კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 194

,,მუდამ იქ ვარ სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები,“-ინტერვიუ გოგი მეშველიანთან

0

,,გოგი იქნება ბოლნისის და არა მარტო ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის ხმა  საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“.

 ,,ის არის ჩვენი გუნდის ღირსეული წარმომადგენელი, უპატიოსნესი ადამიანი, პროფესიონალი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თითოეული პრობლემა, რაც აწუხებს საზოგადოებას ამ რეგიონში,“ მართველი გუნდის ლიდერებმა,  ამ სიტყვებით წარადგინეს საზოგადოების წინაშე  გოგი მეშველიანის კანდიდატურა, მას შემდეგ იყო საკმაოდ რთული კონკურენტუნარიანი წინა საარჩევნო გარემო გაერთიანებულ ოლქში. ამ ხნის განმავლობაში გოგი მეშველიანმა მოახერხა თითოეული ქალაქის, სოფლისა და დაბის მოსახლეობამდე მისვლა, როგორც თავად ამბობს მათ წინაშე წარსდგა გულწრფელი, რეალური დაპირებებით და შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა.

,,მუდამ იქ ვარ სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო საზოგადოებამ გადაწყვეტილება, მე კი  ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი ნდობა გავამართლო,“ამბობს გოგი მეშველიანი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, #14 მაჟორიტარულ ოლქში, ხმათა უმრავლესობა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გოგი მეშველიანმა მიიღო და პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.  

მოგესალმებით და გაზეთის სახელით  გილოცავთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ბატონო გოგი, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში?

-მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მკითხველს. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და  ბოლნისელებს, დმანისელებს, თეთრწყაროელებს და წალკელებს, კიდევ ერთხელ  გადავუხადო მადლობა მაღალი აქტიურობისა და ჩვენთვის გამოცხადებული ნდობისთვის.

ოყო ოთხი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პირველ რიგში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს ნიშნავს იყო ამ ხალხის  ხმა  საქართველოს პარლამენტში, ძლიერი ლობისტი, რათა შეძლო და ყველას გააცნო ბოლნისელების, დმანისელების, თეთრწყაროელების და წალკელების ინიციატივები, თუ საჭიროებები, დაიცვა მათი კანონიერი ინტეტრესები. ეს არის ყოველდღიური შრომა მოსახლეობის წინაშე  არსებული გამოწვევების დასაძლევად.

მოკლედ, რომ ვთქვათ საქართველოს პარლამენტში იყო  გაფართოებული ოლქის მაჟორიტარი ნიშნავს,  მოსახლეობის პულსსზე მუდმივად გეჭიროს ხელი, რათა სათანადოდ შეძლო მათი ინტერესების დაცვა.

მმართველმა გუნდმა გამოგიცხადათ ნდობა და დაგასახელათ გაერთიანებული ოლქის კანდიდატად.  ამ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, თქვენ ძალიან მცირე დროში,მეზობელ მუნიციპალიტეტებში, უნდა მოგეპოვებინათ თქვენთვის უცნობი ამომეჩევლის ნდობა, გარდა ამისა იყო სხვა ფაქტორიც – თქვენი ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც  ახლა უკვე წარმოდგენილი იყო ოპონენტის პოზიციით, რამდენად რთულ გარემოში მოგიწიათ  საარჩევნო კამპანიის განხორციელება?

-ჩვენი ოპონენტების მცდელობის მიუხედავად, წინასაარჩევნო პროცესი წარიმართა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. დესტრუქციული ძალების პროვოკაციებმა, ჩვენ და ჩვენი მხარდამჭერები უფრო გაგვაძლიერა და მეტი შემართება მოგვცა. ძალიან საინტერესო და პოზიტიური საარჩევნო კამპანია გვქონდა. მაჟორიტარულ ოლქში შევხვდით ყველა სოფლის, დაბისა და ქალაქის მოსახლეობას, ვესაუბრეთ უამრავ ადამიანს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა დადებითად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს, რომლის ფარგლებშიც არაერთი ადამიანი სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით. რაც შეეხება, როგორც თქვენ ამბობთ,   უცნობი ამომრჩვლის ნდობის მოპოვებას – მე მათ წინაშე წარვსდეგი გულწრფელობით , ჩემს მიერ განხორციელებული საქმეებით და მხოლოდ რეალური დაპირებებით. განვლილი ოთხი წლის მანძილზე პარლამენტშიც აქტიურად ვმუშაობდი და ვიცავდი ამომრჩევლის ინტერესებს, ასევე მოქალაქეებთანაც გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია. შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში, რეაგირების გარეშე არ დაგვრჩენია არცერთი შემოსული განცხადება თუ შეტყობინება. ყოველთვის ვიყავი ღია ყველა ადამიანს ჰქონდა და აქვს საშუალება თვალი ადევნოს ჩემს საქმიანობას.  მუდამ იქ ვარ სადაც ჩემს ხალხს ვჭირდები. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო საზოგადოებამ გადაწყვეტილება, მე კი  ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მათი ნდობა გავამართლო.

