ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, ეპარქიის მამებთან ერთად საზეიმო ღამისთევის მსახურებას ჩაატარა. საზეიმო მსახურებას მრევლთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. შობა ქრისტიანულ სამყაროში უდიდესი სულიერი დღესასწაულია. მას ეგებებიან ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით. საქართველოში შობას ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ. ბოლო წლების განმავლობაში, პატრიარქის კურთხევით, ოჯახებში, სადაც შობას აღნიშნავენ, დღესასწაულს ფანჯრებში დანთებული სანთლებით ეგებებიან. რითაც, სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ოჯახში იწვევენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2020
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო. მოგმართავთ ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო ერნო:
აჰა, დადგა ჟამი ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოსი. დღეს იშვა დამბადებელი, ,,რომლის მიერაც შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი, თუ ხელმწიფებანი,” დღეს იშვა ის, “ვის მიმართ და ვის მიერაც ყოველივე დაიბადა“ (კოლას.1,16).
ამიტომაც ახლა მორწმუნენი გონებით მივისწრაფვით ბეთლემისაკენ, რათა განვიცადოთ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამდგარი უდიდებულესი ჟამი, როდესაც ამსოფლიური პატივისაგან მოკლებულ, აღთქმული მიწის ერთ ცივ და ბნელ გამოქვაბულში აღესრულა სასწაული, რომლის სადარი სამყაროში არაფერი მომხდარა და არც არასოდეს მოხდება.
მიუწვდომელი, გარეშემოუწერელი, მიუახლებელი ღმერთი განკაცდა, რათა კაცი განღმრთობილიყო; ჭეშმარიტი უფლის მადიდებელი ერის წიაღში, წმ. დავით მეფის მოდგმაში, იშვა ძე ღვთისა და თვალშეუდგამმა ნათელმა ჩვენთან მარადიულად ყოფნა ინება; უკვდავმა მოკვდაობა, უხრწნელმა ხრწნადობა მიიღო, რათა ჩვენ მოკვდავნი და ხრწნადნი სიკვდილის საკვრელთაგან დავეხსენით.
დღეს ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეშობის მახარებელნი ვართ, რადგან ჩვეთან არს ღმერთი! დღეიდან მისი მომძიებელნი ვეზიარებით და უხვად მივიღებთ აქამდე მიუწვდომელ მადლთა სისავსეს, – კეთილმსახურებათა ნიჭსა და უნარს და ხილულ და უხილავ სამყაროს შევღაღადებთ:
იხარებდით და აკურთხებდით შემოქმედს ცანი და ქვეყანა, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
იხარებდით და აკურთხებდით უფალსა უფლებათასა ანგელოზნი და ყოველი სულდგმულნი, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
იხარებდით და აკურთხებდით ახალ ადამს მეფენი და მამათმთავარნი, ერნი და ტომნი; აკურთხებდით უფლის ყოველ საქმეს, უგალობდით და განადიდებდით მას უკუნისამდე, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.
ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური ,,მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით.
შენ გვასწავლე, იესო, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში, – სიდიადე; მოყვასის მსახურებაში, – სიხარული; გაცემაში, – შეძენა და დათმენაში,- გამარჯვება; რომ მტრის სიყვარულშია სიყვარულის სისრულე და სხვისთვის თავგანწირვაშია საკუთარი სულის პოვნა…
შენი განხორციელებისათვის, მხსნელო, დედამიწაც განემზადა და გიძღვნა ქალწულთა მშვენება, დედათა სიქადული, – წმინდა მარიამი.
გიხაროდენ, ურჩეულესო ჭურჭელო, ყოველთა ნათესავთა შორის სანატრელო (ლუკ. 1.48);
გიხაროდენ, დედაო ღვთისა, ევას ცრემლთა აღმხოცო; ცხოვრების ხეო, სიცოცხლის ნაყოფის მომცემო;
გიხაროდენ, ცოცხალო ტაძარო ღვთისაო, ჩვენს ლოცვათა უფლისადმი აღმწევნელო.
უფლის განგებამ ინება, რომ შენი მზრუნველობით ჩვენც ღვთის ერი გავმხდარიყავით საუკუნეთა მანძილზე მრავალფერ განსაცდელთაგან ვნებულმა მცირე სამწყსომ შენი მფარველობით გაუძლო ათას ქარტეხილთ და დარჩა ქრისტეს ერთგული. დღესაც შენ გსასოებს ჩვენი დამაშვრალი ერი, მრავალთაგან მრავალჯერ ნაღალატები და ჯვარცმული, მაგრამ მაინც გაუტეხელი და ღვთის მოიმედე.
ჩვენც, მონანი და მხევალნი შენნი, მოგმართავთ ცისა და ქვეყნის დედოფალს: კვლავაც შეეწიე უძლურებათა ჩვენთა, შეგვავედრე ძესა შენსა და ღმერთსა ჩვენსა, რათა ყოველნი მკვიდრნი იბერიისანი, შეცდომილნი ძენი და ასულნი ჩვენნი, გზასა ჭეშმარიტებისასა შეუდგნენ; ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა და მაჭირვებელთა გულნი ლმობიერ-ჰყავ და დაამშვიდე; დამნაშავეთ სინანული მიეც; საპყრობილეთა შინა მყოფთ, – თავისუფლების სიხარული; უსამართლოთ, – სამართალი; მშიერთ, – პური; შიშველთ, – სამოსელი; უპავართ, – სარჩო-საბადებელი; კეთილად მუშაკთ, – ღირსი სასყიდელი;…
ურვათა მრავალთა დამტევნელო, ყოვლადუბიწოო ღვთისმშობელო, ნუგეში-ეც მტირალთ, ყოველივე სასიკეთოდ წარუმართე მადლიერებით ჭირთა დამთმენილთ, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე მიჰმადლე და სულიერად განსწავლე, სნეულნი განკურნე, მხცოვანნი შთამომავალთა კეთილდღეობით გაახარე, უცხოეთში მყოფნი თანამემამულენი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე, იქ დარჩენილნი კი უფლის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ აღვაწე.
