შაბათი, მაისი 30, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 227

გაიცანით ბოლნისელი ქალბატონი, რომელიც საკუთარი ხელით ულამაზეს ნამუშევრებს ჰქმნის

0

ჩვენს ირგლივ არსებობენ ადამიანები, რომელთა შემოქმედებისა და ზებუნებრივი ნიჭის შესახებ, სამწუხაროდ, საზოგადოების მცირედმა ნაწილმა თუ იცის. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება ჩვენი თანამოქალაქე (80 წლის) ლუსინე აგარონიანი-კირვალიძე, რომელიც 7 ათეული წელია, ფერთა გამის შესანიშნავი შერწყმით, მაღალი ოსტატობით, ინდივიდუალიზმითა და უმაღლესი გემოვნებით ქარგავს. მისი მრავალფეროვანი გალერეა სისადავითაა გამორჩეული, კანვეს ტექსტურაზე აბრეშუმის ძაფები დამთვალიერებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მის ნამუშევრებში განსაკუთრებული ადგილი რელიგიურ თემატიკაზე შექმნილ ფრაგმენტებს უკავია, რომლებსაც ქალბატონი ლუსინე სათუთად უვლის, ინახავს და მისთვის საყვარელ ადამიანებს, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ჩუქნის. მაცხოვარი, ღვთისმშობელი, ყრმა იესოს გამოსვლა იერუსალიმიდან, წმ. სერაფიმ საროველი და სხვა მრავალი რელიგიური პერსონაჟი, რომელიც მისთვის უნიკალური და გამორჩეულია, რადგან თვლის, რომ მათი ქარგვისას, რაღაც განსაკუთრებულს შეიგრძნობს და პასუხისმგებლობაც თითოეულ ექსპონატზე ზედმეტად დიდი აქვს. თითო ნამუშევარზე ქალბატონი ლუსინე თითქმის მთელი წელი მუშაობს, სრულყოფილ ნაქარგამდე, გამოჰყავს ცხრილი, ითვლის უჯრებს, ტილოზე ჯერ ფანტაზიით ქარგავს, შემდეგ კი საქარგავი რგოლით, მოხერხებული ნემსითა და აბრეშუმის ფერად-ფერადი ძაფებით ნამდვილ სასწაულს ახდენს. ეს ქალბატონი გამორჩეული იმითიცაა, რომ საინტერესო ნაქარგების შექმნა მარცხენა ხელითაც ზუსტად იგივე ოსტატობით და მოხერხებით შეუძლია, როგორც მარჯვენით. ქარგვა 15 წლის ასაკში დაიწყო, 50-მდე ნამუშევარში, რომელიც ამჟამად სახლში აქვს, შეხვდებით ყველა დროის პოპულარულ მუსიკოსსა და კინოვარსკვლავს, ნატურმორტებს, ქალაქის პეიზაჟებს, წმინდანებს, ცნობილ პერსონაჟებს ფილმებიდან და ცხოველებს. ტილოები ერთმანეთზე სათუთად აქვს გადახვეული და პოლიეთილენის პარკში ინახავს. მოახერხა და სადა ჩარჩოები მხოლოდ წმინდანებისთვის შეიძინა, რომ ნაქარგები მეტად დაცული იყოს. ნანობს, რომ ნამუშევრები ერთ უჯრაში აქვს შენახული და მას ფართო მასებს ვერ სთავაზობს, თუმცა ადგილობრივი კულტურის სახლის დახმარებით, რამდენჯერმე გაიტანა გამოფენაზე.
ქალბატონი ლუსინე, მძიმე სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, რომლის ოჯახიც მხოლოდ საპენსიო თანხით შემოიფარგლება, ელის იმ დღეს, როდესაც მის პირად ანგარიშზე პენსია ჩაირიცხება და კარგა ხნის წინ დაწყებული ნაქარგისთვის, აბრეშუმის ფერად-ფერად ძაფებს შეიძენს.
დღესაც იმ შემართებით ქარგავს, როგორც უწინ, ასაკისა და უამრავი საოჯახო საქმის მიუხედავად, ყოველთვის გამონახავს დროს და მყუდროდ მოკალათებული, მისთვის საყვარელ ხელსაქმეს შეექცევა. ქარგვის სურვილი აისზეც გასჩენია ამბობს, რომ ეს სურვილი იმდენად მძაფრია, კარგავს დროის შეგრძნებას. თუმცა ერთ ტილოს ნახევარი წელი, ან მეტს ანდომებს, „ნაჩქარევი არაფერი ვარგა, ჯერ ფიქრსა და გონებაში ვამუშავებ, გამომყავს სქემა, ვითვლი, ვარჩევ ფერებს, ხან მხოლოდ შავ-თეთრსაც და ვიწყებ, ნახეთ მარლენ დიტრიხი შავ-თეთრშია, მაგრამ როგორი უნაკლოა, ან ეს მაცხოვარი, როგორი სად და გამორჩეულია“ – მართლაც მისი ნაქარგები რაღაც განსაკუთრებულია, თითქოს ავტორმა მას სულის ნაწილი გაუზიარა. „ასეა, სული და გული თუ არ ჩადევი, არ გამოგივა, მე თვითონ არ მომწონებია, თუ რამე უგულოდ დამიწყია, დამიშლია ან მარტივად მიმიტოვებია, ძნელია გაფუჭებული საქმის გამოსწორება, ცხოვრებაც ხომ ასეა, ადამიანმა უნდა ეცადო და გამოუსწორებელი შეცდომა არასოდეს დაუშვა, ცხოვრება ის სქემა და ცხრილია, რასაც ქარგვის დროს ვიყენებთ, უნდა ვიფიქრო, ვიმსჯელო, ათასჯერ ავწონ-დავწონო და დავიწყო, ამიტომ საქმისთვის, გული და სული არ უნდა დაიშურო“.


