიცოდი, ამ მიდგომით ჩემგან პიანისტი ვერ დადგებოდა. გადავწყვიტე, დამეტოვებინა ათწლედი და გადავსულიყავი მუსიკალურ შვიდწლედში – ფორტეპიანოს განხრით. პარალელურად, საკუთარი სურვილიდან გამომდინარე, ჩავაბარე სხვა მუსიკალურ შვიდწლედში ვიოლინოს განხრით, რომ სკოლის ორკესტრში დამეკრა. მგონი, სწორედ ამ პერიოდმა განაპირობა, ჩემი მრავალფუნქციური შესაძლებლობების გააზრება და დამანახა, რომ ერთდროულად უამრავი მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. დრო კი არც ისე ცოტაა, ვიდრე გვგონია. -სკოლის დასრულების შემდეგ გერმანიაში გადასვლა საკმაოდ თამამი ნაბიჯია, რა იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი?
-ზოგადად, ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი მქონდა გერმანიის მიმართ. გერმანულ ენასაც მარტივად ვითვისებდი. ვალდორფის სკოლის ორკესტრიდან ორჯერ ჩავედით ზაარბრუკენში, სადაც იქაურ სკოლის მოსწავლეებთან ერთობლივ კონცერტებს ვმართავდით სხვადასხვა ქალაქებში. მეთერთმეტე კლასში ზაარბრუკენის ვალდორფის სკოლაში სამთვიან გაცვლით პროგრამაში მივიღე მონაწილეობა. 13 წლიდან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ საატესტატო გამოცდების შემდეგ უნდა წავსულიყავი გერმანიაში, დამეგროვებინა გამოცდილებები, გამომეცადა დამოუკიდებლობა და საკუთარი შრომით გამომუშავებული ფულის ფასი გამეგო, ამასთან ერთად მჭიდრო კავშირში დავრჩებოდი საქართველოსთან. ხოლო ის თუ რამდენი ხნით წავიდოდი, ნამდვილად არ მქონდა დაგეგმილი. ჩემით მოვიძიე Au-Pair სააგენტო ჰანოვერში, ოჯახთან გასაუბრების შემდეგ კი, მალევე მივიღე მოწვევა.
-რვა წლის ასაკში თბილისში გადახვედით საცხოვრებლად, რაც საკმაოდ დიდი ცვლილებაა ბავშვისთვის, როგორ შეეგუე ახალ გარემოს და როგორ დაგხვდა თბილისური მუსიკალური სივრცე?
-ეს ცვლილება თავიდან არ იყო მარტივი. უცბად დიდ ქალაქში აღმოვჩნდი, უშველებელი ქუჩებით, უამრავი ხალხით, ნათესავების, მეგობრებისა და მყუდრო გარემოსგან შორს. თუმცა ამაზე ფიქრის დრო სად მქონდა. თბილისში გადმოსვლისთანავე, ქალბატონი მზია ბეჟანიშვილის დიდი ძალისხმევით, შრომითა და დამსახურებით, ჩავაბარე თბილისის ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში, სადაც სკოლის პარალელურად დატვირთული გრაფიკით ვიკვლევდი გზას მუსიკალურ სამყაროში: კვირაში სამჯერ ფორტეპიანო, პარასკევს მუსლიტერატურა, შაბათს სოლფეჯიო, კვირას კი გუნდი. მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ სახლში ბევრს ვშრომობდი. ფორტეპიანოზე მეცადინეობა არ წარმოადგენდა ჩემს ძლიერ მხარეს. თუმცა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, იყო სოლფეჯიო – მუსიკის თეორია.
-რა სირთულეებთან მოგიწიათ გამკლავება გერმანიაში გადასვლის შემდგომ?