მოგეხსენებათ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენი ოპონენტების მხრიდან მატულობდა დესტრუქციული  ქმედებები, ამ ადამიანებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდათ , ცდილობდნენ წინასწარ დადგმული პროვოკაციებით ყურადღება მიექციათ და არჩევნებისთვის ჩრდილი მიეყენებიათ, თუმცა ჩვენი საზოგადოება ადეკვატურად აფასებდა მოვლენებს, ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კარგად გვიცნობს  და მათი ჩვენდამი დამოკიდებულება 31 ოქტომბერს საარჩევნო ყუთთან დააფიქსირეს და პირველივე ტურში გავიმარჯვეთ.

გაერთიანებულ ოლქში ამომრჩევლის 55,44%-მა დაგიჭირათ მხარი,  არა მარტო ბოლნისში, არამედ თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებიც მოგებული გაქვთ ხმათა უმრავლესობით. ელოდით ამ შედეგს?  და რას ეტყოდით ამომრჩეველს, როგორია თქვენი  სამოქმედო გეგმა?

– ჩემთვის, როგორც ყოველთვის ახლაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩემი ამომრჩევლის ინტერესების დაცვა და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერა იქნება. მთელი ჩემი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსი მიმართული იქნება ამომრჩეველთან მუშაობაზე და მათი ინტერესების ლობირებაზე საქართველოს პარლამენტში. ვაპირებ ისევ პატიოსნად ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია  თითოეული ადამიანი, ვუსმენთ ხალხის ხმას და ვცდილობთ ყოველთვის გავითვალისწინოთ მოსახლეობის აზრი. ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ჩვენი ახალგაზრდობაა და მათ უნდა ჰქონდეთ ადგილზე განვითარების საშუალება, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობის, დასაქმების, კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

მეტი რესურსი უნდა გამოვყოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მივცეთ ბიზნეს აქტივობებში ჩართვის საშუალება. ასევე უნდა შევქმნათ სხვადასხვა სახის სივრცეები, მათ შორის სპორტული და ინტელექტუალური დასვენებისთვის.

განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კეთილმოეწყობა ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა. გავზრდით მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების ხარიხს, იქნება 24 საათიანი წყალმომარაგება. გაგრძელდება სკოლების რეაბილიტაცია, მშენებლობა. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულებში ავაშენებთ ახალ საბავშვო ბაღს,ასევე გაგრძელდება არსებულის რეაბილიტაცია. დაწყებულია და ბოლომდე მივიყვანთ სოფლების გაზიფიცირების პროექტს .

მაქსიმალურად გამოვიყენებთ რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალს და განვავითარებთ სხვადასხვა მიმართულების ტურიზმს (ეკო ტურიზმს, სათავგადასავლო, კულტურულ, პილიგრიმულ და აგრო ტურიზმს). შევქმნით თანაბარ შესაძლებლობებს და ჯანსაღ კონკურენტუნარიან გარემოს, სადაც ყველას ექნება საკუთარი თავის რეალიზების საშუალება .

ვიმუშავებთ რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაზე. ახალგაზრდების გაძლიერებისა და ხელშეწყობის მიზნით განვახორციელებთ პროგრამებს, რაც მისცემს მათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას. ადმინისტრაციულ ერთეულებში შევქმნით ახალგაზრდულ ცენტრებს, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან სხვადასხვა უნარებს , მიიღებენ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას.

ხელს შევუწყობთ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას, გავაგრძელებთ საირიგაციო სისტემების მოწყობა რეაბილიტაციას.

ჩვენი კონსტიტუციის თანახმად – ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი . ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რათა კიდევ უფრო დავიცვათ გარემო და უზრნველვყოთ მდგრადი ეკოლოგიური განვითარება.