განგვიმტკიცე სიყვარული, სასოება და შიში უფლისა, ერთგული მსახურება ეკლესიისა, მამულისა და მოყვასისა. მოგვმადლე გული წმინდა და სული წრფელი, გონება ნათელი და შემეცნების სიღრმე, სხეული ჯანსაღი და უვნებელი. გვაშორე მუცლადღებულ ყრმათა კვლა და თვითმკვლელობები.
აღადგინე, დალოცე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, და მას შინა მკვიდრნი დაიცევ “ შიმშილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედა მოსვლისაგან მტერთასა“, სტიქიონთა ვნებისაგან და ყოველი ბოროტი ძალის მანქანებისაგან; დალოცე და განამტკიცე ოჯახები ჩვენი და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლითა და ნაყოფთა სიუხვითა.
გევედრებით, მეოხ-ეყავ მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა წინაპართა, – მეფე-დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, სამშობლოს ერთგულთა და თავდადებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მომხსენიებელთა გარეშე დარჩენილთა ყოველთა; გევედრები შორებელთა და მახლობელთათვის, რომელნი შეწევნასა ჩვენსა შემოვედრებულ არიან, რათა ყოველნი შემოქმედმან სავანესა მართალთათვის გამზადებულსა დააწესოს.
არ განგვეშორო დედაო, არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და ჩვენ მსასოებელთა შენთა, მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მართალთა თანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა, – მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბეთლემს შობილო ქრისტე ღმერთო, ამ დიდებულ ღამეს, სულითა და გონებით შენსკენ მოლტოლვილნი, კანდლად გინთებთ ჩვენს ლოცვა-ვედრებასა და ქება-დიდებას; ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად ძღვნად მოგართმევთ ჩვენს გულებს, სიყვარულსა და ერთგულებას, კრძალვითა და თაყვანისცემით მოგეგებებით და ვხმობთ:
დიდება შენს მობრძანებას, ყრმაო, მშვიდობის მთავარო! (ეს.9,5)
დიდება შენს გარდამოსვლას, უფალო საბაოთ! (ეს. 37,16)
დიდება შენს მოვლინებას, ადონაი უფალო! (ეზ. 37.3)
გაკურთხებთ და აღგამაღლებთ შენ საუკუნითგან უკუნისამდე და ვაკურთხებთ მშობელსა შენსა, დედათა შორის კურთხეულს (ლუკა 1.42).
და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე.
„ქრისტე იშვების, – ადიდებდეთ! ქრისტე ზეცით, – მიეგებვოდეთ! ქრისტე ქვეყანასა ზედა, – ამაღლდით… კვალად ბნელი დაიხსნების, კვალად ნათელი მოიქცევის… ძველნი წარხდეს, აჰა, იქმნა ყოველივე ახალ“ (გრ. ღვთისმეტყევლი), გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ახალი მენეჯერი, წარმატების მისაღწევად, გუნდური მუშაობის პრინციპით ხელმძღვანელობს. ის არასდროს იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. სამსიტყვიანი, შინაარსისა და გეგმების მატარებელი სლოგანი, „მიიღე, დაიცავი, განავითარე“ მუშაობის მთავარ მიზნად დაისახა და ამ შემართებით, უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად მუშაობს ცვლილებებზე, ,,ჩვენი მთავარი პრინციპია მივიღოთ მაქსიმალური შედეგები და გადავიდეთ განვითარების ახალ საფეხურებზე,“- განაცხადა ,,bolnisi.ge“-სთან სოსო კოპალეიშვილმა.
სოსო კოპალეიშვილი დაიბადა სამტრედიაში. საჯარო სკოლა დაამთავრა სოფელ იანეთში. პარალელურად მიიღო მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური საბაზისო განათლება. ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და დრამის უნივერსიტეტში, თბილისის სასულიერო სემინარიაში და შემდგომ თბილისის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში. 2013 წლიდან გაიარა სასწავლო კურსები მართვის აკადემიაში. პროფესიით გახლავთ ღვთისმეტყველების ბაკალავრი, თეოლოგი, საეკლესიო მუსიკის ბაკალავრი, ლოტბარ-რეგენტი.
კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ამპლუაში დაკისრებული მოვალეობის შესრულებას 2019 წლის 15 აპრილიდან შეუდგა, თუმცა, მას საზოგადოება ბოლნისის კულტურის სახლის ტრადიციული მუსიკის მიმართულების პროექტით „სამი თაობა“ იცნობს.
-მოგესალმებით ბატონო სოსო,2019 წლის 15 აპრილიდან დაინიშნეთ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად, თუმცა მანამდეც აქციურად იყავით ჩართული ბოლნისის კულტურულ ცხოვრებაში და შეიძლება ითქვას, უცხო გარემო არ დაგხვდათ, რა ღონისძიებები გაატარეთ დანიშვნიდან დღემდე?
-მინდა პირველ რიგში ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის საშუალებით, თითოეულ ბოლნისელს და სრულიად საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი. მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულისა და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს 2020 წელი.
ჩემი სამუშაო გამოცდილება 2003 წლიდან იწყება და არაერთ სფეროს მოიცავს, განსაკუთრებულად ჩემი პროფესია იკვეთება ტრადიციული მუსიკალური განხრით.
