კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 186

გახდი ,,ახალგაზრდული საბჭოს” წევრი და გააჟღერე ახალგაზრდების ხმა შენს მუნიციპალიტეტში

0

ახალაგზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან კოორდინაციით, 2019 წლიდან ფუნქციონირებს “ახალგაზრდული საბჭო”. ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოხდება „ახალგაზრდული საბჭოს“ განახლება.

საბჭოს წევრები, მონაწილეობას მიიღებენ და აქტიურად იქნებიან ჩართულნი ადგილობრივ თვითმმართველობაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.„ახალგაზრდული საბჭო“ ირჩევა 2 წლის ვადით და დაკომპლექტდება 14 – დან 29 წლის ჩათვლით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, 20 ახალგაზრდისგან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმოდგენილი იქნება 1 ახალგაზრდა.

ახალგაზრდული საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:

– ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება, მონიტორინგი, შეფასება;

-ახალგაზრდების მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში ;

– ახალგაზრდების ინფორმირება დაგეგმილი ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ;

-ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სოციალური, ეკოლოგიის და ადამიანის უფლებების შესახებ;

-ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა;თუ გაქვს მაღალი მოტივაცია, ხარ აქტიური ახალგაზრდა, გაქვს ძლიერი ანალიტიკური და ინტერპერსონალური კომპეტენციები, დრო და შესაძლებლობა, ეს შენი შანსია ჩაერთო შენს მუნიციპალიტეტში, ახალაგზრდულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და გააჟღერო ახალგაზდების ხმა! დარეგისტრირდი 25 მარტამდე! სარეგისტრაციო ბული:https://docs.google.com/…/1svm2TNxfikxKTBZk…/viewform…ახალგაზრდული საბჭო დაკომპლექტდება წინასწარ შერჩეული კომისიის მიერ, რომელშიც შედიან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტთან მოხდება მუნიციპალიტეტში ერთი დღით გაერთიანებული საინფორმაციო/გაცნობითი ტიპის შეხვედრა, რომლის ზუსტი დღე და დრო გეცნობებათ წინასწარ.გისურვებთ წარმატებას!

ბოლნისის მერმა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მიულოცა

0

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მიწოდება და მათი უფლებების დაცვა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად  საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა, „განთიადის“ ბენეფიციარებს  დაუნის სინდრომის საერთაშორისო   დღე მიულოცა  და სიმბოლურად ტკბილეული  გადასცა.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 2011 წლის 21 მარტიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა და ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

ქალები_ბოლნისიდან

0

მას ადამიანების სჯერა, სჯერა სიკეთისა და სამართლიანობის, ყოველთვის ცდილობს ადამიანებს კარგი ამბები ამცნოს, მეგობრები „კეთილი ნების ელჩს უწოდებენ“.ნონა რეხვიაშვილმა, ცხოვრება თავიდან 35 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ როცა მეუღლე დიმიტრი ლაზარეშვილი ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა, სწორედ ამ ასაკიდან იწყება ნონას ძლიერი დამოუკიდებელი ქალის ცხოვრება. იხსენებს, რომ – უზრუნველი ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდა, მეუღლეც მზრუნველი შეხვდა და მისი ყოველდღიურობაც არ ჰგავდა ტრადიციული ქალის ცხოვრებას. მეუღლე ხშირად ანებივრებდა სიურპიზებით, თუმცა ერთ დღეს გათენდა და მიხვდა, რომ დაკარგა ცხოვრების ძლიერი დასაყრდენი, დიახ დასაყრდენი და არა სიყვარული, რადგან მას დიმიკო ზუსტად ისე უყვარს, როგორც პირველ დღეს.