ქალბატონი ლუსინე კითხულობს ძალიან ბევრს, ეს მის ნამუშევრებშიც მკაფიოდაა ასახული, თუმცა გაუჭირდა საყვარელი წიგნისა და მწერლის დასახელება, ასევე გაუჭირდა გამოერჩია მისთვის საყვარელი ნაქარგი. თუმცა ელის იმ დღეს, როდესაც მისი ნამუშევრებით ვინმე დაინტერესდება და მსურველი მის ტილოებს შეიძენს. ესეც მხოლოდ იმისთვის, რომ დარჩენილი ნაქარგები ჩასვას ჩარჩოში, შეიძინოს აბრეშუმის ძაფები და მისთვის განუყოფელი ხელსაქმე, მომატებულ წლებთან ერთად, ახალი იდეებითა და შემართებით გააგრძელოს.

მარინა გავაშელი

თეკლა გეთიაშვილის წიგნის პრეზენტაცია

0

წარმატებული იურისტი თეკლა გეთიაშვილი თანამედროვე მწერლობაში პირველ ნაბიჯებს დგამს,  მისი წიგნის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. ემოციურ დღეს საახალწლო განწყობა და ულამაზესი ნაძვის ხე კიდევ უფრო ალამაზებდა. მწერლისთვის მნიშვნელოვან დღეს, რომელსაც ყველაზე ლამაზ ოცნებაშიც კი ვერ წარმოიდგენდა, ესწრებოდნენ არა მხოლოდ  მისი მეგობრები და ოჯახის წევრები, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც პრეზენტაციის შესახებ შეიტყო. 

რომანის სახელწოდება ,,სულში ამოსული მზე“ ლექსის სტრიქონს ჰგავს, თუმცა აქვე იგრძნობა მწერლის სიღრმისეული სამყარო. წიგნი დიდ, ლამაზ სიყვარულზე, თბილისურ ბომონდურ ოჯახზე და მათ გარშემო მყოფ საზოგადოებაზე, ურთიერთობებზე, სიყვარულზე და მეგობრობაზეა.  

