,,მსურს გამოვეხმაურო ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს, მე ვმალავ ჩემი მეუღლის ავტომობილს.ცალსახაა, რომ ჟურნალისტს სიუჟეტზე არაპროფესიონალურად აქვს ნამუშევარი, მან სათანადოდ არ შეისწავლა ფაქტები , არ გადაამოწმა ინფორმაცია, ან უბრალოდ მიზანმიმართულად, ცილისმწამებლური კამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩემი მეუღლე ნანა ბარაბაძე ამ ეტაპზე ავტომობილს არ ფლობს. მან 2017 წელს ნამდვილად შეიძინა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი საბანკო ავტოგანვადების დახმარებით, რაც ასევე ასახულია ჩემს მიერ წარდგენილ დეკლარაციებში, თუმცა, აღნიშნული ფაქტი დამალა სიუჟეტის ავტორმა, ისევე, როგორც ის გარემოება, რომ ჩემმა მეუღლემ, ეს ავტომობილი დაახლოებით 5 თვის წინ გაასხვისა და მის საკუთრებაში აღარ ირიცხება.”განაცხადა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.
საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბოლნისის ეპარქიის სადროშომ ადმინისტრაციული სტრუქტურა შეიმუშავა და სრულიად ეპარქიის მმართველობითი ორგანო ჩამოაყალიბა, რომლის პრეზენტაცია რეგულაციების დაცვით, საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შედგა. სადროშოს ფუნქციონირება სხვა მასშტაბს შეიძენს, რადგან ადმინისტრაციული მმართველი რგოლის სტრუქტურამ გამართული და სრულყოფილი სახე მიიღო, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდა: ეპარქიის სადროშოს მეთაური – ოთხი მოადგილე, 14 – სამსახური, კონკრეტული სამსახურის ხელმძღვანელი ორი თანაშემწით, აგრეთვე ეპარქიის ადმინისტრაციული ერთეულების სადროშოები 11 – ქართულ დასახლებაში (ერთი ქალაქი, ორი დაბა და რვა სოფელი). ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებული ორგანო, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა დალოცა და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
„ეს იყო ქართული სულის ზეიმი“, ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჩოხოსანთა სადროშოს დაფუძნების შთამბეჭდავი ცერემონია, რომელიც 2016 წლის 16 ივნისს ბოლნისის კულტურის სახლში გაიმართა, მაგრამ მისი მოღვაწეობა დღემდე სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა, ის სულ რაღაც ოთხი მოხალისის საშუალებით აგრძელებდა ფუნქციონირებას, მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა სრულიად საქართველოს მასშტაბით განხორციელებულ პროექტებში რამდენჯერმე ჩართულიყო, ჩოხოსანთა სადროშოს ორგანიზებით ბოლნისი არაერთხელ შეუერთდა საყოველთაო ჯვრისწერის აქციას, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას და სხვადასხვა შინაარსის საქველმოქმედო აქციას, თუმცა როგორც სადროშოს მეთაური ამბობს ამიერიდან სადროშოს ფუნქციონირება სხვა მასშტაბს შეიძენს.
დღეს, ბოლნისის აგროცენტრში სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ 2018 წლის 1 თებერვლიდან, ევროკავშირისა და „რეგიონის განვითრების ცენტრის“ პარტნიორობით ხორციელდება. საგრანტო პროექტის სრული ღირებულება 380 000 ევროს შეადგენდა, აქედან 60 000 ევრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია იყო. პროექტის ძირითად მიზანს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარება, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სტიმულირება, მყარი ინფრასტრუქტურისა და მეწარმეთა უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის მიმდინარეობა დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, „რეგიონის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელთან ერთად შეაჯამა.
პროექტის ფარგლებში მომზადდა აგროცენტრის ბიზნეს მოდელი, რომლის საფუძველზეც მოეწყო შესაბამისი შენობა-ნაგებობა, რომელიც აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკა-დანადგარებით, 2020 წლის იანვრიდან კი სრული დატვირთვით დაიწყო ფუნქციონირება. ბოლნისი პირველი მუნიციპალიტეტია საქართველოში, რომელიც ფერმერებსა და მეწარმეებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. აქ დაინტერესებული პირისთვის მომსახურების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. აღსანიშნავია რომ, აგროცენტრში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებიც არიან დასაქმებული.
პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა გერმანული უბნის ნაწილის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა მიწისქვეშა კანალიზაცია, გზა და ტროტუარები, მოეწყო გარე განათებების სისტემა. აღნიშნულ ქუჩაზე განთავსდა მარკირების ნიშნები და განხორციელდა ლაითბოქსის მონტაჟი, სადაც დატანილია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძველი გერმანული უბნებისა და ისტორიული ნაგებობების შესახებ.
წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი სომხური სკოლის შენობა მალე ახალ სიცოცხლეს დაიბრუნებს. ისტორიულ შენობაში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი განთავსდება.
პროექტი ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით ხორციელდება. პირველ ეტაპზე შენობა გადაიხურა, კედლები გამაგრდა და ფასადი რეაბილიტირდა. ახლა კი შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა მიმდინარეობს.მიმდინარე სამუშაოებს დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.ისტორიული შენობის შიდა ინტერიერის მოწყობისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 356 000 ლარი გამოყო. “სულ მალე ბოლნისში, ყოფილი სომხურ სკოლის შენობაში, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი გაიხსნება, ეს კი ნათლად ადასტურებს ამ ორი ქვეყნის მჭიდრო კულტურულ და საგანმანათლებლო ურთიერთობებს. ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით შენობის შიდა ინტერიერის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის მეშვეობით ბოლნისის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
,,მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა“ ,,აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს“ ილია მოვიშველიეთ და შევეცადეთ ისეთი ადამიანების ხსოვნა გავაცოცხლოთ, ვინც მთელი ცხოვრება წერდა პატარა ისტორიას, ქმნიდა ღირებულს, საინტერესოს, ვინც უბრალოდ მუშაობდა, დაბალ თუ მაღალ პოზიციაზე, ვინც გულწრფელად ემსახურებოდა ოჯახს და ქვეყანას, ვინც ზრდიდა, აფრთიანებდა და ცხოვრების ასპარეზზე უშვებდა მერცხალა გოგო ბიჭებს. ასეთები ბოლნისში მრავლად არიან, ისინი ახსოვთ, ისინი უყვართ, სწორედ მკითხველის თხოვნაა დავწეროთ მათზე, გავიხსენოთ და მომავალ თაობას გადავცეთ ამბავი, მათი მისაბაძი ცხოვრების შესახებ. ჩვენი გაზეთის მიზანია, გავიხსენოთ უბრალოებით გამორჩეულები, ცნობილები, თუ თავისი ცხოვრებით მოკრძალებულები, ისინი, ვინც ახსოვთ მეზობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, სკოლებს, ბაღებს, ოჯახებს, თუ აღზრდილებს. სტიმული და იდეა თამარ ბობოხიძისგან წამოვიდა, მან გვიამბო, მან მოგვიტანა წერილი და მისივე თხოვნით, რუბრიკა ,, ჩვენ გვახსოვს“, ვენერა ბერძენიშვილის გახსენებით დავიწყეთ. თამარ, რატომ მაინც და მაინც ახლა და, რატომ ქალბატონი ვენერა ბერძენიშვილი? -დიდი მადლობა, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინეთ და მომეცით საშუალება გაზეთის საშუალებით გავახსენო საზოგადოებას ეს დიდებული ქალბატონი, მინდა მათაც იცოდნენ ის, რაც მე ვიცი მის შესახებ და რატომაც ვცემ პატივს. რატომ მაინც და მაინც ახლა, შევეცდები აგიხსნათ, ვფიქრობ, განსაკუთრებით უპრიანია ამ თემაზე საუბარი, როდესაც ბავშვები წიგნს და ბიბლიოთეკას დაშორდენ, მინდა მათ შეიგრძნონ ბიბლიოთეკის და ძველი, გაცრეცილი წიგნის სურნელი, მინდა ყველაფერმა ძველი დატვირთვა დაიბრუნოს. მინდა ურთიერთობები ისეთი ლამაზი და ხალასი იყოს, როგორც მაშინ, მინდა ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ, იყოს ერთგულება, არ მინდა ღალატი, გაუტანლობა, უწიგნურობა გამეფდეს დედამიწაზე. ეს თითოეული ჩვენგანის ტკივილია და ყველამ უნდა დავდოთ ჩვენი წილი, ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენი საკეთებელი. ბავშვობაში როგორ ხდებოდა, ვინ გასწავლიდათ ბიბლიოთეკასთან და ,,გაცრეცილ“ წიგნთან ურთიერთობას?
