შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 3

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, აგვისტოს ომში  დაღუპული ნოდარ დევნოზაშვილის სახელობის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, სოფელ რატევანში, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ნოდარ დევნოზაშვილის სახელობის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, რომელიც რეაბილიტაციასა და შესაბამის მოწესრიგებას საჭიროებს.

მერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქში, ისე სოფლებში არსებული სკვერები და რეკრეაციული სივრცეები სრულად იყოს მოწესრიგებული და მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნიდეს.

მერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიას სამომავლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

,,სოფელ რატევანში, აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ნოდარ დევნოზაშვილის სახელობის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია დავათვალიერე, რომელიც ამ ეტაპზე რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას საჭიროებს.

მნიშვნელოვანია, რომ როგორც ქალაქში, ისე სოფლებში არსებული სკვერები და რეკრეაციული სივრცეები სრულად იყოს მოწესრიგებული და მოსახლეობისათვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნიდეს. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ სკვერსა და მიმდებარე ტერიტორიას სამომავლოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს’’-აღნიშნა ბლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ

მუნიციპალიტეტის მერმა „განთიადის“ ბენეფიციარები მოინახულა

0

2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადს“ ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ მერმა დაათვალიერა ცენტრში არსებული ვითარება და გაეცნო ბენეფიციარების პირობებს, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მათ ყველანაირი მხარდაჭერა აღუთქვა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამეტური უფლებების  დაცვასა და რეალიზაციას.

გიორგი სვანიძე: ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მტკიცე ნებისა და ეროვნული ერთობის გამოხატულება იყო

0

31 მარტი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე! 1991 წლის 31 მარტს გამართულ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი მონაწილეთა 99,08%-მა დაუჭირა. აღნიშნულ თარიღს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე სოციალურ ქსელშ ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მტკიცე ნებისა და ეროვნული ერთობის მკაფიო გამოხატულება იყო. „დღეს 35 წელი შესრულდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მტკიცე ნებისა და ეროვნული ერთობის გამოხატულება იყო.“- წერს სოციალურ ქსელში ბოლნისისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე

,,ხელით შექმნილი და გულით გაცოცხლებული თოჯინები“

0

ხელოვნება ხშირად იწყება უბრალო გატაცებით, რომელიც დროთა განმავლობაში ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა. ციცო ჭინჭარაშვილისთვის თოჯინების შექმნა,მხოლოდ ხელსაქმე არარის , ემოცია, ფანტაზია და შინაგანი სამყაროს გამოხატვაა. მისი თოჯინები განსაკუთრებული სითბოთი და ხასიათით გამოირჩევა, თითქოს თითოეულს საკუთარი ისტორია აქვს. გარდა ამისა, იგი ძველ და დავიწყებულ ნივთებს ახალ სიცოცხლეს სძენს, თუმცა მისი შემოქმედების მთავარი ღერძი მაინც თოჯინებია- პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქმნილებები.  გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ავტორი გვიყვება საკუთარ გზაზე, შთაგონებასა და იმ მაგიაზე, რომელიც მის ნამუშევრებს ახლავს.

-მოგესალმებით, ქალბატონო ციცო. როგორ დაიწყო თქვენი გზა თოჯინების სამყაროში, რა იყო პირველი იმპულსი?

-ჩემი გზა თოჯინების სამყაროში სკოლიდანვე დაიწყო, სკოლაში გვასწავლიდნენ კერვას, ქსოვას, ეს საქმიანობა ძალიან შემიყვარდა.

გახსოვთ თქვენი პირველი თოჯინა? როგორი იყო ის და რა ემოცია უკავშირდება მის შექმნას?

– ჩემი პორველი თოჯინა იყო ბეწვიანი, ფუმფულა ფისო, რომელიც შევკერე. მახსოვს, ძალიან მიხაროდა, რომ გამომივიდა.

-თოჯინის შექმნის პროცესში,რა ეტაპია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? იდეის დაბადება, ფორმის მიცემა თუ„ხასიათის“ შეძენა?

-მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველთვის ვფიქრობ, მალე დავამზადო, რომ საბოლოო სახე ვნახო თუ როგორი გამოვა. იდეა რომ ჩნდება, ერთი სული მაქვს როდის შევკერავ ლამაზ დედოფალას.