იგი პროფესიით ეკონომისტია წლების მანძილზე სხვადასხვა სამსახურში იკავებდა მთავარი ეკონომისტის პოზიციას. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პირველი არჩეული მაჟორიტალი ქალი გახლავთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მიაჩნია, რომ მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს სტაბილურობას, სწორედ ამიტომ შეთავაზებაზე გამხდარიყო მაჟორიტარი ბევრი არ უფიქრია, მაშინვე დათანხმდა, რადგან მიეცა შესაძლებლობა მოესმინა თანაქალაქელების გულისცემა. მისთვის წარსული, აწმყო და მომავალი ბოლნისს უკავშირდება. ესაა ქალაქი, რომელიც უყვარს და ვერასდროს დათმობს. ბუნებით სათნო და ნაზ ადამიანს ბევრი სირთულის გადალახვა მოუხდა. რთული 90-იანი წლების პირისპირ დარჩენილმა ახალგაზრდა ქალმა ორი მცირეწლოვანი შვილით შეძლო ფეხზე მყარად დგომა.

უყვარს წიგნების კითხვა , საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია.საყვარელი საქმე მცენარეების მოვლა ამბობს, რომ ყვავილებათან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიმშვიდეს ანიჭებს. საოჯახო მეურნეობაშიც ჩაება. არის, ორი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია , ახერხებს თანაბრად აქტიური იყოს საოჯახო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.მან ჩვენთან საუბარში გაიხსენა: ბავშვობა, ახალგაზრდობა, ცხოვრების სიყვარული, მისთვის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი და ბოლოს, გვიამბო საკუთარი თვალით დანახული ნონა რეხვიაშვილის შესახებ.

ვინ არის ნონა რეხვიაშვილი?

– ნონა არის ქალი, რომელიც შეყვარებულია მშობლიურ ბოლნისზე, ვერ წამომიდგენია სად უნდა ვიცხოვრო სხვაგან?! მიუხედავად იმისა, რომ მქონდა არაერთი შესაძლებლობა და შემოთავაზება შვილებთან ერთად წავსულიყავი უცხოეთში, ვერ შევძელი, ჩემს ქვეყანას ვერაფრის ფასად ვერ დავთმობდი.

ბავშვობის წლები:

-უზრუნველი, ლაღი და ბედნიერი, არაფერი გვაკლდა. მამა გამორჩეული პიროვნება იყო, შეძლებული ოჯახის შვილს მხოლოდ სწავლა მევალებოდა, დავდიოდი სხვადასხვა წრეებზე, მათ შორის, მუსიკალურ სკოლაში და უცხო ენებზე. მე და ჩემს დედმამიშვილებს მაქსიმალური განათლება მოგვცეს მშობლებმა. მამამ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუ რაიმე კარგი თვისებაა ჩემში ეს მისი დამსახურებაა, დიდ დროს მითმობდა და სააღმზრდელო ლექციებსაც ხშირად ვისმენდი, ყველაზე მთავარს სიკეთეს მასწავლიდა.

პროფესიაბავშვობიდან ეკონომისტობა მინდოდა, მამას კი სურდა პედაგოგი ვყოფილიყავი, მისი ხათრით პირველად ფილოლოგიურზე ვაბარებდი, მაგრამ ვერ მოვხვდი, ამიტომ შემდეგ წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე და ამით ბავშვობის ოცნება ავისრულე.

სიყვარული და ოჯახი:

19 წლის ასაკში, მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა დავოჯახდი. მე და ჩემი მეუღლე დიმიტრი ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. აღმოჩნდა, რომ მისთვის ჩუმად გულში ვყვარებივარ. ისე გავხდი მისი მეუღლე სიყვარული არც აუხსნია. დიმიკო, გამორჩეული ვაჟკაცი და ისეთი კარგი ადამიანი იყო, რომ საუკუნოდ შემაყვარა თავი, დღემდე იმ გრძნობით მიყვარს, როგორც პირველად, ის ერთადერთი და განუმეორებელია. მყავს ორი შვილი ლევანი და გიორგი ლაზარეშვილები, მშრომელი, წესიელი და საამაყო შვილები არიან.დიმიტრი ლაზარეშვილი, გახლდათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი. 50 კაციან ბატალიონს მეთაურობდა, იყო ნამდვილი გმირი, ადამიანი, რომელმაც საქართველოს ერთიანობას უანგაროდ შესწირა თავი. პასუხისმგებლობით სავსეს უზომოდ უყვარდა სამშობლო. მისი თანამებრძოლების ამბობენ : – „ გვიცავდა, სულ იმას ცდილობდა არაფერი მოგვსვლოდაო და ყოველთვის პირველი გარბოდა ბრძოლის წინა ხაზზეო.“ მე და დიმიკომ მხოლოდ 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად , 1992 წლის 25 მაისს, 37 წლის ასაკში, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა ცხინვალში. მეორე დღეს უნდა დაბრულებულიყო. ისე ველოდი…თან ცრემლებს იწმენდს და აგრძელებს იმ ისტორიის თხრობას, რომელიც თავად შექმნა.მარტო დავრჩით, მე და ჩემი პატარა ბიჭები… მხოლოდ შვილების აღზრდა და სამსახური მევალებოდა, მეუღლემ ისე გამანებივრა აღმოჩნდა, რომ თითქოს არაფერი ვიცოდი, არადა სკოლაში, უნივერსიტეტში დამოუკიდებელი უნარიანი გოგო ვიყავი და უცებ მარტოდ დარჩენილს ცხოვრების შემეშინდა, მახსოვს სასოწარკვეთლს ჩამესმა: – „დე, მე რას მიპირებ!“ ეს ჩემი გიორგი იყო და მივხვდი, რომ ცხოვრება თავიდან უნდა მესწავლა. ასე დაიწყო ის გზა, რომელიც მარტოობის სამ ათწლეულს ითვლის, მე და ჩემმა შვილებმა შევძლებით სირთულეების გადალახვა და მიწაზე მყარად დგომა.ბევრი ტკივილის მიუხედავად არ დამიკარგავს იმედი, ბედნიერი დედა და ბებო ვარ, მთავარია შვილები და შვილიშვილები იყვნენ ჯანმრთელები, მე მათით ვხარობ. ადამიანს მეტი არაფერი სჭირდება ოჯახისა და ახლობლების კარგად ყოფნის გარდა. მეუღლე?! მეუღლე კი არის ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული, ის ჩემთვის არასოდეს გარდაცვლილა და დღესაც მჯერა, რომ მოვა…

ქალი მაჟორიტარი

-ყოველთვის ვცდილობდი, ისე მეცხოვრა, რომ სხვებისთვისაც შემძლებოდა დახმარება, მეზრუნა ადამიანებზე, მათზე ვისაც ყველაზე მეტად ვჭირდებით, შემოთავაზება მაშინვე მივიღე, რადგან მეძლეობა შესაძლებლობა მცირედით, მაგრამ მაინც რაღაც შემეცვალა. გავხდი ქალაქ ბოლნისის მიერ არჩეული მაჟორიტარი ქალი, მოვიპოვე ნდობა და უდიდესი პასუხისმგებლობაც. ვფიქრობ, საჭიროა მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი არჩევით პოზიციებზე, რადგან ქალებს კოდირებულად გვაქვს მზრუნველობა და საჭიროებების სხვანაირად აღქმა, ქალი მეტად ფრთხილი და დამთმობია, შეიძლება მეტად ემოციურები, მაგრამ სწორედ ეს თვისება გხვდის განსაკუთრებული. ვფიქრობ, რომ ჩვენ ქალების მოსმენა უნდა ვისწავლოთ.

რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა?

– გენდერული თანასწორობა არის უფლებების აღიარება, ოჯახში ძალთა თანაბარი განაწილება, ქალის და კაცის თანასწორობა გულისხმობს ქალების, კაცების, გოგონების და ბიჭების თანასწორ უფლებებს, პასუხისმგებლობებს და საშუალებებს. თანასწორობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალი და კაცი ერთი და იგივე გახდება, არამედ იმას, რომ ქალის და კაცის უფლებები, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები არ იქნება განსაზღვრული იმით, ქალად არიან დაბადებული თუ კაცად. გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ მხედველობაში მიიღება როგორც ქალის, ისე კაცის ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები, ქალების და კაცების ჯგუფების განსხვავებულობის აღიარებით. გენდერული თანასწორობა ქალის საკითხი არაა – ის სრულად ეხება კაცებს, ისევე როგორც ქალებს.