რაც შეეხება  პირველივე ტურში, დამაჯერებლად გამარჯვების მოლოდინებს – სიმართლე გითხრათ, ასეთი მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, ჩვენმა გუნდმა ძალიან აქტიურად, თავდაუზოგავად და პატიოსნად იმუშავა და აქ, არ ვგულისხმობ მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდს. კარგად დაგეგმილ, მიზანმიმართულ შრომას კი ყოველთვის მოაქვს შესაბამისი შედეგი…  

მადლობა ბატონო გოგი,  გისურვებთ წარმატებებს!

ნ.კარგარეთელი

ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ გაზეთ ,,ბოლნისის” ბეჭდური ვერიის ნოემბრის ნომერში.

COVID 19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო მასალები ეთნიკურად დასახლებულ სოფლებში კარდაკარის პრინციპით დაარიგეს.ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და ვრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ. ორენოვანი ბროშურები ქვემო ქართლის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია.ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.

,,მენტორობა მხოლოდ წოდება და პატივი არაა, მენტორობა უდიდესი მოვალეობაა”- ინტერვიუ ლალი ასლამაზაშვილთან

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგს, ლალი ასლამაზაშვილ-დალაქიშვილს, პედაგოგიური გამოცდილებისა და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების გამო, პედაგოგის უმაღლესი წოდება, მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.,,მსურს, ქალაბტონ ლალის ეს დიდი წარმატება მივულოცო. ორმაგად სასიხარულოა, რომ ეს სტატუსი უშუალოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა. ქალბატონ ლალის, მუნიციპალიტეტში, ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ის წლებია სოფელ ქვემო ბოლნისში ქართულს, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ასწავლის. გამორჩეული პედაგოგიური უნარების დამსახურებით, ლალი მასწავლებლმა მოსწავლეებს არამარტო ქართული ენა შეაყვარა, არამედ ღირსეულ მოქალაქეებადაც აღზარდა ისინი. ნოვატორული სწავლების მისეული მეთოდები ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს, ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ლალი დალაქიშვილი-ასლამაზიშვილი 2019 წლის ქართულის, როგორც მეორე ენის, საუკეთესო მასწავლებლად დაასახელა. ვამაყობ, რომ ქალბატონი ლალი სწორედ ჩვენს მუნიციპალიტეტში მოღვაწეობს და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთი წარმატების მომსწრეს გაგხვდის. მუნიციპალიტეტში მენტორი პედაგოგის სტატუსი, ლალი მასწავლებლის გარდა, კიდევ სამ პედაგოგს აქვს მინიჭებული. სასიხარულოა, რომ ასეთი წარმატებული და მისაბაძი პედაგოგები გვყავს, რომლებიც საქართველოს მომავალი თაობის აღზრდის პროცესში ძალ-ღონეს და ინტელექტუალურ რესურსს არ იშურებენ’’. აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა. მან პროფესიული თვალსაზრისით, საკმაოდ რთული გზა განვლო და აღნიშნულ წარმატებას დიდი შრომის შედეგად მიაღწია. ,,დღეს მე ვარ მასწავლებელი, რომელიც სიხარულით მიდის სისხამ დილით სკოლისაკენ, კოლეგა, რომელიც სიამოვნებით უზიარებს თავის გამოცდილებას, როგორც ბაკალავრებს, ისე სხვა მასწავლებლებს, დღეს მე ვთვლი, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც ჩემი მისიის აღრულება შემიძლია – პედაგოგიური საქმიანობის უმაღლეს საფეხურზე,“ ამბობს ქალბატონი ლალი.ის პედაგოგის ოჯახში დაიბადა, რამაც პროფესიის არჩევაში დიდი როლი შეასრულა, თუმცა ჟურნალისტობაც ძალიან სურდა, ამიტომ მუშაობა რაიონულ გაზეთში დაიწყო და ოცნებაც ასე აიხდინა, როგორც თავად ამბობს, მეტად გამბედავი გახდა, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობით ხალხზე დაკვირვებაც ისწავლა და პრობლემების გადაჭრის გზებზეც დაიწყო ფიქრი.