-როგორც ყოველთვის, ზოგადად მომავლის წარმოსახვები უფრო ლამაზი, მსუბუქი და რბილია ხოლმე, ვიდრე რეალობა. ჩამოსვლისთანავე მივხვდი, რომ მარტო ვიყავი ჩემ არჩეულ გზაზე. როცა შეჩვეული ხარ ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში ცხოვრებას და შენი საყვარელი საქმის კეთებას, უცხო გარემოში, სრულიად მარტო, მუსიკისგან ძალიან შორს, უცბად თავს ისე გრძნობ, თითქოს დიდ ცივ ოკეანეში ჩაგაგდეს, როცა ცურვა არ იცი. ჩასვლისთანავე პირველი, რაც გავაკეთე იყო ის, რომ ოჯახს გიტარა ვეთხოვე. ენის ცოდნამ საგრძნობლად შემიმსუბუქა ცხოვრება და ადაპტაციაც მალევე გავიარე, თუმცა პირველი წლები ნამდვილად არ იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ სულ სხვა სოციუმში მოვხვდი: ვმუშაობდი სოციალურ სფეროში ზრუნვის განხრით. შემდეგ ყველაზე კარგი რამ გაჩნდა ცხოვრებაში, ჩემი შვილი, იაკობი, მე კი გავხდი დედა, რამაც უფრო მეტად მომანიჭა ძალა გავმკლავებოდი ყველანაირ სირთულეს. დღევანდელი გადმოსახედიდან, სწორედ ამ განვლილმა გზამ შემძინა პიროვნული სიმტკიცე და უფრო მეტი ამბიციები გამიჩინა, თავდაუზოგავად მიმეღწია დასახული მიზნებისთვის.
–როგორ შეიცვალა შენი ხედვა მუსიკისა და ხელოვნების მიმართ, მას შემდეგ, რაც ხელოვნების უნივერსიტეტში ჩააბარე? -ხელოვნების უნივერსიტეტმა ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა. სამყარო უფრო ფაქიზი, დეტალები უფრო თვალსაჩინო გახადა ვისწავლე, თუ როგორ შეიძლება აბობოქრებული გრძნობები, ხელოვნების სხვადასხვა მედიუმის გამოყენებით ისე დაალაგო, რომ მეორე ადამიანამდე მისაღები ფორმით მივიდეს. იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება, თუ მუსიკა. -ახლა დიპლომის დაცვის ფინალურ ეტაპზე ხარ, რას ნიშნავს შენთვის ეს ეტაპი და როგორ აჯამებს შენს განვლილ წლებს? -სადიპლომო ნამუშევარზე დიდი ხანია ვფიქრობ. ეს იქნება მომდევნო დიდი გამოწვევა, რომელიც, როგორც თქვენ ახსენეთ, ჩემი ამჟამინდელი ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობების ფონზე, განვლილ გამოცდილებებს, ზედმიწევნით შეაჯამებს და თვალსაჩინოს გახდის. თუმცა, ჯერ კიდევ მაქვს საკმაოდ დიდი დრო დიპლომზე სამუშაოდ. -მუშაობ სოლო პროექტზე და უკვე გაქვს ყველა საჭირო რესურსი საავტორო მუსიკის შესაქმნელად , როგორი მუსიკაა ეს და რას ყვება ნინო ციმაკურიძის შესახებ? -დიახ, რესურსები, ასე ვთქვათ, მოვიპოვე. სახლში მოვაწყვე პატარა სტუდია, ნაწილ-ნაწილ შევიძინე ყველა საჭირო ტექნიკა და პროგრამა, რაც მუსიკის პროდუქცირებისთვისაა აუცილებელი. დიდი ხანი ვეძებდი ჩემ ჟღერადობას. თავდაპირველად, ჟანრობრივად არ ვიყავი ჩამოყალიბებული, თუმცა ერთმა შემთხვევით ქუჩაში ნაპოვნმა Yamaha-ს ფირმის საბავშვო სამაკორდიანმა ინსტრუმენტმა, ზუსტად ის მომცა, რასაც დიდი ხანი ვეძებდი – ჟღერადობა, რომელიც ბავშვობის მოგონებებს გახსენებს, ხოლო სიმღერა კი პირდაპირ გიყვება ყველაზე სათუთ გრძნობებზე, რომელიც შეიძლება იყოს: მონატრება, დისტანცია, ფიქტიური სასიყვარულო ურთიერთობები, ბავშვური სილაღე, ცალმხრივი სიყვარული, იმედის მომცემი წარმოსახვები და ა.შ. საერთო ჯამში, ჩემი მუსიკა გამოირჩევა მელანქოლიური ხასიათით, რომელიც არათუ გამძიმებს, არამედ სწორედ მსმენელის სიმძიმეს ამსუბუქებს და პარალელურ რეალობაში ემოციურ თანადგომას გიცხადებს. ტექსტებსაც მე ვწერ ძირითადად, თუმცა რამდენიმე სიმღერაში დედაჩემის, ელენე გოგებაშვილის, ლექსები მაქვს გამოყენებული, რომელიც ასევე დიდ თანხვედრაში მოდის იმ ჰარმონიებთან, რასაც მე ვქმნი.