ბოლნისთან 2007 წლიდან მაქვს შეხება. ახლად ხელდასხმული მეუფე ეფრემის მოწვევით ეპარქიაში ჩამოვედი და მოღვაწეობა დავიწყე გალობის პედაგოგად. შემდეგ სათავეში ჩავუდექი ფოლკლორულ ანსამბლსა და საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდ „ორბელს“. ბოლნისის საზოგადოებას თავი კულტურის სახლის ტრადიციული მუსიკის მიმართულების პროექტით „სამი თაობა“ დავამახსოვრე. 2019 წლის 15 აპრილიდან კი მუნიციპალიტეტის მერისა და ზოგადად მმართველი გუნდის წარდგენით, ა.ა.ი.პ. კულტურის, საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელი გახლავართ.
რაც შეეხება ღონისძიებების გატარებას, ცვლილებები მომენტალურად არასდროს ხორციელდება. პირველი დღიდანვე დავიწყე დაკვირვებითი მუშაობა. მქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები. ვაკვირდებოდი სიტუაციას, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები. ჩემი მთავარი მიდგომა კრებსითობაშია, ამიტომაც დავამკვიდრე გუნდური მუშაობის პრინციპი და ამით გადავანაწილე პასუხისმგებლობები, რაც გამოიხატა იმაში, რომ ეტაპობრივად ყველა დარგი, მენეჯმენტის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ჩაიშალა სტრუქტურულ ერთეულებად, რათა მუშა პროცესი უფრო მარტივი და მოქნილი გამხდარიყო. არასდროს ვიღებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, ყოველთვის შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციის, ან უშუალოდ ჩართულობის შედეგად, ხდება ყოველი სიახლის დამკვიდრება. ეს ფაქტობრივად, ხელს უწყობს მეტი თავისუფალი გარემოს შექმნას შემოქმედებითი თუ ტექნიკური საკითხების მოგვარებაში. ბუნებრივია, ყველაფერს დრო გვაჩვენებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებიდან გამომდინარე, ყველაფერი სწორად დალაგდება.
-სამსახურს შეეცვალა სახელი, გაქვთ საკუთარი ლოგო. როგორც ვიცით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გატარდა, რა ცვლილებებია ეს?
– პირველი, რაშიც ყველა თანამშრომელი ერთხმად დამეთანხმა, ეს სახელის ცვლილებაა. დაერქვა მარტივი სახელი „კულტურის ცენტრი“. მანამდე იყო გაერთიანება, რაც უფრო კონკრეტული შინაარსის აღმნიშვნელია, ვიდრე მისი ფუნქციურის. აქ ერთიანდება რამდენიმე სფერო. ჩვენ გვაქვს კულტურის სახლები, საგამოფენო სივრცეები, კლუბები, სადაც ხელოვნების დარგების მიხედვით მიმდინარეობს შემოქმედებითი და არაფორმალური საგანმანათლებლო მუშაობა წრეების, სტუდიების, ანსამბლების, თეატრებისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების სახით. ამ ყველაფერს კარგად მოქნილი მმართველობითი სისტემა სჭირდება. ამიტომ, თავდაპირველად ადმინისტრაციაში არსებული სპეციალისტების ბაზაზე ჩამოყალიბდა განყოფილებები დარგების მიხედვით. ადმინისტრაციული, საფინანსო, პიარის, კულტურის, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის განყოფილებები. ამრიგად, ზემოთ ხსენებული სახელოვნებო თუ სხვა დარგები, მოქნილი მართვისათვის დაექვემდებარა შესაბამის განყოფილებას.
გადავწყვიტეთ გარკვეული რეაორგანიზაცია, რასაც მოჰყვა ე.წ. ბრენდბუქის სახელმძღვანელოს (საფირმო ნიშანი) შექმნა. ეს თემა ფართო და მრავალფეროვანია, თუმცა კონკრეტულად, ჩვენს საქმიანობას მიესადაგა 8 ძირითადი რამ, რაც ფაქტობრივად წარმოგვიჩენს კულტურის ცენტრის საფირმო ნიშანს. შევქმენით ჩვენი ლოგო, რომელიც უკავშირდება ბოლნისს თავისი მრავალფეროვნებით. მნიშვნელოვანია ბრენდბუქში კონკრეტული ფერი. ამიტომ, ჩვენთვის გასაგებად, ბოლნისური ყვითელი ტუფის ფერი (საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ე.წ. აქლემის ფერი) დავამტკიცეთ. ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც სრულიად სიახლეა, არის ჩვენი სლოგანი, რაც გარკვეულწილად უკავშირდება ცენტრის მთავარ მიზანს, ეს არის: „მიიღე, დაიცავი, განავითარე“, ეს სამი სიტყვა გამოხატავს ყველაფერს. მივიღეთ წინაპრებისგან მემკვიდრეობით ჩვენი უნიკალური კულტურა და ხელოვნება, ვიცავთ ყველაფერს და შესაბამისად სპეციალისტებთან ერთად ვსახავთ განვითარების ეტაპებს. ფაქტობრივად ეს არის ჩვენი მთავარი ფუნქცია.
-თქვენი გამოწვევა, სამომავლო გეგმები თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული სამსახურის შესახებ.
– ერთ-ერთი გამოწვევა, შეიძლება ითქვას, დიდი პრობლემა ყველა დარგში, არის ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვილობა. გვაქვს გარკვეული შეთანხმება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან, რომ ეტაპობრივად ყველა შენობა, რაც ჩვენს დაქვემდებარებაშია, რეაბილიტირდება და შესაბამისად ტექნიკურადაც აღიჭურვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არ გვექნება შედეგები.