ბავშვობაში, როდესაც პატარები კულტურისა და დასვენების პარკს ვსტუმრობდით და ვერთობოდით, შენობას, რომელსაც ,,ბიბლიოთეკა“ ეწერა, შორიდან ვუტრიალებდით. ერთხელ ერთად შეგროვილ ბავშვებს, ლამაზი ქალბატონი მოგვიახლოვდა, რაც ყველაზე ძალიან დამამახსოვრდა, მოხდენილად ესვა წითელი ტუჩსაცხი, დაგვიყვავა, შეგვიძღვა საბავშვო ბიბლიოთეკაში, სადაც ლამაზი, ყვავილებით გაწყობილი ინტერიერი და წიგნების სუნი დაგვხვდა, დაუვიწყარია ეს შთაბეჭდილება ჩემთვის. ეს იყო ბიბლიოთეკის გამგე დაუვიწყარი, თბილი და მოსიყვარულე ქალბატონი ვენერა ბერძენიშვილი. მაინც როგორ მიგიყვანათ წიგნამდე? -ქალბატონი ვენერა მოკლედ გვესაუბრა წიგნის სიყვარულზე და მის გავლენაზე ადამიანის განვითარებაში. გადმოიღო საბავშვო ზღაპრების კრებული, დაიწყო კითხვა, აღგვიძრა ინტერესი და გვითხრა, თქვენ შეიძლება გაწევრიანდეთ ბიბლიოთეკაში, გაიტანოთ ეს და კიდევ მრავალი წიგნი, მოხვიდეთ და მომიყვეთ, რა მოგეწონათ, რამ მოახდინა შთაბეჭდილება თქვენზე, ან გააკეთოთ ჩანაწერებიო. თუ გახსოვთ პირველი წიგნი? -ჩემი პირველი წიგნი ყაზახური ზღაპრები იყო, ათი დღის შემდეგ დავაბრუნე წიგნი. ქალბატონმა ვენერამ გულში ჩამიხუტა და მართლაც გამომკითხა წიგნის შესახებ, მომისმინა გულდასმით და მითხრა, შენ კარგად გამოგაქვს წიგნიდან შინაარსი, შეგიძლია ხშირად გაიტანო წიგნები და როცა სურვილი გექნება, მაშინ მესაუბრე წიგნის შინაარსის თაობაზეო. ასევე მახსენდება ნათელა რეხვიაშვილი, კეთილი ქალბატონი, რომელიც მუდმივად წიგნით ხელში გვხვდებოდა. რატომ მოგეწონა მაინც და მაინც ყაზახური ზღაპრები? -არ მახსოვს, რა მომწონდა ყაზახურ ზღაპრებში, საინტერესო და მარტივად საკითხავი იყო, თანაც პირველი წიგნი იყო ბიბლიოთეკიდან გატანილი, ალბათ, ამან განაპირობა. ბიბლიოთეკაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ეწყობოდა? -ქალბატონი ვენერა საბავშვო ბიბლიოთეკაში ხშირად აწყობდა ღონისძიებებს და აქტიური მკითხველები ვიღებდით მონაწილეობას, ამით მოტივაციას გვიმაღლებდა, რომ წიგნთან ახლო ურთიერთობა გვქონოდა. ეს ყველაფერი გამორჩეული და დაუვიწყარია, ბევრ ცოდნას და გამოცდილებას გვაძლევდა, გვაყვარებდა წიგნს, გვიმუშავებდა მეტყველებას და გვასწავლიდა საზოგადოებასთან ურთიერთობას. მაინც, რისი თქმა გინდა ამ მოგონებით?