თოჯინის შექმნისას წინასწარ გაწერილი იდეით მუშაობთ, თუ პროცესი თავად გკარნახობთ შედეგს?

-წინასწარაც მაქვს იდეები და თვითონ პროცესიც მკარნახობს.

-რა მასალებს იყენებთ ყველაზე ხშირად და როგორ არჩევთ მათ კონკრეტული თოჯინისთვის?

– მუშაობის პროცესში ყველანაირ მასალას ვიყენებ. ნაჭრებს, სინდიფონის სილიკონს, კარდონებს, ცხელ წებოს და ა.შ.

-რამდენად რთულია თოჯინის„დასრულება“ , გიჭირთ თუ არა მასთან განშორება?

-რთული არ არის დასრულება, ჩემთვის უფრო სასიამოვნოა შრომის შედეგს რომ ვხედავ. განშორება არ მიჭირს, თუ ვინმეს მოსწონს ჩემი ნამუშევრები, ვჩუქნი.

-თქვენი აზრით, რამდენად შეიძლება თოჯინა ჩაითვალოს ხელოვნების ნიმუშად და არა მხოლოდ სათამაშოდ?

-რა თქმა უნდა, ხელოვნების ნიმუშია ხელნაკეთი თოჯინა, ის ხომ იდეებით იქმნება. ჩემი აზრით, ხელნაკეთი თოჯინა სუვენირივით უნდა დადო და უმზირო.

-არსებობს თუ არა თოჯინა, რომელიც განსაკუთრებულად გამორჩეულია თქვენთვის და რატომ?

-განსაკუთრებული თოჯინა არ მაქვს, მაგრამ ყველა თოჯინის მზადების პროცესი განსაკუთრებულია ჩემთვის.

არა ერთ ძველ და თითქოს უსარგებლო ნივთს სძენთ ახალ სიცოცხლეს, როგორ ხედავთ ამ პროცესს: უფრო პრაქტიკული მიდგომაა თუ შემოქმედებითი ფილოსოფია?

-ვფიქრობ, ორივე. როგორც პრაქტიკული, ისე შემოქმედებითი პროცესია.

-ყოფილა შემთხვევა, როცა ძველ ნივთს„მოუთხოვია“ კონკრეტულ თოჯინად,ან სხვა ნივთად ქცევა? თითქოს თავად გიკარნახათ, რა უნდა შექმნილიყო?

-კი, თითქოს ნივთი მელაპარაკება, რომ რაღაც ცვლილება უნდა შევიტანო მასში.

-21 მარტი მეთოჯინის დღეა, რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია და თუ აღნიშნავთ ამ დღეს?

-აღნიშვნით არა, მაგრამ ეს პროფესია ჩემთვის განსაკუთრებულია.

-რას ურჩევდით მათ, ვინც ხელოვანია, აქვს შემოქმედებითი ნიჭი, თუმცა პირველი ნაბიჯების გადადგმა უჭირს?

-დაწყება ყოველთვის რთულია, თავიდან მეც მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ უნდა გაბედო და თამამად აკეთო შენი საქმე.

,,NATIFI – პირველი ადგილი „Golden Time Talent“-ზე”

0

ქართული ხელნაკეთი ნამუშევრები სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს საერთაშორისო სივრცეში. ამ პროცესის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბოლნისელი ხელოვანი ნაზი ლონდარიძე და მისი ბრენდი „NATIFI“, რომელმაც ლონდონში გამართულ საერთაშორისო კონკურს „Golden Time Talent“-ზე პირველი ადგილი მოიპოვა.

მისი ნამუშევრები, რომლებიც 3D ქარგვის ტექნიკაზეა დაფუძნებული, სცილდება ტრადიციული დეკორატიული ხელოვნების ჩარჩოებს და ე.წ. „ტარებადი ხელოვნების“ იმ მიმართულებაში ერთიანდება, რომელიც თანამედროვე კულტურულ დისკურსში მზარდ ინტერესს იწვევს.

ინტერვიუში ნაზი საუბრობს საკუთარი პრაქტიკის სპეციფიკაზე, შემოქმედებითი პროცესის თავისებურებებზე და იმ დეტალებზე, რომლებმაც მისი ნამუშევრები საერთაშორისო აღიარებამდე მიიყვანა.