გაზეთი ,,ბოლნისი’’ გიამბობთ ლალი ასლამაზაშვილი – დალაქიშვილის პედაგოგიური საქმიანობის შესახებ.,,ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, ფიქრი ყველაფერს ლამაზად ალაგებს, მაგრამ, როცა საქმე ახლობელ სფეროს ეხება, იმდენად ბევრი სათქმელი წამოტივტივდება, გიჭირს მათში არსებითის ამოწევა, გაჩერება, ახლაც ასე მოხდა, თავისთავად წამოვიდა სათქმელი…დავიბადე პედაგოგების ოჯახში, შეიძლება ითქვას, რომ სკოლა ჩემს ცხოვრებაში, იმთავითვე ორი სახით შემოვიდა: მოსწავლეც ვიყავი და თან პედაგოგების ტკივილსა და სიხარულსაც ვხედავდი. ალბათ, ამანაც განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობა. შვილთან ერთად შევაბიჯე სკოლაში, როგორც მშობელმა და როგორც პედაგოგმა. ყველაზე რთულად აღსაზრდელი კლასი შემხვდა, მაგრამ ვეცადე და გამომივიდა – წლის ბოლოს, მათი მისამართით, მხოლოდ ქება ისმოდა“.-შემდეგი საქმიანობის წლებზეც გვიამბეთ, რომელიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. -ძიება და მიღწეულით განცდილი სიხარული, ახლა ვფიქრობ – რა მეხმარებოდა? ალბათ ჩემი გულწრფელობა და მუდმივად იმაზე ფიქრი, რითი გამხდარიყო საინტერესო ჩემი გაკვეთილები. თუმცა ისე გამოვიდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სკოლის წარდგინებით, ენის სახელმწიფო პალატის თანამშრომელი გავხდი. ასევე აქტიურად იყავით ჩართული სხვადასხვა პროექტებში, რაში გეხმარებოდათ ეს აქტივობები?-საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, პროფესიონალებთან თანამშრომლობა და პირველი პროექტი, რომელმაც დამანახა, რომ შესაძლებელია დამატებითი საშუალებების გამონახვა ყოველდღიურობის გასამრავალფეროვნებლად. პარალელურად, დამოუკიდებელ გაზეთსაც ვრედაქტორობდი. სწორედ მაშინ გამოცხადდა მასწავლებლებისათვის კონკურსი პროგრამაზე ,,ქართული როგორც მეორე ენა“, ჩვენ ვიყავით პირველი ტრენერები ამ სფეროში და შემდეგ იყო მრავალი სასიამოვნო დღე, ურთიერთობა სხვადასხვა რაიონის მასწავლებლებთან. მოგვიანებით, ეუთოს დაფინანსებით, ვხელმძღვანელობდი ქართული ენის შემსწავლელ კურსებს (პროექტს ახორციელებდა ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი). ზრდასრულებთან მუშაობამ მასწავლა, რომ თამაშით სწავლება ნებისმიერ ასაკში ამართლებს. პარალელურად, იმავე ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მივიღე ბილინგვური სწავლების მიმართულებით გაწეულ საქმიანობებშიც. ჩვენი ჩართულობით გამოიცა ორენოვანი სწავლების სახელმძღვანელოები.შემდეგ მუშაობა დაიწყეთ უთნიკურ აზერბაიჯანელ მოსწავლეებთან, რთული არ იყო?- სიმართლე გითხრათ, პირველად ძალიან მეშინოდა, თუმცა სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან მუშაობის გამოცდილება მქონდა, მაგრამ აქ სხვა იყო.. მთლიანად უცხოენოვანი გარემო, ბავშვები, რომელთა ენაც არ ვიცოდი. შევძლებ? ვეკითხებოდი ჩემს თავს. თუ ვერ შევძლებ, წამოვალ- ვფიქრობდი… პირველივე დღეებიდან მივხვდი, რომ არაერთი სირთულის გადალახვა მომიწევდა, მაგრამ არ წამოვსულვარ, მოსწავლეების თვალებში დანახულმა სხივებმა მაგრძნობინა, რომ მათ ძალიან ვჭირდებოდი. მათთვის მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ენა კი არა, სხვა ცხოვრებაც უნდა მეჩვენებინა, მესწავლებინა, როგორ ეგრძნოთ თავი, როგორ გამოევლინათ თავისი უნარები, მათთვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველსაყოფად დამეხმარა ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია “ბოლნისის ენის სახლი“, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ბავშვებისათვის, სხვადასხვა საინტერესო საქმიანობას ახორციელებს. როგორი მასწავლებელი ხართ?