გოგი მეშველიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

0

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა  სამაჟორიტარო ბიუროში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს უმასპინძლა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული  მიულოცა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აზერბაიჯანელი  მოსახლეობის ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის მადლობის სიგელები გადასცა.

,,ჩემთვის დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ჩვენ,ერთი მთავარი რამ, საქართველოს, ჩვენი საერთო სამშობლოს სიყვარული გვაერთიანებს ერთად ვცდილობთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას. მწამს, რომ ერთობით შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას და მომავალ წელს, აუცილებლად უფრო მასშტაბურად ვიზეიმებთ ნოვრუზ ბაირამს.”განაცხადა გოგი მეშველიანმა.

დავით შერაზადიშვილი გილოცავთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს!

0

,,მზის შვილები”-ასე ჰქვიათ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ მხოლოდ სითბოსა და სიყვარულს ასხივებენ.დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა! ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ თანასწორი გარემო,რათა შევძლოთ დაუნის სინდრომის მქონე პირების საზოგადოებაში სრული ინტეგრაცია. ამ მხრივ ბოლნისის მუნიციპალიტეტი არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს და მომავალში ამ სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვგევმავთ. მინდა, ყველას მოგილოცოთ ეს დღე და ვისურვო, ისეთ საზოგადოებაში გვეცხოვროს, სადაც ქრომოსომებს არასდროს დაითვლიან.” – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი.

ნოვრუზ ბაირამი წელს, პანდემიისა და მასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო მოკრძალებულად აღინიშნება

0

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მიულოცა და კოვიდ-პანდემიის პერიოდში შემუშავებული რეგულაციების დაცვისა და გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ,,გულითადად ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს გაზაფხულის ერთ-ერთ ულამაზეს დღესასწაულს – ნოვრუზ-ბაირამს – ნოვრუზ ბაირამ მუბარექ ოლსუნ. მე მინდა ყველას წარმატება, განსაკუთრებული წინსვლა და დღეგრძელობა ვუსურვო. ჩვენ ტრადიციულად, ძალიან ფართომასშტაბიანი დღესასწაულები გვაქვს მხარეში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად, თუმცა, მეორე წელია ქვეყანაში შექმნილი ვითარების-პანდემიისა და მოქმედი რეგულაციების გამო, ეს ვერ ხერხდება. ძალიან კარგად ახსოვს ყველას, რომ ამ დღესასწაულს ქვეყნის პირველ პირებთან ერთად აღვნიშნავდით. მე მუდმივი კომუნიკაცია მაქვს ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისინი სრულად აცნობიერებენ ამ გამოწვევას – თავიანთი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და სახელმწიფოებრივი მიდიგომის გამო კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ და მივულოცო დღესასწაული”, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

დავით შერაზადიშვილი გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს!

0

ჩვენს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მთელი გულით ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს!

ნოვრუზ ბაირამი ესაა გაზაფხულის დადგომის, ახალი სიცოცხლის დღესასწაული, რომელიც ადამიანების გულებს სიყვარულითა და სიკეთესით ავსებს. მსურს, თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ ეს შესანიშნავი დღესასწაული, ბედნიერება გისურვოთ და ნოვრუზ ბაირამის სიხარული თქვენთან ერთად გავიზიარო.

,,აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ვულოცავ ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულს”- გოგი მეშველიანი

0

სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია საგანგებო რეგულაციების გათვალისწინებით გვიწევს ამ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა და მხოლოდ ვირტუალური მილოცვით შემოფარგვლა.

ჩემო მეგობრებო, მწამს, რომ ერთობით შევძლებთ გამოწვევებთან გამკლავებას და მომავალ წელს, აუცილებლად ერთად ვიზეიმებთ ნოვრუზ ბაირამს.