რაც შეეხება შემოქმედებით პროცესს, ეს მრავალფეროვანია. სახელოვნებო დარგებში და ზოგადად, კულტურის სფეროებში ბიბლიოთეკები არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი კულტურისა. მსოფლიოში აღიარებულია და ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ლიტერატურას იმიტომ, რომ იგი იძლევა მრავალგვარი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარს. ბიბლიოთეკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბოლნისის კულტურის ცენტრში, როგორც საგანმანათლებლო თვალსაზრისით, ასევე შემეცნებითი და პუბლიცისტური მიმართულებით, რომელსაც ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის უმეტესობას ახალგაზრდობა წარმოადგენს. როგორც ღრუბელი იწოვს ბევრ წყალს, ასევეა ცოდნას მოწყურებული ახალგაზრდები. ამიტომაც ყოველწლიურად, შეძლებისდაგვარად, ხდება ბიბლიოთეკების ტექნიკური გადაიარაღება და ამავდროულად წიგნების განახლება.
სამომავლოდ გვაქვს სურვილი კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების აუდიო ვერსიები შევქმნათ და გამოვცეთ ჩვენი მსახიობების გახმოვანებით. მაგალითად სულხან-საბას იგავ-არაკები. ეს კარგად აპრობირებული მეთოდია სხვა წარმატებულ ქვეყნებში და საკმაოდ მოთხოვნადი. ამიტომ ვფიქრობთ, თუნდაც მხოლოდ მგზავრობის დროს, შესანიშნავი საშუალება იქნება ნაცვლად წაკითხვისა, რომელიმე წიგნი მოისმინო.
რაც შეეხება კულტურის განყოფილებაში შემავალ შემოქმედებით დარგებს, გვაქვს სამი კულტურის სახლი და ორი კლუბი, თითოეულ ამ დაწესებულებაში ფუნქციონირებს სახელოვნებო დარგები მუსიკის, ქორეოგრაფიის, თეატრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახით. მინდა ცოტა ვრცლად გესაუბროთ ამ საკითხებზე.
არსებული არაფორმალური საგანმანათლებლო სისტემა გარდავქმენით შემდეგნაირად:
ყველაფერი დავყავით სამ კატეგორიად.
წრე – სამოყვარულო დაწესებულება,
სტუდია – დაწყებითი სკოლის ტიპის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია საგანმანათლებლო საფეხურების (სემესტრები) მიხედვით განვითარების ეტაპებზე გადასვლით და შესაბამისი ოფიციალური მოწმობის გაცემით.
საბავშვო ანსამბლები/ჯგუფები, რომლებიც შექმნიან მუდმივად განახლებად თავიანთ რეპერტუარს ასევე მუდმივ განახლებადი ახალი წევრების ფონზე.
მუნიციპალური ანსამბლები და თოჯინების თეატრი. ამ მდგომარეობით ყველამ კარგად ვიცით, რომ ბოლნისის კულტურის სახლში გვყავს არაჩვეულებრივი ფოლკლორული ანსამბლები „სიონი“, „ორბელი“ და „ბოლნელა“. ასევე შესანიშნავი სივრცე განსაკუთრებით პატარებისთვის, რომელსაც ქვია თოჯინების თეატრი.
მესამე და მეოთხე პუნქტში ჩამოთვლილი ჯგუფები პერმანენტულად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სახის ღონისძიებაში და ასევე თავად მართავენ საანგარიშო კონცერტებს. ხოლო რაც შეეხება წრესა და სტუდიას, ისინი ვალდებულნი იქნებიან ღია გაკვეთილების სახით წარმოგვიდგინონ ის კონკრეტული შედეგები, რაც მოჰყვა მათ საგანმანათლებლო პროცესს.
მინდა შევჩერდე და უფრო ვრცლად განვმარტო რეორგანიზაციის შედეგები განსაკუთრებით 1, 2 და 3 პუნქტებში.
მოგეხსენებათ, არსებული სიტუაცია გარკვეულწილად გადახალისებასა და ჩამოყალიბებას საჭიროებდა. კულტურის სახლებში არსებული საგანმანათლებლო პროცესი ფაქტობრივად მიბმულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, რაც დამეთანხმებით, რომ სავსებით ბუნებრივია. სასწავლო გეგმის მიხედვით სკოლაში სასწავლო პროცესი 9 კალენდარული თვე გრძელდება, ხოლო ჩვენთან იყო 10 თვე, რაც რეალობას გვაშორებდა და შედეგებიც შესაბამისი დგებოდა. ჩვენ ამ ეტაპზე დავეყრდენით სამართლიანობის პრინციპებს, გავიარეთ უამრავი კონსულტაცია როგორც ჩვენს პედაგოგებთან, ასევე საქმის შესაბამის სპეციალისტებთან, გვქონდა გარკვეული კონსულტაციები სამინისტროს დეპარტამენტებთან, შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუციებთან და აქედან გამომდინარე შევცვალეთ და შედეგებზე ორიენტირებით დავადგინეთ შემდეგი:
წელიწადში, ნაცვლად 10 თვისა, (სექტემბრიდან ივნისის ჩათვლით) სწავლა გახდა 8 თვიანი. ორი სემესტრი (1 ოქტომბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით და 15 იანვრიდან 15 ივნისის ჩათვლით)
წრე გახდა ფასიანი (გამომდინარე იქედან, რომ მხოლოდ თექის წრე დაგვრჩა, სადაც ამ ეტაპზე მოთხოვნა დიდი არაა, დროებით გავხადეთ უფასო თექის წრე.).