ამ მოგონებით მინდოდა მადლიერება გამომეხატა ქალბატონი ვენერას მიმართ, მან შემაყვარა წიგნთან ურთიერთობა და სწორი მიდგომით შეგვაყვარა ბავშვებს საბავშვო ბიბლიოთეკა და კითხვა. მიუხედავდ იმისა, რომ იმ პერიოდში, არ წარმოადგენდა წიგნის შეძენა პრობლემას, შეიძლება არც გადაგვეშალა და წაგვეკითხა, ბავშვობიდან რომ არ გვესწავლა ურთიერთობა წიგნთან. ის, რომ ბიბლიოთეკაში გვხვდებოდა თბილი და მოსიყვარულე ატმოსფერო, ვიღებდით ღონისძიებებში მონაწილეობას, უკვე ჩვევაში ჩამოგვიყალიბდა წიგნის კითხვა. ჩემს მაშინდელ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას შეძლებისდაგვარად გადავცემ ჩემს ირგვლივ მყოფ მშობლებს და ბავშვებს და ვურჩევ, საბავშვო ბიბლიოთეკაში გაწევრიანებას. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს ქალბატონ ვენერა ბერძენიშვილს, ყოველთვის თბილად გამახსენდება მისი სითბო და სიყვარული. არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი სამსახური საბავშვო ბიბლიოთეკაში, ქალბატონი ეთერ გოგშელიძის ხელშეწყობით,ასვე ჩემი პირველი ხელმძღვანელი, ქალბატონი მზიური კაპანაძე. ეს წერილი მინდა უბრალოდ, მადლიერება იყოს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ბოლნისურ ცხოვრებაში რაღაც თქვა და კვალი დატოვა.
თამარ, შენ მოგვაწოდე იდეა, არ დავივიწყოთ ისინი, ვინც უბრალოებით თუ პომპეზურობით ქმნიდა და ქმნის, ვინც თავს გვამახსოვრებდა და ახლაც ასეა, ვიცი რომ ბევრი გყავს ასეთები, ვის შემოგვთავაზებდი, რომ შემდგომში ჩვენი გაზეთის მეშვეობით გავიხსენოთ? -ასეთები მრავლად არიან, ზოგი წასული, ზოგიც ცხოვრების ავანგარდშია და ისევ აქტიურად აგრძელებენ მოღვაწეობას. ახლა ვინც მახსენდება, ნიურა კოპალიანი, უმაგრესი ქალბატონი, ექიმი ციური მუხაგულიშვილი, მერი დემურაშვილი, მუსიკის მასწავლებელი და კიდევ მრავალი. მე თქვენთან აუცილებლად ვითანამშრომლებ, მადლობა, რომ ამ მშვენიერ საქმეს მოკიდეთ ხელი. მადლობა თქვენ, თამარ. პ.ს. ვფიქრობთ, მოგეწონებათ წარსულის გახსენება, ვფიქრობთ ითანამშრომლებთ ჩვენთან და მოგვაწოდებთ იმ ადამიანების ისტორიას, ვინც თქვენთვის ღირებულია: კარგი ადამიანი, მასწავლებელი, ინჟინერი, მწერალი, მეეზოვე, მდივან-მემანქანე, რაღაცის თუ ვიღაცის უფროსი, თუ უმცროსი, ან უბრალოდ კოლორიტი, ენაკვიმატი, კარგი მეზობელი ..ყველას, ყველას გეკუთვნით ადგილი ჩვენი გაზეთის ფუცლებზე, იმიტომ, რომ ეს თქვენია, უთქვენოდ ვერც ჩვენ ვიქნებოდით, მადლობა რომ არსებობთ.
გიორგი გახარია – თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს
მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების შემდგომ, ქვეყანაში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი სულ უფრო და უფრო ქვემოთ მოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და დღეში 7000 ინფიცირებულს – ჰოსპიტალურ სისტემაში.
„ ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ინფიცირების 5-6 ათასი შემთხვევაა, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში. როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის და დარგის გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში – ტრანსპორტის გახსნას. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. ამიტომ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.
„კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით – მათ შორის, ვაჭრობა, განათლება და მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი – როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, შეგვეძლება, გახსნის უკვე წარმოდგენილი გეგმა დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის უფრო სწრაფად გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზშედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა პირველ ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს დაავალა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, უახლოეს პერიოდში, შეხვდეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგების წარმომადგენლებს და მათთან აღნიშნული გეგმა განიხილოს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
„ჩვენ უკვე ნოტამს აღარ ვაგრძელებთ, რაც მოგვცემს საერთაშორისო ფრენების დაწყების შესაძლებლობას. ამასთანავე, ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ. ყველანი ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენს სამთო კურორტებზე. ეს ყველაფერი უკიდურესად სამწუხაროა. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძიზე, ის მდგომარეობა, რომელიც დღეს იქ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის გაგვეხსნება. ამას განაპირობებს, პირველ რიგში, ტესტირებების ახალი სქემა და აქტიური ტესტირება, ისევე, როგორც ვაქცინაციის შესაძლებლობები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად “, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს პატარა, მაგრამ უკიდურესად ღია ეკონომიკა, რომელიც გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ცალკე აღებული ქვეყანა, ეკონომიკურ კრიზისს ვერ გაუმკლავდება.
„ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ვიშრომოთ იმაზე, რომ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ, დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში გაგვეხსნება, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სწორი მართვით და ეპიდემიის გავრცელების ტემპების შემცირებით, ასევე ვაქცინაციის შესაძლებლობით, უკიდურესად სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ. ნათია თურნავა, მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და სხვა კოლეგები, ამ კვირაში, დაიწყებენ უკვე ტურისტულ სექტორთან შეხვედრებს, იმისთვის, რომ შევათანხმოთ, როგორც პროტოკოლები, როგორ უნდა იმუშაოს ამ სექტორმა, ასევე გახსნის ის ეტაპები და ის მიზეზშედეგობრივი კავშირები, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიის გავრცელებასთან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს მთავრობას მოუწევს, არის საგანმანათლებლო დაწესებულებების, პირველ რიგში კი დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა.
„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაური უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მებაჟის მსოფლიო დღესაც გამოეხმაურა და ქართველ მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცა. პრემიერის შეფასებით, მებაჟეების საქმიანობა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„საქართველოს საბაჟო, ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, აქტიურად იყო ჩართული პროცესის მართვაში. გარდა იმისა, რომ ისინი საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებს ღირსეულად იცავდნენ, ეხმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ისევე როგორც ეკონომიკურ აქტორებს, პანდემიის პირობებშიც ნორმალურად გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. ჩვენი მებაჟეები შრომობენ 24 საათის განმავლობაში. ეს არის უკიდურესად დასაფასებელი და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვისა და ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმიანობა. ჩვენ ამას ვხედავთ, ვაფასებთ და მათ მადლობას ვუხდით,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში შემოვა მხოლოდ და მხოლოდ ის ვაქცინა, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მინისტრთა კაბინეტმა ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გეგმასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასზე მუშაობაში ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა. დოკუმენტის ძირითადი მიზანია, რომ 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოქალაქეების 60 პროცენტი აიცრას.გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.
პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახლად გახსნილი კოვიდგანყოფილება დაათვალიერესსახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ბაზაზე, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ახალი კოვიდგანყოფილება გაიხსნა, რომელიც ჯამში, 400 პაციენტს მოემსახურება. უახლესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი განყოფილება, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაათვალიერეს.პროექტის ღირებულება 8 მილიონი ლარია და ის სახელმწიფო სახსრებით განხორციელდა.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მეორე ტალღამ აჩვენა ქვეყანაში დამატებითი რეანიმაციული საწოლების მობილიზების მნიშვნელობა და მოკლე ვადაში განხორციელდა პროექტი, რათა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში რეანიმაციული საწოლების შესაძლო დეფიციტის საფრთხე არ შეიქმნას.ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის თანამედროვე რეაბილიტირებული კოვიდგანყოფილება ელექტრო და მექანიკური სამედიცინო საწოლებით, ჟანგბადის კონცენტრატორებითა და კრიტიკულ-გადაუდებელი სუნთქვის აპარატებითაა აღჭურვილი და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ სერვისებს სთავაზობს. ამ ეტაპზე კლინიკაში სრულად აღჭურვილი 200 რეანიმაციული საწოლია, რომელსაც თებერვალში კიდევ 200 დაემატება.გარდა ამისა, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს დამატებით სამი ერთეული ჟანგბადის დანადგარი დაემატა, რაც პაციენტებისთვის ჟანგბადის უწყვეტ და ცენტრალიზებულ მიწოდებას უზრუნველყოფს.
მარიამ ნურალაშვილი გაზეთი „ბოლნისის“ საახალწლო ონლაინ რუბრიკის გამარჯვებულია, ის კონკურსში საკუთარი ხელით შექმნილი დეკორაციებით ე.წ. „პატარა სახლებით“ ჩაერთო. „საახალწლო განწყობის ასამაღლებად გადავწყვიტე გამეკეთებინა ნივთები, რომლითაც ონლაინ კონკურსში ჩავერთე, სიმართლე გითხრათ არ ველოდი გამარჯვებას, ძალიან გამიხარდა, მადლობა მინდა გადავუხადო გაზეთს, მივესალმები მსგავს წამოწყებებს, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი თავი“.