მწერლის ოცნება, ასე მალე და ამ სივრცეში, არ შედგებოდა, რომ არა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორისა და წიგნის რედაქტორის, გიორგი კეკელიძის  მხარდაჭერა, მან პრეზენტაციას საჯარო სივრცე დაუთმო.

 როგორც დებიუტანტი მწერალი ამბობს, წერა ახლახან დაიწყო, გააცოცხლა მის სულში მიძინებული  ყველა პერსონაჟი, წერდა ყველგან და ყოველთვის, ასე შეიქმნა მისი პირველი  ნაშრომი. მილოცვა, აღიარება და უამრავი ყვავილი მოუტანა დებიუტანტ მწერალს რომანმა „სულში ამოსული მზე“.

14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება

0

დღევანდელი დღე ბოლნისის თეატრის მსახიობებმა ჩვეული მხიარულებით აღნიშნეს და საქართველოში არსებულ ყველა მოქმედ თეატრს პროფესიული დღე სიმბოლური ტორტით მიულოცეს.
ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა და თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის “გაყრა” დაიდგა . ეს იყო იმ დროის საქართველოში ერთადერთი, პროფესიული თეატრი.
ქართული სასცენო ხელოვნების ახალი, ნაყოფიერი პერიოდი კი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით, ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია.
დღეისათვის კი საქართველოში სულ 48 თეატრია. მათ შორის არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი, რომლსაც 60 წელი შეუსრულდა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 27 მარტს დაგეგმილია გრანდიოზული ღონისძიება.

ბოლნისი სახელმწიფო დროშის დღეს უერთდება

0

14 იანვარს საქართველოში სახელწიფო დროშის დღე აღინიშნება, რომელსაც ბოლნისიც უერთება. სიმბოლურად დროშა გადმოიფინა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე.
,,ერის ისტორიაში დროშას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება. სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად.
მინდა ყველას მოგილოცოთ სახელმწიფო დროშის დღე!“-განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება.
საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა.
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, 14 იანვარს, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

გოგი მეშველიანი გილოცავთ ქართული თეატრის დღეს

0

,,მინდა თეატრალურ საზოგადოებას და განსაკუთრებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრალურ დასს მივულოცო ქართული თეატრის დღე!

თეატრს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ეს არის ადგილი სადაც ერთად იყრის თავს ქვეყნის წარსული და აწმყო.
ბოლნისის თეატრში ყოველთვის მოღვაწეობდნენ საინტერესო პიროვნებები. ჩვენმა დასმა , ზურაბ ხვედელიძისა და ლაშა ნოზაძის რეჟისორობით არაერთი საინტერესო სპექტაკლი შექმნა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს თქვენ და თქვენს მაყურებელს,”-გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი.

დავით შერაზადიშვილი ბოლნისის თეატრალურ დასს პროფესიულ დღეს ულოცავს

0

,,დღეს ქართული თეატრის დღეა. მინდა, ბოლნისის თეატრის თითოეულ წევრს დღევანდელი დღე მოგილოცოთ.
რამდენიმე ათეულ წელზე მეტია ჩვენი დასი სხვადასხვა ჟანრის გამორჩეული სპექტაკლებით გვანებივრებს. თეატრის კედლებში არაერთი შესანიშნავი მსახიობი აღიზარდა.
ბოლნისის თეტარი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა.
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც მუდმივად იღწვით იმისთვის, რომ ბოლნისში კულტურის სფერო სათანადოდ იქნას წარმოდგენილი.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ქართული თეატრის დღეს! გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას!”,-დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი.

