ევროპის საბჭოს თანასწორობის ელჩი ირინა მიქავა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებენ, რომელიც ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით შვიდიდან ცამეტი ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება ა(ა)იპ იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში.
აქტივობების მიზანია, IX-XII კლასის მოსწავლეებმა გაანალიზონ ქალთა მიმართ ძალადობის საფრთხეები და პრევენციული მექნიზმები. აქტივობები ტარდება თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც წელს 15-22 ნოემბერს აღინიშნება. თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ პარტნიორ ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და მოკავშირეებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ თანასწორობას საქართველოში. პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
,,თუ ცხოვრობ ბოლნისში, ხარ IX-XII კლასის მოსწავლე და გაქვს სურვილი
გაიღრმავო თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა ადამიანის უფლებების
ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია „ნეკერმა“, სოფელ რატევანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბში, მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წევრებმა დღის მთავარ თემაზე ისაუბრეს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე შეჯერდნენ, რომელიც მიზნად ისახავს სკოლისა და მშობლის ურთიერთობას კამპანიის ფარგლებში ორგანიზაცია „ნეკერი“, უახლოეს მომავალში, საინფორმაციო შეხვედრებს პედაგოგებთან, მშობლებთან და აღმზრდელებთან გააგრძელებს.
პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტირება – დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საპროექტო იდეებისთვის ხმის მიცემა დასრულდა.
კენჭისყრის შედეგად სულ შემოვიდა 3163 ხმა, აქედან 407 ხმა ქალაქ ბოლნისის საპროექტო წინადადებებმა, ხოლო 2756 ხმა სოფლებში განსახორციელებელმა იდეებმა მიიღო.
ქალაქ ბოლნისში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ორმა იდეამ მიიღო: 1.ქალაქ ბოლნისში კინოთეატრის კონსერვაცია- რესტავრირება – 229 ხმა;
ქალაქ ბოლნისში სკვერის მოწყობა ფეხბურთის მოედნით, ტრენაჟორებითა და სკეიტ პარკით – 96 ხმა სოფლებში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა კი შემდეგმა სამმა იდეამ დაიმსახურა:
სოფელ ცურტავში სკვერის მოწყობა – 803 ხმა
სოფელ ბოლნისში სკოლამდელი სასწავლო ცენტრის განვითარება თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად – 802 ხმა;
სოფელ რაჭისუბანში სკვერის მოწყობა -306 ხმა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვებული საპროექტი წინადადებების განსახორციელებლად თანხა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
„ვულოცავ გამარჯვებული პროექტების ავტორებს ამ წარმატებას, თითოული იდეის ავტორს კი პროექტში მონაწილეობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იაქტიურეს და მათთვის სასურველ პროეტებს მხარი აქტიურად დაუჭირეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია, ჩვენი მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩავრთოთ. თანამონაწილეობითი კულტურის ამაღლების პროცესში კი პროექტს „დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
„მამისეული“ – ასე ჰქვია ღვინოს, რომელიც სოფელ ხატისოფელში მცირე ტიპის საოჯახო მარანში მზადდება. დებმა მამის მიერ დაწყებული საქმე დედასთან ერთად გააგრძელეს და ტრადიციას ახალი დატვირთვა შესძინეს. მათ ღვინის დაყენება -წარმოება ძველი ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაიწყეს, მამისეულმა ხის კასრებმა და ძველმა ჭურჭელმა, ეზოში საჩვენებელი დატვირთვა მოირგო. განსხვავებული პროფესიისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, დები ხშირად ცდილობენ სოფელში ჩასვლასა და დაგეგმილი სამუშაოების ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ პროფესია მეღვინეობა საკმაოდ რთულია, (წლების წინ მამაკაცის საქმედ ითვლებოდა) ნელ-ნელა, ამ მოძველებულმა სტერეოტიპმა რღვევა დაიწყო და მეღვინეობა-მევენახეობას უკვე ბევრი ქალი მისდევს. დებს ამ სტერეოტიპთანაც მოუწიათ გამკლავება, იყო სიძნელეები, თუმცა შეძლეს და მალევე აუღეს ალღო. ხატისოფელში მოყვანილი ყურძნით „მამისეულთან“ ერთად, დებმა ექსპერიმენტული ღვინის „თანუნის“ ჩამოსხმაც დაიწყეს. მარანი კი, რომელსაც არაერთი ქართველი თუ უცხოელი სტუმარი სტუმრობს, მალე ტურისტულ დატვირთვასაც შეიძენს.
,,გაზეთი ბოლნისი’’ გიამბობთ, თუ რა გზა გაიარეს თინათინ და თამარ მოსიაშვილებმა მეღვინე დების სტატუსამდე და რა სირთულეებთან მოუწიათ გამკლავება.
დავიწყოთ თავიდან, როგორია დების მიერ გაგრძელებული ტრადიცია?
-პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მარნითა და საქმიანობით
დაინტერესებისთვის. მართალია თბილისში დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ და დღესაც ძირითადად თბილისში ვცხოვრობთ, მაგრამ სოფელ ხატისოფელში გვაქვს მამისეული სახლი, ეზო და ვენახი. მთელი ბავშვობა აქ გვაქვს გატარებული. მამაც, ზაურ მოსიაშვილი, ყოველ შაბათ-კვირას სოფელში იყო. რაც თავი გვახსოვს, ჩვენი ოჯახი მისდევდა მევენახეობა-მეღვინეობას. ჩვენც მეტ-ნაკლებად ჩართული ვიყავით ამ პროცესში, ბავშვობაში ხანდახან ვენახის სამუშაოებიც შეგვისრულებია. თუმცა, სანამ მამა ცოცხალი იყო, ჩვენი ჩართულობა, ძირითადად მეგობრებთან ერთად, რთველში გამოიხატებოდა. ვწურავდით ყურძენს და მივდიოდით.
მამის გარდაცვალებამ სხვა რეალობის წინაშე დაგვაყენა: ან უნდა გაგვეყიდა ვენახი, ან გაგვეგრძელებინა საქმე, რომელიც ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებდა. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ამ სფეროში ნაკლებად გვქონდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია. ვიცოდით, სირთულეები იქნებოდა, გაგვიჭირდებოდა რომ არა დედის თანადგომა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვენახის მოვლაში ძალიან გვეხმარება კარის მეზობელი ვაჟა მაღრაძე. წარმოების პროცესში კი აქტიურადაა ჩართული ჩვენი სიძე, დავით მუხიგულაშვილი.
–რამდენადაც ცნობილია, ძირითადად,სხვა სფეროში მოღვაწეობთ.
-თამარი აღმოსავლეთმცოდნეა, მე გიდი, გეოგრაფი და ჟურნალისტი,
ორივე ვმუშაობთ უნივერსიტეტში და ვეწევით პედაგოგიურ საქმიანობას. ამ ეტაპზე, ჩვენს საქმიანობასთან ერთად, ვცდილობთ მივხედოთ სოფელს, ვენახს, ვაწარმოოთ ღვინო და გავაგრძელოთ ოჯახური ტრადიცია.
–ოჯახურმა ტრადიციამ ბიზნესის სახე როგორ მიიღო?
-სანამ მამა ცოცხალი იყო, ყურძენს დიდ „ჩანში“ ვწურავდით და ღვინოს მუხის
კასრებში ვაყენებდით, ამ ინვენტარს სერიოზული მოვლა სჭირდებოდა. როდესაც გადავწყვიტეთ მამისეული ტრადიციის გაგრძელება, შევაკეთეთ ინვენტარი.
ამავე დროს, ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა, ქვევრების შეძენა და ამ ტრადიციის აღდგენა. სწორედ ამ დროს, 2016 წლის გაზაფხულზე, გამოცხადდა კონკურსი პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთვის“. გავაგზავნეთ საპროექტო იდეა, სადაც მითითებული გვქონდა, რომ არ ვიყავით გამოცდილი მეღვინეები, მაგრამ გვინდოდა ოჯახური ტრადიციის გაგრძელება. გავიარეთ იდეების, ბიზნესგეგმების, გასაუბრების ეტაპები და მივიღეთ პირველი დაფინანსება. შედეგად ჩავყარეთ ქვევრები და შევიძინეთ ინვენტარი.
„მამისეული მარნის“ პირველი ღვინო, მის მიერ ბოლო მოსავლით მოწეული და დაყენებული იყო, რამდენიმე ბოთლი კიდევ გვაქვს შემორჩენილი.
რეალურად ღვინის წარმოება დავიწყეთ 2017 წლიდან.
–დღეს რა ღვინოებს აწარმოებთ?
ამ ეტაპზე გვაქვს ორი ღვინო – რქაწითელი და თავკვერი. ეტიკეტებსაც რომ დახედოთ, ნახავთ განსხვავებას. რქაწითელის ეტიკეტზე ჩვენი სოფლის წმინდა გიორგის ტაძარი და ზვრებია გამოსახული, ღვინოც ტრადიული წესით, ქვევრში მზადდება. მოკლედ ჩვენი რქაწითელი ტრადიციების გაგრძელებას გვიჩვენებს.
რაც შეეხება „თანუნის“, მის ეტიკეტზე ტანგოს მოცეკვავე გოგოა გამოსახული, ეს ექსპერიმენტული ღვინოა, მოცეკვავე გოგოს ღვინო.
–რატომ „თანუნი“?
-იმიტომ, რომ თანუნის და თინუნის გვეძახდნენ ჩვენი დისშვილები: გვანცა და გიო.
–რა რაოდენობის ღვინოს აწარმოებთ?
-ჩვენ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ გვაქვს დიდი რაოდენობით ღვინო. გვაქვს 200-300 ლიტრი „თავკვერი“ და 1000-1200 ლიტრი რქაწითელი.
–სად ხდება ღვინის რეალიზაცია?
-ჩვენი ღვინოები დევს თბილისის რამდენიმე ღვინის მაღაზიაში: „ნინო მერის ღვინის მაღაზია“, „ვაინ მარკეტი“…
წელს პირველი პარტია „თანუნი“ გავუშვით საფრანგეთშიც.
–რა სირთულეებს აწყდებით, როგორც ქალი მეღვინეები?
-მთავარი ის იყო, რომ ბევრი კურსის გავლა დაგვჭირდა. დღესაც სისტემატიურად გავდივართ სხვადასხვა კურსს. უნდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვგრძნობთ თანადგომას მეღვინე მამაკაცებისგან. მათ შორის ბოლნისელი მეღვინეებისგან.
–რა გეგმები გაქვთ?
-უახლოეს პერიოდში გვინდა მარანს მივცეთ ტურისტული სახე. ისე, რომ ბოლნისის „ღვინის გზის“ მარნებშიც შევიდეს და ტურისტებისთვისაც საინტერესო ობიექტი გახდეს.
– მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის და თბილი მასპინძლობისთის, გაზეთ „ბოლნისის“ სახელით წარმატებებს გისურცვებთ.
მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ქალაქ თბილისის 31-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა ნანა ზარდიაშვილმა მოიპოვა. მეორე ადგილი ქალაქ თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლალი ახვლედიანს, ხოლო მესამე ადგილი თბილისის 112-ე საჯარო სკოლისა და შპს „ლამპრის“ პედაგოგს მარიამ გვასალიას ერგო. კონკურსის ფარგლებში დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო შპს „ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიური სკოლა ცისკრის“ პედაგოგს რუსუდან ყოინაშვილს გადაეცა.მიხეილ ჩხენკელი: „მინდა, თითოეულ პედაგოგს მოგილოცოთ იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფინალისტობა და მთელი გულით გისურვოთ წარმატებები და წინსვლა თქვენს საქმიანობაში!თქვენ, პედაგოგები ემსახურებით ეროვნული მნიშვნელობის საქმეს – ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას და ფასდაუდებელია ის წვლილი, რაც განათლებული თაობების აღზრდით შეგაქვთ საქართველოს წინსვლასა და განვითარებაში. საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც პედაგოგების როლის კიდევ უფრო დაფასებას და მათი შრომის აღიარებას ისახავს მიზნად. მოხარული ვარ, რომ კონკურსის ტრადიციას კვლავ ვაგრძელებთ და დღეს მაქვს პატივი, ფინალისტებს პირადად მივულოცო მიღწეული წარმატება. ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველოში მასწავლებლობა კიდევ უფრო პოპულარული და პრესტიჟული ხდება. ამას მოწმობს ისიც, რომ ყოველწლიურად მზარდია იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მასწავლებლის პროფესიას ირჩევენ. მსურს, მადლობა გადავუხადო კონკურსის პარტნიორ ორგანიზაციებს – იტალიის საელჩოსა და იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაციის „მინერვას“ წარმომადგენლებს, რომლებიც ყოველ წელს აქტიურად არიან ჩართულნი იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ორგანიზებაში.ჩვენ იტალიასთან მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა გვაკავშირებს და განათლების ყველა საფეხურზე არაერთ მნიშვნელოვან ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას. კიდევ ერთხელ, მინდა, პედაგოგებს გულითადად მოგილოცოთ გამარჯვება, პროფესიული წინსვლა და კეთილდღეობა გისურვოთ!“ცერემონიის ფარგლებში გამარჯვებულ მასწავლებლებს სპეციალური პრიზები მიხეილ ჩხენკელმა, კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გადასცა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ენრიკო ვალვომ, იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაციის „მინერვას“ ვიცე-პრეზიდენტმა ჯოვანი ჯაკომანტონიომ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით გაიმართა. კონკურსის პარტნიორები არიან – იტალიის საელჩო საქართველოში და იტალიური ენის სწავლების კოორდინატორი ორგანიზაცია „მინერვა”.საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს. საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.
კონკურსის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კულტურის სამინისტრომ ეს კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა. აქამდე, ობიექტური მიზეზების გამო, ათწლეულების მანძილზე, სახელმწიფოს საცირკო ხელოვნების ხელშეწყობისთვის არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები. ამ ხარვეზზე არაერთხელ მიაქციეს სამინისტროს ყურადღება დაინტერესებულმა პირებმა და, ასევე, დეპუტატებმა “მინისტრის საათის” ფორმატში.კონკურსის, „ცირკის განვითარების ხელშეწყობა“, მიზანია საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში მოქმედი ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის გზით. კონკურსის ბიუჯეტია 80 000 ლარი.კონკურსის ფარგლებში მიიღება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიული თუ სამოყვარულო საცირკო დასების, მათ შორის – მობილური საცირკო დასები, ე.წ. შაპიტოს, ჯგუფებისა და დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საჭირო (შემოქმედებითი, სასწავლო და/ან მატერიალურ-ტექნიკური) ხარჯით უზრუნველყოფას.კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც აქვთ საცირკო ხელოვნების ნებისმიერ ჟანრში საგანმანათლებლო თუ შემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილება. კონკურსში შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს კონკურსანტს, რომელიც წინასაახალწლოდ გამართავს საცირკო წარმოდგენებს საქართველოს რეგიონებში. კონკურსანტს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია. საკონკურსო დოკუმენტები უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოენოვანი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მათი ქართულენოვანი თარგმანი. ქართულ ენაზე თარგმნილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით (გარდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და რუსული ენებიდან თარგმანისა). საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შეუძლია კონკურსანტს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრის 12:00 საათამდე ან ნაბეჭდი სახით სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4, ან ელექტრონული დოკუმენტის სახით სამინისტროს ოფიციალური ელექტრონულ ფოსტაზე info@culture.gov.ge. კონკურსის შესახებ კონსულტაციების მიღება შეიძლება ტელეფონით, ნომრებზე: 032 2 02 22 29 ან 551 58 94 97. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ქართული ოცნების ბოლნისის ქალთა ორგანიზაციის წევრმა ქალებმა, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების შესახებ საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და სიმბოლურად მცირე პერფორმანსი მოაწყვეს. აღსანიშნავია, რომ კამპანიის ფარგლებში, ოქტომბრის თვეში, ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ბოლნისში არა ერთი აქტივობა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებისთვის იყო ერთგვარი მესიჯი, რომ ძუძუს კიბო განაჩენი არაა.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ძუძუს კიბოს პრევენციისა და მკურნალობის შესახებ სხვადასხვა აქტივობით აღინიშნება.
45 წელი ხელოვნების სამსახურში, უამრავი მოგონება და თავგადასავალი, რომელსაც კულტურის სახლის კედლები ინახავს– ეს ხმის ოპერატორის, სტანისლავ ჩულუხაძის ისტორიაა, იმ დიდი წარსულის მქონე თეატრის ნაწილია, რომელიც შემართებით და მონდომებით ქმნის დაუვიწყარ თეატრალურ სახეებს. სწორედ მსახიობების დამსახურებით და მაყურებლის სიყვარულით მოვიდა დღემდე 80 წლიანი ისტორიის მქონე ბოლნისის მუნიციპალური თეატრი. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ერთი დასი სცენის მიღმაა, კულისებში, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ მსახიობების შემდეგ, სპექტაკლში მთავარ როლს თამაშობენ. სწორედ მათზეა დამოკიდებული ტექნიკური მხარე, რომელიც წარმოდგენას მეტ ელფერს, სიცოცხლეს და მეტყველებას სძენს. ნათქვამია, თეატრში იმალება განსაკუთრებული აზარტი, თუ მას ერთხელ ეზიარები, სამუდამოდ მისი ტყვე ხდებიო, სტანისლავის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მას შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა, იცვლებოდნენ რეჟისორები, მსახიობები, თაობები, რომლებიც თავისებურ კვალს ტოვებდნენ თეატრში, სტანისლავი კი, მრავალი წელია, საყვარელ საქმეს უწყვეტად და ერთგულად აკეთებს. სრულიად ახალგაზრდა მივიდა და დღეს უკვე ასაკშია. ღვაწლი დაუფასდა, უყვართ და აფასებენ. ერთგული მუშაობისთვის, მადლობის ნიშნად, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ, თეატრის ოთხმოცი წლის საიუბილეო ღონისძიებაზე, ამაგდარი ხელოვანის ტიტულით დააჯილდოვა.
„ სპექტაკლისთვის ვემზადებოდით, იქ არ ვიყავი, როცა ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, რომ მითხრეს გაჯილდოებენო, დავიბენი, ვერ გავაცნობიერე, არ ველოდებოდი, თუმცა ძალიან სასიამოვნოა, როცა შენს ამაგს აფასებენ, ესე იგი საქმე იცი, გამოგდის და მადლობას ამ სახით გამოხატავენ. თუმცა, მთავარი ჯილდო, სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის ტაშია, ემოციაა. ამ ტიტულმა კი განვლილი ცხოვრება გამახსენა, წლების მანძილზე რა არ გამოვიარეთ, რამდენი კარგი ამბავი გადაგვხდა თავს“.
ამაგდარ ხელოვანს ამბის გახსენება შორეული წარსულიდან ვთხოვეთ, გვინდოდა გაგვეგო, თუ როგორ მოხვდა თეატრში და რა გზა გაიარა ,,მუსიკოსმა“, რომელიც დღეს თეატრში ხმის ოპერატორია.
„კულტურის სახლი, შენობა და სცენა ჩემი სახლია, მეორე ოჯახი, რომლის გარეშეც არ შემიძლია, 45 წელი ამ კედლებში გავატარე, ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი, ეს იყო ადგილი, სადაც გვიხაროდა შეკრება, თუმცა სანამ აქ მოვიდოდი, ცხოვრების სკოლა ქალაქ ფოთში გავიარე, მაშინ როცა სასწავლებლად წავედი. დედაჩემს უნდოდა ინჟინერ-მშენებელი გავმხდარიყავი, მე კი საზღვაო ავირჩიე, სადაც მხოლოდ რამდენიმე თვე ვისწავლე. იქ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, განსხვავებული გარეგნობა მქონდა, გრძელი თმები, მუსიკა მიყვარდა, განსაკუთრებით ჯაზი, როკი, ეს მაშინ მიუღებელი იყო. 70-იან წლებში იკრძალებოდა, მითუმეტეს ჩემი იმიჯი, ამიტომ სასწავლებლის შინაგანაწესის დარღვევის გამო, მომიწია წამოსვლა. ქუჩაში აღმოვჩნდი, ქუჩის მუსიკოსებმა შემიფარეს. ეს ჩემთვის ერთგვარი ბედნიერებაც იყო, იქ ვისწავლე ინსტრუმენტებზე დაკვრა. ოცნება ავიხდინე, მათგან ბევრი რამ ისეთი შევისწავლე, რაც შედგომ ცხოვრებაში გამომადგა, შეიძლება დიდი მეზღვაური გავმხდარიყავი, მაგრამ არ ვნანობ არჩევანს, დღემდე იმ საქმეს ვაკეთებ, რაც ბედნიერს მხდის“.
1971 წელს ბოლნისში დაბრუნდა, აქ შემოიკრიბა თანამოაზრეები, მოყვარული მუსიკოსები, რომელთან ერთადაც უკრავდა და მღეროდა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში, როგორც თავად გვიყვება, კონცერტებს ატარებდნენ, დადიოდნენ სოფლებში, მიუხედავად ცხოვრების რთული პერიოდისა, დრო მხიარულად გაჰყავდათ. სამსახურებიდან დაბრუნებულები კულტურის სახლში იკრიბებოდნენ, ეს იყო განტვირთვის ადგილი, სადაც თავს იქცევდნენ, კონცერტებისთვის ემზადებოდნენ, უკრავდნენ იმ მუსიკას, რაც ნებადართული იყო.
„ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობდით, კულტურის სახლში საერთო საქმეს ერთად ვაკეთებდით, სპექტაკლების დროს ვაწყობდით სცენას, დეკორაციებს, ვაკრავდით აფიშებს და ვყიდდით ბილეთებს, თეატრშიც ასე მოვხვდი. მაშინდელმა დირექტორმა დახმარება მთხოვა, მუსიკასთან ახლოს ვიყავი, თუმცა ამ მიმართულებით არ მქონდა გამოცდილება, ნელ-ნელა მივეჩვიე, მაშინ მაგნიტოფონის ბაბინებზე ვმუშაობდით, მარტივი არ იყო ამ ტექნოლოგიით მუსიკის ხმის დაჯენა, თუმცა ვისწავლე და მას შემდეგ უამრავი სპექტაკლი გავაკეთეთ, გვქონდა ბევრი წარმატებული გასტროლი. თეატრი სახალხო იყო, ჩართული ვიყავით კულტურის სახლში მომუშავე ყველა თანამშრომელი, მორგებული გვქონდა ის როლები, რაც შეგვეძლო და გამოგვდიოდა. ვმუშაობდით ენთუზიაზმზე, თუმცა პასუხისმგებლობით ვუდგებოდით დაკისრებულ მოვალეობას“.
პირველი სპექტაკლი კარგად ახსოვს, „მზე ნეკერჩხლის ტყეში“, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა, მას შემდეგ სპექტაკლების რაოდენობას ვეღარ ითვლის, ასე გახდა მუსიკაზე შეყვარებული ბიჭი თეატრის შეუცვლელი გუნდის წევრი, ზოგი სპექტაკლი ძალიან მოსწონს, ზოგი ნაკლებად, თუმცა საქმეს ერთნაირი პასუხისმგებლობით და მონდომებით აკეთებს, რადგან, როგორც თავად ამბობს, მუსიკა ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც სპექტაკლს სუნთქვას და მეტყველებას სძენს.
„მუსიკის გარეშე სპექტაკლი, ვფიქრობ, არაფერია, სწორედ მუსიკა სძენს წარმოდგენას სხვა ელფერს, შეიძლება ბევრჯერ არ ვყოფილვარ მუშაობის ხასიათზე, მაგრამ ვცდილობ, ეს არასდროს შემემჩნეს, რადგან ხმის ოპერატორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მთლიანად მობილიზებული უნდა იყო, სად, რა დროს, რა მუსიკა უნდა გაუშვა, შეიძლება შენი ერთი არასწორი მოქმედებით სპექტაკლი ჩააგდო. მე ეს ნამდვილად არ დამმართნია, ამიტომ ვთვლი, რომ ჯერ შემიძლია, საქმეს თავს კარგად ვართმევ, დასი ძლიერია და ერთობლივად კარგი სპექტაკლები გამოგვდის. ყოველთვის თან მდევს ამოუცნობი გრძნობა, არ ვიცი ეს შიში, თუ ზედმეტი პასუხისმგებლობაა. სპექტაკლის გასვლამდე ასეთი ჩვევა მაქვს, ვიმალები, განვმარტოვდები, ამ დროს მეუღლეც კი ერიდება ჩემთან საუბარს, ეს შინაგანი ნერვიულობაა, რომელიც წლების მიუხედავად, თავს არ მანებებს“.
მიუხედავად იმისა, რომ ის წლების მანძილზე სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა, თეატრისთვის თავის დანებება არასდროს უფიქრია, უამრავი მეგობარი შეიძინა, რომლებთანაც ცხოვრების ბევრი წლები გაატარა, გული სწყდება, რომ უმრავლესობა ცოცხალი აღარაა.
„ჩემთვის მთავარი ადამიანობაა, მე ასე ვიცხოვრე, ხელოვნებამ უამრავი მეგობარი შემძინა, უმრავლესობა წავიდა – გარდაიცვალა, იქ ერთი დიდი თეატრი მელოდება, თავის რეჟისორ-გამნათებლით. სამწუხაროა, თუმცა ეს ჩვენი ცხოვრებაა. ჩემი ნატვრაა მომავალში ჩემი შემცვლელიც იგივე მონდომებით, პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ საქმეს, მარტივი არაა, დამღლელიც შეიძლება იყოს, თუმცა როცა გიყვარს, არაფრად მიგაჩნია სირთულე, დღეს მუშაობა გამარტივებულია, მინი დისკით და კომპიუტერით. თეატრი ბოლნისის ტრადიციაა, რომელსაც წლებია ვინარჩუნებთ.
პ.ს. სტანისლავ ჩულუხაძემ ცხოვრების მკაცრი სკოლა გაიარა, იყო წარმატებაც და მარცხიც, თუმცა ხელოვნებისადმი სიყვარული დღემდე უცვლელია, მისი დილა ისევ მუსიკით იწყება- მძიმე როკით, გიტარით და სამსახურით, რომელთანაც 45 წლიანი ისტორია აკავშირებს.
„მე მინდა შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და დაძაბულობის ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპით. თუ ჩვენ შევადარებთ 2019 წელს, წელს უკვე 97,5%-ით არის აღდგენილი ტურიზმი. აქედან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი.არ მინდა წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.