კვირა, მაისი 31, 2026
spot_img
Home Blog გვერდი 160

2022 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასები 10%-ით გაიზრდება

0

მთავრობის მეთაურის თქმით, დაპირების შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. მთავრობის მეთაურმა ფინანსთა მინისტრს მიმართა კითხვით, როდის გაიზარდა ბოლოს ხელფასები საჯარო მოხელეებისთვის. მინისტრის განმარტებით, თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების ხელფასი, პოლიციის ხელფასი, ასევე ჯარის ანაზღაურება, რომელიც 2019 წელს გაიზარდა, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა 2017 წლიდან პრაქტიკულად გაყინული იყო. „როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 2022 წელს 65 მილიარდს გადააჭარბებს

0

ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია, აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

„ჩვენ წელს გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი გაგვეზარდა 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით. ამას გარდა, ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან, რომელიც იყო ქვეყნის საგარეო ვალი, შემცირდება ჩვენი ვალი 51,1%-მდე. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21,8 მილიარდი ლარი. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.”განაცხადა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმა.

რა განცხადებას ავრცელებს შრომის ინსპექცია

0

შრომის ინსპექცია კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.განცხადების თანახმად, მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვისაც “მწვანე სტატუსი” არ აქვს, რესტორანში დაშვებამდე  სწრაფ ტესტირებას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რის შემდეგაც მომხმარებელს ობიექტზე დაუშვებენ. შრომის ინსპექცია მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი.

“შრომის ინსპექცია მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გამართულ ტურნირში ბოლნისელმა სპორტსმენმა გაიმარჯვა

0

2021 წლის 3-4 დეკემბერს ქ.თბილისში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გამართულ ტურნირში ბოლნისელმა გიგა შავაძემ გაიმარჯვა. მსოფლიო ჩემპიონის, მიხეილ სალაძის სახელობის, პირველ საერთაშორისო ტურნირში ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის სპორტსმენმა უპირატესობა მოიპოვა, ამ გამარჯვებაში კი გიგა შავაძემ გარდამავალი თასი, მედალი და პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა.

მწვრთნელი ავთანდილ ბჟალავა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარედ გოჩა თედორაძე აირჩიეს

0

2021წლის 2 ოქტომბერს თვითმართველობის არჩევნების შედეგად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა N26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ – თამარ მეტრეველმა. მან შეაჯამა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები და შემაჯამებელი ოქმები გადასცა სხდომის უხუცეს წევრს, ავთანდილ მუხაშავრიას.ახალი მოწვევის საკრებულოში სულ 36 დეპუტატია, აქედან 27 ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან,” 15 პროპორციული, 12 მაჟორიტარული წესით არჩეული.7 ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 1,,ლელო” და 1 ,,გახარია საქართველოსთვის”.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა გოჩა თედორაძე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა ავთანდილ მუხაშავრია, თავმჯდომარის მოადგილეებად საკრებულოს წევრებმა მიხეილ აფციაური და რამაზ გულბანი აირჩიეს.იზოლაციის გამო სხდომას ვერ დაესწრო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, თუმცა ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, წარმატება უსურვა და მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისთვის აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა. მერიიდან სხდომას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები: დევი მუხაშავრია და ლია ზურებიანი.

ამირან გამყრელიძე:დეკემბერში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დეკემბრის თვეში, იმაზე უფრო მეტი სიფრთხილე მართებს მოქალაქეებს, ვიდრე აქამდე. მისივე თქმით, ეპიდვითარების გასაუმჯობესებლად, აუცილებელია პირბადის მოხმარების კვლავ ძალაში დატოვება და ვაქცინაციის მხრივ უფრო მეტი აქტიურობა. ,,ახალი შემთხვევები რჩება ძალიან მაღალ ნიშნულზე… დეკემბერში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ამ სირთულეს წელში გატეხს მხოლოდ ორი რამ, როგორმე უნდა გავზარდოთ პირბადის უნივერსალური ტარება და მეორე, მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა” – განაცხადა გამყრელიძემ.

„დავითის მარანი“ წარსულისა და მომავლის ისტორიას აერთიანებს

0

„დავითის მარანი“ ბოლნისში, ოქროსფერი ღვინის ქალაქში მდებარეობს, აქ მეღვინეობა-მევენახეობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს. თუმცა დღეს ბოლნისელი მეღვინეები ღვინის წარმოებას ქართული ტრადიციით და ევროპული გამოცდილების გაზიარებით აგრძელებენ. ბენიძეების ოჯახში ღვინის ტრადიცია შორეული წარსულიდან იწყება, ვაზის მოვლას, ყურძნის დაწურვას და ღვინის დაყენებას ოჯახის უფროსი დავით ბენიძე უძღვებოდა. წლების შემდეგ კი ოჯახის ტრადიცია ახალგაზრდა თაობამ გააგრძელა. „დავითის მარანი“ დღეს ორი სახეობის ღვინოს  „რქაწითელსა“ და „შავკაპიტოს“ აწარმოებს. „დავითის მარანის“ ტრადიციებსა და სამომავლო გეგმებზე პროფესიით ჟურნალისტი ელენე ბენიძე გვესაუბრა.

-ელენე გვიამბე თქვენი მარანის და აქ დაყენებული ღვინოების შესახებ.