-მოგესალმებით, ნაზი! პირველ რიგში, გილოცავთ დიდ გამარჯვებას! მოდი, ამ სიახლით დავიწყოთ ინტერვიუ – რას ნიშნავს თქვენთვის ლონდონში „Golden Time Talent“-ის კონკურსში პირველი ადგილის მიღება?

-პირველ რიგში, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო გაზეთ „ბოლნისს“ ჩემი შემოქმედებით დაინტერესებისთვის.  ძალიან მნიშვნელოვანია მშობლიური კუთხის მხარდაჭერა.

ეს გამარჯვება ჩემთვის დიდი აღიარება და იმის დასტურია, რომ ბოლნისში, ჩემს პატარა სამუშაო სივრცეში, შექმნილი ნამუშევრები მსოფლიო სტანდარტებს პასუხობს. შედეგების გამოცხადებისას ემოციების მოზღვავება მქონდა – 93.3 ქულა იმაზე მეტი იყო, ვიდრე ველოდი. ეს წარმატება მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელო გზა.

-რამდენად მოულოდნელი იყო ეს წარმატება და რა ემოციები გქონდათ შედეგების გამოცხადებისას?

-სიმართლე გითხრათ, მოლოდინი ყოველთვის გაქვს, როცა საქმეში მთელ ენერგიას დებ, თუმცა რეალური შედეგი მაინც შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. როდესაც შედეგების ცხრილში 93.3 ქულა და პირველი ადგილი დავინახე, პირველი ემოცია დიდი სიხარული და, ამავდროულად, პასუხისმგებლობის გრძნობა იყო. იმ წამს ვიგრძენი, რომ ის უძილო ღამეები და თითოეულ დეტალზე დახარჯული საათები, დაფასდა. ეს არ იყო მხოლოდ ჩემი პირადი წარმატება — ვიგრძენი, რომ საქართველოს პატარა ქალაქიდან  გაგზავნილმა პატარა ნამუშევარმა, მსოფლიო დონის ჟიურის გული მოიგო. ეს იყო სიამაყის, გაოცებისა და უდიდესი მადლიერების ნაზავი, რამაც კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ NATIFI-ს გზა მხოლოდ ახლა იწყება.“

-თქვენი აზრით, რა ფაქტორმა განაპირობა ჟიურისაგან ასეთი მაღალი შეფასება?

-ვფიქრობ, ჟიურიმ დააფასა ტექნიკის სირთულე და საავტორო ხედვა. 3D ქარგვა სკულპტურულ სიზუსტეს მოითხოვს, რაც ჩემს ნამუშევრებს მოცულობითს და ცოცხალს ხდის. მათ დაინახეს, რომ NATIFI-ს ბროშები, არა უბრალო აქსესუარები, არამედ „ტარებადი ხელოვნების“ (wearable art) ნიმუშებია, სადაც თითოეული ნაკერი ხელით, განსაკუთრებული დეტალიზაციით არის შესრულებული.

-როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობს მსგავსი გამარჯვებები ქართული ხელნაკეთი ხელოვნების პოპულარიზაციაში მსოფლიო დონეზე?

-მსგავსი გამარჯვებები საუკეთესო გზაა იმის საჩვენებლად, რომ ქართული ხელნაკეთი ხელოვნება კონკურენტუნარიანია მსოფლიო დონეზე. როდესაც საერთაშორისო ჟიური ბოლნისში შექმნილ ნამუშევარს უმაღლეს შეფასებას აძლევს, ეს ამსხვრევს სტერეოტიპს, რომ ხელსაქმე მხოლოდ ჰობია. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური სათქმელი, რომელიც საინტერესოა გლობალური აუდიტორიისთვის. ასეთი წარმატებები გზას უხსნის სხვა ქართველ ხელოვანებსაც და ზრდის ინტერესს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციების მიმართ.

-როგორ დაიწყო თქვენი ბრენდის, NATIFI-ს ისტორია?