-დღეს მე ვარ მასწავლებელი, რომელიც სიხარულით მიდის სისხამ დილით სკოლისაკენ, კოლეგა, რომელიც სიამოვნებით უზიარებს თავის გამოცდილებას, როგორც ბაკალავრებს, ისე სხვა მასწავლებლებს, დღეს მე ვთვლი, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც ჩემი მისიის ასრულება შემიძლია- პედაგოგიური საქმიანობის უმაღლეს საფეხურზე.პედაგოგისთვის ყველაზე სასურველი, მენტორის, სტატუსის მფლობელი ხართ, რას ნიშნავს ეს სტატუსი თქვენთვის?- მენტორის სტატუსამდე იოლი ნაბიჯებით არ მოვსულვარ. ჯერ კიდევ მაშინ ჩავები პროფესიული განვითარების სქემაში, როცა ეს სავალდებულო არც იყო, ალბათ იმიტომ, რომ მიყვარს სიახლეებთან, სიძნელეებთან ჭიდილი. არ ვჩერდები, ყველა სიახლეს ვეცნობი და ვცდილობ, გადავიტანო ჩემს საქმიანობაში, მაგრამ პოლიტიკური პროცესები ადამიანების ბედზეც აისახება და მიუხედავად იმისა, რომ არაერთი აქტივობა განვახორციელე, ახალმა სქემამ თითქმის ყველაფერი გაანულა და თავიდან ჩავები წინსვლის „მარათონში„ მაგრამ მარტო არა, ჩემთვის არაფერია საკუთარ თავზე ზრუნვა, თუ ჩემს ირგვლივ მყოფები უკან ჩამორჩებიან, ამიტომ , ცხადია , კოლეგებსაც, (და არა მხოლოდ ჩემი სკოლის) ვეხმარებოდი. და დღეს ჩემს კათედრაზე თითქმის ყველა მასწავლებელი, უფროსის სტატუსს რომ ატარებს, ამაში დიდი წვლილი მიმიძღვის. პედაგოგიური სფეროს განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით გიწევთ მუშაობა…-უამრავი მოვალეობა მაკისრია, როგორც პროგრამის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“-მასწავლებელს, ჩართული ვარ სატრენინგო მოდულებზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში და ჩვენ მიერ შექმნილი რესურსებით არაერთი ქართულის მასწავლებელი გადავამზადეთ, ვარ მერვე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის (თუშური-შარაშენიძე) სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნის ერთ-ერთი ავტორიც, სექტემბერში გავხდი წამყვანი მასწავლებელი და საჭირო 25 კრედიტის ნაცვლად 45 კრედიტ ქულა მქონდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თავი მოვიწონო, უბრალოდ ავღნიშნავ, რომ ბევრი მიმართულებით მიწევს მუშაობა, მხოლოდ ისე, რომ მოსწავლეები არასოდეს დამვიწყებია. ახლა მენტორობისათვის ვემზადებოდი და მინისტრის ბრძანების შესახებ შემთხვევით შევიტყვე, გაოგნებული ვიყავი, მაგრამ სიამაყე კი არა, ძალის მომატება ვიგრძენი, მეტის საკეთებლად. მენტორობა მხოლოდ წოდება და პატივი არაა, მენტორობა უდიდესი მოვალეობებიცაა. რას ავალდებულებს მენტორის სტატუსი პედაგოგს?-მენტორი არის სკოლის განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობების ინიციატორი; კოლეგებთან ერთად გეგმავს სკოლის პროფესიული განვითარების ღონისძიებებს; ეხმარება კოლეგებს შემოქმედებით და ინოვაციურ საქმიანობაში; ქმნის სასწავლო-მეთოდურ რესურსებს.უზრუნველყოფს ინტერკულტურული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას სკოლასა და სასკოლო თემში. არის სკოლაში ქცევის მართვასთან დაკავშირებული კვლევების ინიციატორი; კვლევის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს პოზიტიური გარემოს დასამკვიდრებლად.მენტორი ეხმარება კოლეგებს დამოუკიდებლად მოაგვარონ წარმოშობილი კონფლიქტი და ამკვიდრებს სკოლაში მედიაციის კულტურას.მენტორი გეგმავს და წარმართავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშემწყობ სასკოლო აქტივობებს. ეს მოვალეობების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია. სამუშაო ბევრია, დრო კი-რთული, გარემო- სპეციფიკური. მე მზად ვარ!ქალბატონო ლალი მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ მენტორის სტატუს და უამრავ წარმატებას გისურვებთ.

