ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსი ფეხმძიმე ქალს დაუდასტურდა. მედიკოსების ინფორმაციით აღნიშნულ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა მარნეულში მცხოვრებ ქალთან და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ტესტი ნახიდურში მცხოვრებ 13 ადამიანს ჩაუტარდა, ამათგან მხოლოდ ერთი დადასტურდა. ახალგაზრდა ქალი
თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით , ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი აკეთებს განცხადებას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტს მესამე დღეა კარანტინის რეჟიმში უწევს ცხოვრება, შესასვლელს პოლიცია და თავდაცვის ძალები აკონტროლებს. მოწყობილია ბლოკ-პოსტი, მუნიციპალიტეტიდან არავის უშვებენ, გამონაკლისი მხოლოდ ის ადამიანები არიან, ვისაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება სჭირდება, ბოლნისში შესვლის უფლება კი იმ პირებს აქვთ, ვინც აქ არიან ჩაწერილები, თუმცა ისინი ორი კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტს ვეღარ დატოვებენ. მოსახლეობა გაგებით ეკიდება საკარანტინო რეჟიმს, დაკეტილია ყველა ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება ტარდება. ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს, რომ მოსახლეობას სურსათთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნათ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფართო მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილმა სპეციალურმა ტექნიკამ, თავდაპირველად სოფელ ნახიდურიდან დაიწყო, სადაც რამდენიმე ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან მათ კონტაქტი ჰქონდათ მარნეულში დაინფიცირებულ ქალთან. სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს. საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი და მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად არსებულ ვითარებას პირადად დაესწრო.
ასევე აქტიურ რეჟიმში მუშაობს ჯანდაცვის სამსახური . თხუთმეტმა სამედიცინო ჯგუფმა , ინტენსიურად, დაიწყო თითოეულ სოფელეში მოქალაქეების შემოწმება, ესაუბრებიან მათ, უზომავენ ტემპერატურას. ღონისძიების მიზანია კარანტინის რეჟიმში მყოფ მოსახლეობას მიეცეს საშუალება დროულად გაარკვიონ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღესვე დაიწყო სპეციალური ტესტის ჩატარება, სოფელ ნახიდურში მცხოვრები , თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფი მოსახლეობისთვის. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, მოხდება მოქალაქის გადაყვანა მარნეულის საველე ჰოსპიტალში.
სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მერია დისტანციური მუშოების რეჟიმზეა გადასული. გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად, მერიის გარკვეული სამსახურების თანამშრომლები, მუშაობის სპეციციფიკიდან გამომდინარე, შენობაში საკუთარი მოვალეობის შესრულებას მაინც აგრძელებენ. კორონავირუსის პრევენციისა და საჯარო მოხელეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შპს ,,დეზ-ეფექტი“ მერიის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოებს რეგულარულად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ დერეფნებში დამონტაჟებულია სპეციალური დისპანსერები, სადაც ანტისეპტიკური ხსნარია მოთავსებული.
მერიის შენობის გარდა, შპს „დეზ-ეფექტის“ თანამშრომლებმა, დეზინფექცია ჩაუტარეს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებს, ბაღებსა და მუნიციპალურ შენობებს.
StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ- მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.
,,დავეხმაროთ ერთმანეთს ეს დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია”-ამ იდეით დედა -შვილმა მარინა გორშკოვამ და ბელა უგრეხელიძემ სოციალური ქსელით, საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდეს, იდეა ახალი კორონავირუსისგან დასაცავად სახლის პირობებში პირბადეების, ხელთათმანების და ანტიბაქტერიული ხსნარის დამზადებას გულისხმობს. თანამოაზრეები მალევე გამოეხმაურნენ და ერთობლივად სხვადასხვა ჰიგიენური საშვალებები დაამზადეს. მოხალისეებმა მათ მიერ დამზადებული დამცავი ნივთები ქალაქ ბოლნისის ქუჩებში მოქალაქეებს დაურიგეს, მოხუცთა სახლის ბენეფიციარებიც მოინახულეს და ინფორმაცია მიაწოდეს. მოხალისე დედა_შვილი დაინტერესებული ადამიანებისთვის ოლაინ გაკვეთილებსაც ატარებს, თუ როგორ შეიძლება სახლის პირობებში სადეზინფექციო ხსნარის დამზადება.
,,ვინაიდან არის პირბადის და ანტიბაქტერიული სითხის დეფიციტი , ჩვენ დავამზადეთ ისინი და მოქალაქეებს დავურიგეთ, ნივთები მოხუცთა თავშესაფარში მომუშავე პერსონალსაც გადავეცით,ვთვლი რომ ადამიანებზე ზრუნვა ყველას ვალია“.აღნიშნა ბელა უგრეხეკიძემ
,,ვირუსისგან დასაცავად საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე, დარჩით სახლში, ნუ ჩააგდებთ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეში“ – ასე მოუწოდებდნენ დღეს მოხალისეთა ჯგუფები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის არაქართულ სოფლებში მცხოვრებლებს. ახალგაზრდებმა მოსახლეობას ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მიაწოდეს. მოხალისეებმა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები მთლიანად მოიცავეს, მოწოდებები საჭიროების მიხედვით კვლავ გაგრძელდება.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გამო, საქართველოში მოქმედი ყველა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესი 2 მარტს შეწყდა. ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღსაზრდელისთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი, დაფასოებული პროდუქტების პაკეტების გადაცემა რამდენიმე ეტაპად, მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში ხორციელდება. დღეს საბავშვო ბაღში პროდუქტების გაცემა მრავალშვილიან, მარტოხელა და სოციალურად შეჭირვებულ 11 ოჯახს ბავშვებისთვის განკუთვნილი ნორმა გადაეცათ. პროცესს ესწრებოდა ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების დირექტორი ლელა გოგმაჩაძე.
კორონავირუსისგან დასაცავად საპატრიარქოს ინიციატივას ბოლნისის ეპარქიაც გამოეხმაურა და ბოლნელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის სასულიერო პირებმა დღეს ბოლნისის ქუჩები აკურთხეს. წყლის კურთხევის ცერემონიალი ღვთისმშობლის წმინდა ნიშიდან დაიწყო, რის შემდეგაც სასულიერო პირები ქალაქის სხვადასხვა უბნისკენ გაემართნენ. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, მსვლელობის მიზანია ქალაქისა და მოსახლეობის დალოცვა, ისინი ბოლნისის ქუჩებს მოივლიან და წყალს აპკურებენ.
ბოლნისი და მარნეული ჩაკეტილია, მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ქალაქ მარნეულში დაინფიცირებულ ქალბატონს უკავშირდება, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება Covid-19-ით ინფიცირებული ქალთან კონტაქტში მყოფი ოჯახი, რომელიც სოფელ ნახიდურში ცხოვრობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. სიტუაცია მკაცრად კონტროლდება, მობილიზებულია შინაგან საქმეთა ძალოვანი უწყებები.
საქართველოს თავდაცვის ძალები კორონა ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო. შეზღუდულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შესვლა და გასვლა, გადადგილება. დაიხურა ყველაფერი, გარდა სასურსათო პროდუქტების, მედიკამენტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებისა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად. საზოგადეობრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიმშვიდეა, მოსახლეობა ინფორმირებულია იმ შეზღუდვების შესახებ, რაც კარანტინის გამოცხადებას ახლავს.