გაიცანით ქართველი ახალგაზრდა რომელიც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სპორტული კარიერით დიდების მწვერვალზეა

0

ავთანდილ ბაკურაძე სოფელ თამარისიდანაა და დღეს იგი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სპორტული კარიერით დიდების მწვერვალზეა. ქვეყანა 3 წლის უკან დატოვა, გაუჭირდა სამშობლოს, ოჯახისა და საყვარელი ადამიანების სიშორე, ჰქონდა ენის ბარიერიც.  ძლიერი ნოსტალგიის ფონზე უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება ადვილი არ იყო, თუმცა მიზნისთვის აუცილებლად უნდა მიეღწია და სამშობლო და თავი ღირსეულად წარმოეჩინა „ძნელია ევროპაში ვინმე რამით გააკვირვო, მითუმეტეს საბრძოლო ხელოვნებით, რომელსაც თან ახლავს ბევრი ტრავმა, ტკივილი, სიშორე, მონატრება, შესაბამისად თუ თავდაუზოგავად არ იშრომე, არაფერი გამოგივა“.

ავთანდილ ბაკურაძე 2017 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ოფენბახში ასპარეზობს. თავდაპირველად ძალები კიკბოქსინგში მოსინჯა,  მალევე მოყვარულებში ჩემპიონი გახდა, შემდეგ პროფესიონალებში, რის შემდეგაც, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად საგზურიც მოიპოვა, ავთანდილმა იქაც ტოლი არავის დაუდო და მსოფლიო უძლიერეს სპორტსმენებს შორის ბრონზეს ქამრის მფლობელი გახდა, ასევე,  გასულ თვეში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა, ამჯერად, კრივში მოიგო ნოკაუტით და ქართველი გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა. ავთანდილი გერმანიაში საქართველოს სახელით ასპარეზობს და როგორც თავად ამბობს, „იმაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს, როდესაც უცხო ქვეყანაში შენს სახელმწიფო ჰიმნს აჟღერებენ და ქართული დროშის ქვეშ, წარმატებებს გილოცავენ. ეს კიდევ უფრო მაძლიერებს, სამომავლოდ მეტ მოტივაციას მაძლევს. სასიხარულოა და საამაყო, როდესაც  გულშემატკივრებს იმედს არ უცრუებ. ზუსტად მათი მხარდაჭერა, გვერდში დგომა მამხნევებს, ძალასა და რწმენას მმატებს, რომ უფრო ბევრს მივაღწიო და საქართველოს სახელი ფართო მასშტაბებზე ამაყად გავიტანო“.

ახალგაზრდა სპორტსმენი ნანობს, რომ ქვეყნის გარეთ მოუწია ასპარეზობა, თუმცა თვლის, რომ კარიერული ზრდისთვის ევროპაში მეტი პერსპექტივა აქვს, იქ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას, შინ დაბრუნებული, მოყვარულ მებრძოლებს შეასწავლის.

„სამწუხაროდ, საქართველოდან მომიწია გამგზავრება, მაგრამ სამომავლო გეგმები და იდეები ჩემს ქვეყანას უკავშირდება, ვაპირებ  დაბრუნებას და კლუბის ჩამოყალიბებას, სადაც მსურველებს შევასწავლი საბრძოლო ხელოვნებას, აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გავუზიარებ. სამშობლო მხოლოდ ფიზიკურად დავტოვე, თორემ მე ისევ საქართველოში ვარ, ყოველ გამოსვლაზე საქართველოს სახელით ვიბრძვი, ვშრომობ და ვსწავლობ ბევრს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივაციით, რომ ჩემს ქვეყანაში ღირსეულად დავბრუნდე,  დიდების მწვერვალზე ქართული ჰიმნი ჟღერდეს და დროშა ფრიალებდეს“.