ზოგიერთი წრე პედაგოგებთან შეთანხმებით გახდა სტუდია, გამომდინარე მათი საქმიანობისა, დაევალათ მეთოდოლოგიის წარმოდგენა 2019 წლის ბოლომდე, რომლის მიხედვითაც თითოეულ სტუდიაში წარიმართება სასწავლო პროცესი. ყოველი თვის ბოლოს ჩავატარებთ ე.წ. მონიტორინგს, ყოველი სემესტრის ბოლოს ღია გაკვეთილს და სტუდიის დამამთავრებელ გამოცდასთან ერთად ჩავატარებთ კონცერტებს, ან შესაბამისად, გამოფენებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ამ კუთხით გახლავთ ის, რომ ჩვენ ჩავატარებთ გამოცდას სტუდიის დამთავრების ბოლოს, შესაბამისი ინსტიტუციიდან მოვიწვევთ გამოცდილ სპეციალისტებს (მაგ: ტრადიციული მუსიკის სტუდიის გამოცდაზე მოვიწვევთ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტს) და ჩვენს პედაგოგებთან ერთად შევაფასებთ მათ ცოდნას და გავცემთ სტუდიის დამამთავრებელ მოწმობას, სადაც ხელმომწერნი იქნებიან სწორედ ზემოთ თქმული სპეციალისტები.
საბავშვო ანსამბლები/ჯგუფები გათავისუფლდნენ გადასახადებისაგან, იმიტომ, რომ მათ შესანიშნავ რესურსს ვიყენებთ ჩვენივე ღონისძიებებში და შესაბამისად, ბოლნისის გარეთ ჩატარებული ფესტივალ-კონკურსების სახით, ისინი უზარმაზარ სახელს გვიხვეჭენ ქვეყნის მასშტაბით.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, წრეებისა და სტუდიის გადასახადები დარეგულირდა როგორც გითხარით, სამართლიანობის პრინციპით. დაინტერესებულ პირებს შეუძლია მოგვმართონ და დეტალურად განვუმარტავთ ყველაფერს.
-მიმდინარე წელს იგეგმება ბოლნისის მუზეუმის გახსნა, რა ეტაპზეა სამუშაოები და რა დატვირთვა ექნება?
– ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მოხდება უახლოეს მომავალში, იქნება თანამედროვე სტანდარტების ახალი მუზეუმის გახსნა, რომელიც ბოლნისის სინამდვილეში იარსებებს. ეს იქნება ეროვნული მუზეუმის ე.წ. ფილიალი ქვემო ქართლში. ძირითადი ექსპოზიციები განთავსდება ჩვენი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატებით, მაგრამ ის არ იქნება მხოლოდ ბოლნისის, არამედ მხარეში არსებული არტე-ფაქტებისაგან შემდგარი სხვადასხვა საისტორიო მნიშვნელობის ნივთებით დაკომპლექტებული, იმ ტრადიციებით, რაც ოქროს მოპოვებასთან არის დაკავშირებული, გერმანული მემკვიდრეობის კუთხით. აღსანიშნავია ისიც, რომ იარსებებს ლაბორატორია და ეყოლებათ შესაბამისი ექსპერტები, რომლებიც იმუშავებენ და გაამდიდრებენ მუზეუმს ახალი აღმოჩენებით. ამჟამად, ჩვენი მუზეუმიდან ახალ შენობაში ნივთების გადატანის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც აკვირდებიან ეროვნული მუზეუმის სპეციალისტები.
-ბოლნისის მუნიციპალიტეტში გვაქვს ერთ-ერთი გამორჩეული ქართველის ლიტერატურული მუზეუმი, სულხან-საბას ნამოსახლარ ადგილზე, სადაც გადაშლილია მთელი ისტორია დაბადებიდან-გარდაცვალებამდე. გვაქვს ამბიციური სურვილი საარქივო მასალების და ფოტო არქივების მიხედვით შეიქმნას მინიატურული სასახლე, რომელიც წარმოაჩენს ძველ სახეს. სულხან-საბა არის ხიდი ევროპასა და საქართველოს შორის, ის არის ხიდი ცივილიზაციასა და გარდამავალ გლობალურ ეპოქას შორის. მის სახელს უკავშირდება უამრავი რამ საქართველოში. უნივერსიტეტები, სკოლები, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები და ასევე ყველასათვის ცნობილი ლიტერატურული პრემია „საბა“, რაც უზარმაზარ დახმარებას უწევს თანამედროვე მწერლებს. გვაქვს იდეა ამ დაწესებულებებთან ურთიერთობას გარკვეული ოფიციალური სახე მივცეთ და პერმანენტულად ხდებოდეს მათთან სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა. გვაქვს დიდი სურვილი, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს სულხან-საბას ღვაწლისა და დანატოვარის შესახებ. ექსკლუზიური ინფორმაცია უნდა გაგიმჟღავნოთ. გასულ წელს საუბარი მქონდა მუნიციპალიტეტის მერთან, მოვიძიე შესაბამისი ინფორმაციაც და არის ამბიცია შევქმნათ მხატვრული ფილმი სულხან-საბა ორბელიანზე, ისე როგორც ეს მოხდა წმ. ექვთიმე თაყაიშვილის არაჩვეულებრივი ფილმის „ექვთიმეს“ შემთხვევაში. ასევე სურვილი გვაქვს ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებული იქნას ბოლნისის ტერიტორიაზე და გარკვეულ როლებში დაკავდნენ ადგილობრივი მსახიობები. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს შესაბამისად არჩეული რეჟისორი და გადამღები ჯგუფი გადაწყვეტს, თუმცა, ჩვენგან შეთავაზება იქნება. ამით მინიმუმ მოხდება ის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცნობადობა ამაღლდება. ეს არის ამბიციური სურვილი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ მსვლელობა მიეცემა.
-კულტურის ცენტრში ერთ-ერთი სფეროა კულტურული მემკვიდრეობა, როგორ აპირებთ მუშაობას ამ მიმართულებით?