მაგდა დევნოზაშვილი

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ – გოგი მეშველიანი აირჩიეს

0

მეათე მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა, კომიტეტის დებულება დაამტკიცეს.

ახალარჩეული პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ამ დებულების მიხედვით გააგრძელებს თავის საქმიანობას მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში.

სხდომის დღის წესრიგით ასევე განსაზღვრული იყო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, არჩეულ იქნა ხატია წილოსანი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ კი ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ – გოგი მეშველიანი.

‘’მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის. აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას გარემოსდაცვით მიმართულებებზე, რათა ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობდნენ ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში.’’- განაცხადა გოგი მეშველიანმა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყო

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა სოფელი ტალავერიდან დღეს დაიწყო.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ტესტებს უღებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.

ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევას მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა თამარისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მობილური ჯგუფები ეტაპობრივად განხორციელდებენ.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბოლნისში სწრაფი ტესტის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ცენტრალურ საავადმყოფოში ყოველ დღეა შესაძლებელი. დაბა კაზრეთში კი მედიკოსები მოსახლეობას ტესტებს ადგილობრივ პოლიკლინიკაში არსებულ ამღებ პუნქტში უკეთებენ.

სპეციალისტები მოქალაქეებს ბიოლოგიურ მასალას ცხვირ-ხახიდან უღებენ და სწრაფი ტესტების მეშვეობით კორონავირუსის გამოვლენა მცირე დროში ხდება. ტესტის გაკეთება მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს 100 ლარიანი სასურსათო პაკეტები დაურიგდათ

0

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საბჭოს რეკომენდაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულმა საბავშვო ბაღებმა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტეს და ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 1253 აღსაზრდელს, 100 ლარის ღირებულების, სასურსათო პაკეტები დაურიგდა. სურსათის გაცემის პროცესს „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების“ ხელმძღვანელი ლელა გოგმაჩაძე ქალაქ ბოლნისის N2 და N3 საბავშვო ბაღებში დაესწრო. საკვები პროდუქტების გაცემის პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდა.საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ჯამში 118 620 ლარის ღირებულების სურსათი გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მერიამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სურსათი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკარანტინო პერიოდის განმავლობაშიც რამდენჯერმე გადასცა.

,,მე ბილიკების მაკრთობს სითეთრე”…

0

გაზეთი „ბოლნისი“აგრძელებს შემოქმედებითი ადამიანების მოძიებას, რომელთა ნიჭისა და უნარების შესახებ, საზოგადოების მხოლოდ მცირედმა ნაწილმა  იცის. სტუმარი, რომელსაც წარმოგიდგენთ, ბავშვობიდან  წერს ლექსებს, წერა და პოეზია მისი სულიერი საზრდოა და ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ამჯერად, ჩვენი გაზეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, გია რეხვიაშვილს განსხვავებულ ამპლუაში წარმოგიდგენთ.

გია რეხვიაშვილი 1000-მდე ლექსის ავტორია, წერს ხასიათის მიხედვით, განცდა, ტკივილი და სიხარული, ფურცელზე ერთი ამოსუნთქვით გადმოაქვს, დაგროვილ გრძნობებს კალმით ეპაექრება, ლექსად სათქმელი სტრიქონები გულის სიღრმიდან მოედინება და მწერლის სულიერ სამყაროს ნათლად გადმოსცემს.

მისი შემოქმედება მრავალფეროვნებით  გამოირჩევა, საოცარი მუხტით და ენერგიით იზიდავს მკითხველს. წერს რასაც გრძნობს, ინსპირაციის წყარო ყოველდღიური გარემო, სულიერი განწყობა, სევდა და სიხარულია. ამბობს, რომ სტრიქონის სტრუქტურაზე წინასწარ არ ფიქრობს, გულიდან ამოსულ გრძნობებს ექსპრომტად წერს და ლექსის შინაარსს თავიდან ბოლომდე მკითხველს მიანდობს. პირველი ლექსი მე-8-ე კლასში დაწერა, რომელსაც დღემდე, ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი, ელზა გვერდწითელი სათუთად ინახავს.

ელზა გვერდწითელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი:

-ჩვენს ეპოქას სჭირდება ღრმად განათლებული, მორალურად სპეტაკი, მაღალკულტურული და შრომისმოყვარე ადამიანები.  განსაკუთრებით ეს მოეთხოვება ახალგაზრდობას, ისინი მომავალი ცხოვრების ბატონ-პატრონნი უნდა იყვნენ.

ყველა კაი ყმას უნდა ახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა სიბრძნის დაგროვების ჟამია. მან უნდა განაგრძოს სახელოვანი წინაპრის გზა, იზრუნოს სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ცოდნა გახდის მას სულიერად ძლიერს, პატიოსანს, ადამიანების მოსიყვარულეს და პატივისმცემელს.

