Home Blog გვერდი 121

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ბოლნისის ორგანიზაციამ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გამართა

0

დღეს, ქალაქ ბოლნისის მე-5-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ბოლნისის ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას ორგანიზაციაში გაწევრიანებული პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებმაც ხელმძღვანელი პირებისგან მოისმინეს ანგარიში სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და გაეცნენ მომდევნო 4 წლის სამოქმედო გეგმას.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის წევრების დაჯილდოება პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. კონფერენციის ბოლოს კი ყრილობის დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით მეორე ვადით, (4 წლით) ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ნანული მეტრეველი დაასახელეს.

,,ჩვენ ორგანიზაციაში 1056 პედაგოგია გაწევრიანებული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. ბოლნისის ორგანიზაცია ზრუნავს თითოეული წევრის პროფესიული ზრდისთვის, მათი სასერთიფიკაციო გამოცდების მოსამზადებლად (სტატუსის ასამაღლებლად), შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების და ინტერესების დასაცავად. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ყველა პედაგოგს აქტიური საქმიანობის განხორციელებაში”, ბოლნისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნანული მეტრეველმა.

„ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“- პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო

0

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პირველი ფაზის დაფინანსებული პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბების“ ფარგლებში, აგროწარმოებისა და ტურიზმის სფეროში ჩართულ მეწარმეებს, ტრენინგებში აქტიური მონაწილეობისთვის, პროექტის მენეჯერმა სერტიფიკატები გადასცა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და პროექტის მენეჯერი. ღონისძიებაზე მონაწილეებს გააცნეს ევროკავშირის პროგრამის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“, მიზნები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც 2022-2024 წლებში განხორციელდება.

ნატა კაკაბაძე, პროექტის მენეჯერი:

-დღევანდელი შეხვედრა არის წინა დიდი პროექტის გაგრძელება და შედეგი. როგორც აღვნიშნეთ ეს პროექტები კეთდებოდა იმისთვის, რომ პერსპექტივა ჰქონოდა ბოლნისს განვითარებისთვის. წინა პროექტის ფარგლებში ტრენინგი ადგილობრივი მეწარმეებისთვის ლოქდაუნის პერიოდში ჩატარდა და დღეს მათ გადავეცით სერთიფიკატები. ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეწარმეების ხელშეწყობა და განვითარება, ვთვლი, რომ ასეთი სახის ტრენინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალი პროექტი ორწლიანია, რომელიც აგრძელებს წინა პროექტის მიმართულებებს. პირველმა პროექტმა გვაჩვენა, რა მიმართულებები უნდა განვავითაროთ მეორე ეტაპზე. ეს იქნება შემდგომი განვითარების, იდეების, გრანტების და ინვესტიციების მოზიდვის საფუძველი ისე, როგორც გაკეთდა მაგალითად წინა პროექტში ბოლნისის ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა. იმ პროექტმა საფუძველი ჩადო შემდგომი მეღვინეობის და ადგილობრივი განვითარებისთვის. ეს კეთდება ეკონომიკური განვითარებისთვის, პირველ რიგში იმ ხალხისთვის ვინც აქ ცხოვრობს.

 ლიზი სოფრომაძე, რეგიონის განვითარების ცენტრის ტრენერი, კონსულტანტი:

-ადგილობრივ განვითარებას სჭირდება რამდენიმე აქტორი. პირველი აქტორი არის ხელისუფლება, რომელიც ფასილიტაციას უკეთებს პროცესს და ყველას აძლევს საინტერესო, სწორ მიმართულებას, იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა აიღოს ლიდერობა. ამ შემთხვევაში ბოლნისის მუნიციპალიტეტი ასეთი აღმოჩნდა, რომელმაც დაინახა, რომ ადგილობრივ განვითარებას მარტო ვერ მოერევი და დაიწყო ევროკავშირთან თანამშრომლობა, რომ პროექტების საშუალებით სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს თავისი როლი და ფუნქცია დაანახოს. იცით როდის არის კონფლიქტი? როდესაც ერთ სამზარეულოში 2 ქალია, როცა ორივეს ერთი და იგივეს გაკეთება უნდა, მაშინ ვჭიდაობთ, არადა ყველას თავისი საქმე, როლი და ფუნქცია აქვს, შესაბამისად დაინახო, მისცე კონტური, შესაბამისი ალგორითმი, ამას შრომა, ფიქრი, მსჯელობა, აზროვნება სჭირდება. ბოლნისმა ეს დაიწყო. იმისთვის, რომ ეს შენარჩუნდეს მედიას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს არის ძალიან საინტერესო პროცესი, სადაც ბიზნესს, სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტებს, მოსახლეობას, ხელისუფლებას, მედიას, თავისი ადგილი აქვს.