-ჩვენს მარანში სულ ორი სახეობის ღვინოს შეხვდებით „რქაწითელს“ და „შავკაპიტოს“. მამას მთავარი გატაცება და ექსპერიმენტი „შავკაპიტოს“ ღვინის წარმოება იყო, რომელიც  ბოლნისურ მეღვინეობაში იშვიათია და პრაქტიკულად რამდენიმე ოჯახს აქვს. ექსპერიმენტმა გაამართლა და დღეს „დავითის მარანში“ „შავკაპიტო“ ნამდვილად გამორჩეული ღვინოა. გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის ორგანული ღვინის წარმოება, „შავკაპიტო“ წითელი მშრალი ღვინოა და ის 6 თვის განმავლობაში ქვევრშია დავარგებული. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მომისმენია სხვადასხვა ბიზნესის წარმატებული ისტორია, სწორედ ჩემმა პროფესიამ და მამას უსაზღვრო ენთუზიაზმმა, გადამაწყვეტინა საოჯახო მარნის დაარსება.

-რატომ „დავითის მარანი“?

-დავითი იმ ბაბუას ჰქვია, რომლისგანაც ოჯახმა ღვინის ტრადიცია დაამკვიდრდა, მისი სახელის მატარებელია ჩემი ძმაც, „დავითის მარანი“ აერთიანებს როგორც წარსულის, ისე მომავლის ისტორიას.

-რა გზა გაიარა თქვენმა ღვინოებმა?

-ღვინოებმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, ღვინის ბოთლში ჩამოსხმა იყო. შემდეგ დავიწყეთ ფიქრი ბრენდის ლოგოზე და ეტიკეტებზე. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. მთელი ოჯახი ვიყავით ამ ამბავში ჩართული. „დავითის მარანმა“ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა და დაბრენდვა 2020 წლიდან დაიწყო. დაახლოებით 100 ბოთლამდე „შავკაპიტოს“ და 300 ბოთლამდე „რქაწითელს“ ვაწარმოებდით. საოჯახო მარნის გაფართოებისა და ცნობადობის ამაღლების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, „ღვინო ბოლნისის“ გაერთიანებაში გაწევრიანება იყო. მათი დახმარებით სხვადასხვა ღვინის ფესტივალზე ვიღებთ მონაწილეობას, რაც გვიზრდის პოტენციურ მომხმარებელს.

-როგორია „დავითის მარნის“ სამომავლო გეგმები?

-„დავითის მარნის“ სამომავლო გეგმები საკმაოდ მასშტაბურია, გვინდა საკუთარ ვენახში ტურისტულად აქტიური ზონა მოვაწყოთ, სადაც დაინტერესებული ადამიანები დააგემოვნებენ ჩვენს ღვინოს , შეძლებენ ვენახის დათვალიერებას და ტრადიციების გაცნობას. სამომავლოდ ღვინის ექსპორტსაც განვიხილავთ და ჩვენი სურვილია, ევროპის ბაზარზე, საკუთარი ნიშა დავამკვიდროთ.

ავტორი:მაგდა დევნოზაშვილი

გაუქმდება თუ არა ე.წ. უფასო ფაკულტეტები – განათლების მინისტრის განმარტება

0

განათლებისა და მეცნიერების მოქმედი მინისტრი აცხადებს, რომ უფასო ფაკულტეტები არ გაუქმდება. როგორც მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნა, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ ჭრილში პრიორიტეტული ფაკულტეტები გამოიკვეთება და განისაზღვრება, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე სწავლა უფასო იქნება.

„რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებს, მე არ ვამბობ, რომ უფასო ფაკულტეტები გაუქმდება, მაგრამ ჩვენ შევთანხმდებით პრინციპზე, რომელი იქნება პრიორიტეტული მიმართულებები და უკვე უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ ჭრილში, ნახავთ რომელია ეს ფაკულტეტები. სადაც ყველას – თუ განისაზღვრება ასე, რომ ამ ფაკულტეტზე სწავლა ყველა სტუდენტისთვის უფასოა, ეს იქნება ყველა სტუდენტისთვის უფასო“, – განუცხადა კანონმდებლებს განათლების მინისტრმა.

“ომიკრონის” კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის, მაგრამ 3-ჯერ ზრდის რეინფიცირების რისკს – ამირან გამყრელიძე

0

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის.

მისივე თქმით, ახალი შტამის მთავარი მახასიათებელია ის, რომ რეინფიცირების შემთხვევები სამჯერაა გაზრდილი. 

“ალბათ, რაღაც პერიოდის შემდეგ ის შემოვა, რამეთუ ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული. პირველი გამოცდილება რაზეც მიუთითებს, “ომიკრონს” აქვს, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი რეინფიცირების რისკი. წინასწარი ინფორმაციით, მისი კლინიკური მიმდინარეობა რთული არ არის,”- აცხადებს გამყრელიძე. 

საქართველოში 1 583 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

0

ამ ეტაპზე საქართველოში 1 583 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 378 პირი იმყოფება.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 583 პირი, მათ შორის, თბილისში – 590, აჭარაში – 103, იმერეთში – 500. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 378 პირი, მათგან თბილისში – 204, აჭარაში – 41, იმერეთში – 34.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 865 293 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 806 596, გარდაიცვალა 12 344 პაციენტი.