16 წლის მარიამ ნურალაშვილს უამრავ კონკურს-ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, ცდილობს არ გაჩერდეს და თავისი შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში მოსინჯოს. როგორც თავად ამბობს დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და დატკბე ყოველი წუთით. „ცხოვრება სავსეა გამოწვევებით და სწორედ ეს ხდის ჩვენს ყოველდღიურობას საინტერესოს, მე ასეთი ვარ, მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვეძებ რაღაც ახალს და საინტერესოს“.
გარდა სასკოლო ცხოვრებისა ის აქტიურია არაფორმალური განათლების კუთხითაც, ჩართულია სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებებში, რომელიც, როგორც მარიამი აღნიშნავს, ადამიანს პიროვნულ ზრდაში ეხმარება.
ჯერ კიდევ პატარა ასაკში ხატვა დაიწყო, ხატავს მაშინ როცა მარტოა, შინაგანი ემოცია ფურცელზე გადმოაქვს, ნახატები მასავით ფერადია, მისი ყველა ნამუშევარი ამბავს გვიყვება.
„ვცდილობ ყოველი დღე მცირე თავგადასავლებით გავიხალისო, ვხატავ, ვკითხულობ, ვცეკვავ და ა.შ. ხატვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ვხატავ მაშინ, როცა მარტო ვარ, მიყვარს პორტრეტები და პეიზაჟები. ძირითადად მხიარული ფერებით ვხატავ, თუმცა ზოგჯერ ცივი, მუქი ფერებიც საჭიროა. რაც შეეხება ცეკვას, ქართულ ნაციონალური ცეკვებით 7 წელი ვიყავი დაკავებული, შემდეგ სამეჯლისომ გამიტაცა, სიმართლე გითხრათ ლათინო-ამერიკული ცეკვით მას შემდეგ დავინტერესდი, რაც Yulia Zogoruchenko-ს ცეკვა ვნახე, ის ჩემთვის ნამდვილად მისაბაძი მოცეკვავეა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს საქმე, როდესაც სცენაზე მაყურებლის წინ ვდგავარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მარტო ვიმყოფები ყველაფრისგან შორს, მინდა ამ მიმართულებით მსოფლიო ჩემპიონი გავხე “.
ბევრი ოცნება აქვს, ცდილობს რეალურად აქციოს. პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა წლების მერე თავს არქიტექტორად ან იურისტად წარმოიდგენს, სწავლის და კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვრებს გარეთ აპირებს. ბავშვობის სურვილი გამხდარიყო მოდელი, უკვე აისრულა, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს. საინტერესო გეგმები და სურვილები აქვს, რის განხორციელებას ეტაპობრივად იწყებს თანატოლებს კი ურჩევს არ დაკარგონ დრო, გამოიყენონ ყოველი წუთი იმისთვის, რომ იყვნენ საუკეთესოები.
ქალთა რადიომ WW დღეს პირველი ეთერი გადაცემით ,,ამბები დილიდან” გახსნა. გადაცემის სტუმრებმა ახალი რადიოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქალთა რადიოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილეს ყურადღება.
პირდაპირ ეთერში პირველი გადაცემით ,,პროაქტივი” გავიდა რადიო WW-ს ახალგაზრდული გუნდი, თემით დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
რადიო ვივის ახალგაზრდული გუნდი 10- მდე მოხალისე ჟურნალისტითაა დაკომპლექტებული, თითოეულმა მათგანმა ეთერში გასვლამდე 6 თვიანი მოსამზადებელი კურსი გაიარა.
ბოლნისის სათემო ,,ქალთა რადიო WW” ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო” დააფუძნა 2019 წელს ქალთა გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ქალთა რადიო WW – ის მიზანია იმ გარემოს შეცვლა, რომელიც გამორიცხავს ეთნიკური უმცირესობების თემში ადრეულ ქორწინებას, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლად მცხოვერები ქალების გაძლიერებას, გოგონების უწყვეტი განათლების მიღებას. სექსუალური და რეპროდუქციული განათლების დანერგვას სკოლებში. სათემო რადიო მისი მაუწყებლობის არეალში მხარს დაუჭერს ქალთა ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.