-დიახ, ერთი ძირითადი სფერო კულტურული მემკვიდრეობაა, რომელიც როგორც ვიცით ორ ნაწილად იყოფა, მატერიალურ და არამატერიალურ ძეგლებად. ყველაფერი ის, რაც წინაპრებისგან ზეპირი თუ ხელნაწერი ტრადიციით გადმოგვეცა და მათ ჩვენს სახელოვნებო დარგებში ვაკეთებთ, ეს თავისთავად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა. სიმღერა, ცეკვა, მატყლის, ქვისა თუ ხის დამუშავება და ა. შ. ამ მიმართულებით ჩვენი განყოფილება საკმაოდ აქტიურადაა ჩართული და ვცდილობთ გარკვეული სიახლეებიც დავნერგოთ სააგენტოსთან ერთად. აღმოვაჩინეთ ქალბატონი, რომელიც ძველებურ ხალიჩებს ქსოვს, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხის ძველებური დაზგა, რომელსაც არანაირი ლითონის დეტალი არ გააჩნია და დღემდე მუშაობს. ეს არის ორი საუკუნის ნივთი, რომლის ფოტოც გვაქვს და რომელიც ერთ-ერთი მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლი იქნება. ბოლნისში არსებობს უნიკალური ნუმიზმატიკის მუზეუმი. მატერიალურ-კულტურულ მემკვიდრეობას, რაც შეეხება ესაა, რითაც ჩვენ ვამაყობთ, რელიგიური ნაგებობები, ეკლესია-მონასტრები, ლუთერანული ტაძარი და მეჩეთები, ციხე-კოშკები, უნიკალური ხიდები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების გერმანული სახლები და სარკოფაგები, რომელიც გარკვეულწილად ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება, ორიენტირებულია და უკვე დაწყებულია თვეში ორჯერ მონიტორინგი მატერიალური ძეგლებისა. მართლმადიდებლური ძეგლების თვალსაზრისით, ძალიან დიდი შედეგებია. უკვე 13 წელია, მეუფე ეფრემის ძალისხმევით, სწრაფად და ხარისხიანად შენდება ეკლესია-მონასტრები, რითაც ის ძალიან ეხმარება როგორც მუნიციპალიტეტს, ასევე ეროვნულ სააგენტოს. გერმანულ უბნებს, რაც შეეხება, როგორც ვიცით, იგეგმება რამდენიმე სახლის საპილოტე, საცდელად გაკეთდება, ისე როგორც ასურეთში გაკეთდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და სხვადასხვა ფონდების ჩართულობით. გერმანულ უბანშივე მიმდინარეობს და მალე დასრულდება ერთ-ერთი უძველესი სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არ არის მარტივი პროცესი. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო და არასამთავრობო ფონდები ისევ გააგრძელებენ მუშაობას და ამ კუთხით, არაერთი ძეგლი გვექნება აღდგენილი.
მინდა ბევრი კუთხით გავშალო ცენტრის საქმიანობა. თანამედროვე სამყარო სცნობს პროაქტიულ მენეჯმენტს, რაც გულისხმობს ორმხრივ შეთანხმებულ მოქმედებას როგორც ზემდგომებიდან, ასევე ქვემდგომებიდან. ამიტომ, როგორც კულტურის ცენტრის თანამშრომლებს, ასევე მოსახლეობასაც მინდა მივმართო თხოვნით, რომ ჩაერთონ ჩვენი განვითარების საქმეში. ჩემი ფსონი უმეტესწილად ახალგაზრდებში დაიდება, თუმცა სხვა ასაკობრივ კატეგორიასაც დიდი სიამოვნებით მოვუსმენ. ვაპირებ შევხვდე და ვესაუბრო ახალგაზრდებს პერმანენტულად, მოვისმინო ვის რა უნდა და როგორ წარმოუდგენია კულტურის ცენტრის მუშაობა და ზოგადად, მინდა მოვუსმინო ხალხს. ასევე ვაგრძელებთ ბრენდინგს, ვიწყებთ პიარ სტრატეგიაზე მუშაობას. უახლოეს მომავალში გვექნება ვებ გვერდი, რომლის მეშვეობითაც პერმანენტულად გავრცელდება სიახლეებიც და აღსრულებული საქმეებიც. და ბოლოს, ჩვენი მთავარი პრინციპია მივიღოთ მაქსიმალური შედეგები და გადავიდეთ განვითარების ახალ საფეხურებზე.
-მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებებს.
ქ.ბოლნისიდან 6 კილომეტრის დაშორებით, ტაფნის ველ-მინდვრებში, მზის გულზე გაშლილი პატარა სოფელი დისველი მდებარეობს, რომელიც სულ რაღაც 3 ათეული წლის წინ 120 ჰა მიწის ნაკვეთზე გაშენდა.
სოფელს სახელი ლეგენდის მიხედვით ეწოდა. ერთ-ერთ ბატონს არსებულ ტერიტორიაზე მდებარე მინდვრები დისთვის საქორწილო საჩუქრად უბოძებია და სწორედ ამ ამბავს უკავშირდება აღნიშნული სოფლის სახელწოდება „დის ველი“.
ისტორიულად დის ველებით ცნობილ მიწაზე ახალი სოფლის შენებას საფუძველი 1989 წელს ჩაეყარა, სადაც მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხულოს რაიონიდან სტიქიის შედეგად დაზარალებული და უსახლ-კაროდ დარჩენილი ოჯახები ჩაასახლეს. ასე გაჩნდა ახალი ქართული სოფელი ბოლნისში.
ეკომიგრანტებმა აჭარიდან ბოლნისში ცხოვრების რიტმს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს ფეხი აუწყვეს. დისველის სახელი მალევე ბოლნისის მასშტაბს გასცდა, აქ 2008 წლის ბრძოლაში მონაწილე და გმირულად დაღუპული ასლან შაინიძე ცხოვრობდა, რომლის სახელსაც სოფლის საჯარო სკოლა და ახალგაზრდებისთვის მოწყობილი თავშეყრის ადგილი ატარებს.
მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, მოსახლეობის სურვილითა და ძალისხმევით თვალსაჩინო ადგილას დაიწყო ბაზილიკური ტაძრის მშენებლობა, რომელშიც მთელი სოფელი, განურჩევლად სარწმუნოებისა, ერთნაირად იღებდა მონაწილეობას, სწორედ მათი შრომითა და მონდომებით 2010 წლის 13 დეკემბერს, დისველში, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი გაიხსნა.
ბოლნისელი აჭარლებისთვის ძირითად შემოსავლის წყაროს მესაქონლეობა და მიწათმოქმედება წარმოადგენს, თუმცა სულ რამოდენიმე წლის წინ სოფელში, ეკომიგრანტი ქალების წამოწყებით ყველის მცირე საწარმო გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საწარმოში ადგილობრივი რძისგან, მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ, რომლის რეალიზებაც ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ასევე სოფელში მოგვარდა და გადაიჭრა წლების მანძილზე არსებული გზის პრობლემა.
გადაცემის მომზადებისას მეგზურობა და მასპინძლობა სოფლის წარმომადგენელმა ზურაბ შაინიძემ გაგვიწია, სწორედ მის ოჯახში მოვამზადეთ და დავაგემოვნეთ აჭარული ტრადიციული კერძი „ბორანო“
პირველი იანვრიდან გაზრდილ სოციალურ პაკეტს, 114 ათასამდე შშმ პირი მიიღებს.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა 20 ლარით.
ცვლილება შეეხება, ყველა კატეგორიის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს (18 წლამდე).
2020 წლის 1 იანვრიდან 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ საპენსიო ასაკის მქონე პირებიც.
70 წელს ზემოთ პენსიონერებს, 18 წლამდე და პირველი ჯგუფის შშმ პირების პაკეტებზე 30 ლარიანი მატება მოხდება.
ახალი წლიდან, მთაში მცხოვრები, საპენსიო ასაკის პირები 220 ლარის ნაცვლად 264 ლარს მიიღებენ. 1 ივლისიდან კი 300 ლარს მიიღებენ, მთაში მცხოვრები ის პენსიონერები, რომელთა ასაკი 70 წელს აღემატება.
ქართული კულტურისა და ხელოვნების ქომაგის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსის, კობა ჟღენტის ინიციატივით, სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდი, ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, ბოლნელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე ეფრემს, რეზიდენციაში ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საშობაო საგალობლები შეასრულეს.
მეუფე სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებს ეზოში მიეგება. აღნიშნა, რომ ეს ბავშვები არიან პირველები, ვინც მას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მოსწავლეებმა როიალთან საშობაო საგალობლები შეასრულეს. მეუფემ სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები, მათი პედაგოგი და თითოეული სტუმარი დალოცა და ხატები უსახსოვრა.
კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი:
სამუსიკო სკოლაში ყოველი საანგარიშო ჩვენება, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება, ძალიან საინტერესოა. მოვისმინე ამ გუნდის ნამღერი, კიდევ უფრო გალამაზებული რეპერტუარით, გადავწყვიტეთ მეუფემდე მიგვეტანა ეს შემოქმედებითი დოვლათი. არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო, თბილი და ამაღელვებელი განწყობით ვტოვებთ მეუფის სამყოფელს, რომელიც, როგორც თვითონ ბრძანებს, არის თითოეული ბოლნისელის სახლი.
მეუფე ეფრემი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი:
ეს არის უდიდესი სიხარული და ბედნიერება. თითოეული ბავშვი მიწიერი ანგელოზია, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მინდა დავლოცო სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები, ქალბატონი ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი სულიერი ოჯახი, რომლებმაც დაგვატკბეს თავიანთი საგალობლებით, ახალი სიმღერებით და ასე მოგვილოცეს შობა- ახალი წელი, რაც ყველაზე დიდი საჩუქარია. ვლოცავ და დარწმუნებული ვარ, წარმატებები ექნებათ ყველა ასპარეზზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ნინო დვალიშვილი, ზაურ ხუჯასძის სახელობის სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდის ხორ- მეისტერი:
უპირველეს ყოვლისა, სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა- ახალ წელს, ჯანმრთელობა, ბედნიერება და მშვიდობა ყოფილიყოს თითოეულის ოჯახში. დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, მეუფის რეზიდენციაში სტუმრობა ჩვენთვის დიდი პატივია, შევასრულეთ ანა კალანდაძის ულამაზესი საშობაო- საახალწლო სიმღერები. მეუფემ დაგვლოცა და დაასაჩუქრა თითოეული ბავშვი და მისი მშობელი.
მარიამ ისიანი, სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდის წევრი:
ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე იყო, ძალიან დიდი შვება ვიგრძენი მეუფესთან სტუმრობით. ვიმღერეთ საგალობლები და მივულოცეთ შობის დღესასწაული. ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.
მარიამ კორტავა, სამუსიკო სკოლის გაერთიანებული გუნდის წევრი:
ძალიან კარგი და დაუვიწყარი დღე იყო, ვეწვიეთ მეუფე ეფრემს, ვიმღერეთ საშობაო საგალობლები. დაგვლოცა მეუფემ და დაგვასაჩუქრა ტკბილეულით და ხატებით.
კომპანია ,,არემჯის’’ მენეჯმენტმა თანამშრომლებთან საზეიმო, წინა საახალწლო შეხვედრა გამართა. აღმასრულებელმა დირექტორმა წელი შეაჯამა, მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. თორნიკე ლიპარტიამ ყურადღება თითოეული თანამშრომლის დაუღალავ შრომაზე გაამახვილა, მათ დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცა და სხვა მენეჯერებთან ერთად კომპანიის სახელით საახალწლო საჩუქრები გადასცა. წელს განსაკუთრები იმ 10 თანამშრომელს გაუმართლდა ვისი თოვლის პაპაც კომპანია აღმოჩნდა, სეკრეტ სანტას პრინციპით შერჩეული თანამშრომლებისთვის ,, არემჯიმ’’ განსაკუთრებული საჩუქრები შეარჩია.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ფეხბედნიერი ყოფილიყოს თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის ახალი 2020 წელი!