ვუერთდები თქვენს ზეიმს – გაზაფხულის, განახლების, ახალი იმედების, სიცოცხლისა და სიყვარულის დღესასწაულს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებას თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!

,,აბულბუგის აბანოს’’ რეაბილიტაცია გრძელდება

0

საყდრისის კომიტეტმა ,,აბულბუგის აბანოს’’ გადარჩენის მიზნით განხორციელებული სამუშაოების პროქტის პრეზენტაცია მოაწყო, სადაც ძეგლზე 2018 წლიდან დღემდე ჩატარებული სამუშაოები იყო წარმოდგენილი.,,აბულბუგის აბანო’’, რომელიც XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება, დიდი დმანისის ტერიტორიაზე, კომპანია ,,არემჯის’’ საწარმოო არეალზე მდებარეობს. საყდრისის კომიტეტის ინიციატივითა და ,,არემჯი’’-ს დაფინანსებით მოხდა ობიექტის შესწავლა, აბანო, არქეოლოგების ზედამხედველობით, მიწის საფარისგან გაიწმინდა, გასუფდავდა საკვამური, საკონსერვაციო ფენით დაიფარა დაზიანებული კედლები და გუნბათის ნაწილი, რომელიც მოხსნის შემგომ, ძველი იერასხით ადღდგა. ძეგლის მდგომარეობა ჯერ კიდევ არა სტაბილურია, ამიტომ, უახლოეს მომავალში, კვლევების საფუძველზე, განახლდება გამაგრებითი სამუშაოები, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა სახით ვიხილავთ ,, აბულბუგის აბანოს’’. ნინო ბურჭულაძე-საყდრისის კომიტეტის წევრი: ძეგლი მდებარეობს კომპანია ,,არემჯის’’ საწარმოო ტერიტორიაზე ,სადაც მიმდინარეობს სამთო მოპოვებითი სამუშაოები, თუმცა ამ შემთხვევაში თავსებადი გახდა კულტურული მემკვიდრეობა და ბიზნესი. ბურღვა- აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობს სტანდარტის შესაბამისად, დაბალი მუხტით, სატვირთო მანქანებიც დაბალი სიჩქარით გადაადგილდებიან, რათა გამოწვეულმა ვიბრაციამ მეტად არ დააზიანოს ძეგლი, ტერიტორია შემოღობილია და დამონტაჟებულია სათვალთალო კამერები. მიუხედავად თავდაუზოგავი შრომისა, ძეგლის მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს სამომავლო ღონისძიებებისთვის მსჯელობა, რამდენიმე ვარიანტი განიხილება, რომელიც შემდგომი გამაგრებითი სამუშაოების შედეგად გადაწყდება. ირაკლი შატაკიშვილი, არემჯის კორპორაციული დირექტორის მოადგილე საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში: კომპანია არემჯის და საყდრისის კომიტეტს შორის არსებობს შეთანხმება, რაც გულისხმობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას. ამ პროცესში, ჩვენ დაფინანსების კუთხით ვართ ჩართულები, დანარჩენი სამუშაოები ინიცირებულია კომიტეტის მიერ. ძეგლზე მონიტორინგს მუდმივად ახდენენ კომიტეტის წევრები. კომპანია მზადაა თანამშრომლობისთვის, მომავალშიც აქტირურად გავაგრძელებთ ძეგლების რეაბილიტაციის დაფინანსებას.