დატვირთული რეჟიმის და დროის სიმცირის მიუხედავად ავთანდილი ახერხებს და ხშირად ხვდება ქართულ დიასპორას, სადაც ქართული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების დიდი კორიანტელია, სადაც ემიგრანტი ქართველები დარდს, მონატრებას, ტკივილს,  სიხარულს ერთმანეთს უზიარებენ, სადაც ჭირსა და ლხინს ერთნაირად იყოფენ, სადაც გვერდში დგომა, სიყვარული და ერთგულება სულ სხვანაირად იციან, სწორედ ეს აძლიერებს მათაც და ჩვენი რუბრიკის სტუმარსაც, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწიონ და თითოეულმა მათგანმა გამთლიანებულ საქართველოში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ გულშემატკივარი გყავს შენი ქვეყნიდან, აქ ხშირად ვიკრიბებით  ქართული ტრადიციების კვალდაკვალ, იმ რწმენით და იმედით, რომ დავბრუნდებით. ახალი წელი ახლოვდება და მინდა ჩემს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკური გაუმჯობესება, ნაკლები სოციალურად დაუცველი,  მეტი ბედნიერი და გახარებული ქართველი ვუსურვო“.

,,გაზეთი ბოლნისიც“ ულოცავს  ქართველ სპორტსმენს დამდეგ შობა -ახალ წელს და უსურვებს წარმატებებს.

მარინა გავაშელი

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ოთარ მამულაშვილი გახდა

0

ქალაქ ბაქოში ჩატარებულ ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, თავისუფალ ჭიდაობაში, 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოჭიდავე, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების გუნდის წევრი, ოთარ მამულაშვილი ფინალურ შეხვედრაში გადასასვლელ ორთაბრძოლაში დამარცხდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთან, რომელსაც მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციის (FILA) კომიტეტმა დაუდგინა აკრძალული პრეპარატის დოპინგის მიღება და მოუხსნა მიღწეული შედეგი. მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციამ შეჯიბრებიდან მოხსნილი, რუსი სპორტსმენისთვის ჩამორთმეული მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი ოთარ მამულაშვილს მიაკუთვნა.
,,მთელი გულით ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენს, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრს ოთარ მამულაშვილს ბაქოში გამართულ ევროპის ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 51 კგ. წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილის დაკავებას. ბოლნისს თავისუფალი სტილით ჭიდაობის დიდი ტრადიციები გააჩნია და ოთარის მიღწეული წარმატება ამის ნათელი დასტურია. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სპორტის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, რადგან გვჯერა, რომ ეს ჯანსაღი მომავლის საწინდარია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ოთარს ოლიმპიურ ბრინჯაოს და მას ჩვენი ქვეყნის სასახელოდ კვლავ არაერთ გამარჯვებას ვუსურვებ,“განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

საშობაო ალილო ბოლნისში

0

მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბოლნისის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა- ლოცვა აღევლინა. შობის ღამეს სიონის საკათედრო ტაძარში მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა, ეპარქიის მამებთან ერთად საზეიმო ღვთისმსახურება ჩაატარა. საზეიმო მსახურებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. შობის დღესასწაული ტრადიციული საშობაო ,,ალილოს ’’ მსვლელობით გაგრძელდა, სადაც ბოლნელმა ეპისკოპოსმა ღვთისმშობლის ნიშთან სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა. ,,ალილოს’’ მსვლელობა მოხუცთა სახლში დასრულდა, სადაც მეალილოებმა შეგროვილი ნობათი მოხუცებს გადასცეს და ქრისტესშობა ახარეს.

თეკლა გეთიაშვილის წიგნის პრეზენტაცია 11 იანვარს გაიმართება

0

,,ეს არის რომანი ადამიანებზე, მათ ჩვეულებრივ ყოვედღიურობაზე, რომლებსაც სხვაგვარად დაკვირვებული თვალი არაჩვეულებრივად აქცევს.“  ასე აფასებს გიორგი კეკელიძე   ბოლნისელი თეკლა გეთიაშვილის   რომანს სახელწოდებით – ,,სულში ამოსული მზე.“  წიგნის  პრეზენტაცია  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 11 იანვარს,  წიგნის რედაქტორის,  გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით   გაიმართება.

