საგანმანათლებლო -სარეაბილიტაცია დღის ცენტრში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის აქტივობა მოეწყო, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან ერთად დაესწრო, ,,განთიადის’’ ბენეფიციარებმა მოხალისეებისა და პედაგოგების დახმარებით დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს, წარმოადგინეს მცირე პერფორმანსი ,,თოჯინები გვამეგობრებს’’. ღონისძიება საერთაშორისო ქსელის BICE მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქალთა კავშირი „რეა“-ს და ბოლნისის დღის ცენტრის თანამშრომლობით ხორციელდება.
საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულებისთვის 8000-ზე მეტი ოქროს და ვერცხლის მედალი დამზადდება
წარჩინებული მოსწავლეებისა და ახლა უკვე სტუდენტებისთვის მედლების გადაცემისთვის განათლების სამინისტრომ მრავალჯერ გადადებული პროცესი დაიწყო. 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 სასწავლო წლებში საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლებს რამდენიმე თვეში გადასცემენ.სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობა: 8 735 ცალია, მათ შორის: 6 622 ცალი ოქროს (მოოქროვილი) და 2113 ვერცხლის (მოვერცხლილი) მედალი.
გოგი მეშველიანი კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მჟორიტარი გოგი მეშველიანი კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და არჩილ თალაკვაძეს მადლობას უხდის მხარდაჭერისა და გაწეული საქმიანობისთვის „დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა ავირჩიეთ. პირველ რიგში ვულოცავ კახას და წარმატებებს ვუსურვებ. მადლობა არჩილ თალაკვაძეს გაწეული საქმიანობისთვის, ის აქტიურად იყო ჩართული ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში და მარათონის ფარგლებში არაერთხელ გვეწვია საარჩევნო ოლქში. კიდევ ერთხელ მადლობა მას მხარდაჭერისთვის! „ – გოგი მეშველიანი აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„არემჯიმ“ CSR FORUM 2021-ზე კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

სასტუმრო რადისონმა მედია ჰოლდინგ The FINANCIAL-ის მიერ ორგანიზებული CSR FORUM 2021-ს უმასპინძლა, რომელზეც კომპანიებმა საკუთარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ისაუბრეს.
CSR ფორუმიარის ცოცხალი პრეზენტაციების ღონისძიება, რომლის მიზანია წარმოაჩინოს სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტები და მათი შედეგები. ღონისძიებაზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, UNDP საქართველოს წარმომადგენელმა ანა ჩერნიშოვამ, საქართველოში იაპონიისა და საფრანგეთის ელჩებმა.
“ არემჯი“, რიგით მე-6 CSR FORUM-ის გენერალური სპონსორია. კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი წარუდგინა საზოგადოებას, რომელსაც კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს.
„ვფიქრობ, რომ მსგავსი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. მოხარული ვარ, რომ მოგვეცა საშუალება ერთის მხრივ, გავუზიაროთ სხვა კომპანიებს ჩვენი გამოცდილება და მერეს მხრივ უფრო დეტალურად გავაცნოთ დაინტერესებულ ჯგუფებს ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით. ჩვენ გუნდს სჯერა, რომ სწორად დაგეგმილი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან. ეს არ არის მხოლოდ დიდი და ძლიერი ბიზნესის საკეთებელი საქმე, ყველას შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს, ჩვენი ქვეყნის, სხვადასხვა რეგიონის, გარემოსა თუ ადგილობრივი თემის განვითარებაში.“ – „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.
[:]აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გასვლითი სხდომა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრა ახალი მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში შედგა, სადაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში საზოგადოებას ბოლნისიდან წარუდგინა, მუნიციპალიტეტიდან, რომელსაც მეღვინეობა-მევენახეობის დიდი კულტურა და ტრადიციები აქვს. სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის დახმარებით, ბოლნისში ოცდაათამდე საოჯახო მარანი, უძველესი ტრადიციული მეთოდით, მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. სწორედ აღნიშნული დარგის ხელშეწყობისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტომ განხორციელებული და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. შეხვედრას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელსუფლებასთან ერთად კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრამდე სტუმრებმა სოფელ დისველში ეკო მიგრანტ ქალთა კოოპერატივი „დისველი“ დაათვალიერეს და ყველის საწარმოს მუშაობას გაეცვნენ,რამდენიმე წელია კოოპერატივი რძეს ადგილობრივ მოსახლეობისგან იბარებს და რეალიზებას დედაქალაქის სუპერმარკეტებში ახდენს, დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში, ელიას მთაზე წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, ტერასებზე გაშენებული ვაზიც დაათვალიერა, ახალ მუზეუმში კი, საგამოფენო სივრცეებში განთავსებულ ექსპონატების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
დაკარგული შვილი ბოლნისს გმირად დაუბრუნდა
27 წელი სოხუმის დაცემიდან და ასობით უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ და დაკარგულ მეომრებს ოჯახები დღემდე ელიან. ბოლნისიდან წასული 14 დაკარგული მებრძოლიდან ერთის ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა. მრავალწლიანი გაურკვევლობა მემანიშვილების ოჯახისთვის დასრულდა, საქართველოს გმირის ნეშტი დღეს სამხედრო პატივით ბოლნისის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.
23 აპრილს იდენტიფიცირებულ 12 ნეშტთან ერთად, ლევან მემანიშვილის ნეშტიც ქ. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში იქნა გადასვენებული. 24 აპრილს კი ბოლნისში ჩამოასვენეს, რამდენიმე წუთით მის საყვარელ ქუჩაზეც, მშობლიურ სახლთან გააჩერეს. 20 წლის გმირის პატივის მისაგებად, ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან მთელი ბოლნისი შეიკრიბა. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა ლევან მემანიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა რის შემდეგ ნეშტი სამუდამო განსასვენებელში ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ლევან მემანიშვილი ერთ-ერთია იმ უგზო-უკვლოდ დაკარგული 14 მეომრიდან, რომლებიც აფხაზეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარი ნებით ჩაერთო, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა წავიდა იქ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა.,,მე დავკარგე მეგობარი, გია ჯოგლიძე, არ შეიძლება დავრჩე აქ, იქ ბიჭები იღუპებიან“ ეს მისი ბოლო სიტყვებია. წავიდა და მის მერე ყოველ დღე ელოდნენ მისი ოჯახის წევრები, იმედიანად ელოდა დედაც, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე შვილის გამოჩენაზე ლოცულობდა.
წავიდა სამხედრო მოსამსახურე და ქვეყანას დაუბრუნდა გმირი, გმირი რომელიც დღეს მისმა ქალაქმა დიდი პატივით მიიღო, გმირი რომელმაც ქვეყნის სიყვარულს ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე შესწირა, ასეთ გმირებზე დგას დღეს საქართველო…
ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ გარემოს და დავიცვათ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, ბზა განადგურებისგან!ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა.საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება 500-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს გარემოსდაცვით კანონდარღვევას, დაუკავშირდით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ცხელ ხაზზე: 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა; კონფიდენციალურობა დაცული
რუსთავის ინოვაციების ჰაბი პარტნიორებთან ერთად აცხადებს იდეების კონკურსს
რუსთავის ინოვაციების ჰაბი პარტნიორებთან ერთად აცხადებს იდეების კონკურსს – „იდეიდან წარმატებამდე“ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის და სათემო ჯგუფებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტების სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სათემო ჯგუფებს.
შერჩევის პროცესში, უპირატესობა მიენიჭება ისეთ იდეებს, რომლებიც იქნებიან მდგრადი კოვიდ-19 პანდემიის მსგავს კრიზისულ სიტუაციებში. საპროექტო იდეების ატვირთვა უნდა მოხდეს პლატფორმაზე www.orbeliani.net. შეცვალე შენი ქალაქი-ის კატეგორიაში.
პროექტის ფარგლებში, მოხდება გამარჯვებული იდეის დაფინანსება მისი ღირებულების 90%-ით. იდეების მიღების დასრულების შემდგომ კომისიის მიერშერჩეული საუკეთესო იდეები განთავსდება ქრაუდფანდინგის პლატფორმაზე https://orbelianimeti.ge/ რისი საშუალებითაც იდეის ავტორები მოახდენენ დამატებითი დაფინასების მოპოვებას.
საკონკურსო იდეების მიღების ბოლო ვადაა 10 მაისი.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://app.orbeliani.net/
პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: რუსთავის ინოვაციების ჰაბი
ელენი ბასილაშვილი საერთაშორისო საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებულია
საჯარო მეტყველების კონკურსის სახელწოდებით- ,,გავაერთიანოთ ხმები ეს საუკეთესო გზაა ცვლილებებისთვის”, გამარჯვებული დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ელენი ბასილაშვილია, რომელმაც კონკურსის ყველა ტური წარმატებით გადალახა და რვა ფინალისტს შორის გამარჯვებული გახდა.ელენი კონკურსში სამი წელია ერთვება,როგორც გაზეთ ,,ბონლნისთან” საუბარში აღნიშნა ასაკიდან გამომდინარე ეს ბოლო შანსი იყო, რომელიც მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. მოლაპარაკებათა კავშირი კონკურსს ლონდონში ყოველწლიურად ატარებს, საქართველოში კი ბრიტანული მხარე ოცდამესამე წელია მართავს, მსოფლიოს მასშტაბით მასში ყოველწლიურად მილიონამდე 16დან-20 წლამდე ახალაზრდა ერთვება. პანდემიის გამო გამარჯვებული წელს მსოფლიო ფინალში ზუმის საშვალებით ჩაერთვება, სადაც საქართველოს სახელით იასპარეზებს. გაზეთი ,,ბოლნისი” ელენის ფინალურ ტურში წარმატებას უსურვებს.
აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი მეომრის ლევან მემანიშვილის ნეშტი იდენტიფიცირებულია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.23 აპრილს, 15:00 საათზე მოხდება იდენტიფიცირებულ 12 ნეშტთან ერთად, ლევან მემანიშვილის ნეშტი, ქ. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გადასვენება. 24 აპრილს, 16:00 საათზე კი ქ. ბოლნისში ლევან მემანიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაიმართება. აფხაზეთში დაღუპული მებრძოლი, სამხედრო პატივით, ბოლნისის საძმო სასაფლაოზე დაიკრძალება.