ქალები ბოლნისიდან

0


სამი წლის იყო როცა ბოლნისმა მიიღო. პატარა ასაკის მიუხედავად, კონტურებად მაინც ახსოვს აფხაზეთი. აფხაზეთიდან დევნილმა ოჯახმა თავი ბოლნისის მუნიციპალიტეტს, კერძოდ დიდი სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიას შეაფარა.
ოჯახში უფროს შვილს მუდამ მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა დებისა და ძმის წინაშე. დამოუკიდებელი ადამიანია. ამბობს, რომ: – “გადაწყვეტილებებს ყოველთვის სხვისი დახმარების გარეშე ვიღებო”, ალბათ ეს თვისება იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ის გახდა პირველი სოფლის წარმომადგენელი ქალი და სწორედ აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც.
ჩვენი დღევანდელი გმირია წარმატებული ახალგაზრდა იანა ბერიანი.
იანა ბერიანი არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი და ამავდროულად ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
როგორი ბავშვობა გქონდათ და რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა?
– ჩემი ბავშვობა დაკავშირებულია სოფელ ტანძიასთან, რადგან 3 წლის ვიყავი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო და დავტოვეთ აფხაზეთი. იმ პერიოდში ტანძიაში ახალი დასახლებული იყვნენ ზემო სვანეთიდან ეკომიგრანტები, მათ შორის მამაჩემის მშობლები. ასე მოხვდა ჩემი ოჯახი ბოლნისში. ჩვენც ტანძიაში დავსახლდით. ბავშვობა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ვფიქრობ, რომ სოფელში გატარებული ბავშვობა უფრო სავსეა შთაბეჭდილებებით, ბუნებასთან სიახლოვით და სილაღით. პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი გავლენა იქონია აღზრდამ. დედმამიშვილებს შორის უფროსი ვარ და ყოველთვის ვგრძნობდი ამ პასუხისმგებლობას. მშობლების უპირველესი ამოცანა ჩვენი სწორად აღზრდა და განათლების მიღება იყო. შესაბამისად, ხედავდნენ რა ჩვენს შესაძლებლობებს, ამის ფარგლებში მაქსიმუმს ითხოვდნენ. თუმცა ამასთან დაკავშირებით არასდროს გამჩენია პრობლემა, მითუმეტეს პროტესტის გრძობა, პირიქით – ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ის, რომ მშობლები ყოველთვის კმაყოფილი იყვნენ ჩემი სწავლით, ჩემი ქცევით და საერთოდ ჩემით. სხვათა შორის, ძალიან დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მარტო ვმეცადინეობდი დახმარების გარეშე, გადაწყვეტილებებს თვითონ ვიღებდი. ეს თვისება დღესაც მაქვს, ვცდილობ ჩემი საქმე მე თვითონ, სხვისი შეწუხების გარეშე გავაკეთო, ეს მეტ სიამოვნებას მანიჭებს.
პროფესიული არჩევანი – მახსოვს, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში ძალიან -მინდოდა პედიატრობა, მაგრამ არ მახსოვს, გადაწყვეტილება რატომ შევცვალე. დამამთავრებელ კლასებში გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმე ფინანსები იყო, ძალიან მიყვარდა მათემატიკა, მომწონდა ის, რაც ანგარიშს და ანალიზს ითხოვდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად მოვხვდი კიდეც ეკონომიკის ფაკულტეტზე და 6-წლიანი სწავლის შემდეგ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი გავხდი. ჩემი პროფესიით ჯერ არასდროს მიმუშავია, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში ეს იქნება ჩემი საქმე.
როდის გახდით საჯარო მოხელე, თქვენი გამოცდილება საჯარო სექტორში?
– უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ, როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც ვცდილობდი დასაქმებას. მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, საჯარო სამსახურში დასაქმდებიო, არ დავიჯერებდი, რადგან მაშინ ეს სფერო ჩემთვის, პირველ რიგში, ნეპოტიზმთან ასოცირდებოდა, მაგრამ იმ პერიოდში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და გამოცხადდა საჯარო მოხელეთა კონკურსი. გადავწყვიტე ბედი მეცადა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წარმატებით გავიარე კონკურსის ყველა ეტაპი და 2015 წლის მარტში დავსაქმდი კიდეც. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩემი დანიშვნა ტანძიის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე. ეს ერთგვარი პრეცენდენტი იყო, რადგან ყველა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ამ პოზიციაზე მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ. ამ პოზიციაზე თითქმის სამი წელი ვიმუშავე და კმაყოფილი ვარ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე საზოგადოებასთან ურთიერთობისას – დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მიყვარს და მიადვილდება ხალხთან წარმატებული კომუნიკაციის დამყარება, უშუალო ურთიერთობა, ყოველგვარი ბიუროკრატიულობის გარეშე. რაც ყველაზე მეტად მიხარია, ყოველთვის ვგრძნობდი და ვიგრძნობ კეთილგანწყობას მათგან, ვისთანაც თუნდაც რამდენიმე წუთის კომუნიკაცია მაკავშირებს. სწორედ ამიტომ მაშინვე დავთანხმდი 2017 წლის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პროპორციული სიით, მონაწილეობის მიღების შეთავაზებას. საერთო ჯამში, 6 წელია რაც ბოლნისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ვმუშაობ და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სკოლა იყო. უკლებლივ ყველა ადამიანს ვუხდი მადლობას, ვისთანაც თანამშრომლობა მიწევს, ვინც მანდო ეს პასუხისმგებლობა.
თქვენთვის რას ნიშნავს „გენდერი“ და რა არის გენდერული თანასწორობა?
– გენდერი სოციალური ცნებაა, პირველ რიგში და ადამიანის სოციალურ როლს ასახავს საზოგადოებაში, თუ რამდენად არის დაცული ამ საზოგადოებაში ქალის და მამაკაცის თვითრეალიზების თანაბარი პირობები. გენდერული თანასწორობა კი ადამიანის უფლებაა, მარტივად რომ ვთქვათ. დიახ, ეს ჩვეულებრივი უფლებაა და არაფერია ამაში უცნაური. დღეს მსოფლიოში ჯერ კიდევ ქალის თვითრეალიზების პრობლემები უფრო ჭარბობს, ზოგან ძალიან, ზოგან ნაკლებად. აქედან გამომდინარე, ქალების პრობლემებია დღის წესრიგში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცების პრობლემები არავის აინტერესებს. სამწუხაროდ, ასეთი აღქმაც არსებობს. გენდერული თანასწორობა ორივე სქესის თანაბარ პირობებში არსებობას და ამ პირობების დაბალანსებას ითხოვს. აქ არ არის საუბარი ქალის და კაცის შესაძლებლობებზე, ეს ინდივიდუალურია, ყველა ადამიანს სხვადასხვა შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ რისი შესაძლებლობაც აქვს, ამის რეალიზებისთვის მათ სჭირდებათ თანაბარი პირობები. ეს პირობები უნდა შექმნას არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ თავად საზოგადოებამაც, რადგან პირველ რიგში, საზოგადოებაში უნდა იყოს მზაობა და მიმღებლობა. არ უნდა არსებობდეს გენდერული სტერეოტიპები, კლიშეები, რაც ყველაზე მეტად უშლის ხელს გენდერული თანასწორობის მიღწევას.
რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების აქტიურობა?
– ქალების აქტიურობა ყოველთვის, ყველა ეპოქაში მნიშვნელოვანი იყო და იქნება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ქალი ასოცირდება შრომასთან, თავდადებასთან, ქალი არასდროს არის უმოქმედოდ, შეზღუდულ პირობებშიც კი ახერხებს სარგებელი მოუტანოს ოჯახს და ქვეყანას, მაგრამ აღარ უნდა უწევდეს ქალს, საზოგადოების სრულუფლებიან წევრს თავისი ჩვეულებრივი უფლებების დამტკიცება, მას ჯერ კიდევ ბრძოლა უწევს ამისთვის. აქტიურობისთვის ქალს სოციუმში ბევრი ხელშემწყობი პირობა სჭირდება, მაგრამ პირველ რიგში, ვისურვებდი ეკონომიკურად დამოუკიდებელ უფრო და უფრო მეტ ქალს, ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ქალთა სრულფასოვანი ემანსიპაციისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალი ბევრად უკეთესი იქნება და ამისთვის ისევ და ისევ ქალების ძალისხმევა და აქტიურობაა აუცილებელი.