თეკლა გეთიაშვილი, წიგნის ავტორი:

წიგნის შექმნის იდეა  ერთი წლის წინ დაიბადა, კაბინეტში ვიჯექი მარტო, ინსტიქტურად გავხსენი ლეპტოპი და რაღაც თავისთავად წამოვიდა,  კომპიუტერთან თითქოს მხოლოდ  მუშაობდა თითები, რადგან  გააზრებასაც ვერ ვასწრებდი,  თავისთავად მოდიოდა აზრები… და ასე გაგრძელდა ერთი წელი, ყველგან ჩემი ლეპტოპით დავდიოდი, შეიძლებოდა უცებ გავმქრალიყავი დიდი წვეულებიდან და  განმარტოებით სადმე გაუთავებლად მეწერა. რაც შეეხება შინაარსს, ეს რომანი არის დიდ, ლამაზ სიყვარულზე, წიგნი მოგვითხრობს თბილისურ ბომონდურ ოჯახზე და მათ გარშემო მყოფ საზოგაოებაზე, მათ ტკივილზე, სიხარულზე, ურთიერთობებზე, სიყვარულზე და მეგობრობაზე… და იმპერატიულად მაქვს გატარებული ის ხაზი, რომ სიყვარული არის სიყვარული, მეგობრობა არის მეგობრობა და ამ ორ უფლის საჩუქართან,  ბანალური ინტრიგები არ გავხლართე. წიგნის რედაქტორია გიორგი კეკელიძე და 11 იანვარს მისი მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება ჩემი წიგნის პრეზენტაცია. 

გიორგი კეკელიძე, წიგნის  ,,სულში ამოსული მზე“ რედაქტორი,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი:

მზისა და ადამიანების შესახებ ცოდნა და განცდა ვერ თავსდებიან ხოლმე. ამიტომაც, როცა დილით, ფანჯრიდან აღმოსავლეთის მთებს ვუთვალთვალებ, ფიქრი როდი მკარნახობს, რომ ამოდის მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავი, თითქმის იდეალურად სფერული, ცხელი პლაზმისგან შემდგარი, მაგნიტური ველებით, დედამიწის მასაზე 330 000-ჯერ დიდი. არასდროს ვუყურებ ასე. დარწმუნებული ვარ – არც თქვენ. რადგან ადამიანი ვერასდროს გასცდება საკუთარ სამყაროს, რასაც ხედავს, იმას შეიგრძნობს. როცა მიწაზე იდგება და ცას ახედავს, მისი თვალები გაიმეორებენ  ძველი შუამდინარელის და ან აფრიკელის, რომაელის თუ ბიზანტიელის თვალებს. იმ თვალებისთვის მზე პატარა იყო,  პატარაა ჩვენთვისაც, და ასეც ჯობს დარჩეს. ასე უფრო დიდები ვართ, უფრო ადამიანები ვართ,  მით უფრო – როცა მზე ჩვენში ამოდის, ყველაზე პატარა და ამავდროულად, ყველაზე დიდი მზე.

ეს არის რომანი ადამიანებზე, მათ ჩვეულებრივ ყოვედღიურობაზე, რომელსაც სხვაგვარად დაკვირვებული თვალი არაჩვეულებრივად აქცევს. ავტორის მსუბუქად თხრობის უნარი, დიალოგების შესანიშნავად აწყობის ტექნიკა, სათქმელის ზუსტი მორგების ნიჭი, ენობრივი ცვალებადობა, მოქმედების ველის თანამედროვეობა, ტექსტს ახლობელს და იოლად აღსაქმელს ხდის. არის სცენები, სადაც ნაწარმოები თითქოს პიესად იქცევა, მერე უცებ მდორდება და სხვა წარმოსახვაში გადაგისვრის. “როგორი უკიდეგანოა სამყარო, თან როგორი დაუნდობელი’’ – წიგნი ამაზეცაა, გარდაუვალ იმედგაცურებებზე, მარცხზე და ამ მარცხიდან გაქცევის,  ან გამარჯვების სურვილზე. მაგრამ ბოლოს ერთ დიდ, ფილოსფიურ დაკვირვებად იქცევა : ,,რა არის სიკვდილი? არაფერი… ერთი გაელვება, ერთი სათანადო, ან არასწორი ნაბიჯი და თვალის დახუჭვა, მერე? მერე ყველაფერი სულერთია – მაშ, ,ძალიან იოლი ყოფილა სიკვდილი, ბავშვობაში წაქცევაზე და მუხლის გადაყვლეფაზე იოლი’’ და ხვდები, რომ სიკვდილი მართლა არაფერია. რომ მზე არც მერე ტოვებს ადამიანს, სულში ამოსული მზე.

,,სულში ამოსული მზე“- ეს არის თეკლა გეთიაშვილის პირველი წიგნი , თუმცა აღსანიშნავია, რომ მას ასობით ლექსი აქვს დაწერილი,  პირველი  3 წლის ასაკში.  რაც შეეხება ლექსების  კრებულის გამოცემას,  ავტორი თავს იკავებს,  რადგან ფიქრობს, რომ : ,, ლექსებს ყველა წერს, ამიტომ არ დავღლი საზოგადოებას ჩემი წიგნებით, ჩემს ლექსებს სოციალურ ქსელში ბევრი მკითხველი ჰყავს და ამითაც კმაყოფილდებიან“. ის ჩვენთან საუბარში ბავშობის წლებს იხსენებს და გვიყვება,  როგორ სპონტანურად წერდა, იხსენებს ერთ ისტორიას,  როდესაც ის  მეორე კლასელი იყო და მის სკოლას სტუმრად ეწვია  ყველასათვის საყვარელი მსახიობი, დოდო ჭიჭინაძე  ,,მთხოვეს დამეწერა და მიმეძღვნა რაიმე ლექსი. დავწერე ლექსი ბებიაზე  ,,ჩვენო დოდო ბებია“ მაგრამ მითხრეს,  რომ მზესავით ქალია,  რა დროს ბებიააო ,  მე წავედი სახლში.  ამასობაში სტუმრისთვის დაუსვამთ  შეკითხვა სასურველ  პროფესიაზე და მასაც უპასუხია, ბებიობა და  შვილიშვილების მიხედვაო,  ამ პასუხის შემდეგ,  გზაში დამაწიეს ბავშვი,  მეც მივბრუნდი და საზოგადოებას, ჩემი ექსპრონტად დაწერილი ლექსი წავუკითხე:

ჩვენო დოდო ბებია, მოგილოცავ სამოც წელს,

ჩემი ტკბილი ბებია, სულ მერჩია სამოთხეს,

მაგრამ, თქვენ რომ გუყურებთ, ასე ლაღს და ფრთებგაშლილს,

თუ ბაბუა დამთანხმდა, მე წაგიყვანთ, ჩემს სახლში…

წამოდგა ქალბატონი დოდო, ჩამეხუტა, მეფერა, სახელი და გვარი ჩაიწერა, ლექსი დამაწერინა, მოკლედ ისეთი მადლობებით წავიდა , რომ მთელს ამ საღამოს,  მარტო ეს ლექსი უდრიდაო.“

რაც შეეხება თეკლა გეთიაშვილის სამომავლო გეგმევს,  ის სულ რამდენიმე სიტყვით გვპასუხობს:  ,, თეკლა ძალიან სპონტანური ადამიანია, ამიტომ მხოლოდ ბედნიერებას გეგმავს.

 ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ ავტორს პირველი წიგნის პრეზენტაცია და შემდგომი წარმატებები ვუსურვოთ.