-„NATIFI“ არ არის მხოლოდ ბრენდი, ეს არის ჩემი მეორე სუნთქვა, რომელიც ბოლნისის მყუდრო საღამოებში დაიბადა. ყველაფერი დაიწყო ერთი სურვილით: გამეცოცხლებინა ძაფი და ნემსი ისე, რომ მათში ადამიანური სითბო ჩამექსოვა. მინდოდა შემექმნა რაღაც ისეთი, რაც ხელოვნებას მუზეუმის კედლებიდან, ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიურობაში გადმოიტანდა. სახელიც — NATIFI — სწორედ ამ ნატიფ, თითქმის უხილავ ზღვარს გამოხატავს ხელოვნებასა და რეალობას შორის. ყოველი პირველი ნაკერი ჩემთვის პატარა ლოცვასავით იყო, მცდელობა იმისა, რომ უბრალო ნაჭერი ემოციად მექცია. ეს გზა სავსე იყო ძიებებით, ფერების შერჩევითა და იმის რწმენით, რომ ბოლნისში შექმნილი პატარა ბროში, ოდესმე მსოფლიოს დიდ სცენაზე იტყოდა თავის სათქმელს. დღეს, როცა ლონდონის აღიარება გვიჭირავს ხელში, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სწორედ იმ დიდი სიყვარულით დაიწყო, რომელსაც თითოეულ ნამუშევარში ვდებდი.

რატომ აირჩიეთ სწორედ ეს მიმართულება – ხელნაკეთი ბროშები?

-ბროში ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სამკაული – ის არის ყველაზე ახლოს ადამიანის გულთან. ამ მიმართულების არჩევა თავისთავად მოხდა, თითქოს შინაგანმა ხმამ მიკარნახა. ბროში საოცარი ძალის მქონე აქსესუარია: ის ერთდროულად სიმბოლურიცაა და ძალიან პერსონალურიც. მას შეუძლია სრულიად უბრალო სამოსი გარდაქმნას და მასში ადამიანის ხასიათი, მისი განწყობა და ისტორია ჩააქსოვოს. როცა ბროშს ვქმნი, ვფიქრობ იმ ქალზე, რომელიც მას ატარებს – მასზე, ვისთვისაც ეს ნივთი თილისმად იქცევა. მინდოდა შემექმნა ხელოვნება, რომელიც არ იქნებოდა დაშორებული ადამიანს, არ იქნებოდა მხოლოდ ჩარჩოში ჩასმული ნახატი. ბროში კი სწორედ ის პატარა ტილოა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შენთან ერთადაა, შენს ემოციებს იზიარებს და შენს სითბოს ატარებს. ეს არის ჩემი მცდელობა, რომ ყოველი დღე ცოტათი უფრო ლამაზი და ხელოვნებით სავსე გავხადო.

– რას ნიშნავს თქვენთვის „wearable art“ (ტარებადი ხელოვნება)?

– ჩემთვის Wearable Art არის კედლიდან ჩამოხსნილი ნახატი, რომელიც ადამიანის გულთან ერთად იწყებს ფეთქვას. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნება არ არის შორეული და ხელშეუხებელი – ის შენი ყოველდღიურობის, შენი ემოციისა და შენი სხეულის ნაწილია. როცა NATIFI-ს ატარებ, შენ არ უბრალოდ იმოსები, არამედ სამყაროს შენს შინაგან, ფერად ისტორიას უყვები.

        -როგორ აღწერდით საკუთარ სტილს, რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს სხვებისგან?

-ჩემი სტილი ნატიფი რეალიზმისა და ემოციური ფერების სინთეზია. NATIFI-ს ნამუშევრებს სხვა ბრენდებისგან გამოარჩევს ის, თითქმის იუველირული დეტალიზაცია, რომელიც 3D ქარგვის ტექნიკით მიიღწევა — ნივთები ცოცხალია, მოცულობითი და თითქოს სუნთქავს. მე არ ვქმნი უბრალო აქსესუარებს; თითოეული ბროში ჩემი ხელით მოთხრობილი პატარა ამბავია, სადაც ყოველი ნაკერი გულწრფელი ემოციით არის გაჯერებული. ეს არის ხელოვნება, რომელიც შენს ინდივიდუალობას ეხმიანება.

—თქვენს ერთ-ერთ ნამუშევარში ვხედავთ  ვან გოგისეულ ვარსკვლავებიან ცას და ძალიან დელიკატურ დეტალებს, როგორ იბადება ასეთი იდეა და რამდენად რთულია მისი შესრულება?