-რამდენად რთულია იყო ქალი მუსიკოსი, დედა და ამავდროულად აქტიური შემოქმედი საერთაშორისო სივრცეში?
-სიმართლე გითხრათ, ყველა ზემოთ ნახსენები ფაქტორი იმდენად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული, რომ უკვე ამას ყურადღებას აღარც ვაქცევ. ზოგადად, ამ ყოფაში, ისედაც რთულია იყო ხელოვანი ან მუსიკოსი და არსებობდე ამ პროფესიით. შეიძლება შორიდან დაბრკოლებად და დისკრიმინაციულ ფაქტორად იქნეს აღქმული, რადგან ქალი ვარ, დედა ვარ და ამასთან ერთად ემიგრანტი, მაგრამ მე გეტყვით, რომ პირიქით, სწორედ ეს ფაქტორებია ჩემთვის უფრო მეტი მუხტის მომცემი. მინდა, სწორედ, საპირისპირო აზრი გავუჩინო საზოგადოებას და მეტი მოტივაცია მივცე სხვა ქალებსა და დედებს, რომ აკეთონ საყვარელი საქმე და ეს აუცილებლად დაუფასდებათ. საერთაშორისო სივრცეს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვმღერი და ტექსი არ ესმით, ჩემი შემოქმედების მიმართ ძალიან დიდ დაფასებას ვგრძნობ. უცხოელ მსმენელებს ხშირად უთქვამთ ჩემთვის, რომ ამ სიმღერების მოსმენისას მათში ბავშვობის მიძინებულმა მოგონებებმა გაიღვიძეს.
-ხშირად აღნიშნავ, რომ ბოლნისს შენთვის განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს,რა არის ის, რაც ამ ქალაქს შენთვის ასე მნიშვნელოვანს ხდის?
-ქალაქი ბოლნისი მისი წარსულიდან გამომდინარე ყოველთვის იყო თავისივე ძეგლებითა და ისტორიით მდიდარი. ის რომ, ბოლნისში, როცა მას ეკატერინეფელდი ერქვა, გერმანული დასახლება ცხოვრობდა, ეს ჩემ ამდროინდელ ყოფას ძალიან სიმბოლურს ხდის. გერმანიაში მეც პატარა ქალაქში ვცხოვრობ, სახელად ჰალე და ვფიქრობ, პატარა ქალაქების უპირატესობა სწორედ მათივე სიმყუდროვესა და ხელმისაწვდომობაშია, სადაც მშვიდ და გაწონასწორებულ გარემოში შეუძლია ადამიანს იმუშაოს და საკუთარ საქმეზე კონცენტრირდეს. ვფიქრობ, ბოლნისს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
-გრძნობ თუ არა, რომ ბავშვობის გარემო, ქალაქი და იქაური მოგონებები შენს მუსიკაშიც ირეკლება?