ლევან ქუქჩიშვილი, მეწარმე:

-დღეს გადმოგვეცა სერთიფიკატები, რომლის ტრენინგები და შეხვედრები ჩაგვიტარდა 2020 წელს,რომელიც პანდემიის პირობებში ონლაინ სივრცეში გვიტარდებოდა. -მე, როგორც მცირე მეწარმეს, ძალიან წამადგა ეს ტრენინგები ბიზნეს საქმიანობის ეფექტურად წარმართვაში. მოგეხსენებათ ვარ „აწარმოე საქართველოს“ გამარჯვებული, სწორედ პროექტის სწორად მიტანა იყო ამ პროექტში (აწარმოე საქართველოში) წარმატების საწინდარი, ამაში კი იმ ონლაინ ტრენინგებს, რომლის სერტიფიკატებიც გადმოგვეცა, გარკვეული წვლილი მიუძღვით. დღესაც საინტერესო საუბრები შედგა, გავცვალეთ იდეები და შეხედულებები. ტრენინგების მიზანი იყო, ჩვენი ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების საქმეში, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პარამეტრები. ეს პროექტი ევროკავშირის მიერ იქნა დაფინანსებული. ამ პროექტში მონაწილეობამ, გარკვეული ცოდნა დამიგროვა და სხვა ასევე მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის დროს შესაძლებლობები შემმატა.

გოგი მეშველიანმა სოციალური ქსელით ახალგაზრდის მიწვევა მიიღო, რომელსაც ესტუმრა და პირადად გაიცნო

0

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარს საქართველოს პარლამენტში გოგი მეშველიანს სოციალურ ქსელში ბოლნისელი ახალგაზრდა გიორგი საგიაშვილი დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარ ქუჩაზე მიიწვია. დღეს გოგი მეშველიანი გიორგის ესტუმრა და მის მეგობრებთან ერთად პირადად გაიცნო.

,,გიორგი და მისი თანატოლები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გაჭიანურებამ და უბანში სტადიონის არ არსებობამ შეაწუხა. ამ ყველაფრის გამო ისინი ვერ ახერხებენ სახლთან ახლოს დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. შეხვედრისას მათ მივაწოდე დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წარმომადგენელთან გვქონდეს აქტიური, პირადი კომუნიკაცია და მიხარია, რომ გვყავს მომავალი თაობა, რომლებსაც აქვთ ასეთი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა,”განაცხადა გოგი მეშველიანმა.

სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას საჩუქრად მუსიკალური საკრავები გადაეცა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისგან, მუსიკალური ინსტრუმენტები, საჩუქრად სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას დღეს გოგი მეშველიანმა გადასცა.

19 მაისს, ნახიდურის საჯარო სკოლას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სტუმრობდა. სწორედ მაშინ, მუსიკის პედაგოგმა ნინო გაბიძაშვილმა აღნიშნა, რომ მოსწავლეები მხოლოდ ქართულ ენას კი არა, ქართულ ხალხურ მუსიკასაც სწავლობენ და გარკვეული ინსტრუმენტები ესაჭიროებათ. პარლამენტის თავმჯდომარე დაჰპირდა ინსტრუმენტებს დღეს კი დაპირებული საკრავები სკოლას გოგი მეშველიანმა გადასცა.

ჯანდაცვის სამინისტრო სპინალურ – კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ყველა პაციენტს ძვირადღირებულ პრეპარატს უსასყიდლოდ გადასცემს

0

ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. სპინალურ – კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.

მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.

პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო – „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად ყველა პაციენტი, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრეპარატს უფასოდ მიიღებს.

მედიკამენტის გაცემის პროცედურა მარტივია – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბენეფიციარის წარმომადგენელი, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, აფთიაქში წამალს უფასოდ იღებს.აღნიშნული ცვლილება მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელდა.

„ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი“ – ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი გუნდის კაპიტანი

0

ქალაქ რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული 18 წლამდელთა ნაკრები სომხეთის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა. ძლიერ მეტოქესთან ამხანაგური მატჩი ქართველთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გუნდის კაპიტანი ბოლნისელი ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი იყო.

,,რა თქმა უნდა, ბოლომდე ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი, ბოლო 5 წუთში 3 გოლი გავიტანეთ და საკმაოდ ძლიერი მეტოქე 3:2 დავამარცხეთ. ამ თამაშმა შეგვმატა დიდი გამოცდილება და თავდაჯერებულობა. 18 წლამდელთა ნაკრებამდე ბოლნისის „სიონის“ ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი. პროფესიული ზრდისთვის მადლობა მინდა გადავუხადო  მწვრთნელს ავთანდილ გაბრიჭიძეს,“აღნიშნა გუნდის კაპიტანმა, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა.