-იდეა ხშირად დიდ ხელოვნებასთან შეხებისას იბადება. ვან გოგის „ვარსკვლავებიანი ცა“ ჩემთვის დაუშრეტელი შთაგონებაა — მინდოდა ეს გენიალური ტილო ნემსითა და ძაფით „გადამეწერა“. მისი შესრულება უდიდესი გამოწვევა იყო: ფუნჯის მონასმების ეფექტი ძაფებისა და მძივების ფერების გარდამავალი ტონებით უნდა დამეჭირა. ეს არის ნამდვილი მედიტაცია, სადაც ყოველი პატარა ნაკერი ერთ დიდ, მოცულობით ისტორიას ქმნის. სირთულე სწორედ იმ დელიკატურობაშია, რომელიც ნამუშევარს აცოცხლებს და მასში მხატვრის სულს აბრუნებს.

         -ფერების შერჩევისას უფრო ემოციებს ეყრდნობით, თუ წინასწარ დაგეგმილ კონცეფციას?

-ფერები ჩემთვის ემოციების ენაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ნამუშევარს აქვს თავისი კონცეფცია, შერჩევის პროცესში, მაინც ინტუიციასა და ემოციას ვენდობი. ფერი არის ის, რაც პირველად ხვდება თვალს და ნამუშევრის სულს ქმნის. ხშირად თავად ძაფის ტონალობა მკარნახობს, სად უნდა დაესვას წერტილი, ან სად გადავიდეს სხვა ფერში. ეს არის ცოცხალი პროცესი, სადაც გეგმაზე მეტად ის განწყობა იმარჯვებს, რომელსაც კონკრეტულ მომენტში ვგრძნობ.

         -რამდენ დროს მოითხოვს ერთი ასეთი ნივთის შექმნა თავიდან ბოლომდე?

-ერთი ნივთის შექმნას, საშუალოდ, 4-5 დღე სჭირდება, თუმცა ეს მხოლოდ ტექნიკური მხარეა. სინამდვილეში, პროცესი ბევრად ადრე იწყება — შთაგონების ძიებაში. ხშირად დიდხანს ვფიქრობ, სანამ პირველ ნაკერს გავაკეთებ. ნამუშევარი ჩემში ნაბიჯ-ნაბიჯ იბადება: ჯერ გონებაში იხატება, მერე კი თითოეული დეტალი ნელ-ნელა ცოცხლდება. სირთულესა და ემოციურ დატვირთვაზეა დამოკიდებული, როდის ჩაითვლება ბროში დასრულებულად — ეს არის მოთმინებისა და ხელოვნების ნაზავი.

-არის თუ არა თითოეული ნამუშევარი უნიკალური, თუ აკეთებთ განმეორებად კოლექციებსაც?

– „NATIFI“-ს ფილოსოფია სწორედ უნიკალურობაშია. ჩემთვის თითოეული ნამუშევარი ერთადერთია და მას არასოდეს აქვს ზუსტი ასლი. მაშინაც კი, როდესაც მსგავს თემატიკაზე ვმუშაობ, ყოველი ნაკერი და ფერთა გადასვლა იმ მომენტის ემოციას მიჰყვება, რაც განმეორებას გამორიცხავს. მე არ ვქმნი მასიურ კოლექციებს. მირჩევნია, თითოეული ბროში იყოს პერსონალური ისტორია, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანისთვის შეიქმნა. როდესაც ქალი NATIFI-ს ატარებს, მან იცის, რომ სამყაროში მეორე ასეთი ნივთი არ არსებობს. ეს არის ჩემი პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აფასებს ნამდვილ, განუმეორებელ ხელოვნებას.

-რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც ამ გზაზე შეგხვდათ?

ყველაზე დიდი გამოწვევა რესურსების სიმცირე იყო. როცა რეგიონში ქმნი, ხარისხიანი მასალების მოძიება ნამდვილი ბრძოლაა — თითოეულ ძაფსა თუ დეტალს განსაკუთრებული ძიება სჭირდებოდა. ასევე, დიდი სირთულე იყო საკუთარი სამუშაო გარემოს, სახელოსნოს არქონა, რაც შემოქმედებით სიმშვიდეს ზღუდავს. თუმცა, სწორედ ამ ბარიერებმა მასწავლა, რომ ხელოვნებაში მთავარი არა კომფორტი, არამედ ის დაუოკებელი სურვილია, რომელიც ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახვინებს. NATIFI-ს გზაზე ყოველი დაბრკოლება ჩემთვის გაკვეთილი იყო, რომელმაც მასწავლა, რომ მთავარია არასოდეს შეჩერდე და გჯეროდეს იმ ჯადოსნური ძალის, რაც შენს ხელებშია.