-რა თქმა უნდა, ეს თითოეულ ბგერაში იგრძნობა. ხელოვანი შემოქმედებით პროცესში, ღრმა წარსულში ბრუნდება და ბავშვური მიამიტური გრძნობებით იწყებს მუშაობას, რომელიც მას ხელს უწყობს იყოს უფრო მეტად თავისუფალი, ლაღი, მამაცი და ჰქონდეს ახლის აღმოჩენის და შესწავლის სურვილი. ასევე, ჩემს მუსიკაშიც იგრძნობა ის პატარა ნინო, რომელიც ბებიის მაღალქუსლიანი ქოშებით ეზოში ქათმებს ეთამაშებოდა, ან ცივ და ბნელ მარანში იკვლევდა, თუ რა ინახებოდა თაროებზე შემოწყობილ შუშის ქილებში.
-რას ეტყოდი დღეს ბოლნისელ ბავშვებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც მუსიკასა თუ ხელოვნებაში საკუთარ გზას ეძებენ?
-ვურჩევდი, რომ საკუთარ სურვილებს და ოცნებებს დიდი გულისხმიერებით მოეკიდონ, არ დაკარგონ ბუნებასთან კავშირი, დააკვირდნენ გარემოს, ხალხს, მოისმინონ, გაუზიარონ გამოცდილებები ერთმანეთს, არ დაითრგუნონ პოლიტიკური, თუ ოჯახური ფაქტორებისგან გამოწვეული ნეგატიური სიტუაციებით და ისწავლონ მათი გარდასახვა შემოქმედებით პროცესებში. წარმოსახვის უნარი ყველაზე ძლიერი უნარია ადამიანში და ხელი შეუწყონ მათ განვითარებას, რომ ეს ფიქრები და იდეები შემდეგში რეალობად იქცნენ. ასევე ვურჩევდი მშობლებს და თანამაცხოვრებლებს, რომ ახალგაზრდებს დავუთმოთ სივრცეები, აღვიქვათ მათი მისწრაფებები სერიოზულად, მივცეთ შანსი და რესურსი ინტერესების, ემოციური ინტელექტის განვითარებისა და პიროვნული ზრდისთვის.
-როგორია შენი სამომავლო გეგმები,რას უნდა ელოდოს მსმენელი უახლოეს წლებში?
-ამ ეტაპზე ვმუშაობ მეორე ალბომზე და მის კონცეფციაზე, სადაც თორმეტი სიმღერა იქნება შეტანილი. ამავდროულად ვგეგმავ პირველი ალბომის, სახელად „Can I Go Now?“ გამოშვებას ფირფიტაზე და კასეტაზეც. ციფრულად შეგიძლიათ მოისმინოთ, როგორც Spotify-ზე ასევე Youtube-ზეც. თბილისში 3 აპრილს მექნება კონცერტი, თეატრალურ სივრცეში – ჰარაკი, მელიქიშვილის 20-ში. სამომავლოდ დიდი სიამოვნებით ჩავატარებდი კონცერტს ბოლნისშიც. და ბოლოს, დიდი მადლობა ბოლნისის გაზეთს, მის რედაქტორს- მაგდა დევნოზაშვილსა და ჟურნალისტს – მარიამ ონიანს, გისურვებთ მხნეობას, სილაღესა და წარმატებას!
ბოლნისის თეატრი 3 მარტს, მაყურებლის წინაშე პრემიერით „მტრის კოსმეტიკა“ წარსდგა. ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე რთულ პროცესებს ასახავს, ბელგიელი მწერლის ამელი ნოტომის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა.
სპექტაკლი, იდუმალ გარემოში, ერთ სივრცეში ვითარდება და 2 უცნობის შემთხვევით შეხვედრას გვიჩვენებს, რომელიც ერთი შეხედვით, უბრალო დიალოგით იწყება, თუმცა ნელ- ნელა ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც შიში, დამალული დანაშაულის გრძნობა, ფიქრი და სინდისი, ერთმანეთს ებრძვის.