გაზეთი  ბოლნისელ ახალგაზრდა ფეხბურთელს უსურვებს წარმატებებს,  მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი ვრცელ ინტერვიუს ბეჭდური ვერსიის შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ – გაზეთი ,,ბოლნისი“.

თეა ახვლედიანმა, ქვემო ქართლის რეგიონში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია გახსნა

0

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქვემო ქართლის რეგიონში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ საინფორმაციო კამპანია გახსნა.

სახელმწიფო მინისტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შეკრებილ საზოგადოებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საინფორმაციო კამპანიები უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და მათ შორის მოიცავს სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შესახებ ისეთ საკითხებს, რომლებიც განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენენ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე.

ვიზიტის ფარგლებში თეა ახვლედიანი სოფლების: ტალავერის, ჭაპალასა და ნახიდურის მოსახლეობასაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურ ძალისხმევას განაგრძობს, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები, ფლობდეს ინფორმაციას ყველა აქტუალური საკითხის შესახებ და სათანადოდ იყოს ჩართული მნიშვნელოვან პროცესებში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში თეა ახვლედიანის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი დაესწრნენ.

საქპატენტმა მეწარმეთა შეხვედრა გამართა

0

 ქალაქ ბოლნისში, ინტელექტუალური საკუთრების ცენტრმა ,,საქპატენტი” ბოლნისის აგროცენტრთან თანამშრომლობით გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

ტრენინგს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლები და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მსმენელებს ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

გეოგრაფიული აღნიშვნის როლი მნიშვნელოვანია ტრადიციული ცოდნის შესანარჩუნებლად, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. ასევე, გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქცია ხაზს უსვამს განსაკუთრებულ ხარისხს, თვისებებსა და რეპუტაციას. ამასთან, სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნით და განაპირობებს კონკურენტუნარიანობას შიდა და საზღვარგარეთის ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში უკვე დაცულია (რეგისტრირებულია) ბოლნისის ღვინო, მინერალური წყალი და წარმოადგენს საერთო აქტივს მათ წარმოებაში და რეალიზაციაში ჩართული სუბიექტებისთვის.

ვესაუბრებით ამომრჩევლებს

0

საარჩევნო ადმინისტრაცია, ამომრჩეველთა ინფორმირების და კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, აგრძელებს ინფორმირების კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განხორციელებას.

კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს. N 23 ბოლნისის  საოლქო-საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, მოხალისეებთან ერთად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მართავენ შეხვედრებს და მოსახლეობას არჩევნებისა და საარჩევნო უფლების, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საარჩევნო/საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ აწვდიან დეტალურ ინფორმაციას. შეხვედრებზე ასევე ხორციელდება მოქალაქეების გამოკითხვა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

  ,,აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართეთ ქალაქ ბოლნისში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელ დარბაზში. ამომრჩევლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ,  რასაც ახორციელებს  საარჩევნო ადმინისტრაცია,  მოვისმინეთ მათი მოსაზრებები და საჭიროებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის“,-განაცხადა  N 23 ბოლნისის  საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რუსუდან ქურდიანმა.

ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ 6 ივნისს დაიწყო და ივნისის ბოლოს დასრულდება.

,,იყავი მის ადგილას“- ტრენინგი ორ ეტაპად ჩატარდა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ

0

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობით და კოორდინაციით ტრენინგი ჩაატარა, სადაც სამიზნე ჯგუფს უფროსი ასაკის მოსწავლეები წარმოადგენდნენ. შეხვედრა ახალი სატრენინგო მოდელით განხორციელდა, რომელიც მოიცავს სიმულაციურ თამაშს და დისკუსიას. ტრენინგი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, ოჯახში ძალადობის საკითხთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ განწყობის ცვლილებას. ტრენინგი თემაზე ,,იყავი მის ადგილას“ ორ ეტაპად ჩატარდა, სადაც ჯამში 32 მოსწავლე იყო ჩართული.

თეონა ჩიქოვანი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის კოორდინატორი:

-ვატარებთ ტრენინგების ციკლს „იყავი მის ადგილას“, რომელიც 2 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში და გურიაში განხორციელდება. ტრენინგებს ვატარებთ სხვადასხვა ჯგუფებთან,   ვმართავთ დისკუსიას ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის საკითხებზე.  ვფიქრობ,  ჩვენი მოდელი  ამართლებს დასახულ მიზანს.  მონაწილეების მხრიდან დიდი ინტერესია,  ჩაერთონ და რაც მთავარია ტრენინგის შემდეგ იფიქრონ, გაიაზრონ სხვების შთაბეჭდილება და მოხდეს ამ საკითხზე ღიად საუბარი.   მნიშვნელოვანია, რომ  ქალთა საინფორმაციო ცენტრი პროექტის განმავლობაში თანამშრომლობს ბოლნისის მუნიციპალიტეტთან, გენდერული თანასწორობის საბჭოსთან და მათთან  კოორდინაციით ხდება ტრენინგის ჯგუფების განსაზღვრა.                                                                                                             

ირინა მიქავა,   სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, შეხვედრის ინიციატორი და თანაორგანიზატორი:

2 ივნისს, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის ორგანიზებითა და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ IX-XII კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები, ახალგაზრდები ბოლნისის ახალგაზრდული იდეიდან და ახალგაზრდული სახლიდან. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ გამოცხადებული ოლიმპიადის ,,სამოქალაქო განათლების მდგრადი განვითარებისთვის” ფარგლებში.

ნინო მიქელაძე,ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე:

-ტერმინი “ფემიციდი” ჩემთვის უცხო იყო ტრენინგამდე, თუმცა დაახლოებით ვიცოდი, რომ ქალებზე ძალადობა საკმაოდ ხშირი იყო. სხვადასხვა ფაქტებიც მოდიოდა ჩემამდე თუ როგორ გახდა კონკრეტული პიროვნება ვინმეს მსხვერპლი და ეს, რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდას იწვევდა, გარკვეულ წილად გრძნობებზე მეხებოდა, თუმცა ამ შეხვედრაზე ყველაფერს ახლო ხედით შევხედე. ტრენინგი  საინტერესო იყო, ბევრი საუბრის მოსმენის მიუხედავად არ დავღლილვარ და მალე დამთავრების სურვილი არ გამჩენია, ძირითადად ტრენინგებზე, სადაც ბევრი ინფორმაციის მოსმენა მიწევს, ვიღლები და  ვერ ვუსმენ, მაგრამ ეს თემა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, ორი რამ განსაკუთრებით მომეწონა. პირველი იყო  აქტივობა_ სხვადასხვა მსხვერპლი ქალის როლი, როდესაც თითოეულ ქეისს ვკითხულობდი და შემდეგ ამას ვყვებოდი  ვფიქრობდი, რომ მე გადამხდა ყველაფერი, ამიტომაც შევხედე ყველაფერს უფრო ახლოდან. მეორე ფაქტი კი  იყო ის, რომ მსგავს თემაზე ტრენინგის მთავარი მოსაუბრე, ვინც გვიყვებოდა თუ რა ხდება სინამდვილეში და რა საშიშროებაში არიან ზოგჯერ ქალები, იყო მამაკაცი. ვისწავლე ის, რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლს, და სანამ ნაბიჯს გადავდგათ კარგად უნდა დავფიქრდეთ.

მარიამ მანაგაძე, ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის XI კლასის მოსწავლე:

– ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა სამუშაო  შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გავეცანით და განვიხილეთ იმ ქალთა ცხოვრება, რომლებიც სამწუხაროდ ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ და მათმა პასიურობამ  ფატალური შედეგები განაპირობა. სიმულაციური თამაშით,  ერთ-ერთ აქტივობაში, ჩვენ ვიყავით მსხვერპლი და გვქონდა ბილეთები, ამ ბილეთების მიხედვით ვწყვეტდით ჩვენს ბედს, დამოუკიდებლად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და აქ გავიაზრე, მართლა რა რთული არჩევანის წინაშე დგანან ძალადობის მსხვერპლი ქალები.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ აქტივობაში გამოჩნდნენ ქალები, რომლებმაც დამოუკიდებლად ცხოვრება განაგრძეს. ვთვლი,რომ ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რათა ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, ვიყოთ დამოუკიდებელნი, მეტად დაცული სახელმწიფოში. ხშირად არის  შემთხვევები, რომ მშობლები შვილს ეუბნებიან „რომ გათხოვდები, უკან მობრუნებული არ დაგინახო“, უმეტეს შემთხვევაში ეს სიტყვები იმდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომ უჭირთ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა და შიშებისგან გათავისუფლება. ისინი  ხშირ შემთხვევაში მალავენ ან იტანენ ძალადობას, რომელიც სისტემატიურად მეორდება.  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საზოგადოებაც დუმს და არაფერს აკეთებს, რათა გადაარჩინოს ერთი ადამიანის სიცოცხლე. ამ აქტივობის დახმარებით გავიგე ისეთი ფონდებისა და სერვისების  შესახებ, რომლებსაც შემიძლია მივმართო თუ შევესწრები ძალადობის შემთხვევებს, რომ არ გავხდე დანაშაულის თანამონაწილე.

რა თქმა უნდა ძალადობა მხოლოდ ქალებზე არ ხდება, ნებისმიერი შეიძლება იყოს მსხვერპლი. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა ძალადობას, ვიცხოვროთ მშვიდობიან, სამართლიან, დაცულ და თანასწორ  გარემოში.