-როგორ ვითარდებით პროფესიულად, სწავლობთ ახალ ტექნიკებს, თუ ექსპერიმენტებს აკეთებთ საკუთარ სტილში?

 -ჩემთვის განვითარება უწყვეტი პროცესია — ხელოვანი მაშინ მთავრდება, როცა ფიქრობს, რომ ყველაფერი ისწავლა. პროფესიულად ორ პარალელურ გზას მივყვები: ერთი მხრივ, მუდმივად ვეცნობი საერთაშორისო ტექნიკებს, მათ შორის ციფრული მარკეტინგის მიმართულებითაც, რათა NATIFI-ს ხმა უფრო შორს მიწვდეს. მეორე მხრივ, ჩემი მუშაობა მუდმივი ექსპერიმენტია საკუთარ სტილში. ხშირად ვცდილობ შევურიო ისეთი მასალები ან ფერები, რომლებიც ერთი შეხედვით შეუთავსებელია. ეს ძიება მეხმარება, რომ ყოველი ახალი ნამუშევარი წინა ნამუშევარზე უფრო დახვეწილი და „მეტყველი“ იყოს. ექსპერიმენტია ის თავისუფლება, რომელიც NATIFI-ს აცოცხლებს და მას თანამედროვე ხელოვნების ნაწილად აქცევს.

-რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ხელოვანისთვის, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს ქმნის?

-ამ საქმეში მთავარია ხედვა — დაინახო ჩვეულებრივ ძაფში მომავალი ნახატი და გქონდეს გამბედაობა, რომ ეს ხედვა ბოლომდე მიიყვანო. ხელნაკეთი ნივთი ხელოვანის ენერგიას ატარებს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ მუშაობის პროცესი იყოს გულწრფელი. თუ ნამუშევარის სიყვარულით არ „სუნთქავ“, ის მხოლოდ ნივთად დარჩება, ხოლო თუ მასში ემოციას ჩადებ — ის ხელოვნებად იქცევა.

  • რა გეგმები გაქვთ NATIFI-სთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში?

-NATIFI-სთვის ახლა ყველაზე საინტერესო და აქტიური ეტაპი იწყება. უახლოესი და უმნიშვნელოვანესი გეგმა აპრილის თვეში იტალიაში, ქალაქ პალერმოში დაგეგმილი საერთაშორისო გამოფენაა. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ მორიგი ღონისძიება — ეს არის შესაძლებლობა, რომ ქართული ხელოვნება და 3D ქარგვის ჩვენეული ხედვა, ევროპული კულტურის ცენტრში წარვადგინოთ.

-ნაზი, თქვენთვის რა არის წარმატების მთავარი ფორმულა?

-ჩემთვის წარმატების ფორმულაა: გულწრფელობა, დაუღალავი შრომა და დეტალების სიყვარული. წარმატება არ არის მხოლოდ მიღებული ქულები ან პრიზები — ეს არის პროცესი, როცა საკუთარ თავს ყოველდღე სჯობნი. აკეთე ის, რაც გიყვარს, ისეთი ვნებით, თითქოს სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდე. როდესაც ნემსსა და ძაფს ხელში ვიღებ, იქ ჩემი ემოცია და ენერგია გადადის.

-და ბოლოს, რას ნიშნავს თქვენთვის ხელოვნება, როგორც პროფესია და როგორც შინაგანი მდგომარეობა?

-მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ მე თვითნასწავლი ხელოვანი ვარ. ჩემთვის ხელოვნება ყოველთვის იყო ადამიანის ცხოვრებისა და ყოფის განუყოფელი თანამგზავრი, თუმცა სწორედ ახლა, ჩემს ამ ასაკში, იგი ჩემი შინაგანი სამყაროსა და ემოციების ნამდვილ ამოძახილად იქცა. ეს არის ეტაპი, როცა დაგროვილი გამოცდილება და გრძნობები ფერებად და ნაკერებად გარდაიქმნება.  დასასრულს, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, კეთილისმსურველებსა და თითოეულ მომხმარებელს. სწორედ თქვენი გვერდში დგომა, თქვენი აღფრთოვანებული თვალები და თბილი სიტყვები მაძლევს მოტივაციას, რომ არ გავჩერდე და NATIFI მუდმივად განვავითარო. თქვენ ხართ ჩემი შთაგონების წყარო და იმ დიდი სიყვარულის თანამონაწილეები, რასაც მე ამ საქმეში ვდებ. ეს გზა თქვენთან ერთად, ბევრად უფრო ფერადი და საინტერესოა.

მარიამ ონიანი

ბოლნისში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართა

0

„არ გადადო, ჩაიტარე სკრინინგი“ აქციის ფარგლებში 26 მარტს, ბოლნისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევაში მიეღოთ მონაწილეობა. აქციის ფარგლებში ქალებს ძუძუს კიბოს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაუტარდათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს უფასოდ შეეძლოთ B და C ჰეპატიტის, ასევე HIV-ზე ტესტირების ჩატარება. გამოკვლევევები ბოლნისში თანამედროვე მეთოდებით, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდა. სამედიცინო ღონისძიება, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ბოლნისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს ავადობის ადრეულ ეტაპზე  გამოვლენასა და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

უფასო სამედიცინო სკრინინგი, რომელიც ყველა რეგიონს მოიცავს, 16 მარტს დაიწყო და 15 ნოემბერს დასრულდება.

ლელა სტურუა, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი:

-დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სკრინინგ-აქცია გაიმართა ბოლნისში, რომელიც მოიცავს ძუძუს კიბოს სკრინინგს ქალბატონებისთვის 40-დან 70 ის, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს 25-დან 60-ის წლის ჩათვლით.  თვითონ სკრინინგი არის დაავადების დროული აღმოჩენისთვის გამიზნული. როდესაც ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება ხდება, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მარტივია მკურნალობა და  ეფექტურობაც მაღალია. ამიტომ ადრეულ გამოვლენას აქვს დიდი მნიშვნელობა. სახელმწიფო პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ბოლნისში ყოველთვის ძალიან ეფექტურად და ორგანიზებულად ხორციელდება.

ვახო შკუბულიანი, ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე: -სკრინინგი ნიშნავს ჯანმრთელი მოსახლეობის კვლევას,  თუმცა შეიძლება სკრინინგის საფუძველზე დროულად აღმოაჩინო ფარული დაავადება. კვლევები ბოლნისში თანამედროვე აპარატურითა და პროფესიონალური პერსონალით მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, მერიასთან ერთად, ოპერატიულად და კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან. იმედია უფასო სამედიცინო სკრინინგი გაგრძელდება პერმანენტულად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიას.

მუნიციპალიტეტის მერი წარმატებულ სპორსტმენებს შეხვდა

0

„თქვენი შრომა, ღვაწლი და გამოცდილება დიდი მოტივაცია და იმედია მომავალი სპორტსმენებისთვის“, ამ სიტყვებით დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმატებულ სპორტსმენებს მიმართა. ხელმძღვანელმა პირებმა, წლების განმავლობაში მიღწეული წარმატებისთვის და სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სპორტსმენებს მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე წარმატებულ ვეტერან ძიუდოისტებთან ერთად ევროპის ვიცე-ჩემპიონი, შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში, ღვთისო კვიციანი მწვრთნელთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის ბოლოს მერმა, სპორტსმენებს, მადლობის სიგელები გადასცა და  მხარდაჭერა აღუთქვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და თვითმმართველობის მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღებას.

სამუშაო შეხვედრას, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გიორგი გასვიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბოლნისში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ზაბახიძესთან, ერთად სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე ბოლნისისწყლის დონის მატება გამოიწვია, რის გამოც აღნიშნულ მდინარეზე არსებული ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დროებით შეჩერდა. სოფელ ვანათში დროებითი გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ადიდებულმა მდინარემ რამდენჯერმე დააზიანა აღნიშნული გადასასვლელი. რაც შეეხება სოფელ ვანათის ხიდს, უკვე დასრულდა რკინაბეტონის სარეგულაციო კედლის მშენებლობა, მიმდინარეობს ხიდზე სავალი ფილის მოწყობის სამუშაოები.