„მტრის კოსმეტიკა“ რეჟისორ ლაშა ნოზაძის იდეითა და ინტერპრეტაციით დაიდგა, რომელიც ერთგვარი მესიჯია დააფიქროს მაყურებელი იმ უხილავ დაპირისპირებაზე, რომელიც ადამიანის ცნობიერში და ქვეცნობიერში მიმდინარეობს, მისივე თქმით, ეს არის სპექტაკლი, რომელიც სვამს კითხვებს და პასუხს, თავად მაყურებელს ანდობს.
ქვემო ქართლშო სახელმწიფო რწმუნებული, ილია ჯალაღანია, ქვემო ქართლის რეგიონის სოფლის რწმუნებულებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ძირითად მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის პრიორიტეტული ინფორმაციის მიწოდება და კოორდინაციის გაძლიერება წარმოადგენდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას რეგიონში არსებული აქტუალური საკითხები, გამოწვევები და ის სერვისები გააცნეს, რომლით სარგებლობაც შეუძლიათ მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს. მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებსა და სახელმწიფო პროგრამებში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც სოფლის რწმუნებულებს საშუალებას აძლევდა, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ დეკანოიძე, რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის კოორდინატორი გიორგი კაკულია, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი ხოზრევანიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი თინა ღოღელიანი, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენელი მაკა ომიაძე, საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები
დიდი ისტორია ერთ დღეში არ იწერება. იგი იქმნება თაობების შრომით, გამარჯვებებით, იმედგაცრუებებითა და იმ ურყევი სიყვარულით, რომელსაც გულშემატკივარი საკუთარ გუნდს უძღვნის. ასე დაიწერა საფეხბურთო კლუბ ,,სიონის“ 90-წლიანი გზა ბოლნისის ისტორიაში. 26 თებერვალს ეს დიდი ისტორია კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. კლუბმა ოფიციალური ღონისძიება გამართა, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 90-წლიანი ისტორიის მქონე კლუბისთვის ეს ღონისძიება მხოლოდ იუბილე არ ყოფილა — ეს იყო ახალი ეტაპის დასაწყისი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც სპორტული, ისე სტრატეგიული განვითარების მიმართულებით.
საფეხბურთო კლუბმა საზოგადოებას გუნდის ახალწვეულები წარუდგინა და ოფიციალურად გააფორმა თანამშრომლობა კომპანია RMG-სთან, რომელიც კლუბის გენერალური სპონსორი გახდა. ღონისძიებაზე კომპანიის წარმომადგენელს „სიონის“ სიმბოლური საჩუქარი გადაეცა, როგორც პარტნიორობის ოფიციალური დასაწყისი. კლუბმა, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის და სამახსოვრო მაისური გადასცა, ქალაქისა და კლუბის ერთობლივი გზის სიმბოლოდ.
კლუბი „სიონი“ იუბილეს დიდი მიზნებით და შემართებით ხვდება და მალე, საკუთარ გულშემატკივართან ადგილზე შეძლებს თამაშების ჩატარებას, ბოლნისში, უეფას III კატეგორიის შესაბამისი, ახალი სტადიონი აშენდება.
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის (GRAIL) ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მიზანი იყო ბოლნისში მდებარე ზედა არხის სარწყავ სისტემაზე დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ადგილობრივი ფერმერების ინფორმირება.
შეხვედრაზე მონაწილეებს პროექტის ძირითადი მიზნები, კომპონენტები, განხორციელების ეტაპები და მოსალოდნელი შედეგები გააცნეს.
პროექტი ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით. GRAIL-ის ბიუჯეტი 150 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
პროექტის მიზანია საქართველოს ოთხ რეგიონში სარწყავი და სადრენაჟე სისტემების გაუმჯობესება, სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქტიულობის ზრდა, ასევე, ირიგაციისა და მიწის მართვის სფეროში ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.