გისურვებთ მეტ სიკეთეს, სიხარულს,ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.
მჯერა, რომ ახალი წელი ახალ შესაძლებლობებს მოიტანს და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებას!
2019 წელი გამოირჩეოდა მაღალი პოლიტიკური ტემპერატურით, თუმცა უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო სირთულეებთან ღირსეული გამკლავება და სტაბილურობის შენარჩუნება.
მოგეხსენებათ, პარლამენტი 2019 წელს ახალი რეგლამენტით შეხვდა , რამაც უზრუნველყო პარლამენტის შესაძლებლობების განვითარება ზედამხედველობის სფეროში.
ჩვენი და ჩვენი საზოგადოების არჩევანი, რომ ევროპასთან ინტეგრაციაა, ამის დასტურია ისიც, რომ 14 დეკემბერს , სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთად აღვნიშნეთ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევა. პარლამენტი კი მუშაობს კანონმდებლობის დახვეწაზე, რათა ჩვენი კანონმდებლობა, ევროპული კანონმდებლობის შესაბამისი გახდეს, რათქმაუნდა, ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე მორგებით.
ამ წლის ერთ-ერთ მიღწევად მიმაჩნია, რომ პარლამენტმა თითოეული ჩვენგანის ძალისხმევით შევძელით 2020 წლის ბიუჯეტში გაზრდილიყო რეგიონული პროექტების განვითარების ფონდის დაფინანსება, მოგეხსენებათ, აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 10 174 618 ლარის ღირებულების 108 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის: 5 767 300 ლარის ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი – საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით. პროექტების ფარგლებში, ადგილზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობის და რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდა.
მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ეს წელი იყო საინტერესო და ნაყოფიერი, კიდევ ერთხელ დავინახეთ,რომ საზოგადოება გვენდობა, ხედავს და აფასებს ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობას. მიმდინარე წელს აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებთან ურთიერთობა არასდროს შეგვიწყვეტია, წელს მაინც ინტენსიურ რეჟიმში გავედით ყველა დასახლებულ პუნქტში, რათა თანამოქალაქეებისგან კიდევ ერთხელ გაგვეგო, თუ რა პრობლემები აწუხებთ და სხვადასხვა მოქმედი პროგრამების შესახებ მიგვეწოდებია მათთვის ინფორმაცია. ღია დიალოგის ფორმატში 65 საჯარო შეხვედრა გავმართე და 3000 ზე მეტ ადამიანთან შევძელი გასაუბრება. აქტიურად ვხვდებით და ვიღებთ მოქალაქეებს ბიუროშიც, მოქალაქეთა მიღების 7 დღე გავმართე, სადაც ინდივიდუალურად მოვისმინე 300-ამდე ადამიანის საჭიროება და შესაძლებლობების ფარგლებში აღმოვუჩინეთ დახმარება.
მოქალაქეებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მიმდინარე წელს, ამ მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 412 ოჯახს აღმოუჩინა დახმარება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 516 465 ლარი გაიხარჯა.
აღდგა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა:
▪️სტიქიის შედეგად დაზიანებული 362 სახლი -282 968 ლარი
▪️გადაიხურა შეჭირვებული ოჯახების 26 სახლი – 357 462 ლარი
▪️აღდგა დანგრეული 8 სახლი- 42 740
▪️ხანძრის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 სახლს- 89 465 ლარი
▪️ხანძრის შედეგად 6 ოჯახს დამხმარე ნაგებობები დაეწვა, აღნიშნულ ოჯახებს ზარალი მუნიციპალიტეტმა აუნაზღაურა-3 830 ლარის ოდენობით.
ჩვენ მოქალაქეებზე ზრუნვას, მათი საჭიროებების კვლევასა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას, სამომავლო საქმიანობაში, კვლავ გავაგრძელებთ. ნდობა, რომელსაც ადამიანებისგან ვგრძნობთ, მნიშვნელოვანია და გვაძლევს სტიმულს ძალისხმევა არ დავიშუროთ არსებული გამოწვევების დასაძლევად, რათა შევძლოთ გამოცხადებული ნდობის გამართლება .
28 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ბოლნისელმა ფრიდონ გიგანმა 73 კგ. წონით კატეგორიაში ხუთი შეხვედრა ტრიუმფით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის წოდება მეხუთედ მოიპოვა.
,,სვანური ფინალი“ შედგა ჩემსა და თორნიკე გვიჭიანს შორის, იგი ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენი და ღირსეული მეტოქეა. გახარებული და ბედნიერი ვარ მორიგი წარმატებით, მომავალში შევეცდები უფრო მეტად ვასახელო ჩემი ქვეყანა. ვისარგებლებ შემთხვევით და დამდეგ შობა-ახალ წელს სრულიად საქართველოს მივულოცავ, ვისურვებ მშვიდობიან და გაერთიანებულ ქვეყანაში გვეცხოვროს.აღნიშნა ფრიდონ გიგანმა.
მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ბოლნისში საახალწლო კონცერტი გაიმართა. დამდეგი შობა-ახალი წელი ბოლნისელებს ჯგუფმა „რეგიონმა“ მიულოცა.
კონცერტი დასრულდა საზეიმო ფოიერვერკით, რომლის შემდეგაც მსმენელების სადღესასწაულო განწყობაზე დიჯეიმ იზრუნა. კონცერტს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.