კაი ყმას მუდამ უნდა ახსოვდეს და გულის ფიცარზე  დაიწეროს   ნოდარ დუმბაძის მარადისობის კანონის დიდებული სიტყვები.  მაშინ იქნება ახალგაზრდობა ხვალის იმედი და ერის სიმდიდრე.

ასეთ კაი ყმად მოიხსენიება რაჭისუბნელი გიორგი რეხვიაშვილი. მან სკოლის ასაკიდანვე გააცნობიერა, რომ ადამიანობა ფასდება მისი სულიერებით. ამიტომ შეიყვარა ჩვენი  დიდებული პოეზია  და ეზიარა მის მადლს.

თავის პირველ ლექსში – „ბოლნისის სიონს“  წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის კულტურული წარსული და სამშობლოს სიყვარული.

მიუხედავად ურჯულოთა თარეშისა, ლექსში ვკითხულობთ: „მაინც არ გატყდი, არ დაეცი, იდექი მყარად“.

 უამრავი ლექსის ავტორს არ უფიქრია, რომ მისი შემოქმედება საზოგადოებისთვის გაეცნო, ჰყავს თავისი პუბლიკა, ვისაც  უთქმელ გრძნობებს და გულის სიღრმიდან წამოსულ სათქმელს, ლექსად უზიარებს.

-ბატონო გია, ვინ არის თქვენი პირველი ლექსის შემფასებელი?

-პირველი ლექსი „ბოლნისის სიონს“ მე-8-ე კლასში დავწერე, რა თქმა უნდა მამას წავაკითხე, შემდეგ ჩემს პედაგოგს, მასთან დღემდე ინახება ჩემი ლექსები. სიმართლე გითხრათ, არც მიცდია  ნაწერების გამომზეურება, მყავს მცირედი მკითხველი და შემფასებელი. ვთვლი, რომ ლექსები, რომლებსაც ვწერ, ჩემი სულის ნაწილია და მინდა ჩემში დარჩნენ.

– რა, ან ვინაა თქვენი შთაგონების წყარო?

-წინასწარ არ ვფიქრობ, სათქმელი გულიდან მოედინება, მუზა მკარნახობს, თუმცა ძირითადად ჩემ ლექსებში, ჩემი შინაგანი სამყარო, ჩემი გრძნობები და განცდებია, მტკივა თუ მიხარია, ყველაფერს ფურცელზე გადმოვცემ.

-ბატონო გია, გამორჩეული ლექსი თუ გაქვთ?

-სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კარგი ლექსი დავკარგე, რაც მაქვს ყველა ჩემია, ჩემი სულის ნაწილია და ვერც ერთს  გამოვარჩევ.

-საყვარელი მწერალი, ნაწარმოები?

-კონსტანტინე გამსახურდია, დავით აღმაშენებელი.

-ქართველი პოეტი

-ვაჟა ფშაველა, რომლის შემოქმედება, სისადავით, უბრალოებით და ფილოსოფიური თვალსაზრისით, გამოირჩევა.

-რა არის, რაც ყველაზე მეტად გტკივათ?

-მტკივნეული თემა საზოგადოების განათლების დონეა. სამწუხაროდ ადამიანები დაშორდნენ წიგნს – წიგნიერებას. ჩემი დიდი სურვილია იგრძნონ, ისწავლონ, იკითხონ და განვითარდნენ უკეთესი მომავლისთვის.

-ის, რასაც ყველაზე მეტად ისურვებდით?

-როგორც ყველა ქართველი, ყველა პატრიოტი, ვისურვებდი „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“  გაერთიანებულ საქართველოს, ვისურვებდი ასევე, ჩემი ლექსების კრებულად გამოცემას, სამწუხაროდ,  ფინანსები არ მაქვს და ველოდები კეთილი ადამიანის გამოჩენას, ვინც ჩემს ლექსებს დაასპონსორებს და კრებულში მოუყრის თავს.

ასე ხედავს ბატონი გია საკუთარ თავს პოეზიაში, არ ელოდება ვინმეს, არც რამეს, მუზა თავისთავად მოდის და წერს, ყველა სტრიქონი მისთვის განურჩევლად საყვარელი და სასურველია, მისი სულის ნაწილია. მისი შემოქმედება გლოლას, ჭიორას, ქვევრში ხვანჭკარას და უფოთლო ხეებს ეალერსება. მშობლიური რაჭის ტკივილი და სიხარული სტკივა და უხარია. წერს, რომ აკრთობს ბილიკების სითეთრე, რომ ვახშმობს ჭექა-ქუხილთან, რომ სანახშო გალღვა და გათბა… ეს სენტიმენტალური სტრიქონები ბატონი გიას შემოქმედების ლაიტმოტივია, საუკუნეთა თარეშში არ უნდა წუხილთან მარტოდ დარჩენა და ცხოვრების მეგობარს, საყვარელ მეუღლესაც უძღვნის ლამაზ სტრიქონებს, თუმცა სამზეოზე გამოტანას თითქოს არ ფიქრობდა, მაგრამ, რატომაც არა..