მერმა, ასევე, დაათვალიერა სოფელ სამწევრისის ხიდის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც დასრულების ეტაპზეა. დარჩენილია ასფალტბეტონის საფარისა და მოაჯირის მოწყობის სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული 9 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რომელთა საერთო ღირებულება 5 855 099 ლარს შეადგენს.

„არემჯის“ მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა

0

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, „არემჯის“ მხარდაჭერით, ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას „არემჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცენტრის საზეიმო გახსნას, საქართველოში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტის (Montanuniversität Leoben) დელეგაცია, სტუ-ის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, „არემჯის“ მენეჯმენტი და ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესწრებოდნენ.

კომპანიის განმარტებით, ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი იქნება ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს სტუ-სა და ლეობენის უნივერსიტეტს შორის სხვადასხვა გაცვლითი და კვლევითი პროექტების ინიციირებასა და მათ განხორციელებას, სამთო-გეოლოგიური მიმართულების ქართველ და ავსტრიელ სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას.

ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრში, „არემჯისა“ და ლეობენის სამთო უნივერსიტეტს შორის, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც მხარეებს შორის 2020 წელს დაწყებული პარტნიორობის გაღრმავებას და სამომავლოდ მეტი საერთო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს. მათ შორის, მნიშვნელოვანია, კომპანიის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისათვის სპეციალური მოკლე კურსების შეთავაზება.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ „არემჯისა“ და ლეობენის უნივერსიტეტს შორის პატარა ნაბიჯებით დაწყებული თანამშრომლობა ბოლო წლებია დიდ და მნიშვნელოვან პარტნიორობად გადაიქცა. ვფიქრობ, ამ ურთიერთობამ, დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ სამთო უნივერსიტეტთან დაგვაკავშირა. ეს ჩვენთვის დიდი პატივია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საწარმოსათვის და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია კომპანიის მხრიდან განათლების მხარდაჭერის უწყვეტ გზაზე.

მადლობა ამ თანამშრომლობაში ჩართულ ყველა მხარეს, განსაკუთრებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და რა თქმა უნდა სტუდენტებს. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი მოტივაციაა,“ -განაცხადა „არემჯის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ.

„არემჯის“, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ვთავაზობთ ორ ძირითად მიმართულებას; პირველ რიგში, ვთავაზობთ მაღალკვალიფიციურ და საერთაშორისო დონის ინჟინრების მომზადებას. მეორე მხრივ, უნივერსიტეტებს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამთო დარგში ცოდნის შემდგომ გაღრმავებაში, როგორც ღია კარიერული წესით, ისე – მიწისქვეშა მოპოვებისა და მინერალების გადამუშავების მიმართულებით,“ – აღნიშნა ლეობენის სამთო უნივერსიტეტის რექტორმა, პეტერ მოზერიმ.

„ქართულ-ავსტრიული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქართულ-ავსტრიული, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე. მჯერა, ცენტრი ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და სამთო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლეობენის უნივერსიტეტს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიის კონტექსტში – 115 წლის წინ სწორედ ამ უნივერსიტეტში მიიღო განათლება გამოჩენილმა ქართველმა ინჟინერმა და მეცნიერმა, ქართული სამთო სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელმა, გრიგოლ წულუკიძემ. დღეს კი, ჩვენ მომსწრენი ვართ ამ ისტორიული კავშირის გაგრძელებისა – ლეობენის უნივერსიტეტში ოთხი ქართველი ახალგაზრდა – ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი სწავლობს, რაც დასტურია იმისა, რომ ქართულ-ავსტრიული პარტნიორობა გრძელდება და წარმატებით ვითარდება,“- აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორიმა, დავით გურგენიძემ.

ვიზიტის მეორე დღეს, ლეობენის სამთო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს კომპანია „არემჯის“ ბექთაქარის მიწისქვეშა საბადო, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული პროექტია. სტუმრებმა მიწისქვეშა მაღარო დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ.