დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, კორონა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინაცია ქალაქ რუსთავში, მარდალეიშილის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. რწმუნებულმა მოსახლოებას პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ქალაქის მასშტაბით, ამეტაპზე, ვაქცინაციას 4 სამედიცინო დაწესებულებაში, 9 ამცრელი ბრიგადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ასტრაზენეკას” და ,,ფაიზერის“ საშუალებით ახორციელებს. მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც.
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვნენ

გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად ჩაერთვნენ და კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს.
ქალაქ ბოლნისში, მოქალაქეებს აცრის გაკეთება „ფაიზერის“ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10 საათიდან 18 საათამდე შეუძლიათ.
„მხიარული კონცერტი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვების პარკში
4 აგვისტოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკში ქართული ესტრადის ვარსკვლავების შესრულებით „მხიარული კონცერტი“ გაიმართა.
ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუსიკალურ ნომრებს სხვადასხვა მუზიკლიდან და ფილმებიდან ასრულებდნენ. დადებითი განწყობა არა მხოლოდ პატარა მსმენელისთვის იყო ემოციური, არამედ ყველა თაობისთვის.
მხიარული განწყობისთვის ანიმატორებიც ზრუნავდნენ.
„მხიარული კონცერტი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

ლაშა ტალახაძე ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 4 აგვისტოს, საქმეში ქართველი ძალოსანი და არაერთი მსოფლიო რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთო, ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა და ამით დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია!
ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე – 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).
რაც შეეხება აკვრას – ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე ისევ საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი, 245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური
ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშამ მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი – 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებაა. საერთო შედეგი – 488 კგ-ია.
,,ნდობა ნდობის და სიყვარული სიყვარულის წილ“ – მაია მასწავლებლის ცხოვრებისეული კრედო
„მაია მოსეშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის, დაბა კაზრეთის პირველი საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგია. იგი ენერგიული, საქმის ერთგული, და კომუნიკაბელური ადამიანია. ის ერთნაირად ლოიალურია, როგორც პედაგოგების, მოსწავლეების, ისე მათი მშობლების მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ მაია სკოლის დედა-ბოძია, რომლის გარეშეც არანაირი აქტივობა არ იგეგმება. ის ჩემი და ჩემი მასწავლებლების საიმედო დასაყრდენია, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი“, ასე აფასებს სკოლის დირექტორი ნანა ოდიშელიძე ქალბატონ მაია მოსეშვილს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა დაწყებით საფეხურზე „საუკეთესო მასწავლებლის აღიარების“ ჯილდო გადასცა.

მაია მოსეშვილი უკვე მრავალია წელია მომავალ თაობას ემსახურება და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. იგი იმ პედაგოგების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც სკოლის სახელის ღირსეულ დამკვიდრებაში დიდი როლი შეაქვთ. სპეციალობით ფილოლოგი 1998 წლიდან დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლაში უწყვეტი რეჟიმით, სხვადასხვა პოზიციაზეა დაკავებული, ბოლო ათეული წელია დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. ფორმალური განათლების გარდა, აღსაზრდელებს არაფორმალურ განათლებასაც აძლევს, უზიარებს საკუთარ გამოცდილებას, იყენებს ინოვატორულ მოდელებს. აძლევს ღრმა ცოდნას და უვითარებს დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევებს. პრინციპული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული და ნიჭიერი პედაგოგი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას და მოსწავლეებთან ურთიერთობის მისეული ფორმულა აქვს ჩამოყალიბებული. „ვიცი, რაც ყველაზე მეტად უყვართ: 1.აღიარება -ყველა ადამიანს მოსწონს და ამიტომ მე მათ ვაღიარებ. 2. ნდობა – ვავალებ საქმეს, ვედნობი და ამიტომაც მენდობიან. 3. ზომიერება ურთიერთობაში – მე არ მავიწყდება, რომ მასწავლებელი ვარ და არ ვივიწყებ, რომ ისინი მოსწავლეები არიან. 4. იუმორი – ზომიერი იუმორი ხსნის მათკენ მისასვლელ გზას, ამიტომაც არ სწყინთ ჩემი ნათქვამი სიმართლე. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ყველა მოსწავლის სახელი და გვარი ვიცი, ვიცნობ მათ მშობლებს, ვიცი რა უყვართ, რისკენ აქვთ მიდრეკილება, იმასაც ვუქებ. ჩემი მკაცრი შეხედულების მიღმა, სიყვარულით სავსე გული ეგულებათ, ამიტომაც სკოლის დამთავრების შემდეგაც, ჩვენი ურთიერთობა გრძელდება. ახლა უკვე ჩემი მოსწავლეების შვილების მასწავლებელი ვარ და მათი თავი ნუ მომიშალოს ღმერთმა. ერთ რამედ ღირს, მათი ბაგეებიდან წარმოთქმული: ‘“მაია მას…“.
გარდა პედაგოგიური მოღვაწეობისა, მაია მოსეშვილი არის დირექტორის მოადგილე, მას სამაგალითო დამოკიდებულება აქვს პედაგოგებთან. მუდამ ცდილობს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს კოლეგებს, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მათ, პროფესიულ ზრდაში.
ნანა ოდიშელიძე, სკოლის დირექტორი:
-მაია იყო USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორი.აქტიურადაა ჩართული ახალი სკოლის მოდელის კომპლექსური დავალების შექმნა-განხორციელებაში, როგორც ტრენინგებზე, ასევე დამოუკიდებლად შექმნა და განახორციელა კომპლექსური დავალებები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებით საფეხურზე.
მაია მოსეშვილი ყოველთვის გამოხატავს სიახლეების მიმართ ინტერესს, ესწრება ტრენინგებს, ორგანიზებას უწევს და მონაწილეობს კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში. მას ახასიათებს კოლეგების მიერ, თუ ტრენინგების დროს, გაზიარებული ინოვაციური იდეებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. შეუძლია მოსწავლეებისათვის, სწავლის პროცესში, ხელშემწყობი და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა. აღნიშნული გამოცდილება, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ეხმარება საკლასო სივრცეშიც განსაზღვროს მოსწავლეთა საჭიროებები და მათზე მორგებული აქტივობები შესთავაზოს. გარდა ამისა, მას აქვს საკმარისი გამბედაობა, კლასში ახალი იდეების მოსასინჯად, არის შემოქმედებითი, გამჭრიახი, შეუძლია ისეთი აქტივობების შემუშავება, რომლებიც უბიძგებს მოსწავლეებს აღმოჩენებისკენ, კვლევისკენ, წაახალისებს და პატივს სცემს განსხვავებულ აზრს. ის არის „კარგი კრიტიკული მეგობარი “ და თვითონაც ღიაა რეკომენდაციების მისაღებად. ყოველი ახალი აქტივობის ან მეთოდის დანერგვის დროს, ისწრებს გაკვეთილზე კოლეგებს და შემდეგ ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს.
ქალბატონმა მაიამ ასევე თავი გამოიჩინა და სწრაფად შეიმუშავა მეთოდი, დისტანციური სწავლების პერიოდში. მან მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილები სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი გახადა. რთულ პერიოდში, როდესაც სამყარო ამოუცნობ ვირუსთან ბრძოლაში იყო და მკაცრი რეგულაციების დაცვით ბავშვებს შინ უწევდათ ყოფნა, მაია მასწავლებელმა ერთი-ორად გაითავისა გლობალური პრობლემა და ცდილობდა აღსაზრდელებისთვის მოსაწყენი დისტანციური სწავლება მრავალფეროვანი გაეხადა.
„მას ასევე აქვს ვირტუალური ან დისტანციური სწავლების რეჟიმზე ადაპტირების უნარი, სწრაფად აუღო ალღო, აითვისა და დანერგა დისტანციური სწავლება გლობალური პანდემიის პერიოდში.
მაიას აქვს ლიდერი მასწავლებლისათვის დამახასიათებელი თვისებები. აქტიურად არის ჩართული სასკოლო თუ ონლაინ ქსელურ ჯგუფებში, მონაწილეობს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის შეხვედრებში. ის მუდმივად ცდილობს მშობელთა ჩართვას სასწავლო პროცესში. მშობლებთან ერთად მოაწყო პოეზიის საღამო, მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, მაია უსმენს მათ, გეგმავს და ახორციელებს მათთვის საინტერესო შეხვედრებს.
წლებია მაია მასწავლებელია და მას არასოდეს მიუმართავს პედაგოგებისთვის უხეშად, პირიქით, შეუძლია ყოველგვარი პრობლემა უმტკივნეულოდ და მშვიდად მოაგვაროს, ეს თვისებები ეხმარება მას იმაში, რომ სწორად და მიზანმიმართულად წარმართოს სკოლის ცხოვრება“. – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
ქალბატონი მაია მიზანდასახული ადამიანია. მუდამ ძიებაშია. აანალიზებს ყოველ გადადგმულ ნაბიჯს, შინაგანი სიძლიერე და მოხერხებულობა აძლევს საშუალებას, იყოს კარგი დედა, მასწავლებელი, მეგობარი და კოლეგა.
მაია მოსეშვილი, პედაგოგი:
-ბუნებით ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. მაინტერსებს რა ხდება განათლების სისტემაში, ქვეყანაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ.ზოგჯერ მინდა, რომ ხასიათის ეს თვისება გამოვასწორო, მაგრამ არ გამომდის. ყველაფერი რომ მოვასწრო, დროს სწორად ვანაწილებ: დილით ადრე სკოლაში წასვლამდე ,,დედობას” ვასწრებ, მერე სკოლაა, სადაც ზუსტად მაქვს დაგეგმილი, რაც უნდა გავაკეთო. სამსახურის დასრულების შემდეგ, ვაანალიზებ რა გავაკეთე, შემდეგ სახლი და ისევ მზადება მეორე დღისთვის. ჩემი საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტებია-რომელი საქმეც მოითხოვს მეტ ყურადღებას , დროს მას დავუთმობ. ვახერხებ ,,ლავირებას”. წარმატებული რამდენად ვარ, ამას ცხოვრება გამოცდის. სიყვარულს კი ნამდვილად ვგრძნობ. როგორც დედა, ჩემი შვილებით ბედნიერი ვარ. მინდოდა, რომ გამორჩეულები ყოფილიყვნენ ზრდილობით, ადამიანობით, მათ ქულებს მნიშვნელობა არ ჰქონდა. სამაგიეროდ, მუდმივად ვცდილობდი განათლება არ მომეკლო. ვცდილობ ჩემი შვილების ინტერესებს ვითვალისწინებდე და ამიტომაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ვაკვირდები როგორი ფილმები მოსწონთ, როგორი ჟანრის მუსიკას უსმენენ, ჩაცმითაც იმ სტილს ვუწონებ, რაც მათ მოსწონთ. ჩემთვის მთავარია, რომ ისინი შინაგანად თავისუფალი, კეთილი, ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ.
კითხვაზე, თავიდან რომ დაიწყოთ ისევ ამ პროფესიას აირჩევდით? მან დაუფიქრებლად მიპასუხა – „რა თქმა უნდა! ამაზე ლამაზი პროფესია არ მეგულება-უყურებ პატარას, ხშირად ტირილით, შიშით რომ გიყურებს, დაფას რომ ვერ სწვდება და ფეხის წვერებზე იწევა, წლების მერე უყურებ უკვე გაზრდილს. მის გამოქანდაკებაში შენც მიგიძღვის წვლილი და სიხარული გიპყრობს. რა ვუყოთ, თუ ბევრი დრო დაიხარჯა – ხან წაბორძიკებულს დაეხმარე, ხან სიტყვა შეუსწორე, ხან საქციელი დაუწუნე ან მოუწონე-ადამიანი ხომ ჩამოყალიბდა! ამაზე ძვირფასი ,,განძი, ლარი და საუნჯე” არაფერია!
ქალბატონ მაიას ახარებს ბედნიერი ადამიანების დანახვა, ახალგაზრდების წინსვლა ქვეყნის კეთილდღეობისთვის, გული სწყდება, როცა უყურებს თვალებში სევდაჩამდგარ მოსწავლეებს, რომელთა მშობლებიც საზღვარგარეთ, ოჯახის გადასარჩენად არიან წასულნი. ედარდება შშმ პირები, მოხუცები და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები.
ყველაზე დიდი ჯილდო კი მისთვის მოსწავლეების სიყვარულით სავსე წერილები, მათი შეფასებები და გაცისკროვნებული თვალებია!
მარინა გავაშელი
მწვანე ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები
ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო (Nezara viridula L) წარმოადგენს მრავალი მცენარეული კულტურის მავნებელს. საქართველოში ეს მწერი დიდი ხანია გავრცელებულია, მაგრამ ინფორმაცია მისი მავნებლობის შესახებ, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის, მეცნიერებისათვის და მოსახლეობისათვის, ამ დრომდე ნაკლებად იყო ცნობილი. როდესაც საქართველოში აზიური ფაროსანა გავრცელდა, მოსახლეობას ბოსტნეულის მწვანე ბაღლინჯო აზიური ფაროსანა ეგონა, იმიტომ რომ ეს ორი სახეობა ერთი და იგივე ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან გვანან ერთმანეთს, თუმცა არსებობს ფერში და აგებულებაში განსხვავება.
რა ღონისძიებები ტარდება და როგორ ვებრძოლოთ აღნიშნულ პრობლემას, ამ საკითზე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონალური საამმართველოს ბოლნისის ოფისის ფიტოსანიტარი ლია ბეჟანიშვილი გვესაუბრება:
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აზიური ფაროსანას აღმომჩენი დამაგრებული ფერომონების განახლება, რომლის მეშვეობითაც, მხოლოდ სოფელ ფოლადაურში და დაბა კაზრეთში აღმოჩნდა აზიური ფაროსანა, ისიც მცირე რაოდენობით. ფაროსანას ერთ-ერთი სახეობა ე.წ. მწვანე ფაროსანა, ბოსტნეულ კულტურებს ძალიან აზიანებს, განსაკუთრებით პომიდორს, ჩხვლეტს თავისი პირის აპარატით, შიგ უშვებს ნერწყვს, რის შედეგადაც, ის ადგილი თეთრდება და პროდუქტს კვებითი ღირებულებაც და შესახედაობაც ეკარგება. ასევე იგი აზიანებს ყველა მწიფე ხილსაც და ბოსტნეულსაც, რაც ჩვენს ბაღებში დამწიფდება.
-რატომ არ ხდება მწვანე ფაროსანას წამლობა?
-მოსახლეობისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მავნებელი დააზიანებს მის მოსავალს, საქმე იმაშია, რომ აზიური ფაროსანას მოსპობა, მისი ბიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის ძალიან რთული. მწერის გარეკანი არის უხეში და სჭირდება ძლიერი წამლობები. საბედნიეროდ, ის ფაროსანა, რომელიც ჩვენს ბაღებში და ბოსტნებში არის გავრცელებული, მისი ზედა კანის საფარველი თხელია, ამიტომ მისი მოსპობა ნებისმიერი ინსექტიციდით შეიძლება, რომელიც შეგიძლია იყიდოთ შხამქიმიკატების მაღაზიაში, ყიდვისას ყურადღება გაამახვილეთ ვარგისიანობის ვადაზე, ნახეთ საიდან გისხამთ გამყიდველი წამალს დამხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის ოფისს, მუნიციპალიტეტის მერიის პირველ სართულზე.
ბოლნისში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი იქნება
ბოლნისში მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი, დავით შერაზადიშვილი იქნება. კანდიდატების სიას ,,ქართული ოცნება” ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს რომელიც ასე გამოუყურება:
,,ქართული ოცნება”-მერობის კანდიდატები:
რუსთავი – ნინო ლაცაბიძე
გარდაბანი – დავით კარგარეთელი
მარნეული – კენან ომაროვი
ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი
დმანისი – კობა მურადაშვილი’
წალკა – ილია
საბაძეთეთრიწყარო – გიორგი წიკლაური
თელავი – ლევან ანდრიაშვი
ლიახმეტა – ალექსი ფიცხელაური
ყვარელი – გივი ზაუტაშვილი
ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი
გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი
საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი
სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი
დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი
გორი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
კასპი – ვახტანგ მაისურაძე
ქარელი – ზაზა გულიაშვილი
ხაშური – თენგიზ ჩიტიაშვილი
ახალციხე – ირაკლი ლაზარაშვილი
ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე
ბორჯომი – ოთარ არბოლიშვილი
ადიგენი – გოჩა ქიმაძე
ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი
ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი
მცხეთა – დიმიტრი ზურაბიშვილი
დუშეთი – მანანა ნარიმანიძე
თიანეთი – ლევან წიკლაური
ყაზბეგი – შალვა ელოშვილი
ქუთაისი – იოსებ ხახალეიშვილი
ბაღდათი – კახა ენუქიძე
ჭიათურა – გივი მოდებაძე
წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე
საჩხერე – ლევან ივანაშვილი
სამტრედია – დავით ბახტაძე
თერჯოლა – ლაშა გოგიაშვილი
ტყიბული – დავით ჩერქეზიშვილი
ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი
ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი
ხონი – ლადო ჯურხაძე
ზესტაფონი – ვასილ გველესიანი
ამბროლაური – ლაშა ჭიჭინაძე
ონი – სერგო ხიდაშელი
ცაგერი – გიორგი ნემსაძე
ლენტეხი – გიორგი ონიანი
ზუგდიდი – მამუკა წოწერია
წალენჯიხა – გოგა გულორდავა
ჩხოროწყუ – დათო გოგუა
ხობი – დავით ბუკია
სენაკი – ვახტანგ გადელია
მარტვილი – თორნიკე ჯანაშია
ფოთი – ბექა ვაჭარაძე
აბაშა – გიგა გაბელაია
მესტია – კაპიტონ ჟორჟოლიანი
ოზურგეთი – ავთანდილ თალაკვაძე
ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი
ჩოხატაური – დავით შარაშიძე
ბათუმი – არჩილ ჩიქოვანი
ქობულეთი – ლევან ზოიძე
ხელვაჩაური – ზაზა დიასამიძე
ქედა – როლანდ ბერიძე
შუახევი – ომარ ტაკიძე
ხულო – ვახტანგ ბერიძე
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, მოქალაქეების საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს. იმუნიზაციაში მონაწილეობა მიიღო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, რომელმაც ვაქცინის მეორე დოზა ოჯახის წევრებთან ერთად გაიკეთა.
მასობრივი ვაქცინაციის პროცესს, დღეს საჯარო მოხელეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადახვა სამსახურის წარმომადგენლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის – booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი 144-3.
საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მზია დანელიას მიენიჭა
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სასკოლო ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღეა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი, რამდენიმე ათეული წელი საგანმანთლებლო სივრცეში ღირსეული მოღვაწეობისთვის, მე-3-ე საჯარო სკოლის დირექტორს და ღვაწლმოსილ პედაგოგს მზია დანელიას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა და საგანმანთლებლო რესურსცენტრის დირექტორმა იამზე სვანიძემ თბილ გარემოში გადასცეს. შეხვედრის დროს ასევე ისაუბრეს სკოლის ინფრასტრუქტურის საკითხებზე და ქალბატონ მზიას, ღვაწლმოსილი მოღვაწეობისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს. მზია დანელია პედაგოგიურ მოღვაწეობას 1979 წლიდან ეწევა, თავდაპირველად ის ქალაქ ბოლნისის 1 საჯარო სკოლაში იწყებს მუშაობას, ხოლო შემდეგ მესამე სკოლის პედაგოგია, რამდენიმე ათეული წელია, რაც მესამე საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ დამსახურებული მასწავლებლის წოდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში მხოლოდ 2 პედაგოგს მიენიჭა, პირველი, 2019 წელს მე-3-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ქეთევან ხეცურიანსა და, დღეს კი, ამავე სკოლის დირექტორს მზია დანელიას.
ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა, 90 კილოგრამამდე კატეგორიაში ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა. დედოფლისწყაროელმა ფალავანმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.
სრულიად საქარველოს ვულოცავთ დამსახურებულ ოქროს მედალს.