***

თუ ასე ტურფა იყავი,

რად ვერ გამჩნევდი ქეთინო,

მარადჟამს უნდა მაცრემლო,

მარადჟამს უნდა მეტკინო.

საუკუნეთა თარეში,

ერთ წამში ჩავატიეო,

თუ სიყვარული დაგაკელ,

დამტუქსე, მაპატიეო.

შენით ვარ ედემის ბაღში,

სუფთა, რაკრაკა წყაროო,

ამოგიშანთავ სადარდელს,

ვეცდები დავაწყაროო.

გასწი, გაქუსლე მერანო,

არ მომანატრო  თარეში,

სულ გრიგალებში მამყოფე,

აღტაცებათა ფარეხში,

გავხედნე ურჩი საწუთრო,

დავადგი უნაგირიო,

კვლავ საუკუნედ მეძახდე,

შენა ხარ ჩემი გმირიო…

დაღვინდა ხვანჭკარა ქვევრებში

ღვინუკა აღარ გავს მაჭარს,

უფოთლო ხეები ტყეებში,

ზამთარი ეწვია რაჭას.

თვლემენ ზარმაცად სოფლები

გლოლა, ჭიორა, ღები,

სანამ მოისხავს ფოთლები,

ჩაირაზება გზები.

ბუხართან კვამლი და ღადარი

ლორუკა მწიფება სხვენში,

ასეთი სიმსუყე აქ არი,

ასეთი ზმანება ჩვენში.

რეზინის ჩექმებით ნატკეპნი

სანახშო გალღვა და გათბა,

ოხუჯი სიტყვით და საწკეპლით

შაირებს არა აქვს დათვლა,

ამ სიზარმაცეში ვიშობე

ღმერთო მაცალე ბევრი,

ნუ შევთხოვთ ნამეტანს ღვთისმშობელს,

მრავალძალს ამღერდა ქვევრი.

მე ბილიკების მაკრთობს სითეთრე

როგორც ჭაღარა იშვიათობას,

ამქვეყანაზე თუკი ვიერთე,

რაღა აზრი აქვს მზიდგან დათრობას.

უკვე ვივახშმე ჭექა-ქუხილთან,

თავზე დამემსხვრა ჭოტის კივილი,

ო, ნუ დამტოვებ მარტო წუხილთან,

იქნებ იშვილო ჩემი ტკივილი!

დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ობიექტზე ასფალტის საფარი 2100 მ2-ზე იგება.

კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი გაეცნო. აღსანიშნავია, რომ შიდა გზები წელს დაბა კაზრეთში ორი კორპუსის მიმდებარედ უკვე მოწესრიგდა.

დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დაბის მასშტაბით 15, 000 კვადრატული მეტრის მოცულობის დაზიანებული გზების შეკეთება კომპანია „არემჯიმ“ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ასფალტის საფარს რამდენიმე კორპუსის მიდებარედაც აგებს.

ნოემბერი. 2020

0

ნოემბერი. 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმიანება

0

„დღეს მთელი მსოფლიო ერთიანდება აივ ინფექციის წინააღმდეგ. ამ დღეს ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ ამ ინფექციით დაავადებული ადამიანების მიმართ და მის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივის მივაგებთ. შიდსთან ბრძოლის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადებული ადამიანებისადმი არსებული სტიგმის შემცირება. ვფიქრობ, საზოგადოებაში ინფექციაზე არასწორი ფაქტების გავრცელების პრევენციის მიზნით, აუცილებელია ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმოება. ამ მიმართულებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გასულ წლებში არაერთ საინფორმაციო აქტივობას ახორციელებდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი ამ თარიღის აღნიშვნას მხოლოდ ონლაინ სივრცეში ეხმიანება, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ნაწილია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

მსოფლიო შიდსის დღე 1988 წლის 1 დეკემბერიდან აღინიშნება და აივ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოს გაერთიანებას, ასევე ინფექციით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერასა და მის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივისცემას ისახავს მიზნად.